მთავარი » ქრისტიანობა

რას წარმოადგენს ხიბლი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.09.2011 8 კომენტარი | 2,163 ნახვა

“ყოველივე ღვთისგან მონიჭებული ბოროტებად გვექცევა, თუ მისგან არა ღვთის, არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ”.

მამა ანდრონიკე ლუკაში

ჯვარიეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: “მეტად დიდი ხიბლია ადამიანისთვის იმის დაშვება, რომ იგი ამ მდგომარეობაში არ იმყოფება, ყველა მოტყუებული ვართ, ცდუნებულნი, ყალბ მდგომარეობაში, რომელიც ჭეშმარიტებით, სიმართლით გამოხსნას საჭიროებს”. იმავეს ამბობს მთავარეპისკოპოსი არსენი (ჩუკოვსკი): “თითოეული ადამიანი თავისი უძლური, ცოდვილი ბუნებით მეტნაკლებად ემორჩილება ხიბლის მდგომარეობას. გაიფიქრე, რომ კარგად თქვი, მოიქეცი – უკვე ხიბლია, ოცნებობ საკუთარი ნიჭის, მიდრეკილებების გამოვლენაზე – ესეც ხიბლია, მიიღე შექება, დატკბი მისით – ესეც ხიბლია”.

მამა ალექსი (სოლოვიოვი) წერს: “არაფერი გვაქვს თავმოსაწონი და თუ რამ კარგია ჩვენში, საკუთარი არ არის, უფლისაა. პირადი არაფერი გაგვაჩნია. როცა თავში პატივმოყვრული, ქედმაღლური აზრი მოგივა შენს შესახებ, ასე გააკეთე: იმ წუთშივე განაგდე ის და თან თუ მარტო ხარ, შენდა გასაგონად თქვი: “მე ვიცი, როგორი კარგიც ხარ, ეს ვინ გააკეთა, ის ვინ ჩაიდინა? – და დაიწყე საკუთარი ცოდვების ჩამოთვლა – ამპარტავნული ფიქრიც გაგიქრება”.

რას წარმოადგენს ხიბლი?

იგი მეტად საშიშ რელიგიურ მდგომარეობად ითვლება. ამ დროს თავისი შესაძლებლობების გადაფასებას ახდენენ, დიდ წარმოდგენას იქმნიან საკუთარ თავზე. თვლიან, რომ სულიერების ისეთ დონეს მიაღწიეს, იმდენი ცოდნა, გამოცდილება დააგროვეს რელიგიურ სფეროში, რომ ხელეწიფებათ მნიშვნელოვანი საქმეების ჩადენა, დიდი ღვაწლის აღება საკუთარ თავზე. მიიჩნევენ, რომ უფლის განსაკუთრებული წყალობაა მათთან. მეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო მისია დააკისრა უზენაესმა და ადრე თუ გვიან ეს ხალხმა უნდა გაიგოს.

გამოსაყოფია ხიბლის ორი ფორმა: ერთი – ჩვეულებრივი, არაშორსწასული, რომელიც ყველა მორწმუნესთან გვხვდება და მეორე – ამ მდგომარეობის მეტად საშიში, მკვეთრი გამოვლინების სახე. ჯერ შევჩერდეთ პირველ მათგანზე. იგი ერთგვარი სენივითაა, რომლისგანაც სიცოცხლის ბოლომდე არავინაა დაზღვეული, გათავისუფლებული. უბრალოდ სულიერების, რელიგიური გამოცდილების ზრდასთან ერთად უფრო ადვილად ატყობენ, იჭერენ ამპარტავნულ გამოვლინებებს საკუთარ თავში, გრძნობენ, ვარდებიან თუ არა ხიბლის მდგომარეობაში. უახლოვდებიან თუ არა ამ მხრივ კრიტიკულ ზღვარს.

მათგან, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ან თუნდაც უბრალო მორწმუნეთაგან, ვისაც სწამს ღმერთის, მაგრამ არ იცავს რელიგიურ წესებს, რომელს არ წარმოუდგენია, რომ მან უკვე გარკვეული სარწმუნოებრივი ცოდნა, გამოცდილება შეიძინა და ახლა სხვასაც შეუძლია ასწავლოს, დაარიგოს რაღაც, მოაქციოს ეკლესიისკენ, ჩაუთვლია, რომ მის ლოცვას უკვე ძალა აქვს და უფალი ისმენს მას, მიუჩნევია, რომ ხელეწიფება ეკლესიისთვის მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეებთან შეჭიდება. თავისთავად, შეიძლება ისიც დაუშვა, რომ უბრალოდ, ყოველგვარი შეფარული მიზნის, საკუთარი თავის განდიდების გარეშე მოინდომო სხვისი დახმარება, რწმენისკენ შემობრუნება, ეკლესიისთვის სამსახურის გაწევა, მაგრამ ხშირად ამ განცდებს მაინც ამპარტავნული მომენტი ერევა.

ადამიანი თავისი ბუნებით ამპარტავანია, მაგრამ ხანდახან მაინც მისი ეს მხარე განსაკუთრებით იკვეთება, იწევს წინ და იგი უკვე ხიბლზე მიუთითებს. ამ დროს ხიბლის მდგომარეობის ფსიქიკურ განცდათა ანალიზი რომ გაკეთდეს, ორი მხარე იქნება მეტად თვალშისაცემი. ერთი – გამახვილება, გაძლიერება საკუთარი ღირსების შეგრძნებისა, რომ შეგიძლია სხვას დაარიგო, ასწავლო, გააკეთო ღვთისთვის სათნო საქმენი, დახმარება გაუწიო ეკლესიას და მეორე – სწრაფვა იმისკენ, რომ ირგვლივ დაინახონ, შეიტყონ შენ მიერ გაწეული ღვაწლი, ის, თუ რას აკეთებ ხალხისთვის.

მეტად ძნელია ამპარტავნებასთან ბრძოლა. შეიძლება მთელი ცხოვრება წერდე მის შესახებ, ტომები გქონდეს შექმნილი, სხვას აფხიზლებდე, მოუწოდებდე ამ ვნების საშიშროების შესახებ, მიუთითებდე მის გამოვლინებებზე, ასწავლიდე დაპირისპირებას და თავად ისე ჩავარდე ხიბლის მდგომარეობაში, რომ ვერც კი შეატყო. არავინ არის ამ მხრივ დაზღვეული, იმათგანაც კი, მრევლს ვინც არიგებდა, მრავალ სასულიერო პირს მოსვლია ასე. მაგრამ ერთი რამ მაინც გამოსაყოფია, სულიერი გამოცდილება ეხმარება ადამიანს, დროულად შეამჩნიოს და ებრძოლოს ხიბლის გამოვლენას თავში და თუ საჭიროა, სხვასაც შეეშველოს ამ მხრივ.

წმიდა მამები ხიბლის ორ სახეს გამოყოფენ. პირველი, როცა იწყებენ წარმოსახვას იმისა, რომ ხედავენ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს, ცის გახსნას, ზეციური სამყაროს სურათებს, ესმით რაღაც ხმები, აქვთ ნარკომანების მსგავსი მოლანდებები, თავში მოსდით, ერთი შეხედვით, ბრწყინვალე, შთამბეჭდავი იდეები და ჰგონიათ, უფალი კარნახობს მათ. მიიჩნევენ, რომ უზენაესმა აირჩია ისინი, რათა კაცობრიობას მათი პირით ამცნოს ჯერ უთქმელი, მეტად მნიშვნელოვან აღმოჩენათა, სიბრძნეთა შესახებ, აუწყოს, რა ელით, თუ იმას არ გააკეთებენ, რასაც მისი “რჩეული” ეუბნება. უნდა ითქვას, რომ ხიბლში მყოფის აზრები, იდეები, უმთავრესად, მხოლოდ მისთვის არის შთამბეჭდავი, ძალიან საყურადღებო, ბრძნული, სხვის თვალში კი ხშირად ისინი აბსურდულად, სასაცილოდ, გაზვიადებულად მოჩანან. მათი საუბარი არც თუ იშვიათად გაუგებარია. იყენებენ რაღაც განყენებულ, აბსტრაქტულ ტერმინებს, ლაპარაკობენ ქარაგმებით, ზოგჯერ მოჰყავთ ადგილები წმიდა წერილიდან, იმეორებენ ქრისტიან მამათა გამონათქვამებს, მაგრამ ყოველივე ეს საერთო სურათიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მთლიანობაში რასაც ამბობენ, უსიამოვნო, არამიმზიდველ, ხშირად გაუგებარ შთაბეჭდილებას ტოვებს. მსმენელს სურვილი უჩნდება, მალე განერიდოს მას. ცდუნებულის საუბარს ისეთი დაღი აზის თვითდაჯერების, ამპარტავნების, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებისა, რომ საღად მოაზროვნე კაცისთვის შემაძრწუნებელი სურათი იქმნება.

მათ ხშირად აქვთ რაღაც უცნაური სიტკბოების, სიხარულის, აღტაცების გამომხატველი განცდები. ეს გრძნობები ცდუნებულისა არ ჯდება ჩვეულებრივ ადამიანურ შეგრძნებათა, ემოციათა ჩარჩოში და ესეც ხიბლში მყოფისთვის იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად წყალობს უფალი, ახლოს არის მასთან. განა უბრალო მოკვდავს შეიძლება ჰქონდეს ასეთი განცდები, უკვე ამქვეყნად გრძნობდეს სამოთხისეულ ნეტარებას?

ზოგჯერ ხიბლში მყოფნი გარეგნულად დიდ ღვაწლს იღებენ საკუთარ თავზე. გაძლიერებულად მარხულობენ, ლოცულობენ, დადიან ზამთარში ფეხშიშველნი, ყოველმხრივ აუძლურებენ სხეულს. ბოროტი აძლევს მათ ისეთ ძალას, რომ დიდი შეუპოვრობა, გამძლეობა გამოიჩინონ ამ მხრივ. ესეც ცდუნებულისთვის იმის დამამტკიცებელია, რომ მან უკვე დიდ სიმაღლეს მიაღწია ღვთისკენ სავალ გზაზე. განა სხვაგვარად შეძლებდა კი ამას?

ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვს ხიბლის ასეთი შემთხვევა მოჰყავს: ერთ-ერთი პეტერბურგელი ჩინოვნიკი არასწორი გაძლიერებული ლოცვით იყო დაკავებული და ამის გამო განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩავარდა. ლოცვის ეს არასწორობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი ამ დროს სხვადასხვა ზეციურ სურათს, წმიდანს, ანგელოზს წარმოიდგენდა, რაც მართლმადიდებელ მამათა თქმით, მეტად საშიშად ითვლება. ლოცვის ეკლესიური წესი გულისხმობს არა წარმოსახვის გახელებას, არამედ იმ სიტყვების შინაარსის ყურადღებით აღქმას, რომელსაც ვკითხულობთ. ამ დროს ზეციურ სამყაროს მკვიდრთა წარმოდგენა მართლმადიდებლური გაგებით დიდი საშიშროების შემცველია და თუ ეს უნებურად მაინც მოხდა, ასეთი წარმოდგენები უნდა განიდევნოს გონებიდან. ჩინოვნიკს გარკვეული ხნის შემდეგ სხვადასხვა ჩვენებები დაეწყო. ლოცვისას ეჩვენებოდა, რომ ხედავდა ხატებიდან გამომავალ სინათლეს, გრძნობდა წარმტაც სურნელს, პირში ჰქონდა არაჩვეულებრივი სიტკბოების შეგრძნება. იგი რჩევისთვის მონასტერში მივიდა და ერთ-ერთ ბერს თავის შეგრძნებათა შესახებ მოუთხრო. ბერმა აუხსნა, რომ ეს დემონური გათამაშების შედეგი იყო და ურჩია, თავი დაენებებინა არასწორი ლოცვისთვის, რაზეც ცდუნებულმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. – განა შემიძლია უარი ვთქვა ასეთ მადლზეო? – მიუგო მან. ბერმა ერთი შეხედვით უცნაური კითხვა დაუსვა: თავის მოკვლის სურვილი ხომ არ გიჩნდებაო? – როგორ არა, დავაპირე კიდეც, – უთხრა ჩინოვნიკმა, – მაგრამ გადამარჩინესო. როცა ცდუნებული წავიდა, მონასტრის ძმებმა ბერს ჰკითხეს, თუ საიდან მოუვიდა ასეთი კითხვის დასმა აზრად, რაზეც მან უპასუხა: „როგორც უფლისთვის მოთქმის დროს დგება სინდისის დამშვიდების წუთებიც, რომელიც აწყნარებს მონანულთ, ასევე დემონური ხიბლის ყალბი სიამოვნებისასაც დგება მომენტი, როდესაც ხიბლი თითქოს აშკარავდება და ადამიანს თავის ნამდვილ სახეს უჩვენებს. ამგვარი წუთები საშინელია, მათი სიმწარე და შედეგად გამოწვეული სასოწარკვეთა – აუტანელი. ამით ცდუნებულმა ყველაზე ადვილად უნდა იგრძნოს თავის მდგომარეობა და შეეცადოს მისგან განთავისუფლებას. ხიბლის დასაწყისი სიამაყეა, ნაყოფი კი – დიდი ამპარტავნება. ცდუნებული თვლის რა ღვთის მადლის რჩეულ ჭურჭლად თავს, უგულებელყოფს ახლობელთა გაფრთხილებებს მის დასახსნელად. ამასთან სასოწარკვეთის შეტევები თანდათან უფრო ძლიერდება და ან ფსიქიკური აშლილობით, ან კიდევ თავის მოკვლით ბოლოვდება“.

ჩინოვნიკი საბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურებოდა: როცა დიდი სიტკბოებისგან პირში ნერწყვი მიმრავლდება, იქ აღარ ეტევა, იატაკზე მეწვეთება და ეს ცოდვა ხომ არ არისო, – ჰკითხა მან ბერს. ასე ამასხარავებს, საცოდავს ხდის ბოროტი ხიბლში მყოფს.
ღვთისმოსაობით გამორჩეული ერთ-ერთი არქიმანდრიტი იცნობდა ბერს, რომელიც თავის შესახებ ასეთ რამეს მოჰყვა: „ვცდილობდი თავდადებით მეღვაწა და გულმხურვალედ ვლოცულობდი ჩემს კელიაში. ლოცვა მატკბობდა და მეჩვენებოდა, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. დროთა განმავლობაში ჩავთვალე, რომ ჩემთვის უკვე ზედმეტი იყო სულიერ მოძღვართან მისვლა და რჩევა-დარიგებების მიღება.

შევწყვიტე მასთან სიარული და ერთხელაც სენაკში ლოცვისას ჩემ წინ მშვენიერი ანგელოზი წამოიმართა. მან მითხრა, რომ ჩემი მოღვაწეობა სათნო იყო უფლისთვის, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მისაღები რომ ვყოფილიყავი, საჭირო იყო მსხვერპლი და ერთი თვალის დათმობა შემომთავაზა. როცა ანგელოზი გამშორდა, სიხარულისგან ექსტაზში მყოფმა სანთელი ავიღე და მანამდე მეჭირა თვალთან, სანამ გონება არ დავკარგე.

ცისკარზე ღვთისმსახურებაზე აღარ მივედი და შეშფოთებული ბერები მოსანახულებლად ჩემს სენაკში შემოვიდნენ. გონზე მომიყვანეს, მაგრამ თვალი უკვე დაკარგული გახლდათ. მისი დაკარგვის ნამდვილი მიზეზი არ გამიმხელია და ვუთხარი, რომ იგი დაცემისას დავიზიანე. არ წავედი ჩემს სულიერ მოძღვართანაც.

ვფიქრობდი, რომ მართლაც უფლისთვის სასურველი მსხვერპლი გავიღე, კვლავ გავაგრძელე მხურვალედ ლოცვა. ჩემ წინაშე ისევ წარმოდგა ანგელოზი და მითხრა: მიიღო უფალმა შენი მსხვერპლი, მაგრამ ბოლომდე სათნო რომ ყოფილიყავი, საჭირო იყო მეორე თვალის დათმობაც.

როგორც პირველ შემთხვევაში, ეჭვი არც ახლა შემპარვია, რომ ღმერთი მართლაც ბოლომდე მსხვერპლის გაღებას მოითხოვდა ჩემგან, მაგრამ ძალა არ მეყო, დამეთმო მეორე თვალიც. ამის გამო დავნაღვლიანდი და ადგილს ვეღარ ვპოულობდი.
ჩემი ეს მდგომარეობა ბერებმა შეამჩნიეს, ისიც დაინახეს, რომ შევწყვიტე მოძღვართან სიარული და დაჟინებით დამიწყეს თხოვნა, მივსულიყავი მასთან. თანდათან უფრო და უფრო ვვარდებოდი სასოწარკვეთილებაში, ამიტომაც ყურად ვიღე მათი დარიგება და მოძღვართან წავედი.

დამინახა თუ არა მოძღვარმა, მითხრა:
ჩემთან რატომ არ მოდიხარ? ვინღა გარიგებს ახლა? ანგელოზი ხომ არ გეცხადება და აკეთებს ამას?
მისმა სიტყვებმა გამაოგნეს. შეამჩნია რა ჩემი შეშფოთება, მოძღვარმა განაგრძო: ეს თვალიც ანგელოზის რჩევით ხომ არ დაკარგეო? აქ გონება გამეხსნა, ჩავწვდი საკუთარ ცდუნებას და ცრემლის ღვრით მოძღვარს ფეხებში ჩავუვარდი.”

