მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

“ხატის შექმნისას გამუდმებით ლოცვა-ვედრებაში ხარ…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.02.2012 3 კომენტარი | 5,969 ნახვა

შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნაწარმოები – ზარზმის ღვთისმშობლის ხატი ვერცხლისგანაა გამოჭედილი (მოოქროვილი). ხატი ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. იოსებ ქაბზინაძე უფლის მადლით, ზარზმის ღვთისმშობლისა და ფერისცვალების ხატების ზუსტი ასლები შეიქმნა. ხატები გალვანიკაში შეასრულა იოსებ ქაბზინაძემ, რომელსაც “ამბიონი” თავისი შემოქმედების შესახებ ესაუბრა:

“სამხატვრო აკადემიის დასრულებისას (2000 წ.) სადიპლომო ნამუშევრად სამების საკათედრო ტაძრისთვის მეგობრებთან ერთად ტახტრევანი შევასრულე (მაღალი დასაჯდომელი, რომელიც ტაძრის შუაშია დაბრძანებული და მასზე პატრიარქი დაბრძანდება). ჯერ კიდევ სტუდენტობისას კი მე-18 სკოლის შენობაში მეგობრებს სახელოსნო გვქონდა მოწყობილი, სადაც ხატებს, საეკლესიო ნივთებს ამზადებდნენ. სადიპლომო ნამუშევრის დაცვის შემდეგ კი უწმიდესმა მაკურთხა, დამეწყო და გამეგრძელებინა ეს საქმე… პატრიარქის კურთხევით, მოძღვარი შევარჩიე და ეკლესიური ცხოვრებაც დავიწყე.

ვცდილობ, შევქმნა და აღვადგინო უძველესი ქართული ხატები, რადგან საქართველოში, ქართულ ოჯახებში ქართული ხატებიც უნდა გვქონდეს. ბერძნული, რუსული ხატებიდან გადაღებული ხატის ასლებიც კარგია, მაგრამ, პირიქით, ჩვენი ნამუშევრებიც გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სხვასაც ვაჩვენოთ ქართული შემოქმედება”.

როგორ მოხდა ზარზმის ღვთისმშობლის ხატის აღდგენა?

ზარზმის ღვთისმშობელი ზარზმის მონასტერს ჯვარცმა შევწირეთ. აქ დაიბადა იდეა, გაგვეკეთებინა მონასტრისთვის ზარზმის ღვთისმშობლისა და ფერისცვალების ანალოგიური ხატები, რომელთა ორიგინალებიც მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. ბევრი ეკლესია ლოცულობს, ტაძარს თავისი ხატი დაუბრუნდეს. მეუფე თეოდორესა და მამა ნიკოლოზის კურთხევით ამ ხატების შექმნა დავიწყე. ვფიქრობდი, მუშაობას რამდენიმე თვეში დავასრულებდი, მაგრამ ამ პროცესს 2 წელი დასჭირდა. მოგვიანებით ანალოგიური ზარზმის ღვთისმშობლის ხატი გავაკეთე, რაც, ცხადია, უფრო ადვილია, ვიდრე პირველის “დაბადება”. ღვთის მადლით, ეს ხატი მამა დავითმა (დათუაშვილი) იხილა და ძალიან სასიხარულოა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით ის გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაბრძანდა.

ახლახან შემოქმედის ეკლესიასაც დავუბრუნეთ ჯვარცმის ხატი. დიდი სურვილი მაქვს, აწყურის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი დავუბრუნო…

რამდენად რთულია ხატის შექმნის პროცესი?

თითქმის 15 წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ, ალბათ, იმიტომ დავიბადე, რომ ამ საქმეს ვემსახურო. შრომის პროცესში ვერც სირთულეს ვგრძნობ. ზარზმის ხატი პირიქით, ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი ვაკეთო და ძალასაც ვგრძნობ. საერთოდ, ხატზე მუშაობისას გამუდმებით ლოცვა-ვედრებაში ხარ, ყოველი ხაზის გავლებისას უფალს ესაუბრები, ევედრები, მოგცეს ძალა, დაასრულო ნამუშევარი. შეიძლება ზოგჯერ, სურვილის მიუხედავად, ხატმა არ მიგიკაროს, მაგრამ არ უნდა შეშინდე. ზარზმის ღვთისმშობელზე მუშაობისას 5 დღე მივდიოდი ხატთან და ვერ ვეხებოდი, ვედრებაში ცრემლებამდეც მივსულვარ… ღვთის შეწევნით, თითქოს თავისით დასრულდა ეს ხატი. ეს ბედნიერებაა და ცუდად ხარ მაშინ, როცა გადის პერიოდი და ტაძარს ხატს ვერ სწირავ.

სტუდენტობის დროიდანვე მსურდა, რაც კი მხატვრობას ეხებოდა, ყველაფერში გავცნობიერებულიყავი. ბოლოს გონებაში დაგროვებულს კრებ და ხედვაც გიყალიბდება. შემიძლია დავიწყო და ხატი საბოლოო სახით შევქმნა, დავწერო, მინანქრით ან მეტალით მოვჭედო და კიოტიც გავუკეთო. აწყურის ტაძარს თუ დავუბრუნე ღვთისმშობელი, ხატსაც აუცილებლად თავად დავწერ. თუმცა უმთავრესად ხატების მეტალში გამოსახვაზე ვმუშაობ.

თქვენთან ერთად ვინ არის ჩართული ხატების შექმნაში?

არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, კეთილი საქმე აკეთონ, ისინი მოდიან დროდადრო და გვეხმარებიან. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებიც გვიერთდებიან. მათ ცხოვრებაში ამ სახელოსნოში გატარებული თუნდაც ერთი -ორი თვე თავის კვალს ტოვებს. ამჟამად სახელოსნო მოზარდმაყურებელთა თეატრის შენობაში მაქვს. მეგობრების დახმარებით, არ მიწევს ფიქრი, რომ ყოველი თვის ბოლოს თუნდაც ქირის საფასურის გადახდა მომიწევს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს ხატს ბევრი ამკობს, მაგრამ შესრულების თვალსაზრისით ცოტა თუ არის სათანადო. საქართველოში, სურვილის მიუხედავადაც, ცოტას შეუძლია ხატში დიდი თანხა გადაიხადოს, ამიტომ მუშაობისას ფულზე ფიქრის ნაცვლად უნდა ილოცო, რადგან სულიერი ფუფუნება გაცილებით მნიშვნელოვანია.

დაახლოებით 50 ტაძარშია ჩემ მიერ შექმნილი ხატი დაბრძანებული… 30-მდე ჯვარცმა მაქვს გაკეთებული და მათში მხოლოდ ის საზღაური ამიღია, რაც ნამუშევრის დასრულებისთვის გახლდათ საჭირო. უმთავრესია, რომ ამ ხატებთან ადამიანებმა უნდა ილოცონ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი