მთავარი » ხატები და ფრესკები

ხოლმის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.01.2011 ერთი კომენტარი | 2,445 ნახვა

(8 სექტემბერი)

ხოლმის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატიხოლმში ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფებოდა. გადმოცემის მიხედვით, რომელიც ეპისკოპოს იაკობის მიერაა ჩაწერილი, წმიდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატი სხვა ხატებთან ერთად კონსტანტინეპოლიდან წმიდა მოციქულთასწორმა მთავარმა – ვლადიმირმა, წმიდა ნათლისღების შემდეგ, კონსტანტინეპოლიდან ჩამოაბრძანა. ხატი სამ ერთმანეთთან შეერთებულ დაფაზეა დაწერილი, სიმაღლით – არშინი და 4 გოჯი, სიგანით 1 არშინია.

ძველ დროში ის შემოსილი იყო ოქროს პერანგით, რომელსაც მინანქრის ბიზანტიური ნაკეთობა ამშვენებდა, მაგრამ ხოლმში ბურუნდაის ურდოების შემოჭრის დროს პერანგი გაიტაცეს, მისი მოხსნისას ხატწერა რამდენიმე ადგილას დაზიანდა, ხატი კი გადააგდეს. მხოლოდ ხოლმის განადგურებნიდან ასი წლის შემდეგ ხატი კირის ღორღის ქვეშ აღმოაჩინეს და განახლებულ ეკლესიაში ზეიმით დააბრძანეს. ხოლმის მართლმადიდებელი ეპისკოპოსის დიონისე ზბირულსკის უნიაში გადასვლის შემდეგ, 1596 წელს ხოლმის ტაძარი და მისი ხატიც უნიის საკუთრება გახდა.

1650 წელს უნიატებმა, პოლონელებსა და ბოგდან ხმელნიცკს შორის დადებული ზბოროვის შეთანხმების მიხედვით, ხოლმის კათედრა მართლმადიდებელ ეპისკოპოსს დიონისე ბალაბანს დაუბრუნეს, მაგრამ სასწაულთმოქმედ ხატს მალავდნენ და მართლმადიდებლებმა მხოლოდ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვეს მიწისქვეშ გადამალული სიწმინდე.

1651 წელს პოლონელებსა და კაზაკებსს შორის ომი გაჩაღდა. მეფე იან-კაზიმირმა იაკობ სუშის რჩევით ხატი ლაშქრობაში წაიღო. ამის შემდეგ ის ვარშავაში ჩაიტანეს, სადაც სამეფო სასახლის სამლოცველოში 1652 წლამდე დარჩა. კაზაკებთან ომის წარმატებით დამთავრება იან-კაზიმირმა პოლონეთის ჯარში სასწაულთმოქმედი ხატის ყოფნით ახსნა, მან აღადგინა ხოლმის უნიატური კათედრა და ხატიც უნიატებს გადასცა, ის 1652 წლის 29 აგვისტოს ზეიმით ჩამოაბრძანეს ხოლმში და საკათედრო ტაძარში მოათავსეს. ამის შემდეგ პოლონელებსა და კაზაკებს შორის კვლავ ომი დაიწყო. ბაგოტთან კაზაკებმა პოლონელები გაწყვიტეს. მეფემ ბრძოლის ველზე ხოლმის ხატის ჩატანა ბრძანა, მაგრამ რუსული სიწმინდე არ შეეწია პოლონელებს და იმედგაცრუებულმა მეფემ ის ხოლმს დაუბრუნა. აქ ხატი დღემდე ხელშეუხებლად რჩება. უნიის ბატონობის დროს რუსულ სიწმინდეთა ლათინიზაციისთვის მრავალი ხერხი იხმარეს, ხოლმის ტაძრის გადაკეთების შემდეგ უნიატებმა მართლმადიდებლური კანკელი მოხსნეს და წმიდა ხატი საკურთხეველში, კათოლიკური ტრადიციის მიხედვით, მთავარი ტრაპეზის ზემოთ მოათავსეს. 1765 წელს კი ისევ კათოლიკური წესისამებრ ხატი რომის პაპის მიერ გამოგზავნილი ორი ოქროს გვირგვინით შეამკეს, ტრაპეზის იმ მხარეზე, რომლის თავზეც ხატი იყო მოთავსებული, ვერცხლის დაფაზე ამოკვეთეს ბარელიეფი და ლათინური წარწერა, რომელიც პოლონელების კაზაკებზე გამარჯვებაზე მეტყველებდა. ხოლმის მხარეში მართლმადიდებლური სულის და ტრადიციების აღორძინებასთან ერთად ხოლმის ტაძარში გარდაქმნები მოხდა, მათ შორის ისიც, რომ ღვთისმშობლის ხატი კანკელზე, აღსავლის კარს ზემოთ მოათავსეს და კიევ-პეჩორის ლავრის ხატის მსგავსად მლოცველების მიმთხვევისას ძირს უშვებენ. ამგვარად, ხოლმის სიწმინდე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კვლავ გაბრწყინდა და მლოცველთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი მიიზიდა.

ხოლმის ხატს ორი ჭრილობა ამჩნევია: ერთი ხმლით მხარზეა მიყენებული, ხოლო მეორე ისრით – მარჯვენა ხელზე. ეს ჭრილობები თათრების ნახელავია, მაგრამ უბედურებს ღვთაებრივი სასჯელი ეწიათ: კადნიერნი დაბრმავდნენ და სახეები მოექცათ. ხოლმის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედებათა აღწერილობიდან ცნობილია, რომ როცა თათრები ხოლმს მიუახლოვდნენ, ქალაქში რუსი თავადის ორი ასული იმყოფებოდა. როცა ნახეს, რომ მტრის მრავალრიცხოვანი ურდოების მოგერიება შეუძლებელი იყო, მთელი იმედი ლოცვის ძალაზე დაამყარეს და მოსახლეობასთან ერთად ხოლმის ღვთისმშობელს შეუვრდნენ. ევედრებოდნენ, რომ შესწეოდა და დახმარებოდა მათ. ისინი ქალაქის გალავანზე გავიდნენ, ხატი, როგორც მტკიცე კედელი და საფარველი, მტრის საპირისპიროდ დააბრძანეს, თათრებს გონება დაუბნელდათ, მთა, რომელზედაც ქალაქი იყო გაშენებული, მათ მეტად მაღალი და ამიტომ მიუწვდომელი ეჩვენათ. შემდეგ წარმოიდგინეს, რომ ქალაქისკენ მიდიოდნენ, სინამდვილეში კი შორდებოდნენ მას და ბოლოს გაიქცნენ. ღვთისმშობლის სასწაულებრივი შემწეობით ქალაქი მტერს გადაურჩა.

ღვთის მადლით, ხოლმის ხატი მრავალ სასწაულსა და კურნებას აღასრულებს. აქ ხალხი ჯგუფებად მოდის და ზეციური დედოფალი ყველას შეეწევა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • სოფო says:

    ხოლმის ღვთისმშობელი ფარავდეს სრულიად საქრისტიანოს!