“ხატის ყიდვით არაფერი დაშავდება, მაგრამ საპატრიარქო არავის არ აგზავნის”
პასუხი კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს
ქველმოქმედება, კეთილი საქმის კეთება, უმწეობაში მყოფი ადამიანის დახმარება თითოეული ქრისტიანის ვალია. დღეს არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე უამრავი ადამიანია ქუჩაში გამოსული და შემწეობას ითხოვს… ხალხმრავალ ადგილებში ხშირად შეხვდებით ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებიც ხატების შეძენას გვთხოვენ, მიღებული თანხით კი, მათი თქმით, უპატრონო ბავშვთა სახლებს დაეხმარებიან. მათი დიდი ნაწილი არამარტო ქუჩაში, კარდაკარაც დადის. არის შემთხვევები, როცა ეს ადამიანები საპატრიარქოს სახელით ითხოვენ მოწყალებას.
“ამბიონი” შეეცადა იმ კითხვებზე პასუხის მიღებას, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს.
ნანა ვარდოევი 11 წლის შვილ გიორგისთან ერთად ქუჩაში ხატებს ყიდის.
ნანა ვარდოევი: ,,ხატები ოფისიდან გამომქონდა, 1 ლარად გაყიდული ხატიდან 40 თეთრი მრჩებოდა, დანარჩენი კი ოფისში მიმქონდა. ხატების ბაზრობაზე ყიდვა და შემდეგ მათი გაყიდვაც შემეძლო, მაგრამ მიხაროდა, რომ ბავშვთა სახლს ვეხმარებოდი. ვიცი, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, მინდა, რაც დარჩენილი ხატები მაქვს მალე გავყიდო. ხალხი ხშირად მეუბნება რომ ვიტყუები, მის ყიდვას არავის ვაძალებ, თუმცა ბევრი შეწირვასაც აკეთებს. სამსახური პირადი პრობლემის გამო დავტოვე, ახლა მეუღლეც უმუშევარია, გიორგი ხატებიდან აღებული თანხით სასკოლედ მოემზადება და აქაც აღარ დავაყენებ”.
იაგო ჯანანაშვილი: ,,გაყიდული ხატებიდან შემოსული თანხით ,,ბეღურათა” უპატრონო ბავშვთა სახლს ვეხმარებით. ძირითადად, ტანსაცმელსა და პროდუქტებს ვყიდულობთ. ქუჩაში ხალხის ცუდად მოქცევას ყურადღებას არ ვაქცევ, პირიქით, აქეთ ვლოცავ. ზოგი ხატსაც არ ყიდულობს, ისე აკეთებს შესაწირს, რადგან სახლში ბევრი ხატები აქვთ. სახლებში შემწეობის მისაღებად კი ისინი დადიან, ვინც სხვის სახელს იყენებენ”.
ილია ჩეკურიშვილი: ,,ჩემი ფუნქცია ოფისიდან ხატების გამოტანა და მათი რეალიზაციაა, ეს ძირითადად ხალხთან კავშირით ხდება. შემოსული თანხით ,,ბეღურათა” უპატრონო ბავშვთა სახლს ვეხმარებით. 2 კვირაში 50 ხატამდე გავყიდე. ჩემ ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი ფული შევიტანო ოფისში და მათ დავეხმარო. ხალხი ხშირად ბოდიშს იხდის რომ არ აქვს ფული და ვერ ახერხებს ხატის შეძენას, ზოგი პირიქით, მოწყალებას იღებს. ხატები მამაოს მიერაა ნაკურთხი”.
შორენა ჭუმბურიძე, ინჟინერ-ეკონომისტი: ,,არსებობს მაღაზიები, რომლებიც ვაჭრობენ ხატებით, სანთლებით, ყველა მოქალაქე იქ უნდა შევიდეს, ბავშვი არ უნდა დადიოდეს ქუჩა-ქუჩა და ყიდდეს ხატს. მან ვაჭრობის ნაცვლად წიგნის კითხვა უნდა ისწავლოს. თუ ადამიანს უნდა მოწყალების გაცემა, ყველა ეკლესიაში არსებობს შესაწირის ყუთი”.
ზურაბ ლომსაძე, სტუდენტი: ,,ვცდილობ, გაჭირვებულ ადამიანს შეძლებისდაგვარად დავეხმარო, თუმცა, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. ხშირად ჭირს გარკვევა, ვის უფრო მეტად უჭირს. ქუჩასა და სახლებში მოსიარულე და ხატებით მოვაჭრე ადამიანებსაც დავხმარებივარ, თუმცა, არ ვიცი ეს თანხა რამდენად მივიდა უპატრონო ბავშვებამდე”.
ნინო პატარიძე, საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომელი: ,,ეს ადამიანები საკუთარი ნებით დადიან ქუჩასა და სახლებში, თქვენი ნებაა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და მოიხოვოთ საბუთი. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მათ. სამწუხაროდ, ბევრი სარგებლობს ჩვენი სახელით. ბავშვთა სახლების (ძეგვის, წავკისის და სხვა) წარმომადგენლები ასე არ არ აგროვებენ მოწყალებას. ხატის ყიდვით არაფერი დაშავდება, მაგრამ საპატრიარქო არავის არ აგზავნის”.
მამა დავით შარაშენიძე, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი: ,,საპატრიარქო ასეთ ფორმას არ მიმართავს. ეს უფრო პირადული და ინდივიდუალური ინიციატივების შედეგია. შეიძლება ეს სხვადასხვა მოძღვრის კურთხევით ხდებოდეს, მაგრამ საპატრიარქოს მხრიდან არ ყოფილა ამის კურთხევის შემთხვევა. რაც შეეხება, ჯვრიან საბუთებს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეუკვეთოს და 5 ლარად მისცემენ ამ ბეჭედს, ეს არაა პრობლემა”.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ხშირად, ფულს ისე ვფლანგავთ, 5-10 ლარიც კი არად გვიღირს. მიკვირს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ რისთვის გთხოვს ფულს, ან ვისი სახელით. გთხოვს, ალბათ უჭირს. როგორ დავიჯერო,კომფორტის გამო მათხოვრობენ? ისინი ხომ სიცხესა თუ ყინვიან ამინდში, მოწყალებას გთხოვენ. ხშირად, ღრმად მოხუცი ასაკის ხალხი.
რაც შეეხება, ქველმოქმედებას, ბავშვთა სახლების დახმარებას, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს და ვისი სახელითაც არ უნდა მოქმედებდნენ, არა აქვს ასაკს დიდი მნიშვნელობა, უდიდესი მადლია და ღმერთმა დალოცოს ასეთი ადამიანები.
სიმართლე გითხრათ არ მსიამოვნებს ბავშვები, რომ ყიდიან ხატებს ქუჩაში. მე მეეჭვება რომ ვიღაც იყენებს ამ ბავშვებს თავისი არც თუ კეთილშობილური ინტერესებისთვის. ყოველთვის მიჩნდება სურვილი გავიგო ვინ დგას ამ ბავშვების უკან , მაგრამ ვერ ვახერხებ ამ თემას ჭირდება ძალიან სერიოზული სოციალური კვლევის ჩატარება.
adamiavs romelsac ar uwhirs da matxovrobs is qurdad itvleba(ghmertis tvalshi).dghes qartvel xalxs uwhirs… davexmarot ertmanets qartvelebo.ghmerts ebarebodet.
გული მტკივა როდესაც ამდენ ადამიანს ვხვდები ქუჩაში და რომ ვერ ვეხმარები :( ღმერთმა ყველას გვიშველოს.