ხიბლში მყოფის ერთ-ერთ მახასიათებლად სულიერი მოძღვრის რჩევების, დარიგებების უგულებელყოფა ითვლება. მოძღვრის იმ შეხედულებების, გამონათქვამების უკუგდება ხდება, რომელიც ცდუნებულის აზრს არ ემთხვევა. ეჩვენებათ, რომ აღარ საჭიროებენ დამრიგებლებს, თავად უფალია მათი მასწავლებელი, ღვთაებრივი მადლი უხსნით გონებას და რაში სჭირდებათ უბრალო ადამიანისგან, თუნდაც მოძღვრისგან რჩევების მიღება?! მასთან, ღმერთის “რჩეულთან” შედარებით მოძღვარი უკვე არაფრად მოჩანს და თან სულ ადვილი შესაძლებელია, მცდარად ურჩიოს, დაარიგოს რამე. თუ ცდუნებულის გამონათქვამებს, სწავლებას ვერ იგებენ, სასაცილოდ იგდებენ. ამას იმით ხსნიან, რომ იმდენად გაუსწრეს დროს, ისე დიდია მათი სიბრძნე, რომ უბრალო მოკვდავნი ვერ ხვდებიან, თუ რას ამბობენ. ისევე, როგორც წმიდანებს, წინასწარმეტყველებს დევნიდნენ (ხშირად ჰქონდათ უფლის რჩეულებს ამგვარი ხვედრი). ახლა კი მათაც ასევე ავიწროებს ხალხი, როცა ცდილობენ, დაუმტკიცონ, დაუსაბუთონ, რომ მათი შეხედულებები ეწინააღმდეგება ეკლესიის დაშვებებს, წმიდა მამათა გამონათქვამებს. ისინი თვლიან, რომ შეიძლება ღირსმა მამებმა სულიერების რაღაც დონეს მიაღწიეს, მაგრამ ისინი უფრო მაღლა დგანან და ამიტომაც საბოლოო სიტყვა მათ ეკუთვნით.

უნდა ითქვას, რომ ჩვეულებრივ, ცდუნებულნი ვერ ახერხებენ მდგომარეობიდან გამოსვლას. მხოლოდ უფლის განსაკუთრებულ მადლს, მარტოოდენ რაღაც მძლავრ, საშინელ შემთხვევას, ტრავმას შეუძლია ხიბლში მყოფის გამოფხიზლება, მორჩილებისკენ დაბრუნება, უფალთან კავშირის აღდგენა.

მოამზადა ქეთი ჭელიძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • თამუნა 17 says:

    ძალიან დროული სტატიაა. ჩვენს ირგვლივ ბევრია ხიბლში ჩავარდნილი მორწმუნეები, რომელთაც უჭირთ ოქროს შუალედის და ზომიერების დაცვა, მაგალითად სახლში მყოფ ძაღლს ,,მორწმუნეს” უწოდებენ, კურთხევას იღებენ მეზობელთან ჩხუბზე და ასე შემდეგ. ამიტომ ხშირად უნდა გამოქვეყნდეს სტატიები, სადაც გაანალიზებული იქნება ესა თუ ის მოვლენა მართლმადიდებელ ბერ-მონაზონთა ნაშრომების მიხედვით.

  • კობა says:

    ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სტატიები,დღეს არაერთი ადამიანია მსგავს მდგომარეობაში და ასეთი სტატიებით მხოლოდ დავეხმარებით.გმადლობთ.

  • აბელი says:

    ყველაზე მეტად ძნელია, ხიბლის ცოდვასთან ბრძოლა.

  • ქეთევანი says:

    მე ვარ ხოლმე ასე მოძგვარი რასაც მეუბნება ძაან ძნელი შესასრულებელი მგონია ხოლმე და მინდა რომ ისევ ძველ მდგომარეობას დავუბრუნდე და მოძღვართან აგარ მივიდე რომ ისეთი რაგაც არ მითხრას რაც მე არ მინდა და ეს ხიბლია?მგონებია კიდევაც განმიკითხია ჩემი მოძღვარი მემგონი მე უფრო მორწმუნე ვარ თქო ესეც მიფიქრია არა და 1წელია რაც ტაძარში სიარული დავიწყე……

  • ქართლოსი says:

    მცირედმორწმუნეობისა და ხიბლის ცოდვაში იმყოფებით.
    შენდობას ვითხოვ მე თვითონ ცოდვილი.

  • მანანა says:

    დიდება უფალს!!!მართლმადიდებლობა ,ქრისტეს მხედრობა ძნელია,მაგრამ აუცილებელი ,ღმერთმა მოგვმადლოს გული გონიერი დაგაგვაძლიეროს…!

  • სალომე says:

    ვაიმე რაგაცეები დაემთხვა ცჰემს მდგომარეობას. რა ვქნა? :((((

  • მანანა says:

    me mgoni,es gzaa heshmaritebisaken…ar unda sheshindet locvit marxvit upikrob moverevit,mtavaria rcmena,survili,locvis sahiroebisa da zomierebis chetanxmeba sulier ozgvartan…gmertma mogvmadlos zala da goni brzolisa!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.