მთავარი » სხვადასხვა

ხევსურეთი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.08.2012 8 კომენტარი | 15,724 ნახვა

4 აგვისტოს შატილობაა

“ხევსურეთს” სახელწოდება ამ მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო აქვს შერქმეული. ის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. ხევსურეთი პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილისა და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.

ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილისა და არხოტის.

“ამბიონის” მკითხველს ხევსურეთის რეგიონით დაინტერესებულ პირებს ამ მხარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ვთავაზობთ.

გიორგი დვალაშვილი (გეოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი): “ხევსურეთი საქართველოს გამორჩეული რეგიონია. ისტორიულ წარსულში თავის სათქმელს ის ყოველთვის ამბობდა და ასეა დღესაც. კუმუნისტების პერიოდში მოსახლეობის მთიდან ბარში ჩამოსახლება ორგანიზებულად ხდებოდა. ამ ფაქტმა საბოლოო ჯამში უარყოფითი შედეგი გამოიწვია. მე-20 საუკუნის ბოლოს ხევსურეთში უამრავი ნასახლარი გაჩნდა და დიდი ტერიტორია დღესაც დაცარიელებულია. ამ დროს კი ხევსურეთში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, უნიკალური კოშკი და სახლია შემორჩენილი…

ბოლო დროს დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ თუშეთისა და მეზობელი ხევის რეგიონის გვერდით ხევსურეთშიც გაჩნდება ეროვნული პარკი. შესაბამისად, მომავალში ტურისტების აქ ჩასვლა უფრო ორგანიზებული გახდება. 10 წლის წინ თუშეთში ერთი-ორი ტურისტი თუ შეგხვდებოდა, დღეს კი ის ერთ-ერთი პოპულარული რეგიონია უცხოელი ვიზიტორებისთვის მიუხედავად იმისა, რომ რთულად მისასვლელი ადგილია. ვინც თუშეთში ფეხით მოძრაობს, გადმოდის ხევსურეთში, ან პირიქით. ადრე თუშეთში სასტუმრო საერთოდ არ იყო, დღეს კი რამდენიმე ათეული სასტუმრო ფუნქციონირებს. თუ ხევსურეთში ტურისტების რაოდენობა მოიმატებს, ინფრასტრუქტურაც გაიზრდება და ხალხის დამკვიდრების რეალური წინაპირობაც შეიქმნება. შატილში მეორე წელია ტელეფონიც მუშაობს. ზაფხულში თუნდაც მცირე ხნით ჩასულ ტურისტს უკვე კომუნიკაციის საშუალებაც აქვს.”

ბუნების ძეგლები ხევსურეთში

ხევსურეთში ყველა ისტორიულ ძეგლს თავისი გამორჩეული მდებარეობა აქვს. თუ სხვა რეგიონებში გამორჩეული ბუნების ძეგლები გვხვდება, გამონაკლისი არც ხევსურეთია.

სოფელ შატილთან ახლოს, მდ. არღუნის ხეობაში, ანატორის მიდამოებში გეოლოგიურ წარსულში მდინარის დაგუბების შედეგად წარმოქმნილი სვეტებია, მასშტაბით დიდი არ გახლავთ, მაგრამ მოგზაურის თვალით რომ შეხედო, პარალელს კაბადოკიის ძეგლებთან გაავლებ. არხოტის ჩანჩქერი ის ბუნების ძეგლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბევრი ტურისტი განსაკუთრებული ინტერესით უკვირდება და თუ მასთან საინფორმაციო დაფა გაჩნდება, კარგი იქნება. ამ სვეტების გეოგრაფიული და გეოლოგიური წარსული ბევრს დააინტერესებს.
საინტერესოა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის გამყოფი დათვისჯვრის უღელტეხილი კავკასიონზე, რომელიც ზღვის დონიდან 2 676 მ-ზე მდებარეობს. ამ ადგილიდან უნიკალური ხედი, მთელი ხევსურეთი იშლება.

გამორჩეული ბუნების ძეგლი გვხვდება არღუნის ხეობაში, ნასოფლარ გუროს ტერიტორიაზე. აქ კლდეებთან დიდი რაოდენობით წყალი წვეთავს, რომელსაც ჩანჩქერის ფორმა აქვს, გზასთან ახლოს მდებარეობს და ზაფხულში ცხელ ამინდში თუ ადამიანი მის სიახლოვეს გაივლის, გაგრილდება კიდეც.

ასევე, პირიქითას ხეობაში, შატილთან 1 კმ-ში, მდინარე შატილის წყლის ხეობაში ქვებიდან დიდი მდინარე გამოედინება, გამორჩეული ადგილია. ამ ხეობაში საზღვრის მხარეს ტბაც არის.

როცა ხევსურეთზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ როშკა, აბუდელაურის ტბები და აბუდელაურის მყინვარი, რომელიც პირაქეთა ხევსურეთშია. როშკა საქართველოს სოფლებს შორის ერთ-ერთი ლამაზი სოფელია, რომლის სიმაღლეც ბევრად არ ჩამოუვარდება უშგულს. ყველაზე მაღლა მდებარე სახლის სიმაღლე უშგულის სიმაღლის დონეზეა. როშკაში არის გამორჩეული ბუნების საოცრება, უზარმაზარი ლოდები, ზოგიერთი მათგანის სიგრძე 20მ-ს აღწევს, სიმაღლე – 12-13მ-ია. ეს ერთ-ერთი უდიდესი მყინვარის ჩამოტანილი ლოდია ევროპაში. მას წითელ ნუსხაში შეტანილ ძეგლად მიიჩნევენ. აბუდელაურის ტბები სხვადასხვა სეზონის მიხედვით განსხვავებული ფერისაა, ძირითადად ლურჯი ან მოყვითალო, რაც მყინვარის მოქმედებას უკავშირდება. ამ ტბებთან ახლოს (ფეხითაც შეიძლება გადაადგილდეს ადამიანი) გვხვდება მყინვარი, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე საქართველოს ფარგლებში ერთადერთი მყინვარია და მას აბუდელაურის მყინვარი ჰქვია.

მდინარე ხევსურეთის არაგვის ხეობაში არის სოფელი ბაცალიგო, სადაც მართალია ბოლო 2 წელია მოსახლეობა ზამთარში აღარ გვხვდება, მაგრამ სეზონურად ეს სოფელი მაინც ფუნქციონირებს. ბაცალიგო ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა და უშგულზე 100მ-ით მაღალზე მდებარეობს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთადერთი რეგიონი საქართველოში, ხევსურეთში – არხოტი, სადაც 21-ე საუკუნეში შეუძლებელია ადამიანი საავტომობილო ტრანსპორტით მივიდეს. ასეთი პირობები მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან მომდინარეობს. აქ არის უღელტეხილები, მასზე გადასვლა ცხენით, ან ფეხითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი უღელტეხილის სიმაღლე, რომელიც ყაზბეგიდან გადმოდის, 3 400მ-ს აღწევს, როშკიდან გადმომავალი 3 000მ-ია, ხოლო ყველა შიდა გადასასვლელი 3 000მ-ზე მაღალია. 1990 წლამდე ამ რეგიონში მოხვედრა შესაძლებელი გახლდათ ინგუშეთიდან მდ. ასას ხეობით, როდესაც საზღვარი ჩაიკეტა. მდ. ასამ ისე დააზიანა ჯერ კიდევ არსებული გზა, მისი აღდგენა შეუძლებელია და ბილიკიც აღარ არსებობს.

ხშირად ძალიან ბევრს, მათ შორის – ხევსურებსაც არხოტი და არდოტი ერთმანეთში ერევათ. არხოტი არის რეგიონი, სადაც 3 სოფელია: ჭიმღა, ამღა და ახიელი. არდოტი კი საინტერესო სოფელია, რომელიც მუცოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ საინტერესო კოშკებია, შემორჩენილია ეკლესიაც.

ეკლესია-მონასტრები ხევსურეთში

ხევსურეთი ეკლესიებით ღარიბი არ გახლავთ. ყველა დასახლებულ პუნქტთან ტაძარი მდებარეობდა ადრეც და ახლა ასეა. ზოგიერთი მართალია დაზიანებულია, მაგრამ არც ერთი სოფელი, ან ნასოფლარი არ არის, სადაც ეკლესია არ იყო. აღსანიშნავია, რომ შატილობას, 4 აგვისტოს გაიხსნება შატილის ცენტრში მდებარე ტაძარი. ის ახლახან აშენდა, მოქმედი იქნება და მრევლსაც ფართოდ გაუღებს კარს.

შატილის ეკლესია

საინტერესოა მუცოში არსებული ტაძარი, რომელიც ზღვის დონიდანაც და მდინარის დონიდანაც მაღლა მდებარეობს. გამორჩეულია თავისებური ინტერიერით, შეხამებულია კოშკების მშენებლობასთან. ხევსურეთი უმთავრესად კოშკებით, ფიქლებით, სახლებით, ციხეებითაა ცნობილი, მაგრამ აქ ბევრი გამორჩეული ეკლესიაცაა, რომელთაც ახლო წარსულში მრევლიც ბევრი ჰყავდათ.

პრობლემები და ადგილობრივი მოსახლეობა ხევსურეთში

ხევსურეთში არსებული პრობლემები, უმთავრესად, ბუნებრივ კატასტროფებთანაა დაკავშირებული. ეს რეგიონი გამოირჩევა სტიქიური პროცესებით: დიდთოვლობით, წყალდიდობით, რასაც წინ ვერავინ აღუდგება. შედეგად ზიანდება ეს კოშკები, მათი აღდგენა პერიოდულად მიმდინარეობს, თუმცა რთული პროცესია. შატილში დაზიანებული კოშკების უმრავლესობა აღდგენილია. იმედია მუცოც დაიბრუნებს პირვანდელ სახეს, არდოტსაც მოევლება, სხვა ნასოფლარებსა და სოფლებს. შატილი 2007 წელს იუნესკოს წევრობის საცდელ ნუსხაში შევიდა. ალბათ, მოვა დრო, კლდეზე შეფენილი უნიკალური სოფელი შატილი მთლიანად იუნესკოს დაცულ ძეგლად იქცევა.

აქ არის კოშკები, საცხოვრებლები თავისი ტრადიციული ხევსურული ფიქლების წყობითა თუ არქიტექტურული ნიმუშებით. ხევსურეთში არსებულ რელიეფურ ფიგურებს სხვადასხვა ადამიანის, ფრინველის მსგავსი გამოსახულები აქვს. ის ათასეული წლის შეიძლება იყოს. ზოგიერთი მეცნიერი მას შუმერებს, ხეთებს უკავშირებს. ალბათ, მათი შესწავლა მომავალში მოხდება და ხევსურეთი ამ უნიკალური მონუმენტებითაც გაითქვამს სახელს.

სამწუხაროდ, ხევსურეთში ბევრი სოფელი მოსახლეობისგან იცლება. კარგი მოვლენაა, რომ იქ მყოფი ადამიანები სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებში არიან დასაქმებულნი. როშკა რამდენიმე პოსტი მთლიად ადგილობრივი მოსახლეობითაა დაკომპლექტებული და ისინი მუდმივად ცხოვრობენ აქ. ადამიანი დროის გარკეულ მონაკვეთში მუშაობს დანაყოფში და თავის ისტორიულ, მამა-პაპეულ კერასაც იცავს და უპატრონოდ არ ტოვებს.

დათვისჯვრის უღელტეხილი 6 თვე ბუნებრივად დათოვლილია. შეუძლებელია და არცაა სასურველი მისი თოვლისგან ინტენსიურად გაწმენდა, რადგან არის ფერდობები, სადაც დღეში შეიძლება რამდენიმე ზვავი ჩამოწვეს და ამას მსხვერპლი მოჰყვეს. ბუნებრივი პირობები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საავტომობილო გზა ბარიდან ხევსურეთში მუდმივად არსებობდეს, რაც მოსახლეობისთვის ამ მხრივაც ქმნის პრობლემებს.

ტურისტები ხევსურეთში

ხევსურეთში ტურისტების რაოდენობამ ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა. დღეს ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ტრანსპორტი დადის. გზა შატილისა და მუცოსკენ გაცილებით უკეთესია, ვიდრე სხვაგან. შაბათ-კვირის განმავლობაში შესაძლოა ათეულობით მიკროავტობუსიც დაფიქსირდეს. ვიზიტორთა უმრავლესობა ღამეს კარვებში ათევს. აქ საკმარისი რაოდენობით სასტუმროებიც არ არის. თუ ადგილობრივები ყველაფერს კარგად დაგეგმავენ, ინფრასტრუქტურაც ჩამოყალიბდება და მოსახლეობასაც თუ გარკვეული ინტერესი გაუჩნდება, სარგებელიც ექნება და ამ ისტორიულ მხარესაც მიხედავს.

სასიხარულოა, რომ ამ ტერიტორიების მონახულების სურვილი უკვე ბევრს აქვს. შატილობას გასულ წლებთან შედარებით, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი ესტუმრება ამ მხარეს.

თუ ხევსურეთი თუშეთის ეროვნულ პარკს მიებმება, მისი აღორძინებაც მაშინვე დაიწყება, ნასოფლარებსა და ნასახლარებში მოსახლეობა დამკვიდრდება, სასტუმროებს გააკეთებენ. თუშეთის შედარება ეროვნული პარკის დაარსებამდე და დღევანდელ მდგომარეობამდე შეუძლებელია. უკვე ძალიან დიდი განსხვავებაა. თუ ხევსურეთშიც ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილია, კავკასიონის ზონაც დაცულ ტერიტორიად იქცევა, კარგი იქნება.

ეს რეგიონი მდიდარია ბუნების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ტრადიციებით. მნიშვნელოვანია პოპულარიზაცია გაეწიოს მას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ყოველ 26 ივნისს თბილისში, მზიურის პარკში ხევსურული საღამო ეწყობა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის პაატა ვარდანაშვილს, რომელიც ხევსურეთს გვერდში უდგას. დიდ საქმეს აკეთებს ხევსურეთისთვის პოეტი გელა დაიაურიც. უნდა აღინიშნოს არდოტელი პიროვნება ნიკო არდოტელი, პოეტი, რომელმაც ააღორძინა სოფელი არდოტი და თავადაც აქ დამკვიდრდა. მომავალში ხევსურეთის რეგიონში ეროვნული პარკის დაარსება და შექმნა დიდ როლს შეასრულებს მის განვითარებაში. თუ მუცო და შატილიც იუნესკოს დაცულ ძეგლთა ნუსხაში დაიმკვიდრებს ადგილს, ეს რეგიონი გაცილებით უკეთეს პოზიციაზე იქნება, ვიდრე დღეს არის.

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი