მთავარი » კულტურა

“ხატვა სულიერი საზრდოა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.09.2011 3 კომენტარი | 3,627 ნახვა

ხატავს ბავშვობიდან. აქვს განსხვავებული მხატვრული სტილი , მუშაობს ხეზე კვეთაზე და წერს ხატებს. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მხატვარი მაია გამჯაშვილი საკუთარ შემოქმედებასა და ცხოვრებაზე გვესაუბრება:

მაია გამჯაშვილი“ხატვა რა ასაკიდან დავიწყე, აღარ მახსოვს. ალბათ, როგორც ყველა ბავშვი, მეც ფერადი ფანქრებით ვხატავდი, თუმცა მშობლები ხედავდნენ, რომ საკმაოდ კარგად გამომდიოდა. შემდეგ ეს სკოლაშიც შეამჩნიეს და კედლის გაზეთები ჩემს მოვალეობად აქციეს.

თავიდან არ მეგონა, მხატვრობას თუ გავყვებოდი. ხატვის წრეზე არასდროს მივლია. სკოლის დამთავრების შემდეგ დედის სურვილი იყო, ხატვა გამეგრძელებინა და ვინაიდან ამ კუთხით განათლება არ მქონდა (მარტო ნიჭი საკმარისი არ გახლდათ), მ. თოიძის სასწავლებელში ჩავაბარე, პარალელურად კი აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე დავდიოდი.

მიმაჩნია, რომ აკადემიაში სწავლის დროს გამიმართლა და საკმაოდ მომთხოვნ და ნიჭიერ პედაგოგთან მოვხვდი. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. გოგი ალექსი-მესხიშვილი აშშ – ში გაემგზავრა.

1993 წელს დავამთავრე აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი თეატრალური დეკორაციის განხრით. მოგეხსენებათ, ეს რა წლები იყო. თეატრში საქმიანობა შეუძლებელი გახლდათ. ერთადერთი ფერწერაში დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მრჩებოდა.

სამება” დამოუკიდებელი ნაბიჯები ფერწერაში, საკუთარი “სიტყვის” თქმა არცთუ ისე იოლი გამოდგა. ამისთვის ოჯახისაგან განცალკევება გადავწყვიტე.თბილისის ახლოს სოფელში სახლი გვქონდა და იქ მთელი ზაფხულის განმავლობაში განვმარტოვდი. ამ დროს ხშირი იყო უშუქობა. თავის სარჩენად ორ გაკვეთილში ავითვისე ხეზე კვეთა და შინ მომქონდა სამუშაო, რომ “საარსებო” მეშოვა, პარალელურად ჯვრებსა და სამკაულებს ვაკეთებდი ხისგან და ვყიდდი. ეს გახლდათ 1995 წელი.

პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები შემოქმედებითი კუთხით სოფელში გადავდგი. ამის შემდეგ თითქოს რაღაც გაიხსნა და ჩემთვის უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, სად ვიმუშავებდი, სახლში დაბრუნებაც შემეძლო.

მაია გამჯაშვილი1993 წლიდან უკვე ეკლესიურად ვცხოვრობდი. შემოქმედებით მუშაობას ვაგრძელებდი, მაგრამ ჩემთვის, ჩემს ოთახში.
მოგვიანებით, როდესაც ეროვნული გალერეა აღდგა, ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაც აქ მოეწყო, ბოლო კი 2010 წლის ნოემბერში გალერეა “კამეაში” მქონდა. ვმონაწილეობდი სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში.

ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩემი შემოქმედება განსხვავებულია. ეს ხანგრძლივი დამოუკიდებლობის შედეგია. საკმაო პერიოდის განმავლობაში სხვა მხატვრებთან არანაირი კავშირი გამაჩნდა, ვინაიდან ურთიერთობისთვის ძალინ მძიმე ვითარება იყო. მქონდა შემთხვევა, როდესაც რამოდენიმე თვე ვერ ვმუშაობდი, ძალიან ცუდად ვიყავი. ხატვა ჩემს სულიერ და ფიზიკურ საზრდოდ გადაიქცა.

როდესაც ვმუშაობ, განსაკუთრებით თუ მზიანი ამინდია, სულ ცოტაოდენი შრომის შემდეგაც კი ბედნიერებით ვივსები, სადღაც ზევით მივექანები და ვიდრე ბოლო წერტილამდე არ ამოვწურავ, ვერ ვანებებ თავს. შემიმჩნევია, საქმიანობისას სუნქვაც კი შემიკავებია”.

დღეს დაბადებულითქვენი რომელი ნამუშევარი მოგწონთ ყველაზე მეტად?

დღესდღეობით დაახლოებით 80- მდე ფერწერული ტილო და გრაფიკული ნამუშევარი მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფერწერული ტილოები – “დღეს დაბადებული”, რაც პატრიარქს გადაეცა საჩუქრად და “მახარობელი”, რომელიც ჩემთან ინახება.

რაც შეეხება საკუთარ სტილს, მიმდინარეობის დაკონკრეტება ძალიან გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია აღვნიშნო, რომ მასში იდუმალება ჭარბობს.

როგორ დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?

პირველად ეკლესიური ცხოვრებისადმი ინტერესი აკადემიაში სწავლის დროს გამიჩნდა. ტაძარში სიარული მოგვიანებით, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1993 წელს დავიწყე.
ღვინის კურთხევა
ჩემი ნამუშევრების ნახევარზე მეტი რელიგიური თემისაა და ხშირად მეუბნებიან: თუ გინდა, რომ გაყიდო, ხატე ის, რაც ხალხს მოსწონს და რაზეც მოთხოვნააო, მაგრამ რასაც ვქმნი, ისეთი ენერგიით მოდის, რომ ჩემს არჩევანზე ნაკლებადაა დამოკიდებული.

რელიგიას ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადგილი უჭირავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იდეალური არ ვარ, ჩემი სისუსტეები გამაჩნია. პარალელურად ხატწერასაც დავეუფლე, მაგრამ ხატებს ჯერჯერობით მხოლოდ შესაწირად.

ნიკალარელიგიასა და მხატვრობასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ისტორიას გიამბობთ:

წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესია ამავე სახელობის სასაფლაოზეა, სადაც, სავარაუდოდ, ნიკალას საფლავია. ამეკვიატა მისი დახატვის აზრი, თუმცა იდეა არ მომწონდა (რას გადავეკიდე ამ საფლავს) იმ მოსაზრებით, რომ ხშირად მხატვრის ნამუშევარი რეალურად წინასწარმეტყველურია და შემეშინდა რაიმე ნეგატივის, რისთვისაც მზად არ ვიყავი. მაგრამ ამ აზრმა მოსვენება არ მომცა და აღდგომის მარხვაში ენერგიით შევუდექი ამ ტილოს ხატვას, რომელიც ზუსტად აღდგომას დავასრულე. დღესასწაულის ნიშნად კვერცხიც მივუხატე მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალი მისი ცხოვრებიდან აღარ მახსოვდა. რამდენიმე დღეში კი პატარა ბუკლეტი ჩამივარდა ხელში, სადაც ნიკალას მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ეწერა. იქ ამოვიკითხე, ის სწორედ აღდგომის ღამეს გარდაიცვალა.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი