მთავარი » ხატები და ფრესკები

ზეციური ნიშანი – ცარსკოესელოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.02.2018 | 2,276 ნახვა

მრავალი სასწაულთმოქმედი ხატიდან, რომლებიც რუსეთში განდიდნენ, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად გაითქვა სახელი ცარსკოესელოს ზეციური ნიშნის ღვთისმშობლის ხატმა. ეს ხატი ცარსკოესელოში, კარის პატარა ეკლესიაში იმყოფება. ის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, როგორც ძველი ხატწერის ნიმუში და როგორც მრავალი მადლისა და კურნების მომნიჭებელი წყარო.

წმინდა ხატი ხის დაფაზეა დაწერილი და წარმოადგენს ხელაპყრობილ ღვთისმშობელს ყრმა ღმერთთან ერთად, რომელიც მის მკერდზეა გამოსახული. მარჯვენა ხელით ის აკურთხევს ქვეყნიერებას, როგორც მარადიული მეუფე და მწყემსმთავარი, ხოლო მარცხენაში უპყრია გრაგნილი, როგორც სჯულის და მაცხოვნებელი სწავლების ნიშანი. თვით დედა ღვთისა თავისი კურთხეული წიაღის ნაყოფს – ყოვლისმპყრობელ უფალს – კაცთა მოდგმის გამოსახსნელად სწირავს და აპყრობილი ხელებით ევედრება ღმერთს, რომ მიიღოს ეს მსხვერპლი. უძველეს დროში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთში, ქრისტეს შობა ამგვარად გამოისახებოდა.ზეციური ნიშანი ხატწერული გამოსახულების ასეთ ფორმას რუსეთში ეწოდა, სახელი პირველად ნოვგოროდის ხატმა მიიღო, – 1170 წელს აღსრულებულ სასწაულთან დაკავშირებით.

ზეციური ნიშანი - ცარსკოესელოსი

მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ ხატზე ღვთისმშობლისა და მაცხოვრის სახეები, სიძველის მიუხედავად, ხაზების დახვეწილობას და ფერების და ჩრდილების სიმკვეთრეს ინარჩუნებს. სრულიად ჰარმონიულია, როგორც ცალკეული ნაწილები, ასევე მთელი გამოსახულება. ცარსკოესელოს ზეციური ნიშანი უძველესი ბიზანტიური ხატწერის შესანიშნავი ნიმუშია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღვთისმშობლის გამომეტყველება ერთსა და იმავე დროსა და ადგილას მლოცველებზე სხვადასხვანაირ შთაბეჭდილებას ახდენს. ის ზოგჯერ ნათელი და მოწყალეა, ზოგჯერ მრისხანე და მკაცრი გამომეტყველება აქვს.
თავდაპირველად წმინდა ხატზე მხოლოდ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის სახეები იყო გამოსახული, ქალწულის თავთან კი ორივე მხარეს ცეცხლოვანი ქერუბიმები მოჩანდა. შემდეგ იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულის ბრძანებით ხატის კიდეებზე გამოკვეთეს ძალიან პატარა ზომის გამოსახულებები. მარჯვენა მხარეს ზემოთ: წმიდა მოციქული პეტრე, შუაში – მართალი ზაქარია, ქვემოთ – ნიკოლოზ მღვდელმთავარი. მარცხენა მხარეს,ზემოთ – წმინდა ალექსი ღვთისკაცი, შუაში – მართალი ელისაბედი. 1859 წელს იმპერატრიცა მარიამ ალექსანდრეს ასულის ნებართვით ხატის კიდეებზე მარჯვნივ ქვემოთ გამოსახეს – მღვდელმთავარი ნიკოლოზი და მარცხნივ -წმინდა მოწამე დედოფალი ალექსანდრა.

ცარსკოესელოს წმინდა ხატი ზომითაც შთამბეჭდავია. ამით იგი რუსეთში განდიდებულ ღვთისმშობლის ყველა ხატს აღემატება. სიმაღლით – თითქმის ორი, სიგანით კი, ერთ-ნახევარი არშინია.

ცარსკოესელოს ზეციური ნიშანი, როგორც ჩანს, მრავალი საუკუნისაა, სილამაზესთან და ფერების სიმკვეთრესთან ერთად ღვთისმშობლისა და ყრმა ღმერთის გამოსახულებებს სიძველის აშკარა კვალი ატყვია. სახეებზე და ხელებზე დაჩნეული წვრილი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ბზარები საღებავზე თხელ ბადეს ქმნის. სიძველის ამგვარი კვალი ხატის სხვა ნაწილებში უფრო აშკარაა. ის ოქროს მოჭედილობით და პერანგითაა შემკული: ბევრ ადგილას ხატწერა და თვით გრუნტიც დაზიანებულია.
ეს სიწმინდე რუსეთში მეფე ალექსი მიხეილის ძის (1645-1676¬) დროს გახდა ცნობილი, მას კი, სარწმუნო წყაროების მიხედვით, აღმოსავლეთის კერძოდ, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ათანასემ მიუძღვნა. ამ დროიდან ეს სასწაულთმოქმედი ხატი სამეფო გვარში დიდი პატივისცემით სარგებლობდა.იმპერატორი პეტრე I მის მიმართ განსაკუთრებულად ღვთისმოსაურად იყო განწყობილი. მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში დედაქალაქის გადატანის შემდეგ რუსეთის გარდამქმნელმა სხვა სიწმინდეებთან ერთად ეს ხატიც თან წაიღო და სიკვდილამდე არ მოუშორებია. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მემკვიდრეობით მეფის ასულ ელისაბედ პეტრეს ასულს ერგო. იგი დიდ სასოებას ამყარებდა ღვთისმშობელზე და ხატი მუდამ თან ჰქონდა. ხალხური გადმოცემის მიხედვით, პეტრე I-მა ელისაბედი სწორედ ამ ხატით აკურთხა, როგორც თავისი მემკვიდრე – ეკატერინე I-ის შემდეგ. მეფის ასული ელისაბედი ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ამ ხატის წინაშე სალოცავად, რომელიც მშობლიური კურთხევის ნიშნად ერგო და სწამდა, რომ დედა ღვთისა მოუვლენდა თავის საფარველსა და ზეციურ ნიშანს. ერთხელ სწორედ ამგვარი განმარტოებული ლოცვისას მის წინაშე რუსეთის რამდენიმე ერთგული ჩინოსანი გამოცხადდა და მოახსენეს, რომ მეფის ასულის მამისეულ ტახტზე ასვლას მთელი რუსეთი ითხოვდა. 27 ნოემბერს ზეციური ნიშნის დღესასწაულზე, – სამი დღის მერე მას შემდეგ რაც, ჩრდილოეთის დედაქალაქმა მის ერთგულებაზე დაიფიცა – მთელ რუსეთში გავრცელდა სასიხარულო ცნობა, რომ ელისაბედ პეტრეს ასული ტახტზე ავიდა.

იმპერატრიცას სწორედ ამ დღეს გამეფებით სურდა, ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ თავის აღსაყდრებას იგი ღვთისმშობელს და მისი ხატის ზეციური ნიშნის ძალას უმადლიდა.

1741 წლის 25 ნოემბერს ზეციური დედოფლისადმი მადლობის ნიშნად ელისაბედ პეტრეს ასულმა თავისი პირადი ძვირფასეულობით ზეციური ნიშნის ხატისთვის შეაქმნევინა პერანგი, რომელიც დღემდე ამკობს მას. 1748 წელს ხატი დამატებით შეიმკო. იმპერატრიცას პირადი შეწირულობით ხატის კიდეებზე შეიქმნა ალექსი ღვთისკაცის, პეტრე მოციქულისა და მართალი ელისაბედის გამოსახულებები. ხატის მიმართ გამოვლენილი ამ პატივისცემით ელისაბედ პეტრეს ასულს სურდა, ღვთისა და ადამიანების წინაშე გამოეხატა, რომ დედა ღვთისამ თავისი წმინდა ხატის საშუალებით მას ისეთივე სასწაული მოუვლინა, როგორიც თავის დროზე მის ღირსახსოვარ პაპას და დიდებულ მშობელს აღუსრულა.

პეტრე I ნევის ყველა უბეს და მათ მიმდებარე მიწებს დაეუფლა და საარის მიდამოსაც მიაღწია. მან მთელი ეს ადგილები – გლეხობასთან ერთად – ეკატერინე I-ს უანდერძა, მისგან კი მემკვიდრეობით ელისაბედ პეტრეს ასულის ხელში გადავიდა. საარის მიდამოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამკაული 1716 წელს აგებული მიძინების ტაძარი იყო, სოფელ საარს ცარსკოე სელო ეწოდა. შვიდი წლის შემდეგ – 1724 წელს იმპერატორმა პეტრე I-მა და იმპერატრიცა ეკატერინე I-მა ზეიმით აღნიშნეს მეორე – ხარების ხის ეკლესიის კურთხევა, რომელიც დღევანდელი ზეციური ნიშნის ტაძრის ადგილას აშენდა. 1728 წლის 24 ივნისს ეს ეკლესია ელვამ ერთიანად გადასწვა. მის ადგილას ელისაბედ პეტრეს ასულმა ახალი ზეციური ნიშნის ტაძრის აგება ბრძანა, სწორედ იმ სახით, როგორითაც დღემდეა შემორჩენილი.

როგორც კი მშენებლობა დამთავრდა, -1747 წელს იმპერატრიცამ იჩქარა, რომ ხატი ახლადაგებულ ტაძარში, მისთვის საგანგებოდ მოწყობილ ადგილას მოეთავსებინათ. ხატს სამი დღის განმავლობაში ლიტანიით მიაბრძანებდნენ, ბევრ ადგილას ის ჩერდებოდა კიდეც და ამგვარად მიაღწია სანკტ-პეტერბურგიდან ცარსკოე სელომდე. მთელი სამღვდელოება და წარჩინებული საზოგადოება თან ახლდა ხატს. პროცესიაში თვით იმპერატრიცაც იყო და დროდარდო ხატი ხელითაც მიჰქონდა. ხატის გადაბრძანება 1747 წლის მაისის შუა რიცხვებში მოხდა. ის, იმპერატრიცას ბრძანებით, კანკელის ზემო მხარეს მოათავსეს, – აღსავლის კარზე, საიდუმლო სერობის თავზე. ელისაბედ პეტრეს ასული განსაკუთრებული სიხარულით მიდიოდა ხოლმე ზეციური ნიშნის ეკლესიაში.

იმპერატრიცა ეკატერინე II ასევე დიდ პატივს სცემდა ხატს, როგორც სასწაულთმოქმედ სიწმინდეს, მის წინაშე ლოცულობდა და საღვთო ლიტურგიას ხშირად ეკლესიაში ესწრებოდა. საზოგადოებრივი უბედურებების დროს ხატის წინაშე იმპერატრიცას თანდასწრებით პარაკლისს აღასრულებდნენ. ასევე მოხდა 1771 წელს, მოსკოვში გამძვინვარებული ჟამიანობის დროს.

თითქმის ასი წლის მანძილზე (1747 – 1831) ხატი სამეუფო კარს ზემოთ იყო მოთავსებული. მხოლოდ ერთხელ, 1820 წლის 12 მაისს ის ჩამოიღეს და გაიტანეს ეკლესიიდან, – როდესაც ცეცხლი ძველ ანუ დიდ სასახლეს მოედო და აქედან – მეზობელ შენობებს, მათ შორის ზეციური ნიშნის ეკლესიასაც ემუქრებოდა. როგორც კი ხატი ეზოში გააბრძანეს და სახით ტაძრის მხარეს მიმართეს, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მიმართა მას: ,,დედაო ღვთისავ, იხსენი ჩემი სახლი’’. იმავე წუთში ქარი, რომელიც ალს უბერავდა და ტაძრისა და სხვა შენობებისკენ მიჰქონდა, თითქოს უხილავი ძალით შებრუნდა და ხანძარი შეწყდა. ხატი ისევ თავის ადგილას დააბრუნეს.

1831 წელს, თითქმის მთელ რუსეთში პირველად გავრცელდა ქოლერა, ნოვგოროდსა და მის შემოგარენში კი განსაკუთრებით გამძვინვარდა. ცარსკოე სელოს მოსახლეობამ, როდესაც მოახლოებული განსაცდელი იხილა, შემწეობისთვის ზეციურ დედოფალს მიმართა. ხალხი მრავლად მიდიოდა ზეციური ნიშნის ეკლესიისკენ, მათ ითხოვეს, რომ ხატი ჩამოეღოთ და ეკლესიის შუაგულში დაედგათ. შემდეგ კი პარაკლისის გალობა დაიწყეს. ხალხი ტირილითა და ლოცვით დაემხო მიწაზე და დედა ღვთისას მოწალებას ევედრებოდა. პარაკლისის შემდეგ წმინდა ხატთან ერთად მთელი ქალაქი ლიტანიით, გალობითა და ლოცვით შემოიარეს, ყველას გასაოცრად ცარსკოე სელოში ქოლერა შეწყდა. ამ საოცარი მოვლენის მოსახსენებლად და შთამომავლობის სამახსოვროდ მოსახლეობამ ნებართვა აიღო, ხატი უფრო ქვემოთ მოეთავსებინათ, რათა ხალხს საშუალება ჰქონოდა არა მარტო თაყვანი ეცა მისთვის, არამედ მიმთხვეოდნენ კიდეც და მის წინაშე სანთლებიც დაენთოთ. მომდევნო წელს, ასევე საყოველთაო თხოვნის პასუხად, მოქალაქეებმა მიიღეს ნებართვა, რომ ქალაქის ირგვლივ ხატთან ერთად ყოველწლიური ლიტანია აღესრულებინათ და ამგვარივე ლიტანია კიდევ ერთხელ 5 ივლისს დაადგინეს, ის პირველად 1832 წელს შესრულდა.

პირველი ქოლერის შემდეგ წმინდა ხატი ზეციური ნიშანი კიდევ უფრო განდიდდა, ხატი 1742 წელს იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულის მიერ ოქროს პერანგით შეიმკო, სუფთა ჩევრონული ოქროს ეს ნაკეთობა სხვადასხვაგვარი ყვავილების თაიგულებისა და გირლიანდების ნაკრებს წარმოადგენს. ხოლო მოწნული გვირგვინი ოქროს ქერუბიმებით თავდება, რომლებიც ღვთისმშობელს თავს დაჰფარფატებენ. ამ პერანგს ალბათ უფრო მოჭედილობა შეიძლება დავარქვათ იმიტომ, რომ ის მთლიან ხატს კი არ ფარავს, არამედ მხოლოდ მის ზედა მხარეს – მხრებამდე. აქედან დაწყებული ხატის კიდეებისკენ მიემართება და ოქროს ქობით ბოლოვდება. ღვთისმშობლის შუბლი, ისევე როგორც მისი და მაცხოვრის ხატწერული შესამოსელი და წმინდანთა გამოსახულებები, ღიად არის დარჩენილი. ელისაბედ პეტრეს ასულის დროიდან მოყოლებული ხატი სწორედ ამ მდგომარეობაში იყო. ღვთისმშობლისა და ყრმა-ღმერთის სახეებმა პირველყოფილი სიმკვეთრე შეინარჩუნეს, ხოლო ხატის დარჩენილი ნაწილი მნიშვნელოვნად დაძველდა. ბევრ ადგილას საღებავი ჩამუქდა, ხოლო ზოგან მთლიანად გადაეცალა, ან შეხებაზე მტვერივით ცვიოდა. ხატს ძველი სილამაზე და ბრწყინვალება მოაკლდა. ბოლოს დადგა 1848 წელი, რომელიც ყველას დაამახსოვრდა ქოლერის მეორე, მეტად ძლიერი ეპიდემიით. თითქოს ზეციურმა დედოფალმა თავად ისურვა, რომ მისი დაძველებული გამოსახულება განახლებულიყო, ეს ღვთისთვის სათნო საქმე თვით დედოფალმა ცარსკოე სელოს ღვთისმოსავ მოსახლეს, – ქალწულ მარიამ დავიდოვას დააკისრა, რომელიც ღვთისმშობლის ზეციური ნიშნისადმი ცოცხალი სარწმუნოებით იყო აღსავსე. ერთხელ მ. ა. დავიდოვამ სიზმრად იხილა, რომ ჰაერში მის წინაშე ხატი ეკიდა და თვითონ მისი წმინდა და ბრწყინვალე შესამოსელის ქარგვას უკვე ამთავრებდა. ამ საოცარი ხილვის შესახებ დავიდოვამ ახლობლებსა ნაცნობებს უამბო.

ხილვის ამბავი ხალხში საოცარი სისწრაფით გავრცელდა და მალე სასახლის კარამდე მიაღწია. იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასული საგაზაფხულოდ ცარსკოე სელოში იმყოფებოდა, მან დიდი მთავრების ნიკოლოზ და მიხეილ ნიკოლოზის ძეთა თანხლებით ზეციური ნიშნის ეკლესია მოინახულა და როცა წმინდა ხატი ნახა, შენიშნა, რომ მის კიდეებზე საღებავი მეტად გახუნებულიყო, სახეები კი უვნებლად იყო შემონახული და ახალივით გამოიყურებოდა. ამან იმპერატრიცაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იკითხა, შეძლებდა თუ არა დავიდოვა, პერანგი შეეკერა და თუკი შეძლებდა, მას ნახაზი უნდა შეედგინა და იმპერატრიცას წინაშე წარმოედგინა.

ასეთმა კეთილმა დასაწყისმა მეტად გაახარა დავიდოვა, მაგრამ ამავე დროს დიდ სიძნელესა და გაურკვევლობაში ჩააგდო: როგორი სახე მიეცა შესამოსლისთვის და როგორ გადაეტანა ეს ნახაზზე?! მან ხატვა ნაკლებად იცოდა, არანაირი სახსარი პერანგის დასამზადებლად არ ჰქონდა და არც ის უწყოდა, ამ საქმისთვის საჭირო მასალა სად უნდა ეშოვა. ის უმწეობას გრძნობდა და დახმარებას თვით ღვთისმშობელს ევედრებოდა. მალე სიზმრად ღვთისმშობელი გამოეცხადა, ის ზუსტად იმ სახით იყო, როგორც ხატზე, მაგრამ შესანიშნავი პერანგი, გვირგვინი და ომფორი ამკობდა. აღტაცებულ დავიდოვას სურდა, ამდგარიყო და პერანგის მოხაზულობა მაშინვე დაეხატა, მაგრამ უცებ ისევ ძილმა წაიღო და ხილვა საოცარი სიცხადით კვლავ განმეორდა. გამოღვიძების შემდეგ ისწრაფა, ჩაეხატა პერანგის სახე, რომელიც მან სიზმრად ნახა და რომელიც ამჟამად ხატს ამკობს. იმპერატრიცა სრულიად დააკმაყოფილა ნახაზმა. სანამ საქმეს შეუდგებოდა, დავიდოვა ლოცვითა და სინანულით მოემზადა, აღსარება თქვა და ეზიარა. ამას მოჰყვა შემოწირულობები, როგორც სამეფო ოჯახის და მდიდრების, ასევე ღარიბი ღვთისმოსავი ადამიანების მხრიდან. შემოწირულობები თავისთავად ისეთი სიმრავლით შემოდიოდა, რომ შეუძლებელი იყო ამაში ღვთის ნება არ ამოეცნოთ, მორწმუნეთა გულები აღსავსე იყო ღვთისთვის სათნო საქმისადმი სიყვარულით. ამ დროისთვის (1848 წ.) საშინელი ქოლერა რუსეთის თითქმის ყველა კუთხეში მძვინვარებდა, განსაკუთრებით კი სანკტ-პეტერბურგსა და მის შემოგარენში. მაგრამ ცარსკოე სელოში სნეულება მალე შეწყდა და ხალხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხსნა ღვთისგან იყო მოვლენილი, დედა ღვთისას ხატმა ზეციურმა ნიშანმა, ისევე როგორც პირველი ქოლერის დროს, იხსნა ქალაქი. ხალხი ძვირფასეულობას არ ზოგავდა, ხატს ამკობდა და ამით ზეციური მეოხის მიმართ მადლობას გამოხატავდა. ხშირად ხდებოდა, რომ შემოწირული ნივთები არ პასუხობდა ნახატის და შესამოსელის მოთხოვნებს, მაშინ დავიდოვა დახმარებას ღვთისმშობელს შესთხოვდა და მაშინვე ჩნდებოდა შემომწირველი, რომელსაც საჭირო ძვირფასეულობა მოჰქონდა. 1849 წელს პერანგი დასრულდა. ის წარმოადგენს გრძელ ფერად მანტიას, ფართო სახელოებით და ზემოდან გადმოდებული განიერი ომფორით, რომელიც მხრებიდან ეშვება და მთელს მანტიას გარს ევლება. შუბლს მარგალიტების, ბრილიატების და უძვირფასესი ქვების დიადემა ამკობს. ასეთივე მანტია და ომფორი ჰფარავს ყრმა-ღმერთს. შესამოსლის ფონი არის ოქროს კოლიტა, რომლის ბზინვა პეწს მატებს მთელ ამ სილამაზეს. მზის შუქზე ცისარტყელის ყველა ფერი მკაფიოდ მოჩანს. საღამოს განათებაზე პერანგი მრავალფეროვანი ალით ბრწყინავს და უძვირფასესი მასალით ნაქსოვს ჰგავს. აქ შეგვიძლია ვნახოთ უამრავი ალმასი, ბრილიანტი, ფირუზი, ტოპაზი, ამეთვისტო, საფირი, ზურმუხტი, აკვამარინი, ოპალი, ცირკონი. 1860 წლის ეკლესიის აღწერილობაში 32 უძვირფასესი სახეობაა მოხსენიებული, – მარგალიტი, ძოწი და სხვა ძვირფასეულობა, რომელთა ჩამოთვლა შეუძლებელიცაა. შემოწირულობა იმდენად დიდი რაოდენობით შემოდიოდა, რომ პერანგზე ყველა არ მოთავსდა და ამიტომ ღვთისმშობლის გვირგვინი მეტად დიდი გამოვიდა. ისიც შესანიშნავი ქვებით მოირთო. კიდეებზე წმინდანთა გამოსახულებებიც ასევე პერანგებით დაიფარა. თვით ოქროს ქვედა ქობაც კი დიდი და ბრწყინვალე ქვებით შეიმკო. მათ შორის ბრწყინავს გულის მსგავსი ცეცხლოვანი ტოპაზი, რომელიც ვ. ა. პრიანიშნიკოვმა შესწირა. აქვე წარწერა: ,,1831 და 1848 წლებში ცარსკოე სელოს ქოლერისაგან ორგზის გადარჩენის აღსანიშნავად”.

ამ შემოწირულობათა დიდი და საუკეთესო ნაწილი გაღებულია იმპერატრიცების ალექსანდრა თეოდორეს ასულის და მარიამ ალექსანდრეს ასულის, დიდი მთავრინების ალექსანდრა იოსების ასულის, მარიამ და ოლგა ნიკოლოზის ასულთა მიერ. მათი ძვირფასეულობით შეიქმნა დიადემა, შეიმკო მაცხოვრის შესამოსელის მხრები, მკერდი, ზურგი და თითქმის მთელი დანარჩენი ნაწილიც. აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: 1. ბრილიანტის მძივი ღვთისმშობლის ყელზე. 2. ორი დიდი ფირუზი, რომელსაც მის მკერდზე ბრილიანტები ერტყმის გარს. ყველაზე დიდი ფირუზი ალექსანდრა თეოდორეს ასულს პრუსიის დედოფლის შარლოტასაგან მემკვიდრეობით ერგო და მის საყვარელ სამკაულს წარმოადგენდა. 3. ბრილიანტები მაცხოვრის სამოსზე. 4. დიდი ზურმუხტი – მაცხოვრის გვირგვინზე, რომელიც იმპერატორმა ალექსანდრე თეოდორეს ძემ გრაფინია ა. ა. ორლოვ-ჩესმენკოს სახელზე შესწირა. 5. ვარდისფერი ბადახში. 6. არმანტინი ღვთისმშობლის დიადემაზე. 7. მწვანე აკვამარინები მაცხოვრის სარტყელზე. 8. მინანქრის სხვადასხვაგვარი ნივთები. 9. ოქროს ნივთები ძვირფასი ქვებით. 10. მარგალიტების სამაჯური.

ძნელია ამ ძვირფასეულობის ჩამოთვლა, უფრო ძნელია მათი შეფასება. შესამოსელის ნაქარგობა დაახლოებით 28 ათას ვერცხლად შეფასდა, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ მთელი ძვირფასეულობით და ოქროს მოჭედილობით ის 50000-ის ღირებულებისაა. პერანგი სიგრძით – 1 არშინი და 9 გოჯი, სიგანით 1 არშინი და 4 გოჯია.

ხატის ქვემოთ გულის მსგავსი ოქროს ფირფიტაა, რომელიც მრავალი ოქროს პატარ-პატარა ნივთისგანაა შექმნილი; ესენია: ჯაჭვი, საყურე, გულსაბნევი, ბეჭედი, რომელიც ხატს მლოცველებმა შესწირეს. ამ დაფაზე ამოჭრილია სიტყვები: ,,ეპიდემიისაგან დახსნის ნიშნად მიიღე, დედოფალო, მფარველო ქალაქისა ცარსკოესელოსი ეს შემოწირულობანი, როგორც მადლიერების ცრემლი, რომელიც შენს წმინდა შესამოსელს რწყავს, – მონათა შენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ“. ქვემოთ ემატება წარწერა: ,,ეს შესამოსელი შეკერა ქალწულმა მარიამმა, თავის დებთან ერთად – გამოცხადების მიხედვით“. დანარჩენი შემოწირულობები დავიდოვას დებმა საბურველისათვის გამოიყენეს, ის ხავერდისაა და ძვირფასი ქვებით, ოქროთი და ვერცხლით, მძივებითა და რომაული მარგალიტებითაა მორთული. საბურველზე ლამაზადაა ამოქარგული შარავანდედი, ჯვარი, სახარება, ჭურჭელი, ორი სჯულის ფიცარი და საცეცხლური, ვაზის ფოთლები, ფუნჯი და თავთავი. ამავე პერიოდს განეკუთვნება ხალიჩა, რომელიც საკურთხეველს და ტაძრის ნახევრის იატაკს ფარავს. ეს ხალიჩა დავიდოვასთან ერთად ეკლესიის მრევლის გულმოდგინებით მოიქსოვა.

1853 წლამდე წმინდა ხატი იმყოფებოდა ან ხის კანკელზე ან დიდ კიოტში, რომელიც რამდენიმე მინით იყო დაფარული. მის წინაშე დიდი სპილენძის შანდალი იდგა და უქრობი კანდელი ენთო. მხურვალე მლოცველებმა მისთვის ახალი, უფრო შესაფერისი კიოტის გამართვა მოინდომეს და ამას ახალი შემოწირულობების მოზღვავება მოჰყვა. რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ხატი ახალ ბრინჯაოს მოოქროვილ კიოტში მოათავსეს. იმპერატორმა ნიკოლოზ პავლეს ძემ და მისმა მეუღლემ დაასრულეს მისი შემკობა. როდესაც კიოტისთვის მთლიანი სარკიანი მინდა შესწირეს, ამას მოჰყვა შემოწირულობები საიმპერატორო ოჯახის ცალკეულ პირთაგან და წმინდა ხატისთვის ახალი შანდალი გაკეთდა, რომელსაც 30 დიდი და 48 პატარა სასანთლე ჰქონდა, მას თავზე ღვთის ანგელოზის ვერცხლის გამოსახულება ედგა, რომელიც ზეციური დედოფლის წინაშე მუხლს იყრიდა და ზეაპყრობილი უქრობი კანდელი ეჭირა, მარჯვენა ხელში კი პატარა საცეცხლური ეპყრა.

იმავე 1853 წელს დავიდოვამ, ზეციური დედოფლისადმი მადლიერების ნიშნად, იმპერატორის თანხმობით, ზეციური ნიშნის ქრომოლითოგრაფიული მცირე ზომის ასლი გამოსცა, რომელზედაც ნიკოლოზ მღვდელმთავრის და წმიდა მოწამე დედოფალ ალექსანდრას გამოსახულებები იყო. ქრომოლითოგრაფიაზე წმინდანების გამოსახვის ნებართვა 1853 წლის 19 მაისს მიიღეს, ხოლო ამ სახეების თვით ხატზე გადატანა და ძვირფასი პერაგნებით მათი შემკობა 1859 წელს იმპერატრიცა მარიამ ალექსანდრეს ასულის ნებართვით აღსრულდა.

მადლი, რომელიც ღვთისმშობლის ზეციური ნიშნის ხატს ჰმოსავს, მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენით დასტურდება. არ შეიძლება, დუმილით ავუაროთ გვერდი იმ ამბებს, რომელშიც წმინდა ხატის გამომხსნელი ძალა გამოვლინდა და ამ სიწმინდისადმი სამეფო ოჯახის ღრმა სარწმუნოება აისახა. 1863 წლის 16 ივნისს, დღის ორ საათზე, ნაშუადღევს ხანძარი დაიწყო, რომელიც პირველად იმპერატორმა ალექსანდრე II -მ შეამჩნია. ცარსკოესელოს ძველი სასახლე და მასთან ღვთის დიდებული ტაძარი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ყოველგვარი საშუალებისა და მცდელობის მიუხედავად, რომელიც ამ დროს გამოიყენეს, ცეცხლის ალი უფრო და უფრო ვრცელდებოდა და რაც კი საკვებად გამოადგებოდა, ყველაფერს ნთქავდა. ცეცხლმა სამეფო პალატების მნიშვნელოვანი ნაწილი ფერფლად აქცია. , მეყსეულად წმინდა ეკლესიის გუმბათებსა და ჯვრებს მოედო. შენობაში შეიჭრა და ტაძარსა და მიმდებარე ნაგებობებს განადგურებით ემუქრებოდა. ჩანდა, რომ ხანძრის შეწყვეტის აღარანაირი საშუალება აღარ იყო. უცებ იმპერატორისა და მისი უავგუსტესი მეუღლის გულში გაჩნდა ძლიერი სურვილი, რომ ზეციური დედოფლის შუამდგომლობისთვის მიემართათ. მათი მაღალი ნებით წმინდა ხატი იმავე გზით ალმოდებული ეკლესიის ახლოს გაატარეს, მასში უკვე მხოლოდ ხანძრის ჩამქრალი კვალიღა ჩანდა. ამ საოცარ მოვლენაში შეუძლებელი იყო, ზეციური დედოფლის მეოხება არ შეეცნოთ, რომელიც მან დიდებულ მლოცველებს უბედურების ჟამს გარდამოუვლინა.

ეს სიწმინდე დღემდე მრავალ მადლმოსილ სასწაულს აღასრულებს. დრო და ქაღალდი არ იკმარებს იმისთვის, რომ ჩამოთვალოთ ყველა კურნება და შეწევნა, რომელიც დედა ღვთისამ აღასრულა იმ ტანჯულთა მიმართ, მის ძლიერებას რომ მიმართავენ. მოწყალე დედოფალი ამ სიწმინდის საშუალებით თავისი საფარველის ზეციურ ნიშანს გარდამოავლენს როგორც საყოველთაო უბედურების ჟამს, ასევე ცალკეულ პირებზე.

განსაკუთრებით საოცარია ერთ-ერთი ამგვარი სასწაულებრივი მოვლენა, ის შესანიშნავ მაგალითს აძლევს ქრისტიან დედებს, რომლებიც, შვილებისადმი ღრმა სიყვარულით აღვსილნი, შეპყრობილნი არიან სურვილით, რომ ყოველგვარი უბედურებისაგან დაიხსნან ისინი, მაგრამ განსაცდელთა სიმრავლის გამო საკუთარ უძლურებას შესანიშნავად გრძნობენ.

პეტერბურგში ჩამოვიდა სმოლენსკელი მემამულე ქალი ე. ი. დუდინსკაია, რომლის ვაჟი ფლოტის ოფიცერი იყო და თავისი სამსახურის მიხედვით შავ ზღვაზე გემ ,,ინგერმანლანდით“ უნდა გამგზავრებულიყო, მის წასვლამდე დუდინსკაია ცარსკოე სელოში საგანგებოდ ჩამოვიდა, რათა ღვთისმშობლის ზეციური ნიშნის ხატის წინაშე თავისი ძის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის პარაკლისი აღესრულებინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ დუდინსკაია ხატის წინაშე მუხლზე დაემხო და ცრემლით უთხრა: ,,ზეციურო დედოფალო! შენ განდობ ჩემს ძეს და მთელს სასოებას შენზედ ვამყარებ, შენ ძალგიძს, რომ თვით ზღვის ფსკერიდან დამიბრუნო იგი“. ცურვისას საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, გემი დაიმსხვრა, ხოლო მისი მთელი ეკიპაჟი ზღვის ტალღებმა შთანთქა. სხვა განწირულებთან ერთად ტალღამ დუდინსკაიას ვაჟიც გემბანიდან გადაისროლა. როცა იგი მიხვდა, რომ უეჭველი დაღუპვა ელოდა, მის მეხსიერებაში ცარსკოე სელოს ხატი ამოტივტივდა და გულის სიღრმიდან ამოიძახა: ,,ზეციურო დედოფალო, დედაჩემი გევედრება ჩემთვის, – მისი ლოცვით შემეწიე მე“. უცებ ტალღამ ისე ძლიერად დაჰკრა, რომ გრძნობა დაკარგა, როცა გონს მოვიდა, ნახა, რომ ზღვის სანაპიროზე იყო და გულმოწყალე დედოფალს ამ სასწაულებრივი ხსნისთვის ღვთისმოსაური მადლობა შესწირა. დედამ და შვილმა შემწედ ღვთისმშობლის გულმოწყალებას უხმეს და მათი სასოება ამაო არ ყოფილა. ცხოვრებისეული გამოცდილება გვასწავლის, რომ მთელი ძალა ღმერთშია, უმწეობა და უძლურება ადამიანთა ხვედრია. როდესაც ამას გააცნობიერებს, მოყვარული დედა ისწრაფის, რომ თავისი შვილები გადასცეს დედა ღვთისას, რომელიც ადამიანთა მოდგმის ერთადერთ მხსნელზე – ჯვარცმულ უფალზე მიუთითებს. ამიტომ ვუგალობთ მას: ,,ზეციურო დედოფალო, შენ მოგანდობთ შვილთა ჩვენთა, შენ ხარ სასო ჩვენი, დედავ ღვთისავ, გვიხსენ ჩვენ , გიხაროდენ მწუხარე დედათა ნუგეშო, გიხაროდენ შვილთა მათთა მადლით დამცველო, გიხაროდენ მეოხო წინაშე ღვთისა“.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი