მთავარი » ხატები და ფრესკები

ზეციური ნიშანი – ნოვგოროდის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.03.2018 | 2,840 ნახვა

1170 წელს ღვთისმშობლის ხატმა დიდი სასწაული აღასრულა ნოვგოროდში. სუზდალის მთავრმა ანდრია ბოგოლუბსკიმ მოინდომა, თავისი ხელისუფლება რუსული მიწის ჩრდილოეთშიც გაევრცელებინა, მას სურდა, ნოვგოროდი ერთი დარტყმით შეემუსრა. სმოლენსკის, მურომის, პოლოცკისა და რიაზანის მთავრებიც თავისი რაზმებით მთავარ ანდრიასთან ერთად ნოვგოროდის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მთელი რუსული მიწა შეკავშირდა, სულ 72 მთავარი გაერთიანდა”. – ამბობს ძველი მატიანე. “ვაი, დამარცხებულს”, – უთქვამს სუზდალის მთავარს. ისინი დაპყრობამდე იყოფდნენ ნოვგოროდის მდიდარი მხარეების და ძველი დედაქალაქის პიურიკის განძეულობას. მაგრამ თვით მთავარი ანდრია ავად გახდა და ვლადიმირში დარჩა, ხოლო თავისი ძე მსტისლავი,- დამპყრობი კიევისა, თავის მაგიერ ჯარების წინამძღოლად გაგზავნა.

ზეციური ნიშანი - ნოვგოროდის

25 თებერვლიდან გაერთიანებული ჯარები ქალაქის გარემოცვას შეუდგნენ, დაიწყო სისხლისღვრა. ნოვგოროდელებმა მტრის სიმრავლე დაინახეს, უთანასწორო ბრძოლაში დაუძლურდნენ და მთელი სასოება უფალზე, ღვთისმშობელსა და მწყემსმთავარ იოანეზე (ბერობაში ილია) დაამყარეს. ეკლესიები ღია იყო, ყმაწვილები და მამაკაცები ქალაქის კედლებთან იხოცებოდნენ. მოხუცები, ქალები და ბავშვები მოსთქვამდნენ და ეკლესიებში ლოცულობდნენ, გადაწყვიტეს, სიკვდილამდე ებრძოლათ. მღვდელთმთავარი იოანე მტრის გამოჩენიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში საკათედრო ტაძრის საკურთხეველში იდგა და თავის სამწყსოს დაუცადებელი ლოცვით იცავდა.

უკანასკნელ ღამეს,როდესაც ყველამ იცოდა, რომ მომავალი დღე ბრძოლის ბედს – ნოვგოროდის მონობასა თუ თავისუფლებას გადაწყვეტდა, მღვდელმთავარს ესმა ხმა, რომელიც ავალებდა, რომ წასულიყო ილინსკის ქუჩაზე – მაცხოვრის ტაძარში, იქიდან ღვთისმშობლის ხატი გალავანზე გაეტანა და ქალაქის ხსნის მოწმე გახდებოდა. შიშითა და სიხარულით აღსავსე მღვდელმთავარი იოანე დილამდე მუხლჩაუხრელად ლოცულობდა, შემდეგ დიდი ზარის დარეკვა ბრძანა, ხალხს თავის გამოცხადების შესახებ აუწყა, პროტოდიაკონი ეკლესიის მგალობლებთან ერთად ხატის გამოსაბრძანებლად გაგზავნა, თვითონ კი პარაკლისის გალობა დაიწყო. გაგზავნილები შეშინებულები დაბრუნდნენ და აუწყეს, რომ ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს. მაშინ მღვდელმთავარი კრებულებთან ერთად თვით მივიდა მაცხოვრის ეკლესიაში, ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო და ცრემლით შეჰღაღადა: “ჰოი, ყოვლადწმინდა დედოფალო, ღვთისმშობელო, შენ ხარ სასო და მეოხი ჩვენი ქალაქისა, ყოველი ქრისტიანის საფარველი და თავშესაფარი, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა და ჩვენი ცოდვების გამო ნუ ჩაგვაგდებ მტრის ხელში , არამედ ისმინე ჩვენი ლოცვა – ვედრება და შეგვიწყალენ ჩვენ, როგორც ძველი ნინევია შეიწყალა უფალმა სინანულის ძალით”. ის წამოდგა და პარაკლისის გალობა დაიწყო, დამთავრებული არ ჰქონდა კონდაკის სიტყვები, “ურცხვენელი შუამდგომელი ქრისტიანეთა”, რომ მოულოდნელად ღვთისმშობლის ხატი ადგილზე შეიძრა, ამ სასწაულის მხილველ ხალხს აღმოხდა – “უფალო, შეგვიწყალენ”. წმინდა მღვდელმთავარმა ღვთისმოსაურად აიღო ხატი და მთელი ხალხის თანხლებით გადაიტანა ქალაქის გალავანზე, სადაც სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა. ხალხმა ხატის წინაშე იგალობა: “მოხედე მორჩილებასა ჩვენსა და ნუ განგვეშორები ჩვენგან, არამედ შეიწყალე სამწყსო შენი ღვთისმშობელო“. მტერი უფრო და უფრო ძლიერად უტევდა, გალავანს ისრებს უშენდნენ. უცებ ერთი სუზდალელის ნასროლი ისარი ხატს დაესო: – მოულოდნელად წმინდა სახემ მტერს ზურგი აქცია და ქალაქისკენ მიბრუნდა. ღვთისმშობლის თვალებიდან ცრემლები გადმოიღვარა, მღვდელმთავარმა იოანემ ისინი თავისი ფილონით გაწმინდა და გულაჩუყებულმა შესძახა: ,ჰოი, სასწაული, გამშრალ ხეს ცრემლი როგორ გადმოუვიდა? ჰოი, დედოფალო, შენ გვაძლევ ზეციურ ნიშანს, რომ შენი ძისა და ჩვენი ღმერთის წინაშე ლოცულობ ქალაქის ხსნისათვის“. ღვთისმშობლის მეოხებამ ნოვგოროდელთა სასოება გააძლიერა. მათ აღარ მოინდომეს ქალაქში დარჩენა, ჭიშკარი გააღეს და მტრისკენ გაემართნენ, მოწინააღმდეგე შიშმა და წყვდიადმა მოიცვა. ღვთის რისხვა ეწია მათ და ისე გარბოდნენ, რომ თავდაცვაზეც კი აღარ ფიქრობდნენ. ყველამ აღიარა, რომ ქალაქი ღვთისმშობლის ზეციური ნიშნის ხატმა გადაარჩინა. მღვდელმთავარმა იოანემ 27 ნოემბერს დიდ ნოვგოროდში ამ ხატის დღესასწაული დაადგინა და ქალაქის ხსნის და ერთმორწმუნეთა წინააღმდეგ აღმდგართა დასჯის დღე უწოდა. ამ დღესასწაულს, როგორც ერთ-ერთ უძველესს, მთელი რუსეთი ზეიმობს.

ამ დღესასწაულიდან 186 წლის განმავლობაში ხატი კვლავ მაცხოვრის ეკლესიაში იმყოფებოდა, ხოლო 1356 წელს ნოვგოროდელებმა საგანგებოდ მისთვის ააგეს ეკლესია, რომელსაც დღემდე ღვთისმშობლის ზეციური ნიშნის ტაძარი ეწოდება. ხატზე გამოსახულ ღვთისმშობელს ორივე ხელი სალოცავად აქვს აპყრობილი, მის მუხლებზე ყრმა-ღმერთი ზის.

1566 წელს ნოვგოროდში, სავაჭრო მოედნის ახლოს ხანძარი გაჩნდა და მალე მიმდებარე ქუჩები მოიცვა, ალი ცეცხლის ზღვასავით მძვინვარებდა და მთელ ქალაქს შთანთქმას უქადდა. მის შეჩერებას ამაოდ ცდილობდნენ. მიტროპოლიტი მაკარი ტაძარში მივიდა, სრული შესამოსელით შეიმოსა და ღვთისმსახურთა დასთან ერთად ზეციური ნიშნის ეკლესიაში ლიტანიით გაემართა. ის სასწაულთმოქმედი ხატის წინაშე დაემხო და ცრემლით აღმოთქვა: “ჰოი, ყოვლადწმინდაო დედოფალო ღვთისმშობელი, რად დაგვიტევებ ჩვენ ასეთი განსაცდელის ჟამს? ვიცით, რომ გამრავლდა ჩვენი ცოდვები, მაგრამ შეიწყალე ხალხი და ქალაქი შენი, სადაც შენი წმინდა ხატი განდიდდა”. ლოცვის შემდეგ მღვდელმთავარმა ხატი აიღო და მდინარე ვოლხოვის სანაპიროს დაუყვა. იოანე ნათლისმცემლის ტაძრის პირდაპირ მან პარაკლისი აღასრულა და ალმოდებული ქალაქის მხარეს ნაკურთხი წყალი აპკურა. მალე ხანძარი მინელდა, ვოლხოვზე ქარმა დაუბერა და ღვთისმშობლის მეოხებით ხანძარი შეწყდა.

1611 წელს ნოვგოროდი შვედებმა დაიპყრეს, ისინი ძარცვავდნენ, სისხლს ღვრიდნენ, არც ტაძრებს ინდობდნენ, საეკლესიო ნივთებს იტაცებდნენ, ხატებს მიწაზე ყრიდნენ და თელავდნენ. ზოგიერთი მეომარი ზეციური ნიშნის ეკლესიამდე მივიდა, როდესაც იქ ღვთისმსახურება მიდიოდა და შეეცადნენ გაღებული უკანა კარით მასში შეეღწიათ, მაგრამ როგორც კი ზღურბლს გადააბიჯეს, უხილავმა ძალამ უკან გამოტყორცნა. მტაცებლებმა კვლავ სცადეს შესვლა, მაგრამ ამაოდ. ამან ისე შეაშინა შვედები, რომ ტაძარში შესვლა აღარავის გაუბედავს.

ღვთის გულმოწყალებით ღვთისმშობლის ხატი დიად და მრავალ სასწაულებს აღასრულებდა.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი