მთავარი » საზოგადოება

ხევსურების ჩამოსახლება – შეცდომა თუ სწორი ნაბიჯი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.08.2013 3 კომენტარი | 3,396 ნახვა

„ აქ ბევრ სოფელში აღარ ყეფს ძაღლი,
ბუხრიდან ბოლი აღარ ამოდის,
გვერდმონგრეული მიწური სახლი
ისევ განაგრძობს პატრონის ლოდინს!“

ამირან არაბული

ეს ლექსი ზუსტად აღწერს დღევანდელი ხევსურეთის სოფლების მდგომარეობას. ზოგი სოფელი ნასოფლარადაა ქცეული, ზოგში კი მხოლოდ თითო-ოროლა ოჯახიღა ცხოვრობს, ისიც სეზონურად. მთა, ფაქტობრივად, დაცლილია.

ეს ყველაფერი ზუსტად 63 წლის წინ დაიწყო, როცა იოსებ სტალინმა გასცა ბრძანება ხევსურების ბარად ჩასახლების შესახებ. ხევსურეთი ისინი კახეთში, შირაქის ველზე უნდა დასახლებულიყვნენ. გადასახლების მიზეზად შრომის შემსუბუქება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სახელდებოდა.

ამ ღონისძიების უშუალო მონაწილე ირაკლი წიკლაური თავის წიგნში „წარსულის ფურცლები“ წერს, რომ ხევსურები „ ძალიან შეშფოთებულნი იყვნენ, მაგრამ დუმილს არჩევდნენ, რაიმე წინააღმდეგობის გამოხატვისა ეშინოდათ, ვინაიდან მაშინ ცოცხალი იყო სტალინი და სახელმწიფოში დამკვიდრებული რკინისებრი დისციპლინის პირობებში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა სამშობლოს ღალატის ტოლფასი გახლდათ. ამას შეიძლებოდა საბედისწერო შედეგები მოჰყოლოდა. ხევსურებმა იცოდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევა უაზრო იყო, რამეთუ ახსოვდათ მათი მეზობლებისა და მეტოქეების – ქისტების გადასახლების იძულებითი მეთოდები ომის პერიოდში, თუმცა ხევსურების გადასახლებას, ცხადია, საერთო არაფერი ჰქონდა ქისტების ამბავთან.“ თუმცა, როგორც ბაბო ალუდაური ამბობს, ზოგიერთი სოფელი (მაგ., ხახმატი,ბისო) მკაცრ რეჟიმს არ შეუშინდა და მიუხედავად მობილიზებული მილიციისა, ისინი ვერ აიძულეს წასულიყვნენ და დაეტოვებინათ სახლები, მშობლიური კერა. მისი თქმით, ამის გამო რაიკომის მდივანმა ერთი ღამე ხევსურეთში გაათია, თუმცა მაინც ვერ გატეხა ისინი.

1951-1952 წლებში პირაქეთა ხევსურეთის სოფელთა უმეტესობა გადაასახლეს შირაქში. მოგვიანებით პირიქითა ხევსურეთის მკვიდრნი გარდაბნის რაიონ სოფელ გამარჯვებაში დაასახლეს. ბევრი მათგანი ვერ შეგუებია ახალ გარემოს და მალევე დაბრუნებულა უკან, მაგრამ ზოგიერთ ოჯახს ხევსურეთამდე ვერ აუღწევია და გზადაგზა დასახლებულა.

ამ ღონისძიებამ მოუტანა თუ არა სიკეთე ხევსურ ხალხს და იყო თუ არა ეს სწორად განსაზღვრული და გადადგმული ნაბიჯი, ძნელი სათქმელია. ერთი მხრივ, ბაბო ალუდაურის თქმით, მართალია, ხევსურებს ძალიან უჭირდათ გარემოსთან შეგუება, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მათ მოეწონათ შირაქში ცხოვრება, სახლი ხევსურეთში რადგან ნახეს, რომ შრომა დაუფასდათ. ტექნიკის გამოყენებითა და ნაკლები ფიზიკური შრომით შეეძლოთ, მეტი სარგებელი ენახათ და ის ჯაფა, რომელსაც მთაში წევდნენ და რომელიც ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნიდათ, თავიდან აეცილებინათ. ამასთან, უკეთესი სამედიცინო მომსახურება ჰქონდათ. უფრო მეტი რამ გახდა ხელმისაწვდომი მათთვის (განათლების მიღება, ახალი ინფორმაციის მოპოვების სიმარტივე და სხვ.).

მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ხევსურებს გარემოსთან ადაპტაცია ძალიან გაუჭირდათ. დაეტოვებინათ გარემო, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და რომელთანაც მოგონებათა უამრავი ძაფი აკავშირებდათ, მათთვის ძალიან მტკივნეული იყო. ბარად ჩამოსახლება და გარემოს გამოცვლა თავისთავად ტრადიციების სახეცვლასა და დავიწყებას გულისხმობდა, ამიტომ ხევსურთა გადასახლება მრავალი კულტურული ძეგლის დაკარგვის სათავე აღმოჩნდა.

ირაკლი წიკლაური თავის წიგნში ასე აფასებს ჩამოსახლებას: „ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ახალმოსახლეებს უკმაყოფილების საფუძველი არ ჰქონოდათ. მაშინდელ ხელისუფლებას ხელეწიფებოდა მსგავსი ღონისძიებების ( ამ მონაკვეთში მას საუბარი აქვს სამედიცინო შემოწმების გავლაზე, ექიმების გულთბილ მოპყრობაზე, – ავტ.) მაღალი ორგანიზებულობით ჩატარება. რუკა თუმცა ვერავითარი ორგანიზებულობა ვერ შველოდა ხალხის სულიერ განცდებსა და სევდას, რაც მშობლიური კუთხის დატოვებით იყო გამოწვეული…

იყო თუ არა პროგრესული ნაბიჯი მთიელთა ბარად ჩასახლება მათ ცხოვრებაში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღესაც, როცა ამ ღონისძიებიდან მალე ხუთი ათეული წელი შესრულდება ( წიგნი გამოცემულია 1999 წელს, – ავტ.), ჭირს. თუ გავითვალისწინებთ ჩასახლებულთა შრომის ეკონომიკურ და კულტურულ ყოფა-ცხოვრების პირობებს, რამაც გარკვეული გავლენა მთაში დარჩენილ მოსახლეობაზეც მოახდინა, გადასახლება შეიძლება ჩაითვალოს დადებით მოვლენად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ღონისძიებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მთიელთა მიგრაციის დაჩქარებაში, რაც საფრთხეს უქმნის ხევსურეთის, როგორც ეთნიკური ერთეულის შემდგომ არსებობას, გადასახლება არათუ სწორი, არამედ ძალზე მცდარი ნაბიჯი იყო. უფრო ზუსტ პასუხს კი ამ კითხვაზე, ალბათ, მომავალი გასცემს.“

მაია ბურდული


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • maqsime says:

    ერთი რამ ფაქტია რომ ეხლა ხევსურეთში ძალიან ცუდი სიტუაციაა… ხალხისგან თითქმის მთლიანად დაცლილია სოფლები… ინგრევა უძველესი ციხე-კოშკები… მიხედვა უნდა ხევსურეთს!

  • მინდია ბურდული says:

    ხევსურების ჩამოსახლებას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ესოდენ საჭირო რამ, როგორიცაა სამედიცინო მომსახურება, ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები, თუნდაც იგივე განათლების და ინფორმაციის მიღების მეტი საშუალება, რაც, თავისთავად, უფრო იოლი ცხოვრების საწინდარია. ამავე დროს, ამან კატასტროფული გავლენა იქონია იმ ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ ტრადიცებზე, კულტურაზე, ხევსურთა თვითმყოფადობაზე და კიდევ სხვა ბევრ რამეზე, რაც ესოდენ ძვირფასია ჩვენთვის. შედეგი სახეზეა, არათუ გვერდმონგრეული სახლები, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობების სიაში შესული მუცოც კი განადგურების პირასაა. სამაგიეროდ მეორე მხარეს ნაკლები სიკვდილიანობა, ნაკლები საყოფაცხოვრებო თუ სხვა პრობლემებია, რასაც, რა თქმა უნდა, იმსახურებენ ხევსურები.
    ჩემი აზრით, ხევსურთა ოჯახების ჩამოსვლა ბარად ზემოთ აღნიშნული მიზეზებით შემდგომში მაინც განხორციელდებოდა. ამას ადგილი ქონდა არამარტო სტალინის დროს, არამედ უფრო ადრეც, ცნობილია ასეთი ფაქტები, რომლებიც ვაჟა–ფშაველას თაოსნობით განხორციელებულა.
    ასე რომ, დღესდღეობით სახეზე გვაქვს სასტიკი რეალობა. სასწორის ორივე მხარეს დევს ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვევალება – არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, გადავარჩინოთ ხევსურებიც და ხევსურეთიც…

  • თეა says:

    ჩემი აზრით, ხევსურთა ჩამოსახლება გამოუსწორევბელი დანაშაულია, საწუხაროდ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენეს ამ განსაკთრებულ კუთხეს, რომელიც ისტორიულად განსაკუთრებული, საბრძოლო ხელოვნების მატარებელი იყო და რომელიც ბუნებასთან ბრძოლაში ადამიანის არანაირ ძალას არ უშინდებოდა. ამ წინააღმდეგობის გასანეტრალებლად, ასეთი ვერგაული გეგმა შეიმუშავეს და განახორციელეს. შედეგად აღარ გვაქვს ხევსურთი, თემი, განსაკუთრებული ეთნოგრაფიული რეალიებით! დასანანია, მაგრამ იქნებ კიდევ შეიძლებოდეს რამის გეკეთება?!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.