ხახული
ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მდებარე ხახულის ტაძარი დავით კურაპალატმა X საუკუნის II ნახევარში დააარსა. მონასტრის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ჯვრისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა. სარკმლის თავზე ორი ფერის ქვით გამოყვანილი რადიალურად გაშლილი სხივებია, ხოლო მათ ფონზე შეწყვილებული სარკმლის თაღებსშუა ჩასმულია არწივის ჰორელიეფური გამოსახულება. ტაძრის შიდა კედლები, ისევე როგორც ფასადები, მოპირკეთებულია თლილი ქვით. საკურთხევლის ფრესკებზე ჩანან მოციქულები, რომელთაც ხელში სახარება უჭირავთ.
ხახული ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები. მთარგმნელ გიორგი მთაწმინდელს პირველდაწყებითი განათლება ამ მონასტერში მიუღია და აქვე აღკვეცილა ბერად. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ხახულის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
დღეს ქართველი მომლოცველებისთვის მონასტერი გაუცხოებულა. ფანჯრებს წვრილი გისოსები შემორტყმია. მონასტრის კარი კი დაკეტილია. მეჩეთად ქცეულ მონასტერში სკოლაა გახსნილი. ქართველ “ტურისტებს” ხალიჩით მოფენილ იატაკზე, ისლამური წესის სრული დაცვით უწევთ უძველესი ქართული სიწმინდის მოლოცვა.
XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის გამგებლობაში შედიოდა. ამავე საუკუნეშივე მონასტერი ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას მოსწყდა და დღემდე თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
თეონა ნოზაძე
ავტორი - თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები





