მთავარი » სხვადასხვა

ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი საღვინე ჭურჭლის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.07.2012 | 2,109 ნახვა

რამდენიმე წლის წინ ქვემო ქართლში, სოფ. შულავერთან მდებარე ე.წ. “ხრამის დიდ გორაზე” არქეოლოგიური კვლევისას თიხის დიდი ზომის საღვინე ჭურჭელი აღმოაჩინეს (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). საღვინე ჭურჭლის სახელდება და წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავაც განხილვის საგანს წარმოადგენს. რაც შეეხება ჭურჭლის ასაკს, იგი მიჩნეულია ნეოლითური ხანის (ძვ. წ. VI–Vათასწლეულები) ჭურჭლად, რომლის ხნოვანობა რვა ათასი წელია.

რა დანიშნულება ჰქონდა ამ ჭურჭელს? გვესაუბრება მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი: “ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი ძალზე მაღალი გემოვნებითაა შესრულებული, რომელსაც ზედა მხარეს გვირგვინად ამკობს ყურძნის მტევნის ოთხი სტილიზებული გამოსახულება დეკორაციების სახით. ასეთი ჭურჭელი, ცხადია, არ იქნებოდა ყველაზე პირველი ჭურჭელი და მას ეყოლებოდა თავისი წინამორბედები. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ კულტურული მეღვინეობა და ღვინის ჭურჭლის წარმოება შესაძლოა უფრო ადრეა დაწყებული.

ამა თუ იმ ჭურჭელზე ყურძნის მტევნების გამოსახულება მიანიშნებს, რომ ჭურჭლის დანიშნულება, პირველყოვლისა, ვაზსა და ღვინოს უკავშირდება. ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხმა, რომელმაც ამგვარი მაღალმხატვრული ჭურჭელი შექმნა, მასზე ყურძნის მტევნები გაუცნობიერებლად, შემთხვევით დაიტანა დეკორაციებად…

თიხის ქართულ საღვინე ჭურჭელზე, იქნებოდა ეს დოქი, ფიალა, გოზაური თუ სხვა, ხშირია ყურძნის მტევნების, ვაზის ფოთლებისა და ბწკალების, ვაზის ყვავილობისა თუ თავად ვენახის ზვრების სტილიზებული გამოსახულებები. ხრამის დიდი გორის ჭურჭლის მორთულობის შესწავლიდან გამომდინარე ირკვევა, რომ საღვინე ჭურჭლის მხატვრული დამუშავება ჩვენში ათასწლეულებს ითვლის და ძალზე ვრცელი ისტორია აქვს. დიდი ზომის თიხის ჭურჭელი საქართველოში არა მარტო საღვინედ, არამედ მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების მცირე თუ ხანგრძლივი დროით შესანახადაც გამოიყენებოდა, მაგრამ ნამდვილად ალოგიკური იქნებოდა, არასაღვინე დანიშნულების ჭურჭელზე და მეტადრე, მარცვლეულისაზე დაეტანათ ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლიკა, რომელიც ირიბადაც კი არ უკავშირდება ხორბალსა თუ სხვა კულტურას.

საღვინე იმდროინდელ ხალხს, რომელიც დეკორაციებისათვის ყურძნის მტევნებს გამოიყენებდა სხვადასხვა სახის ჭურჭელსა თუ ყოფით საგნებზე, კარგად სცოდნიათ ვაზისა და ღვინის მნიშვნელობა და ალბათ, ხრამის დიდი გორის ჭურჭელიც იმას მიანიშნებს, რომ მათ აღნიშნული ჭურჭელი შეუმკიათ მათთვის საკმაოდ კარგად ცნობილი და ძვირფასი სიმბოლოთი – ყურძნის მტევნით. ამასთან, ეს ჭურჭელი მექვევრე ოსტატს თავიდანვე საღვინე ჭურჭლად შეუქმნია, ხოლო ასეთ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ჭურჭელთან, რომელიც თავიდან ბოლომდე მეღვინეობის ინტერესებს ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ ჭურჭლის კედლის სინჯში აღმოჩენილია კულტურული ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლებისა და ღვინის მჟავის ნაშთები…”

შეიძლებოდა თუ არა, ეს ჭურჭელი ქვევრი ყოფილიყო?

მართალია, ხრამის დიდი გორის ჭურჭლის ქუსლი ჩვეულებრივი, კლასიკური ქვევრის ქუსლისაგან განსხვავდება და აქვს არა წაწვეტებული, არამედ უფრო ბრტყელი ფორმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ნაწილობრივ მიწაში ჩასაფლავ და არა მიწის ზემოთ, იატაკზე დასადგმელ ჭურჭელს უნდა წარმოადგენდეს. ქართველი მექვევრეები ხსენებული ჭურჭლის ქუსლის ძალზედ მსგავს ქუსლიან ქვევრებს არქაული დროიდან მოყოლებული ბოლო პერიოდამდე, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნემდე ამზადებდნენ, ხოლო ასეთი ქვევრები, მიუხედავად მათი ბრტყელი ძირისა, მიწაში ჩასაფლავად იყო განკუთვნილი და არა მიწისზემოთ დასადგმელად. სავარაუდოა, რომ ზემოთ ხსენებული ჭურჭელი მიწაში არა სრულიად, ისე, როგორც დღევანდელი ქვევრი, არამედ ნაწილობრივ იქნებოდა ჩაფლული, რომელსაც ტანის დაახლოებით 1/4 ან უფრო ნაკლები ნაწილი მიწის ზემოთ უნდა ჰქონოდა ამოშვერილი (ქვევრის მიწაში განთავსების ამგვარი ხერხი, მაგალითად, გურიაში გასულ საუკუნემდე შემორჩა). ყოველ შემთხვევაში, ჭურჭლის ზედა მხარეს ოთხი მხრიდან გაკეთებული ყურძნის მტევნის გამოსახულება მიწაში დასაფლობად და დასამალად ნამდვილად არ იქნებოდა განკუთვნილი, რაც ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა როგორც ამ ჭურჭლის გამკეთებელ ოსტატს, ისე მასში ღვინის დამყენებელს. ფაქტია, ჭურჭელს, რომელიც მიწაზე დასადგმელად იყო განკუთვნილი, მეჭურჭლე ოსტატები, პრაქტიკულად, საკმაოდ ფართო ძირს უკეთებდნენ, რათა პროდუქტით სავსე ჭურჭელი, თუნდაც მცირედი ვიბრაციის დროს, არ წაქცეულიყო და თუკი ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ პროცესთან, როგორიცაა საღვინე ჭურჭელში ყურძნის ჭაჭის ჩარევა ალკოჰოლური დუღილის დროს, მაშინ, მით უმეტეს, გამოირიცხება აღნიშნული ძირვიწრო ჭურჭლის მიწის ზემოთ, იატაკზე დასადგმელად მიჩნევა, რადგან ღვინის ტექნოლოგიის ისეთი პროცესი, როგორიც ჭაჭის ჩარევაა, ასეთ ჭურჭელს წაქცევის დიდ საფრთხეს უქმნის, ხოლო ჭურჭლის მიწაში ჩაფლვის შემთხვევაში აღნიშნული რისკი პრაქტიკულად გამორიცხულია. იმგვარი ქუსლიანი ქვევრები, როგორიც ხრამის დიდი გორის ჭურჭელია, ჩვეულებრივი, კლასიკურ ქუსლიანი ქვევრების პარალელურად, საქართველოში არა მარტო ძველ დროში, არამედ შემდგომაც მზადდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და ამრიგად, ზემოთ ხსენებული ჭურჭლის ქუსლის ფორმა თითქმის დღევანდელ დღემდე შემოინახა ქართულმა მექვევრეობამ.

კიდევ რა განსხვავებაა ხრამის დიდი გორის ჭურჭელსა და დღევანდელ ქვევრს შორის?

ხრამის დიდი გორის ჭურჭელს დღევანდელი ქვევრისაგან არა მარტო ქუსლი, არამედ ზედა მხარეც საკმაოდ განსხვავებული აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას გააჩნია საკმაოდ ფართო პირი. ერთი შეხედვით, აღნიშნული ჭურჭელი წააგავს ქვევრს, რომელიც მხრების ცოტა ზემოთ და ყელის ცოტა ქვემოთაა გადაჭრილი. ამგვარ ჭურჭელში ყურძნის ჩაჭყლეტვა, ალკოჰოლური დუღილისას მადუღარი ჭაჭის ჩარევა და შემდგომ დადუღებისა ჭაჭისა და ღვინის განცალკევება გაცილებით იოლია ვიწროყელიან ქვევრებთან შედარებით. ის, რომ აღნიშნული ჭურჭელი წარმოადგენს საღვინე ჭურჭელს, ამას ისიც ამტკიცებს, რომ ჩატარებული ქიმიური კვლევის მეთოდის (მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია HPLC) შედეგად მის კედლებში აღმოჩენილია ღვინის მჟავის ნაშთი, ხოლო კერამიკულ მასალაში ღვინის მჟავის არსებობის წყაროს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ ღვინო, ან ყურძნის ტკბილი.

შულავერთან აღმოჩენილ ჭურჭელს მკვლევართა ერთი ნაწილი დერგად მიიჩნევს, რადგან იგი მართლაც წააგავს დერგს, მაგრამ იგივე ჭურჭელი შეიცავს ქვევრის ელემენტებსაც და უფრო მეტად, ვიდრე დერგისას. საღვინე ჩვენი ვარაუდი ამ ჭურჭლის სახელთან დაკავშირებით უფრო ქვევრისაკენ იხრება. ყოველი შემთხვევისათვის, ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილი ჭურჭელი იმ ჭურჭელს წარმოადგენს, რომელშიც უნდა მომხდარიყო ყურძნის ჩაჭყლეტვა, დადუღება და ღვინის გარკვეული ხნით შენახვა, რაზეც მიუთითებს მისი სწორი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, სარქველის დასაფარებლად იყო განკუთვნილი. ამასთან იგი, გარკვეულწილად, მიწაშიც უნდა ყოფილიყო ჩაფლული. მაშინ თავისთავად ცხადია, ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი მარნის ერთ–ერთი კომპონენტი უნდა ყოფილიყო სხვა იარაღ-ინვენტართან და ჭურჭელთან ერთად.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვემო ქართლში, ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ჭურჭელი არის სწორედ ქვევრი, რომელიც თანამედროვე ქვევრების წინაპარი გახლავთ, ხოლო ის, რომ ეს ჭურჭელი წარმოადგენს საღვინე ჭურჭელს, ამაზე, როგორც უკვე აღინიშნა, ისიც მეტყველებს, რომ მის კედლებში ქრომატოგრაფიულად გამოვლენილია ღვინის მჟავის კვალი და პალინოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია კულტურული ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლები, რაც აღნიშნული ჭურჭლის ყურძენთან და ღვინოსთან უშუალო კონტაქტზე მიუთითებს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი