მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია – ხაშურის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.10.2021 | 229 ნახვა

ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, წვიმოეთის ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე მდებარეობს.

ტაძრის მშენებლობა დაწყებულა ბაგრატ III-ის მეფობის დროს. სამშენებლო წარწერის მიხედვით ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია გურანდუხტ დედოფლის დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს. აღმოსავლეთ ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერა გვაუწყებს:

„სახელითა ღმრთისაითა, მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმინდასა და ამას ეკლესიასა საყოფელსა წმინდაისა ნათლისმცემლისასა სალოცავად. ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისადა სახსრად ცოდვილისა და მამათა ჩემთათვის, ქორონიკონი იყო სკბ.“

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია კარგად მოსწორებული მოყვითალო და მონაცისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენებია სამკვეთლო და კარიბჭე. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე სამი თაღია. შუა თაღი ამღლებულია. ასეთივე თაღებია დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეც. თაღები მოჩუქურთმებული ყოფილა, შემორჩენილა წარწერები, ფასადებზე რელიეფებია – ჯვრის ვარიაციები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი. დასავლეთ ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა:

„წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა ქ. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა…და ყოველი კურაპალატი მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილველთა”.“

„ქრისტე შეიწყალე ანან მთავარ ეპისკოპოსი.“

„უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე.“

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი