მთავარი » ქრისტიანობა

“ზეციური სიხარულით სავსე სულით მოვდიოდი ოპტიდან და მთელი გულით ვმადლობდი წმ. ამბროსი ოპტელს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.12.2017 | 596 ნახვა

დეკანოზი სერაფიმე დანელია “საოცარი, ზეციური სიხარულით სავსე სულით მოვდიოდი ოპტიდან და მთელი გულით ვმადლობდი წმ. ამბროსი ოპტელს, რადგან საქართველოში უკვე არა მხოლოდ მის წმიდა ნაწილს, არამედ მამა ბენედიქტის კურთხევით თორმეტი ოპტელი წმ. მამის წმ. ნაწილებს მოვაბრძანებდი”

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი სერაფიმე დანელია: იმ წელს ერთი კეთილმსახური ოჯახის მიწვევით რუსეთში ჩავედი და რადგან რამოდენიმე დღეში დიდი მარხვა იწყებოდა, გადავწყვიტე პირველი კვირა სახელგანთქმულ ოპტის მონასტერში გამეტარებინა.

იქ ჩასულს მამებმა ბინა განკრძალულ ადგილას ანუ “სკიტში” მომიჩინეს, სადაც მქონდა ბედნიერება დიდი და გულთამხილავი მამის, წმიდა ამბროსი ოპტელის კელიაში განმარტოებით მელოცა და მის ნივთებს შევხებოდი.

ლოცვები მთავარ ტაძარში ტარდებოდა, სადაც “სკიტიდან” ყოველ დილით და საღამოს ტყის გავლით მივდიოდი და აქ მოღვაწე ასამდე ბერის გარემოცვაში მსახურებებს ვესწრებოდი. მასპინძელმა მამებმა პატივისცემის ნიშნად საპატიო ადგილას დამაყენეს ანუ ადგილას, სადაც დამსახურებული და უპირატესი მამები დაგანან ხოლმე.

ტაძარში საოცარი წესრიგი სუფევდა, ამიტომ წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბენედიქტემ, უცებ შეამჩნია ჩემი დგომა მონასტრის “სტარცების” ადგილას და მწარე საყვედურიც მოაყოლა. დავმწუხრდი. პირველსავე დღეს წინამძღვართან ასეთი ურთიერთობა კარგს არაფერს მიქადდა, მაგრამ ყოველგვარი თავის გამართლების გარეშე თავი დავუკარი და ადგილი შევიცვალე.

მეორე დღეს ლოცვის დროს ისევ მამების თხოვნით ტაძრის საკურთხეველში ვიყავი შესული, როცა თავს კვლავ მამა ბენედიქტე წამომადგა და დაიქუხა, რატომ არიან აქ უცხონიო. იმ წუთებში მამების დახმარებით თხოვნას ვწერდი მის სახელზე, რათა წმ. ამბროსის ნაწილები გადმოეცათ საქართველოში წამოსაბრძანებლად. ამ შემთხვევამ კი საბოლოოდ დამიკარგა ის მცირე იმედიც, რომელიც კიდევ გამაჩნდა და რომ არა იქაური მამების წაქეზება, უკვე არც ვაპირებდი თხოვნის გადაცემას…

ღამით როგორც შემეძლო წმ. ამბროსის ვთხოვდი, ოღონდ ეს სურვილი შემისრულე და არასდროს არავის განვიკითხავ, არც არასდროს არავის წყენას დავიტოვებ გულში-მეთქი…

გათენდა დილა. ამ დილით უნდა მივიღო პასუხიც და დღესვე წავიდე ოპტიდან. ცისკრის ლოცვაზე მონასტრის ძმებთან ერთად უნდა ვემთხვიო წმ. ამბროსის ნაწილებს და როგორც წესია მონასტრის წინამძღვრისგან ავიღო ლოცვა-კურთხევა. წარმოიდგინეთ ჩემი ღელვა. “ნეტა ახლა აქ არ ვიყო, ნეტა თუ მიხვდა, რომ შემოსული თხოვნა ჩემი იყო, მაგრამ დიდება უფალს, რაც არის, არის” ვუახლოვდები წინამძღვარს, ვუკეთებ მცირე მეტანიას და უცებ ქართულად დაიქუხა: “მაკურთხე მამაო”… არ მახსოვს, სხვა რა დროს გამკვირვებია ასე, როგორც იმ წუთს…

მამა ბენედიქტემ მაგრად ჩამიკრა მკერდში და მთხოვა დაველოდებოდი, სანამ კურთხევებს მორჩებოდა. იმ ღამით ეთქვათ მისთვის, რომ ქართველი ვიყავი. აღმოჩნდა, რომ თვითონ ადრე, ბერობაში რამოდენიმეჯერ ყოფილა საქრთველოში და განსაკუთრებულად უყვარდა ქართველები. გაიხსენა მამა პართენი აფციაური, ბერი აბრაამი…

რამოდენიმე საათში საჩუქრებით სავსე ჩანთით და რაც მთავარია საოცარი, ზეციური სიხარულით სავსე სულით მოვდიოდი ოპტიდან და მთელი გულით ვმადლობდი წმ. ამბროსი ოპტელს, რადგან საქართველოში უკვე არა მხოლოდ მის წმიდა ნაწილს, არამედ მამა ბენედიქტის კურთხევით თორმეტი ოპტელი წმ. მამის წმ. ნაწილებს მოვაბრძანებდი…

წიგნიდან ,,მომეფერე უფალო”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.