მთავარი » ხატები და ფრესკები

ხატი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა “სმოლენსკის ოდიგიტრია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.11.2010 ერთი კომენტარი | 2,348 ნახვა

(ხსენება – 28 (10.08) ივლისი)

სმოლენსკის ოდიგიტრიასმოლენსკის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემის მიხედვით, წმინდა ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი. მისი სიძველის შესახებ რუსეთში სხვადასხვაგვარი ვერსიები არსებობს. ერთნი ამბობენ, რომ ამ ხატით, რუსეთისკენ მიმავალი გზა დაულოცეს ბერძენი იმპერატორის ბასილის დას და მთავარ ვლადიმერის მეუღლეს, მეფის ასულ ანნას. მეორენი ამტკიცებენ, რომ საბერძნეთის იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა, როდესაც თავისი ქალიშვილი – მეფის ასული ანნა ჩერნიგოვის მთავარს – ვსევოლოდ იაროსლავის ძეს მისცა ცოლად, მისი მგზავრობა ამ ხატით აკურთხა. ამიტომაც ეწოდა ოდიგიტრია, ანუ გზის მაჩვენებელი. მემკვიდრეობით ის ვსევოლოდის ძეს, ვლადიმერ მონომახს ერგო, რომელმაც ხატი სმოლენსკში 1101 წელს მის მიერ აგებულ ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში გადაიტანა. ამ დროიდან ხატს სმოლენსკისა ეწოდა. მასზე ღვთისმშობელი წელამდეა გამოსახული, მარჯვენა ხელი მკერდზე განისვენებს, ხოლო მარცხენაში უპყრია ყრმა ღმერთი, რომელსაც თავის მხრივ მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, ხოლო მაკურთხებელი მარჯვენა მაღლა აქვს აღმართული. ღვთისმშობლის ზედა შესამოსელი – მუქი ყავისფერი, ხოლო ქვედა მუქი ცისფერია. დაფა, რომელზედაც ხატია დაწერილი, მეტად მძიმეა და დროთა განმავლობაში ისე შეიცვალა, რომ ხის ჯიშის გარკვევა არ ხერხდება. მისი სიგრძე არშინი და 2 გოჯია, სიგანე – სამი მეოთხელი არშინი და ორი გოჯი. ის წებოთი და ცარცითაა დაგრუნტული და ზედ ტილოა გადაკრული. 1237 წელს ბათუს ურდოები რუსეთს გასაძარცვავად მოედნენ და სმოლენსკამდე მიაღწიეს, მოსახლეობამ მოულოდნელი თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა და არც თავდაცვისათვის მომზადებულა. ღამით, საკათედრო ტაძარში, სადაც სასწაულთმოქმედი ხატი დგას, ეკლესიის დარაჯმა მისგან გამომავალი ბრძანება მოისმინა, რომ სმოლენსკელი მეომრის მერკურისათვის გადაეცათ მისა ნება: “მერკური, საომრად შეიკაზმე, რამეთუ შენი დედოფალი გიხმობს” , მერკური მივიდა ტაძარში, ხატის წინაშე დაემხო და ხმა ესმა: “ჩემთვის სათნოო მერკური, გაგზავნი ჩემი სახლის დასაცავად, ურდოს მმართველი აპირებს, რომ ამ ღამით საიდუმლოდ დაეცეს ჩემს სამფლობელოს – მთელი თავისი ჯარითა და გოლიათებით, რომლებზეც მთელს თავის იმედს ამყარებს. მას სურს, გააუდაბუროს ქალაქი, მაგრამ მე ვევედრე ჩემს ძესა და ღმერთს, რომ არ ჩააგდოს ის დამპყრობთა მონობაში. ხალხის, მღვდელთმთავრისა და მთავრის ფარულად მტრის შესახვედრად გადი და ქრისტეს ძალით სძლიე მისი მხედრობა. მე შენთან ვიქნები და შეგეწევი ჩემს მონას. მაგრამ იქ გამარჯვებასთან ერთად, მოწამის გვირგვინიც გელის, რომელსაც ქრისტესგან მიიღებ”. მერკურიმ ცრემლით მიწამდე სცა თაყვანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ტაძარი და ქალაქი დატოვა.

მან შემწედ ღვთისმშობელი მოიხმო, მტრის რიგებში შეიჭრა, იქ მებრძოლი გოლიათი მოკლა და შემდეგ მტრის დიდი სიმრავლე ამოხოცა. შემდეგ დაქანცული დასასვენებლად წამოწავა. როცა ერთმა თათარმა ის მძინარე დაინახა, თავი მოჰკვეთა. მერკურიმ სისხლით დაამტკიცა თავისი ღვაწლი. ის ეკლესიაში დაკრძალეს და მის სახელზე მოლოხოვის კარიბჭესთან ობელისკი აღმართეს. ეკლესიამ მერკური წმიდათა დასში შერაცხა.

1396 წელს, როცა თემურ ლენგმა რუსეთის ჩრდილო საზღვრები გადმოლახა, სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატით ვიტოვტმა თავისი ქალიშვილი, მთავარ ვასილი დიმიტრის ძის მეუღლე – სოფიო აკურთხა, რომელიც იმჟამად მამასთან შესახვედრად იყო ჩამოსული, მან ხატი სმოლენსკიდან მოსკოვში გადაიტანა და იქ ხარების ეკლესიაში მოათავსა.

1456 წელს დიდი მთავრის ვასილ ვასილის ძე უსინათლოს მეფობის დროს სმოლენსკის ეპისკოპოსმა მიხეილმა და მრავალმა საპატიო მოქალაქემ, რომლებიც პოლონეთის მეფის კაზიმირის მიერ მოსკოვში, დიდ მთავართან გაგზავნილ ელჩობაში იმყოფებოდნენ, მას სთხოვეს, რომ ხატი სმოლენსკისთვის დაებრუნებინა. დიდმა მთავარმა სამღვდელოებასთან ხანგრძლივი თათბირის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დედოფლის დატყვევება მართებული არ იქნებოდა, ბრძანა, მისი ასლი აეღოთ და ხარების ტაძარში მოეთავსებინათ, ხოლო ორიგინალი სმოლენსკში გაეგზავნათ. ხატის გაცილებასთან დაკავშირებით ზეიმი მოეწყო. ლიტურგიისა და პარაკლისის აღსრულების შემდეგ მიტროპოლიტი და სამღვდელოება დიდი მთავრის, მისი ოჯახის, ჯარის და უამრავი ხალხის თანხლებით ცრემლით მიაცილებდა დედოფლის ხატს ქალაქგარეთ, იმჟამად მოსკოვის შემოგარენში მდებარე საბას მონასტრისაკენ, 1524 წელს ამ ადგილას, დიდი მთავრის ვასილი ივანეს ძის დროს, სმოლენსკის აღებასთან და რუსეთის ხელისფლების შეერთებასთან დაკავშირებით, ნოვოდევიჩის მონასტერი დაარსდა, ამ მონასტერში სმოლენსკის ოდიგიტრიის ასლი მოათავსეს და 28 ივლისს ლიტველთაგან სმოლენსკის დაბრუნების აღსანიშნავად, ღვთისმშობლის სამადლობელად ლიტანია დაადგინეს.

1666 წელს მეფის ბრძანებით სმოლენსკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანოფმა დროისაგან ჩამუქებული ხატწერის გასაახლებლად სმოლენსკის ორი სასწაულთმოქმედი ხატი – ოდიგიტრია მოსკოვში ჩამოიტანა. ერთერთი მათგანი დღემდე სმოლენსკის მიძინების ეკლესიაშია, ხოლო მეორე – 1602 წელს დაწერილი, – მოთავსებულია დნეპრისპირა ეკლესიის კარიბჭეზე. თავდაპირველად ის სმოლენსკის გალავნის დნეპრის კოშკზე იმყოფებოდა, მაგრამ 1727 წელს ვინმე დლოტოვსკიმ გამოითხოვა ნებართვა, რომ მისი ხარჯით კარიბჭესთან ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია აეშენებინათ და ამ ეკლესიაში მოეთავსებინათ სმოლენსკის მფარველი ოდიგიტრია. 2 წლის შემდეგ ეკლესია ააგეს, მშენებელი მარხულობდა, შემდეგ აღსარება თქვა და კურთხევის დღეს ეზიარა. ზიარებით განწმენდილმა და სიხარულის ცრემლით მოცულმა მან ხატის წინაშე მუხლი მოიყარა, ხელები ჯვრის სახედ დაიკრიფა მკერდზე, თავი მიწამდე დადრიკა და გარდაიცვალა. 1802 წელს, ხის ეკლესია ქვის ტაძრით შეცვალეს.

1808 წელს მაღალყოვლადუსამღვდელოესი სერაფიმეს ბრძანებით ოდიგიტრიის ხატის ძველი მოოქროვილი მოჭედილობა გადააკეთეს, ის სხვადასხვაგვარი ძვირფასი ქვებით და მარგალიტებით შეამკეს. 1812 წელს ნაპოლეონის თავდასხმის დროს, როდესაც რუსეთის ჯარები სმოლენსკთან შეჩერდნენ, კარიბჭის ეკლესიიდან სასწაულთმომქმედი ხატი ლეგიონმა გამოიტანა (პოლკოვნიკი გლუხოვი) და იმ დროიდან დარჩა მესამე სალაშქრო დივიზიის პოლკში (ა. პ. ერმოლოვი), რომელმაც ხატი თავის რიგებში ბრძოლის ბოლომდე შეინარჩუნა, ბოროდინოს ომის წინა დღეს ხატს მეომართა ბანაკში დააბრძანებდნენ, რათა ქრისტეს მხედრები განმტკიცებულიყვნენ და მომზადებულიყვნენ დიდი გამარჯვებისთვის. ყოველი წარმატებული ბრძოლის შემდეგ მის წინაშე პარაკლისი აღევლინებოდა. არმია ღვთისმოსაობით ჭვრეტდა ღეთისმშობლის ხატს და მას ღვთისგან ბოძებულ საწინდრად მიიჩნევდა. როდესაც სმოლენსკი მტრისაგან გაიწმინდა, მხედართმთავრის მ. ი. კუტუზოვის ბრძანებით სამი თვის განშორების შემდეგ ღეთისმშობლის ხატი სმოლენსკს დაუბრუნდა და ტაძარში თავისი ძველი ადგილი დაიმკვიდრა. ხატთან ერთად გაიგზავნა დიდი განძი და შემოწირულობანი. 1810 რუბლი ასიგნაცია, ხუთი ჩერვონული ოქრო, ერთი ფუთი ვერცხლი, რომელიც მტერს დატოვებინეს. ხატი სმოლენსკში 5 ნოემბერს ჩამოვიდა და იმ დროიდან, ყოველწლიურად ეს თარიღი იდღესასწაულება, როგორც ღვთისმშობლის შეწევნითა და მეოხებით სამშობლოდან მტრის განდევნის დღე. უძველესი სასწაულთმომქმედი ხატი, რომელიც სმოლენსკის საკათედრო ტაძარშია, ბოროდინოს ბრძოლის წინ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ირინეოსმა სმოლენსკის მოსახლეობის თანხლებით მოსკოვში ჩააბრძანა. მოსკოვიდან მას სამღვდელოების წინამძღოლობით ლიტანიით მიეგება უამრავი ხალხი. ის დააბრძანეს მიძინების ტაძარში, რათა ყველას თაყვანი ეცა. ქუჩაში შეკრებილი მართლმადიდებლები მუხლზე ემხობოდნენ მის წინაშე და ცრემლით შესთხოვდნენ “დედავ ღვთისაო, გვაცხოვნენ ჩვენ”. ავადმყოფი და დაჭრილი მეომრები ლეფორტოვის სასახლეში იწვნენ და სამღვდელოება ივერიისა და სმოლენსკის სასწაულთმოქმედი ხატებით იქეთ გაემართა. ძნელია ამ გრძნობის ღწერა, რომელიც მრავალტანჯულ მეომრებს გამოეხატათ სახეზე ამ უდიდეს სიწმინდეებთან შეხვედრისას, მათ დაავიწყდათ ჭრილობები, კვნესას იკავებდნენ დ გულაჩუყებულნი წმინდა ხატებს სიხარულის ცრემლით უმზერდნენ. ეკლესიას ლოცულობს სმოლენსკის ხატის წინაშე, რათა გვიხსნას ჩვენ ყოველგვარი უბედურებისგან. XVI ს-ში, როცა ამ ხატის მოსახსენებელი დღესასწაული დადგინდა, ისევე, როგორც XV საუკუნეში, რისეთი საშინელ ზეწოლას განიცდიდა, როგორც გარეშე მტრის –თათრების და პოლონელების და შიდა დაპირისპირების, ასევე უნიის და სხვა ათასგვარი უბედურების გამო, განსაკუთრებით, 1812 წელს. ვინ გვიხსნიდა, ვინ დაგვიცავდა უვნებლად დღემდე, რომ არა ყოვლადწმინდა დედოფალი-შუამდგომელი ჩვენი.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი