მთავარი » კულტურა

ხევსურული საღამო მზიურში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.06.2011 | 1,881 ნახვა

თუ ქალაქელები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად ესტუმრა ბარს, თანაც პირდაპირ შუაგულ ვაკეში. ტრადიციად ქცეულ ხევსურულ საღამოს წელსაც ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქმა მზიურმა უმასპინძლა. ხევსურული საღამოსაქართველოს მთიანეთიდან სპეციალურად ამ საღამოსთვის დედაქალაქს ესტუმრნენ მომღერლები, მოცეკვავეები, სახალხო მთქმელები, პოეტები. ხევსურული საღამო ტურისტული კომპანია “თებულოტურისა” და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტარციის ორგანიზებით 2007 წლიდან ტარდება. მის მიზანს მთის კულტურის პოპულარიზაცია, ქალაქელებისათვის მისი გაცნობა და მთაში ტურიზმის განვითარება წარმოადგენს.

ცარო საძაგლიშვილი (დუშეთის საკრებულოს წარმომადგენელი): “ხევსურული საღამო ემსახურება იმ მიზანს, რომ ეს კუთხე უნდა გადარჩეს და აღორძინდეს. ჩვენი სულისთვის, ჩვენი მომავლის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესია ხალხური შემოქმედება, რომლითაც ეს კუთხე ნამდვილად გამოირჩევა. როგორც ვახუშტი კოტეტიშვილი იტყოდა ხოლმე, ხალხური შემოქმედება – ეს არის თავი და ბოლო, დასაწყისი და დასასრული ყველაფერი დიდისა და გენიალურის. ვფიქრობ, რომ ამ დღის შემდეგ აქაურები აფორიაქდებიან და დაინტერესდებიან, სად არის შატილი, ბარისალო, სად ცხოვრობენ ეს ნიჭიერი ადამიანები, რომელთა სულშიც ასეთი დიდი სიყვარულია ჩვენი ქვეყნისა.”

ჩელაწელს ღონისძიებას ერთგვარი სევდა ახლდა თან. ის პირველად ჩატარდა ნიჭიერი მუსიკოსის თეონა ქუმსიაშვილის გარეშე. ხელოვანი გასულ წელს მუცოს ხეობაში ტრაგიკულად დაიღუპა და ამიერიდან ყოველწლიური ღონისძიება სწორედ მისი სახელის მატარებელი გახდება. საღამოზე თეონას ხმის მოსმენის შესაძლებლობა სტუმრებს მაინც მიეცათ. მისი სიმღერის ჩანაწერს სცენაზე პარტნიორობა დათო კენჭიაშვილმა გაუწია.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს როგორც ანსამბლებმა, ისე ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. სცენაზე ერთმანეთს “ანინა”, “ანანური”, “ჩელა”, დუშეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ანსამბლი, ნუგზარ ფსუტურისა და დათო კენჭიაშვილის ანსამბლები ცვლიდნენ. ამ უკანასკნელმა რამდენიმე სიმღერა პატარა “ნიჭიერ” ვანო ფიფიასთან ერთად შეასრულა. თავისი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა: ირაკლი ჭინჭარაულმა, ტარიელ ხარხელაურმა, ერეკლე საღლიანმა… მთელი საღამო თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. აქვე იყვნენ მსგავსი ღონისძიებების უცვლელი მონაწილეები – ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლის წარმომადგენლები.

სპეციალურად ამ დღისთვის მოიხარშა და ხევსურეთიდან ჩამოიტანეს ხევსურული ლუდი, რომლის დაგემოვნება და ნამდვილი ლუდის გემოს შეგრძნება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო.

ვინც წელს ვერ მოახერხა მზიურში მისვლა და ქართული ტრადიციული ხელოვნებით დატკბობა, მომავალი წლის 26 ივნისს თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურულ საღამოს ისევ მზიური უმასპინძლებს და ქალაქელებს კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, მთის სული შეიგრძნონ.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი