მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

როგორ მზადდება ხატის დაფები?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.06.2013 | 5,232 ნახვა

რა განსხვავებაა დღევანდელ და ძველად დამზადებულ ხატის დაფებს შორის? რატომ არის მნიშვნელოვანი ხატის დაფების დამზადების მამა გიორგი თანდილაშვილი უძველესი ტრადიციების შენარჩუნება? „ამბიონს“ მამა გიორგი თანდილაშვილი ესაუბრა, რომელიც ივერთუბნის ხატის დაფების სახელოსნოში ჯგუფის წევრებთან ერთად თავადაც მონაწილეობს ხატის დაფების შექმნაში.

მამა გიორგი თანდილაშვილი: „ხატის დაფის დასამზადებლად საუკეთესო მასალა ფოთლოვანი ხეებია, რადგან ის გლუვია და არ აქვს ძარღვები, როგორც წიწვოვან კულტურებს. რადგან დასველების შემთხვევაში, ძარღვიანი ხე იცვლის ფორმას და ასე, ბზარების სახით, ზიანდება მასზე დაწერილი წმინდანის გამოსახულება.

მნიშვნელოვანია მასალა, რომლითაც დავამზადებთ ხატის დაფას, შეძლებისდაგვარად, მსუბუქი იყოს. ამ მოთხოვნებს ყველაზე მეტად აკმაყოფილებს ცაცხვის ხე, რომელიც დღევანდელ პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება კიდეც. მასალა აუცილებლად მშრალი უნდა იყოს, სულ მცირე 80%-ით, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ფორმას შეიცვლის ბუნებრივი გაშრობის პროცესში და ადრე თუ გვიან დაფაზე ბზარები გაჩნდება.

ხატის დაფა წარმოადგენს ზომის მიხედვით შეწებებულ რამდენიმე ფიცარს, რომელიც უკანა მხრიდან გამაგრებულია მასში ჰორიზონტალურად გაყრილი ხის დეტალებით, ხოლო წინა მხარეს გააჩნია ჩაღრმავება და დამცავი ზოლი დაფის კიდეებში. მასზე დაკრულია ნაჭერი (შესაძლოა: მარლა, ბიაზი და მიტკალი), გავრცელებულია უფრო მიტკლის გამოყენება, რომელსაც ზემოდან ესმევა ხის წებოში გახსნილი ცარცი, რომელიც ზავდება წყლით. ეს საკითხი, ძირითადად, ხატმწერთა სურვილზეა დამოკიდებული, რადგან ჩვენ დროში ცარცის შემცვლელი სხვადასხვა მასალები შეიქმნა. მაგალითად, წინა საუკუნეებში, ხის წებოდ ხმარობდნენ თევზისა და ცხოველების ძვლების ნახარშს, რადგან სხვა არჩევანი არ იყო. დღეს კი გაგვაჩნია ფართო ნაირგვარობა ხის წებოებისა, მაგრამ, ამის მიუხედავად, არიან ხატმწერები, რომლებიც ძველ და საუკუნეების მანძილზე გამოცდილ მასალას ითხოვენ, საუბარია ხის ბუნებრივ წებოზე, რომელიც დღეს მზადდება ყველასათვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი ჟელატინით.

ხატის დაფები

ძველად ხატებს მხოლოდ შეწებების ადგილზე აკრავდნენ ნაჭერს, რადგან ნაჭერი იმ დროს ხელით მზადდებოდა და ძვირად ფასობდა. რა თქმა უნდა, დაფაც ხელით მუშავდებოდა და მას თვით ხატმწერებიც ამზადებდნენ. სულ ახლახან დაიწყო ხატის დაფებისთვის „mdf“-ის მასალის გამოყენება, რომელიც წარმოადგენს ქაღალდისა და ხის მტვრის ნაზავს. მაგრამ, თავისი მახასიათებლების გამო, მისგან მხოლოდ მცირე ზომის დაფები მზადდება, დიდი ზომის დაფები კი აუცილებლად, ზემოთ ჩამოთვლილი, ყველა წესის დაცვით უნდა შესრულდეს, რათა გაუძლოს საუკუნეებს. ასე რომ, მთლიანობაში თანამედროვე და ძველად დამზადებული დაფები თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან ერთი წესით არიან დამზადებულნი.

ის წესები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ საუკუნეების მანძილზეა გამოცდილი. ხატის დაფა ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი დაცვა, რათა შევინარჩუნოთ ხარისხი, რადგან ნებისმიერი გადახვევა აუცილებლად აისახება დაფის ხარისხზე და იგი დაზიანდება.

ხატის დაფის დამზადების პროცესი არის ძალიან შრომატევადი. გარდა ამისა, ცაცხვის მასალა, რომლითაც იგი მზადდება საკმაოდ ძნელი მოსაპოვებელია და ძვირად ფასობს. ამდენად, გამოცდილებისა და მატერიალური შეძლების გარეშე, ძნელია ამ საქმის წამოწყება და შესაბამისად დაინტერესებაც ნაკლებია მისდამი.

ჩვენი ჯგუფი მეშვიდე წელია ამ საქმითაა დაკავებული. დღეს უკვე ვფიქრობთ არა მხოლოდ ხატის დაფები, არამედ ხატის ჩარჩოებიც შევქმნათ. მომავალში კი გვსურს მაღაზიის გახსნა, სადაც ყველანაირი პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, რაც ხატწერასთან არის დაკავშირებული.“

შეგახსენებთ, ივერთუბნის ხატის დაფების სახელოსნო თბილისში, ივერთუბანში, მახათას მთის ძირში მდებარეობს. დაინტერესებულ პირებს სახელოსნოს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელ.-ზე:-555 25 06 50

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი