მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ზედაზნის მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.11.2011 ერთი კომენტარი | 10,250 ნახვა

ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ხშირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე, საგურამოს სამხრეთით 6 კილომეტრზე მდებარეობს.

სავარაუდოდ, სახელი “ზედაზენი” მოსავლისა და ნაყოფიერების წარმართული ღვთაების ზადენის სახელს უკავშირდება და “ზედა ზადენს” ნიშნავს. შესაძლოა, ოდესმე აქ მისი კერპიც იდგა. ზადენის კერპი ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაება გახლდათ, რომელსაც თაყვანს ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ.

ზედაზენი

VI საუკუნეში კი საქართველოში ჩამოსულ ასურელ მამათა წინამძღვარი თავის თორმეტი მოწაფითურთ ამ მთაზე დამკვიდრდა. მამა იოანემ აქ მონასტერი დააარსა და თავადაც ზედაზნელი ეწოდა. იოანემ შეარჩია “მთაი… მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო”, “აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ”. აქ “პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრეს მუნ”. მისი მოწაფეები შემდგომ საქართველოს სხვადასხა კუთხეში წავიდნენ სამოღვაწეოდ, მამა იოანე კი სიცოცხლის ბოლომდე ზედაზენზე დარჩა და ანდერძისამებრ აქვე დაკრძალეს, მღვიმეში, რომელშიც მოღვაწეობდა.

დღეს ზედაზნის მთაზე დგას იოანე ნათლისმცემლის სახელზე ნაკურთხი VIII საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც კათალიკოსმა კლემენტოსმა ააშენა. გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. მისი ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის საკურთხეველში შეჭრილია ქვის კუბო იოანე ზედაზნელის წმიდა ნაწილებით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ – აგურით, გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაც გვხვდება. ეკლესიის სამხრეთით რვაწახწაგა სამრეკლო დგას. მის დასავლეთით გამოყოფილია XVIII საუკუნით დათარიღებული მცირე სენაკი.

1705 წელს ზედაზენზე სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა და მოგვიანებით კვლავ განახლდა. მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. აქ გაჩაღებული უნდა ყოფილიყო კულტურულ – საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მწიგწნობრის, მიქაელ წინამძღვრის სახელი (XI ს.). მის მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე უცნობმა ავტორმა აღწერა ამ მონასტრის დამაარსებლის იოვანე ზედაზნელის ცხოვრება.
ზედაზნის მონასტერი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი