მთავარი » ქრისტიანობა

ხორციელის კვირიაკე, საშინელი სამსჯავროს ხსენება – საკვირაო ქადაგება (07.03.2021)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.03.2021 | 737 ნახვა

7 მარტს, ხორციელის კვირიაკეს, საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

“დღევანდელ კვირას ეწოდება საშინელი სამსჯავროს კვირა, რადგან ეს არის დიდი მარხვის წინ მოსამზადებელი ბოლო კვირა. დღეს იკითხება სახარება, სადაც მოთხრობილია იგავი საშინელი სამსჯავროს შესახებ.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს.

როგორც გითხარით, აი, ამ კვირას და თვითონ ამ სამსჯავროსაც საშინელი სამსჯავრო ეწოდება. რა არის და რატომ ჰქვია მას საშინელი სამსჯავრო? იმიტომ, რომ ქრისტიანებს ეშინიათ, აღმოჩნდნენ განმარგლილნი სამუდამოდ, მარადიულად მოშორებულნი ღვთისაგან. ამიტომ ნამდვილი ქრისტიანი ცდილობს, ისე ააწყოს თავისი ცხოვრება, რომ მუდმივად ღმერთთან იყოს, ყველაზე მეტად ღმერთთან ყოფნა უნდოდეს და არა ისე, როგორც ხშირად ჩვენ ვართ ხოლმე – უფრო მიწიერი კეთილმოწყობა გვინდა, რათა ჩვენი შვილები კარგად იყონ. ძირითადად, ეს არის ჩვენი მთავარი სურვილი და როდესაც შვილები კარგად არიან, სხვა მიწიერი საქმეებიც კარგად მიდის, ძალიან ბევრ ადამიანს ღმერთი და ეკლესია ავიწყდება. რატომ? იმიტომ, რომ მათი მიზანი მიღწეულია – ღმერთისგან რაც უნდოდათ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ეს შესრულებულია.

ნამდვილი ქრისტიანი ასე არ უნდა ცხოვრობდეს. ვიმეორებ, მთავარია, მუდმივად ღმერთთან ყოფნა. სახარების ამ მონაკვეთშიც უფალი გავსწავლის, რა სურს მას და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, ვისაც უნდა, მუდმივად ღმერთთან იყოს.

უფალი მოგვითხრობს, რომ დადგება ჟამი, როდესაც მოხდება სამსჯავრო მთელი კაცობრიობისა, ხალხი შეიკრიბება უფლის წინაშე და უფალი გამოარჩევს მათ, როგორც მწყემსი არჩევს ცხვრებს და თხებს. უფალი თავის ანგელოზებთან ერთად „დაჯდება საყდართა დიდებისა თვისისათა; და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი… და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით“.

და აი, მარჯვენით მისსა მყოფთ ეტყვის: „მოდით ჩემთან, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით“ – უფლის მარჯვენით დგებიან ისინი, ვინც სასუფეველს იმკვიდრებს.

რა ნიშნით გამოარჩევს ღმერთი ადამიანებს? – არც გარეგნობით, არც ნიჭით, არც ამა თუ იმ სფეროში წარმატებით, არც სიმდიდრით, როგორც ეს დღესაც ჰგონიათ მოციქულთა მსგავსად, რომელთაც თავის დროზე ჰკითხეს უფალს: ნუთუ მდიდარი ძნელად ცხონდებაო? აბა, რის მიხედვით არჩევს უფალი ადამიანებს?

იმის მიხედვით, თუ როგორ აღასრულებენ ადამიანები ღვთის საქმეს, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე სახარებაში: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ და შემდეგ ჩამოთვლის ამ საქმეებს: „რამეთუ მშიოდა და დამაპურეთ, მწყუროდა და მასვით, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, უცხოობაში ვიყავი და შემიწყნარეთ, საპყრობილეში ვიყავი, სნეული ვიყავი, მომაკითხეთ და მინახულეთ“.

ამ ჩამონათვალიდან ჩანს, რომელი თვისებებია საჭირო, რომ შემოსო შიშველი, დააპურო და დაარწყულო მშიერ-მწყურვალი. საჭიროა კეთილი, მოწყალე გული, საჭიროა დიდი მოწყალება და სიყვარულის უნარი. მხოლოდ ამ თვისებების მიხედვით გამოარჩევს უფალი ადამიანებს საშინელი სამსჯავროს დღეს, რადგან უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ ღმერთში, უფალში უნდა ვდმიდრდებოდეთ და არა ჩვენში. ღმერთში გამდიდრებას ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად იმისა, მონათლულია იგი თუ არა, რომელ სარწმუნოებას და ეროვნებას ეკუთვნის, ჭკვიანია თუ არა, ნიჭიერია თუ არა, განურჩევლად ამ ყველაფრისა, ყველას მოწყალებით მოექცევა, ყველას მიმართ გაიღებს მოწყალებას. აი, ეს არის ის თვისება, რომლის შესახებაც საუბრობს დღევანდელ სახარებაში უფალი.
მაგრამ აქ ისმის კიდევ ერთი კითხვა – სახარების ამ ეპიზოდში მხოლოდ მატერიალურ მოწყალებაზეა საუბარი? მხოლოდ საჭმელზე, სასმელზე, შიშველის შემოსვასა და სნეულის საავადმყოფოში მოკითხვაზე გვესაუბრება უფალი, თუ კიდევ იგულისხმება სხვა რამ?

ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ ჩამოთვლილია, შეიძლება იყოს მატერიალურიც და სულიერიც. გახსოვთ, უფალი ამბობს, რომ „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა ღმრთისაითა“ (ლუკ. 4,4) და „საჭმელი ჩემი არს, რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისაი და აღვასრულო საქმე მისი“ (იოან. 4,34). აქ სულიერ საკვებზეა საუბარი.

უფალი ასევე საუბრობს სასმელზე: „ვისაც სწყურია, მოვედით ჩემდა და მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ“ (იოან. 4,13-14) – სულიწმინდაზე საუბრობს უფალი.

ასევე – სნეულებაც არის ხორციელი და სულიერი სნეულება. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მძიმეა, ამ დროს ადამიანი დასნეულებულია ცოდვებისგან. საპყრობილეც ასევე სულიერად მოიაზრება, ამ დროს ადამიანი საკუთარი ვნებებისა და ცოდვების ტყვეობაშია. ასევეა სულიერი შიშიშვლეც, როდესაც ადამიანი შიშველია, განმოსილია სათნოებებისგან.

ყველაზე მძიმე შიშიშვლეც, შიმშილიც და წყურვილიც სწორედ ეს არის. შესაბამისად, წმინდა მამები ამბობენ, რომ რამდენაც სული მეტია სხეულზე, იმდენად მეტია სულიერი მოწყალება მატერიალურ მოწყალებაზე, მშიერი უნდა დავაპუროთ სულიერი საზრდოთი, სულიერი საჭმლით და ადამიანებს დავეხმაროთ, რათა ცოდვა გამოასწორონ.

როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის. ვიმეორებ, როდესაც ეს პირად შეურაცხყოფას ეხება, მაგრამ თუ საქმე მიდის საზოგადო საქმის დაზიანებამდე, რა თქმა უნდა, ქრისტიანები ვალდებული არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ და შეაჩერონ ასეთი ბოროტება და არ დაითმინონ. აქ საუბარია პირად შეურაცხყოფაზე.

უფრო მეტად რომ დავფიქრდეთ დღეს წაკითხული სახარების ამ მონაკვეთზე: ვინ არის ის ადამიანი – სულიერად მშიერ-მწყურვალი, სათნოებებისაგან განძარცვული და შიშველი, საპყრობილესა და სნეულების ტყვეობაში მყოფი, ვისაც სჭირდება დახმარება და სულიერი მოწყალება? როგორ ფიქრობთ, ვინ არის ასეთი ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომი?

ჩვენ თვითონ, ჩვენივე უბადრუკი, ცოდვილი და დაცემული სული, რომელიც საჭიროებს დახმარებას. პირველ რიგში, შენს საკუთარ თავს უნდა გაუწიო ეს მოწყალება, რომ ასაზრდოო სულიერი საზრდოთი, შემოსო სათნოებებით, განკურნო შენი დასნეულებული სული.

უდიდესი წმინდა მამა, ღირსი სვიმეონი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ „თუ შენს სულს არ აღმოუჩენ ამ მოწყალებას და არ გაიღებ ამ წყალობას, სხვას რაღას გაუკეთებ, სხვას როგორღა არგებ?!“

ნიშანდობლივია, რომ სახარების ამ იგავში უფალი თავის თავთან აიგივებს ასეთ ადამიანს და როცა ჰკითხავენ: „კი მაგრამ, როდის გაგიკეთეთ ეს ყველაფერი, როდის აღვასრულეთ ეს კეთილი საქმეები?“ – მაცხოვარი მიუგებს: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. იგი თავის ძმებს უწოდებს ყველა გაჭირვებულს.

ე.ი. როცა მოწყალებას გავცემთ, იქნება ეს მატერიალური თუ სულიერი, ჩვენ იესო ქრისტეს ვუკეთებთ ამ ყველაფერს, მას ვაპურებთ და ჩვენს თავსაც ვაპურებთ, ჩვენ ხომ ქრისტეს ნაწილნი ვართ და არა მარტო მისი ძმები. თუმცა სხვაგან იმაზეც საუბრობს, რომ „მეგობარნი ჩემნი ხართო“, მაგრამ, საერთოდ, მისი ნაწილნი ვართ. ამიტომ ნახეთ, როგორი საოცარი სწავლებაა სახარებაში, ვიმეორებ, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა გაუკეთო, სულიერ მოწყალება გაიღო.

შემდეგ უფალი, რა თქმა უნდა, მის მარცხენით მდგომთაც მიმართავს და ეტყვის: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა“ და აქაც იმეორებს: „რადგანაც მშიოდა და არ მომეცი საჭმელი, მწყუროდა და არ მასვით, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და არ მინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და არ მომაკითხე, უცხოდ ვიყავი და არ შემიწყნარეთ“.

ისინიც ჰკითხავენ: „კი მაგრამ, როდის? როდის არ გავაკეთეთ?“ ისინი იმდენად ეგოისტურად ცხოვრობდნენ, რომ ვერც ხვდებიან, როდის არ გააკეთეს ეს ყველაფერი. უფალი მიუგებს მათ: „რაოდენი არა უყავთ, არ გაუკეთეთ ეს ყველაფერი ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“ და ბოლოს დასძენს, რომ „და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა“.

აი, აქედან ჩანს კიდევ ერთი ჭეშმარიტება, რაზეც წმინდა მამებიც საუბრობენ. მაგალითად, იყო ასეთი დიდი წმინდა მამა – ღირსი ისაია განდეგილი. ის ამბობს, რომ საშინელი სამსჯავროს დღეს არ იქნება ეს დიალოგი. იმ დღეს, იმ ჟამს ადამიანის სულებს არ ექნებათ უფლებამოსილება, სიტყვა მიუგონ მეუფეს და ღმერთს, არამედ ყველა აღდგება თავისი საქმეებით, რომლებიც აკეთეს ამ მიწიერ ცხოვრებაში, ყველა შემოსილი იქნება ამ საქმეებით, როგორც სამოსით. ერთი ნაწილი შემოსილი იქნება კეთილი საქმეებით, ხოლო მეორე – ბოროტი საქმეებით. თავად ეს შესამოსელი მიუთითებს ადამიანებს, საით წავიდნენ, იმიტომ, რომ სასუფეველი – ეს არის სიყვარულის სამკვიდრებელი, ძვირფასო ძმებო და დებო. მხოლოდ ისეთი ადამიანების ადგილია სასუფეველში, რომელთაც უყვართ ღმერთი, აქვთ მოწყალე და ლმობიერი სულები და გული. ვისაც ეს თვისებები არ გააჩნია, ვერ მოხვდება იქ. ამიტომ აქ მოეწყობა ეს სამსჯავრო.

ღმერთი არ გსჯით, ძვირფასო ძმებო და დებო, არამედ თვითონ ადამიანი ისჯება, თავად ირჩევს საკუთარ სამუდამო ხვედრს ამ ცხოვრებაში თავისი საქმეების მიხედვით და როგორ ამბობს დიდი მამა, სამოსელი კეთილ ან ბოროტ საქმეთა თვითონ მიუთითებს ადამიანს ამ საყოველთაო აღდგომის ჟამს, თუ საით წავიდეს – საუკუნო სატანჯველში თუ მარადიულ სასუფეველში, ღვთის სასუფეველში, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი