მთავარი » ჯანმრთელობა

ძახველი დამამშვიდებელი თვისებებით ხასიათდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.11.2011 ერთი კომენტარი | 8,458 ნახვა

ძახველი ცხრატყავასებრთა ოჯახს მიეკუთვნება . იგი დატოტიანებული ბუჩქი, ან მცირე ზომის ხეა, მონაცრისფრო-რუხი დახეთქილი ქერქით. მისი სიმაღლე 1, 5 – 4 მ – ია.

ფოთლები ერთმანეთის მოპირისპირედაა განლაგებული, ზემოდან მუქი მწვანეა, დანაოჭებული, ქვემოდან უფრო ღია ფოთლის ყუნწს ფუძესთან ორი ძაფისებრი თანაფოთოლი აქვს. ყუნწები ზედა ნაწილში ჯირკვლებიანია.

ძახველიყვავილები თეთრია და ორი სახის: კიდურა – უნაყოფო, მსხვილი ქოლგისებრი. გვირგვინით, დიამეტრით 2,5 სმ-მდე, შიდა – ნაყოფის მომცემია, პატარა გვირგვინით (0,5 სმ-მდე). ნაყოფი ღია წითელი ფერისაა, ოვალური ან სფეროსებრი, წვნიანი, 1 სმ-მდე დიამეტრის მსხვილი კურკით.

ძახველი ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში.

საქართველოში გავრცელებულია ტყიან ადგილებში თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება აგრეთვე მდინარის პირებზე, ზოგჯერ ბაღებშიც.

ნედლეულად ძახველის ქერქს, გაზაფხულზე, წვენის ინტენსიური მოძრაობის დროს, აპრილ-მაისში ამზადებენ. ამ პერიოდში ქერქი ადვილად სცილდება ხეს. ტოტებს მიწიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე ირიბად ჭრიან. მოჭრილ ტოტებზე აკეთებენ წრიულ ნაჭდევებს ერთმანეთისაგან 10-15 სმ დაშორებით, შემდეგ გრძივ ნაჭდევებს უკეთებენ და აცლიან ქერქს ღარებად ან მილისებურად. უმჯობესია ბუჩქნარს გვერდითი ტოტები მოაჭრათ, რათა ძირითადი ტანი არ დაზიანდეს და ახალი ყლორტები ამოიყაროს.

ძახველის ქერქი შეიცავს: ალკალოიდებს, ეთერზეთებს, ესკულეტინს (კუმარინი), ესკულინს (კუმარინი), ვალერიანის მჟავას, ვიბურნინს (გლიკოზიდი), ვიტამინ C-ს (70-80 მგ%), ვიტამინ K1 (28-31 მკგ/გ), ინვერტულ შაქარს (32% – მდე ), ირიდოიდებს (ოპულუსირიდოიდები), კაპრილის მჟავას, კაპრონის მჟავას, კაროტინოიდებს (21 მგ%), კაროტინს (21მგ%), კატექინებს (კუმარინი), ლეიკოანტოციანებს, ლინოლის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ოლეინის მჟავას, საპონინებს, სკოპოლეტინს (კუმარინი), სკოპოლინს (კუმარინი), ტანინებს, ტრიტერპენოიდებს, ტრიტერპენულ საპონინებს. ფენოლკარბონის მჟავის ნაწარმებს, ფისოვან ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ძმრის მჟავას, ჭიანჭველმჟავას. ფარმაკოპეა ქერქის სტანდარტიზაციას მთრთილავი ნივთიერებებით ახდენს. მათი მინიმალური შემცველობა 4 % უნდა იყოს.

ძახველიხალხურ მედიცინაში ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, რადგან მას დამამშვიდებელი მოქმედება გააჩნია. ამისათვის, 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მდუღარე წყლის აბაზანაში გააჩერეთ 30 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ. მიღებული ნახარში საწყის მოცულობამდე (200 მლ) ანადუღარი წყლით შეავსეთ. დალიეთ 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში, ან 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ეს ნახარში კარგად მოქმედებს ბავშვებზე გაცივების დროს, გამოიყენება როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში; ასევე გინეკოლოგიური დაავადებისას, სისხლისდენის შემთხვევაში, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს, როგორც ოფლმდენი საშუალება.

ნაყოფს სექტემბერ-ოქტომბერში, სრული სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში კრეფენ. და ამ დროს სასურველია ნაყოფი არ დაიჭყლიტოს.

ძახველის ნაყოფს ჯერ ჰაერზე აშრობენ, შემდეგ ღუმელებში, 60-80 გრადუს ტემპერატურის დროს. გამშრალ მარცვლებს აცლიან და ინახავენ ქაღალდის ან ნაჭრის პარკებში, მშრალ ადგილას.

ძახველის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისათვის გამოჯანმრთელების პერიოდში, როგორც გამამაგრებელი საშუალება.

ნედლი ნაყოფი ან მისგან მომზადებული წვენი, კისელი, ჟელე შეიძლება მიიღოთ ვიტამინების ნაკლებობის დროს.
ხალხურ მედიცინაში ძახველის ნაყოფს იყენებდნენ როგორც საფაღარათო, მადეზინფიცირებელ საშუალებას. ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთების, კუჭის აშლილობის დროს. ძახველის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტეროკოლიტების, გულის ან თირკმელების დაავადებით გამოწვეული შეშუპების, კანის წყლულოვანი და ჩირქოვანი დაავადების დროს.ძახველი კარგ შედეგს იძლევა ხმის ჩახლეჩისა და გაცივებით გამოწვეული ძლიერი ხველისას ეფექტურია ძახველის ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად, რომელსაც თბილი სახით ღებულობენ.

ნაყენის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზი ნაყოფი მომინანქრებულ ჭურჭელში მოათავსეთ. დაჭყლიტეთ, დაასხით თანდათანობით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში.

ძახველის წვენი საოჯახო კოსმეტიკაში ფერისმჭამელების მოსაშორებლად და დიათეზის დროსაც გამოიყენება (ისვამენ სახეზე 30 წთ-ით ადრე დაბანამდე).

მოამზადა დავით დანელიამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი