ხატწერა დიდი პასუხისმგებლობაა
ხატმწერი თენგიზ ჯალუაშვილი, 20 წელია რაც ხატების შექმნაზე მუშაობს. მისთვის ხატწერა დიდი პასუხისმგებლობაა. რადგან ხატი ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე უნდა იყოს და მათზე ხალხმა ილოცოს. ხატმწერი საქმეს გულით უნდა მოეკიდოს. ხატი, მაღალ დონეზე და რწმენით უნდა იყოს შესრულებული. ხატის შექმნის დროს რწმენა და მარხვა აუცილებელია, სხვანაირად ხატს ვერ დაწერ.
“ამბიონს” ხატმწერი თენგიზ ჯალუაშვილი ესაუბრა.
რამდენი წელია, რაც ხატმწერი ბრძანდებით?
ოცი წელია, რაც ხატმწერი ვარ. ბოლო ათი წლის განმავლობაში უფრო სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს. გარკვეული პერიოდი სამების ტაძარში ვიმუშავე. პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, გარკვეული ჯგუფი ვმუშაობდით, სამების მთავარ ხატზე, რომელიც ანალოღიაზეა დაბრძანებული. სამების ხატი მოოქროვილია და ვარცხლშია შესრულებული.
შემდგომ, ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძარში გადავედი და მე 5 წელია, უკვე აქ ვარ. ამ პერიოდს უფრო სერიოზულად ვთვლი, რადგან ბევრი სერიოზული ნამუშევარი შევქმენი.
რამ განაპირობა, თქვენი ხატწერით დაინტერესება?
მორწმუნე ადამიანზე, დიდი გავლენა აქვს ეკლესიას. მეც ადამიანი ვარ და მიზიდავდა რელიგიურ თემებზე მუშაობა. ბოლო პერიოდში სურვილი გამიჩნდა რამე სერიოზული ნამუშევრის შემექმნა. ამიტომ, ხატწერა დავიწყე. თუ რა დონეზე ვაკეთებ, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს.
ხატის დაწერის წინ, ლოცვა თუ არის აუცილებელი?
ხატის დაწერის წინ ლოცვა აუცილებელია. ადამიანი მორწმუნე უნდა იყოს, მარხულობდეს და ეზიარებოდეს.
ხატის დაწერის წინ მოძღვრის კურთხევა, აუცილებელია?
სულიერი მოძღვრის კურთხევა, აუცილებელია. ისე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანმა დაწეროს ხატი. რელიგიურ თემაზე როცა მუშაობ მოძღვრის კურთხევა აუცილებელია.
პირველი ხატი როდის დაწერეთ და რომელი?
პირველად შევასრულე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ეს დიდი ხნის წინ იყო.
თითოეული ხატის დაწერას რა დროს ანდომებთ?
სირთულეს გააჩნია. მის ზომას. რა თქმა უნდა, შესაბამისი განწყობა სჭირდება. ხატზე შეიძლება, რამდენიმე თვე დაგჭირდეს ან ერთ კვირაში დაასრულო. ამას ვერ განსაზღვრავ.
თქვენს მიერ შექმნილი რომელიმე ხატის ისტორია გვიამბეთ?
ჩემი ბოლო ნამუშევარია, წმინდა ანტონ მარტყოფელის ხატი, რომელიც წმინდა ანტონ მარტყოფელის ეკლესიაშია დაბრძანებული. ეს ხატი ხუთი თვის განმავლობაში იქმნებოდა. წმინდა ანტონ მარტყოფელი, ცამეტ ასურელ მამათგან ერთ–ერთია, რომელმაც ანჩისხატი ჩამოაბრძანა საქართველოში. მუშაობის პროცესში, ბევრი სირთულე და სიძნელე შეგვხვდა, გვინდოდა შექმნილიყო, განსაკუთრებული ნამუშევარი. ხატის შექმნისას ვიყენებდით, ძველი ოსტატების ტრადიციებს.
ხატის გარშემო პერიმეტრზე, მის ჩარჩოზე, რომელიც ორნამენტირებულია, ჩასმულია ქართველი წმინდანების ფიგურები. ესენი არიან: წმინდა ნინო, წმინდა ბარბარე, წმინდა ნიკოლოზი, ასევე ივერიის ღვთისმშიბლის ფიგურა. ხატი, მოოქროვილია და ძვირფასი თვლებით შემკული. ანტონ მარტოფელის ხატი, მთავარ ხატად არის მიჩნეული ამ ტაძარში და მის დრესასწაულზე, ამ ხატს ეკლესიას შემოვატარებთ, ხოლმე.
კიდევ, შეიქმნა ანტონ მარტყოფელის პატარა ხატი, ეს მეორე ხატი მამაოს, წმინდა ანტონ მარტყოფელის ტაძრის წინამძღვრის დაწერილია, ჩემი ჭედურობა და შემკულობაა. ეს ხატი ოჯახებში მოსალოცად დაბრძანდება. კიდევ, იქმნება წმინდა ანტონ მარტყოფლის მესამე ხატი, რომელიც ჩემს მიერ იქნება გაკეტებული.
ქ. თბილისში წმინა ანტონ მარტყოფელის სახელობის ეკლესია ერთია, ასეთი გრანდიოზული ხატი არსად არ არის. ისე შეიძლება სხვა ეკლესიაშიც იყოს ანტონ მარტყოფელის ხატი.
თეა სულაბერიძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.