მთავარი » ხატები და ფრესკები

ხახულის ღვთისმშობლის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.02.2011 2 კომენტარი | 14,233 ნახვა

xaxulis gvtismshoblis xatiხახულის ღვთისმშობლის ხატი შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სიწმიდეა და ასევე, ქართული დეკორაციული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ხახულის კარედი გამოირჩევა თავისი რთული შემადგენლობით, ჭედურობით, სხვადასხვა დროისა და სტილის ტიხრული მინანქრითა და ტვიფრული ქვებით.

ხატი, რომელიც უდიდესი სასწაულთმოქმედებებით იყო ცნობილი, თავდაპირველად ტაო-კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია) ხახულის მონასტერში იქნა დაბრძანებული. მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს.

XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა (1089–1125) ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გელათის მონასტერში გადააბრძანა და მას შემდეგ ამ უძველესი ტაძრის განსაკუთრებულ სიწმიდედ ითვლება. ხატზე ღვთისმშობელი ყრმა იესოს გარეშეა გამოსახული და მუქი ელფერი დაჰკრავს. გამოსახულება ზუსტად ემთხვევა პეტერბურგის ზამთრის სასახლის ხატს. ის წმიდა ოქროს პერანგითაა შემკული და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი. ძვირფასებულობის უმრავლესობა თამარ მეფის შემოწირულობაა.

xaxulis xati
გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთხელ მეფე თამარი თურმე გელათის მონასტერში წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა. თავის თავსარქმელის შესამკობად ლალი ამოირჩია. ამ დროს მას მოახსენეს, რომ მათხოვარი იყო მოსული და მას მოწყალებას სთხოვდა. თამარმა მსახურებს უბრძანა, გადაეცათ მათხოვრისათვის, რომ მოეცადა მანამ, სანამ მეფე შემოსვას მორჩებოდა. როდესაც თამარი წასასვლელად მოემზადა და გარეთ გამობრძანდა, მათხოვარი იქ აღარ დახვდა. მსახურებმა ბევრი ეძებეს, მაგრამ ვეღარ იპოვეს.

წმიდა მეფე თამარი ძალზედ შეაშფოთა იმან, რომ მან წყალობაზე უარი უთხრა თვით მაცხოვარს, რომელიც მათხოვრის სახით იყო მასთან მისული. დამწუხრებულმა წმიდა მეფემ სამოსიდან ყველა ძვირფასეულობა მოიხსნა, რამაც იგი წყალობის გაცემაში შეაფერხა და სინანულის ნიშნად ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს შესწირა.

1859 წელს გელათის მონასტერი გაძარცვეს და გაიტაცეს ხახულის ღვთისმშობლის მინანქრის ხატი. ვედრების მინანქრის ხატიდან შემორჩენილია მხოლოდ ღვთისმშობლის სახე და ხელები.

xatiხახულის კარედი 1952 წლამდე ინახებოდა გელათის მონასტერში. ამჟამად კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია დაცული.

ხახულის განთქმულ ტრიპტიქონს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებული ადგილი უკავია შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ისტორიაში. იგი წარმოადგენს შეკრულ ერთიან ანსამბლს, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა დროისა და წარმომავლობის ტიხრული მინანქრების დიდძალი რიცხვი და რომელიც სავსებით ეპასუხება ეპოქის აღმატებულ დეკორაციულ ამოცანებს.

მთელი ხატი დაფარულია მდიდრულად ორნამენტირებული ჭედური ფურცლებით. შუა ნაწილის ჭედურობა შესრულებულია ბაჯაღლო ოქროს ფურცელზე. გვერდითი ფრთებისა კი – ცხელი წესით მოოქროვილ ოქროსა და ვერცხლის შენადნობზე. ხახულის ხატის მოჭედილობა დღემდე უცვლელი სახით არის მოღწეული. გაშლილი კარედის ზომაა – (2X1,47 მ), ცალკე ფრთებისა კი – (1,15X0,52 მ). ხახულის კარედის ცენტრში მოთავსებულია ღვთისმშობლის ვედრების ხატი – ”დეისუსი” (54X41 სმ). მთელი კარედის ფონი მორთულია ჭედური ფოთლოვანი ორნამენტებით. ორნამენტი ზევით მიმართული მცენარეული ყლორტებითაა წარმოდგენილი, იშლება მთელ ზედაპირზე და ქმნის დეკორატიულ ხვეულებს.jvari

ყოველ ხვეულში ჩასმულია რელიეფური მრავალფურცელა. კარედის მოჭედილობის ერთიანი ჩანაფიქრისდა მიუხედავად სამივე ნაწილის ჭედურობის მანერა განსხვავდება, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ტრიპტიქონის მოჭედილობაზე მუშაობდა სამი სხვადასხვა ოსტატი. ხახულის ტრიპტიქონის ჭედურობის ორნამენტული მოტივი შედგება I-II საუკუნეებში ქართული ჭედური ხელოვნებისათვის კარგად ცნობილი ცალკეული ელემენტებისაგან, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ კარედის ხატის ჭედურობა წარმოქმნილია ძველი ტრადიციების მქონე ქართულ მხატვრულ წრეში.

ხატის მთლიანი შინაარსი ირკვევა რელიგიურ კომპოზიციათა სიუჟეტების ამსახველი მინანქრული ფირფიტებით, ქტიტორების მინანქრული გამოსახულებებითა და წმიდანების გამოსახულებიანი მინანქრის მედალიონებით. იგი უხვადაა შემკული ტიხრული მინანქრის ულამაზესი გამოსახულებებით.

ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი წარმოადგენს ქართული ისტორიის უმნიშვნელოვანეს სულიერ და კულტურულ შედევრს. მისი დღესასწაული 15 აგვისტოს აღესრულება.

მოამზადა დავით დანელიამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • თენგიზ says:

    ხახულის კარედის ცენტრალური ხატი არ იყო ვედრების ღვთისმშობელი, ანუ ის მინანქრის ხატის ფრაგმენტები რაც დღეს კარედშია ჩასვენებული არ არის ხახულის კარედის, თუმცა ისინი რომელიღაც ქართული მინანქრის ხატისაა. კარედში თავდაპირველად ჩასვენებული იყო ხატი, რომელზეც ღვთისმშობელი ყრმით იყო გამოსახული(ოდიგიტრია). გაწვრილებით თუ გაინტერესებთ, იხილეთ საიტზე “ლაზარე ქართული ენა” და იქ ნახავთ!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი