მთავარი » ხატები და ფრესკები

ხატი “საქართველოს იმედი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.02.2012 5 კომენტარი | 11,476 ნახვა

უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით შექმნილი ხატი “საქართველოს იმედი” 24 დეკემბერს საპატრიარქოდან ჯერ სიონის ტაძარში გადააბრძანეს, მცირე პარაკლისის შემდეგ კი საზეიმო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდა, სადაც ხატი პატრიარქმა აკურთხა.

ლოცვით მსვლელობას ილია II თავად წარუძღვა. ხატის კურთხევის შემდეგ უწმიდესმა მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ეს ხატი ღვთის მადლითა და ძალით იქნება სასწაულმოქმედი. ყოველ ადამიანს, რომელიც რწმენითა და სიმდაბლით მიეახლება მას, აუსრულდება თხოვნა. ამ ხატის შემწეობით დაბრუნდებიან ქართველები სამშობლოში,” – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
სამების ტაძარში ხატს ყოველდღიურად უამრავი მორწმუნე მოილოცავს.

რომელი წმიდა ნაწილებია ხატში მოთავსებული და რომელი წმიდანებია მასზე გამოსახული, გვესაუბრება “ფოკანის” გენერალური დირექტორი დავით კაკაბაძე:

საქართველოს იმედი “ხატი მთლიანად შესრულებულია ძვირფასი მასალით, ოქროს, მინანქრისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით. ხატზე მუშაობა 2009 წლის სექტემბერში დაიწყო. პირველი შესაწირი მასალა გაიღო თავად უწმიდესმა – შვიდი კილო ოქრო, შემდგომ მას მოჰყვა სხვადასხვა შემოწირულობა.

ხატი “საქართველოს იმედი” აგრძელებს ტრადიციას და იმეორებს საქართველოში ფართოდ გავრცელებულ დიდი ზომის კარედის ფორმას.

მისი საფუძველი კაკლისაა, წინა პირი ხალასი ოქროთია შეჭედილი, უხვადაა შემკული ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით. ხატი დაფარულია ოქროს ფირფიტებით, თხელი ტიხრების ჭარბი ქსელით გამოყვანილი მინანქრული სიუჟეტებითა და ცალკეული გამოსახულებებით.

ცენტრალური ნაწილის კომპოზიციურ აღნაგობაში ხაზგასმულია სამი აზრობრივი ცენტრი, ზედა ნაწილში – წმიდა სამება, ქვედა არეზე – ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და სვეტის ამაღლება, ხატის ცენტრალური კომპოზიციის საფუძველს შეადგენს მიხეილ (გობრონ) საბინინის “საქართველოს დიდება”, თუმცა მის ზუსტ ასლს არ წარმოადგენს და რიგი სიახლეებითაა გამდიდრებული. წმიდა ნინოს ლოცვით ანგელოზის მიერ სასწაულებრივად აღმართულ სვეტს თავს ადგას გვირგვინი უფლის გამოსახულებით, სიდონია სვეტიცხოვლის წინაშე მუხლმოდრეკით წინ გაწვდილ ხელებზე კვართგადაფარებული გამოიხატება, სვეტის ორივე მხარეს დამოუკიდებელ გუნდებს ქმნის მთელი ტანით წარმოდგენილი საქართველოს ეკლესიის წმიდანები, ზეციური იერუსალიმის მკვიდრნი, რომელთაც მოციქულთა სწორი, მუხლმოდრეკილი დედოფალი ნანა – მარცხნივ და მეფე მირიანი – მარჯვნივ მეთაურობენ.

სვეტის მარჯვნივ გამოისახებიან წმიდა მეფენი: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, მიტრატი.
მოწამე მეფენი: არჩილი, ლუარსაბი, დემეტრე თავდადებული, ვახტანგ მესამე, სოლომონ პირველი, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი, დიდმოწამე ქეთევანი, დიდებული მოწამე დედოფალი შუშანიკი.

დიდმოწამენი: აბო თბილელი, მიქაელ გობრონი, კონსტანტი კახი, არგვეთის მთავარნი- დავითი და კონსტანტინე.
მთავარმოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი, ქსნის ერისთავნი – შალვა და ელიზბარი, რაჟდენ პირველმოწამე.
მოწამენი: ევსტათი მცხეთელი, იოთამ ზედგენიძე, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი, წმიდა ილია მართალი.

მარცხნივ მღვდელმოწამენი: აბიბოს ნეკრესელი, ნეოფიტე ურბნელი. საქართველოს იმედი წმიდა მღვდელმთავარნი: ისე წილკნელი, გაბრიელ ქიქოძე. ღირსნი მამანი: ანტონ მარტყოფელი, დავით და დოდო გარეჯელი, შიო მღვიმელი, თათე, ევაკლე, ილარიონ ქართველი, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, ექვთიმე აღმსარებელი, ალექსი შუშანია.

სვეტის თავზე გამოისახება განდიდებული ღვთისმშობელი, რომლის წილხევედრიცაა საქართველო. კომპოზიციის ცენტრში ერთ რიგადაა წარმოდგენილი საყდარზე დაბრძანებული დედაღვთისა ყრმა იესოთი, მათ განადიდებენ მთავარანგელოზნი – მიქაელი და გაბრიელი, საქართველოს განმანათლებელი წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული, ქართველი ერის მფარველი წმიდა დიდმოწამე გიორგი, მარცხნივ საქართველოს ეკლესიის მფარველი წმიდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზი და მოციქულთა სწორი წმიდა ნინო – მარჯვნივ.

ცენტრალურ ნაწილს აგვირგვინებს ხატის ზედა ნახევარ წრეში წარმოდგენილი წმიდა სამება, რომელსაც განადიდებენ კარედის შუბლზე გამოსახული სერაფიმი – მარცხნივ და ქერუბიმი – მარჯვნივ. წმიდა სამების დიდებულება ორნამენტული დეკორითაცაა ხაზგასმული. ტრიპტიქონის დანარჩენი მონაკვეთებისაგან განსხვავებით, კარედის შუბლისა და ლუნეტის ფონი, რომელზედაც წმიდა სამება გამოისახება, ორმაგ ლერწში ჩაწერილი რელიეფური ვაზის სტილიზებული ფოთლებითაა გამშვენებული. კარედის მარჯვენა და მარცხენა ფრთის შუბლზე ორ წრეში ნაწილდება ხატის განმსაზღვრელი წარწერა – „საქართველოს იმედი“ . ჭედურობა, უმეტესად, ოპიზრების მიერ მოჭედილი ხატებიდან სინთეზურად არის გამოყენებული, ხატის ცენტრალური ნაწილი გარშემოწერილია ანგელოზთა, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა ნახევარფიგურებითა და მათ შორის ჩართული პატიოსანი ქვებით გამშვენებული ჩარჩოთი. ზედა ზოლზე ნაწილდებიან მთავარანგელოზნი და ანგელოზნი მარცხნიდან მარჯვნივ: იეგუდიელი, გაბრიელი, ურიელი, მიქაელი, ტახნიელი, რაფაელი, ვარაქიელი, იერონიელი, ვერტიკალური მარჯვენა ზოლი ძველი აღქმის წინასწარმეტყველებს ეთმობა, რომელიც ზემოდან ქვემოთ ასეთი თანმიმდევრობით გამოისახება: წმიდა დავით მეფსალმუნე, მოსე, დანიელი, იეზეკიელი, სოლომონი, სოფონია, ელისე, მალაქია, პიერენია, ზაქარია, ამბაკუმი, სამუელი, ნაუმი. ჩარჩოს ვერტიკალური მარცხენა და ჰორიზონტალური ქვედა ზოლები მოციქულთა ნახევარფიგურებს ეთმობა. ესენი არიან მოციქულთა თავნი: პეტრე და პავლე, იოანე ღვთისმეტყველი, მათე, ლუკა, მარკოზი, ანდრეა, ფილიპე, იაკობ ზებედესი, იაკობ ალფესი, თომა, ბართლომე. ვერტიკალურ ზოლზე: თადეოზი, მატათა, სვიმეონი, კარპე,კონტრათე, ონისიმე, ტიმოთე, ანდრონიკე, ანანია.

სანთელი ჩარჩოს ზოლებზე განთავსებული ყოველი ნახევარფიგურა და მათ შორის ჩართული პატიოსანი ქვა მარგალიტების ძაფითაა გამშვენებული. სამკარედის ფრთების წინა პირი დაყოფილია ორ-ორ რეგისტრად. ცენტრალური ნაწილის მსგავსად, გარშემოწერილნი არიან წმიდათა ნახევარფიგურებითა და პატიოსანი ქვებით შედგენილი ჩარჩოთი.

მარცხენა ფრთის ქვედა ნაწილში გამოისახებიან წმიდანები, მღვდელმთავარნი: იოანე ჭყონდიდელი, იოანე მანგლელი, ღირსი ეფრემ ფილოსოფოსი. მღვდელმოწამენი: თეოდორე აჭარელი, დოსითეოს ქუთათელი, მღვდელმოწამე გაბრიელ მცირე ღირსი, იოანე ხახულელი, იოანე ჭიმჭიმელი, იოანე შავთელი, ევლოგი წინასწარმეტყველი და სალოსი. მღვდელმოწამე ექვთიმე გაენათელი, ზოსიმე კუმურდოელი, ღირსნი: ილარიონ ქართველი, ილარიონ ახალი, ყანჩელი. მღვდელმოწამე თევდორე კველთელი, იოანე-თორნიკე ათონელი, მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი, წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, ღირსი მამა გიორგი ღმერთშემოსილი და გაბრიელ ათონელი.

ზედა ნაწილში წარმოდგენილნი არიან საქართველოს კათოლიკოსნი და კათოლიკოს- პატრიარქნი: იოსებ კათოლიკოსი, მელქისედეკ პატრიარქი, პეტრე კათოლიკოს- პატრიარქი, სამოელ კათოლიკოს-პატრიარქი, არსენი დიდი კათოლიკოსი, სარმიანე კათოლიკოსი, ნიკოლოზ კათოლიკოსი, მღვდელმოწამე კირიონ კათოლიკოს- პატრიარქი, მამაი კათოლიკოსი, კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი აღმსარებელი, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე მრავალვნებული, კათოლიკოს- პატრიარქი იოანე ოქროპირად წოდებული.

რეგისტრთა გამყოფ ჰორიზონტალურ ზოლზე მარგალიტებით გარშემოწერილი პატიოსანი ქვები და მათ შორის ჩართული ოთხი მედალიონია შემდეგი გამოსახულებით: წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი, ღირსნი მამანი: ლუკა, პავლე და მიქაელ ზარზმელი.

მარცხენა კარის ჩარჩოს მარჯვენა ვერტიკალურ ზოლზე ზემოდან ქვემოთ გამოსახულნი არიან ნეტარი ქრისტესია, რაჟდენ პირველმოწამე, დედოფალი დინარა, მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე, მღვდელმთავარი ანტონი ჭყონდიდელი,გიორგი ხოზელიტი, ქვათახევს წამებული დედანი და მამანი, ღირსი ზენონ იყალთოელი,გიორგი ზარზმელი, ისიდორე ზამთარელი, მოწამე პავლე გარეჯელი, წინასწარმეტყველი იონა, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძე, მოწამენი ცხრა კოლაელნი ყრმანი. ნახევარ რკალზე – ღირსი გიორგი ათონელი, წინასწარმეტყველი ისაია, ღირსნი: ილარიონ დიდი, ბასილი ბაგრატიონი, საბა ხახულელი.

მარჯვენა ვერტიკალურ ზოლზე ზემოდან ქვემოთ ლაზნი მოწამენი ღირსნი მამანი: ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, ანტონი მესხი,მოწამენი ცხრა ძამა ხერხეულიძენი, დავით მწირი გარეჯელი, სალომე ქართველი, ღირსი მიქაელ ულუმბოელი,ღირსი იაკობ ხუცესი, ღირსმოწამენი – ექვსიათასი გარეჯელი ბერი, ღირსი ტბელი აბუსერიძე, მღვდელმთავარი გერმანე, მღვდელმთავარი ალექსანდრე,წმიდა ივერიელნი მოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი. ქვედა ჰორიზონტალურ ზოლზე – მღვდელმთავარი გიორგი ჭყონდიდელი,მღვდელმოწამენი: შიო ახალი,თეოსი.

მარჯვენა ფრთის ქვედა ნაწილში წარმოდგენილია წმიდათა გუნდი, რაც თბილისში ხვარაზმელთაგან წამებულ ასიათას წმიდა მოწამეს განასახიერებს.ზედა ნაწილში – ღირსნი მამანი და დედანი,წმიდა ნინოს მშობლები – ზაბულონი და სოსანა, სალომე უჯარმელი, პეროჟავრა სივნიელი, აბიათარ მღვდელი, დამიანე ნეფე მყოფელი, პროხორე ქართველი, გრიგოლ ხანძთელი, ლუკიანე გარეჯელი, მიქაელ და არსენ ულუმბოელები. წმიდა მღვდელმთავარნი: ზაქარია ანჩელი, არსენი ნინოწმინდელი.

ორივე ნაწილს ჰყოფს ჰორიზონტალური ზოლი, შემკული პატიოსანი ქვებითა და ოთხი მედალიონით, რომელშიც გამოისახებიან დიდმოწამე მიქაელ გობრონი, ღირსი დედა თებრონია, მოწამენი – დავითი და ტარიჭანი. მარჯვენა ფრთის ჩარჩოს მარჯვენა ვერტიკალურ ზოლზე ზემოდან ქვემოთ გამოსახულნი არიან მღვდელმოწამენი: ნაზარი, ღირსი იოანე მაისურაძე, მართალი ისაია ქართველი, ღირსნი: თადეოზ სტეფანწმინდელი, გიორგი მწერალი, ონოფრე გარეჯელი, გიორგი მაშენებელი, მართალი იოანე ქართველი, მღვდელმოწამე ბესარიონი, დოსითეოს ტფილელი, დიდმოწამე მთავარი კონსტანტი კახი, ღირსი საბა ხახულელი, გიორგი მაწყვერელი,ღირსი მამა სერაპიონ ზარზმელი, ნიკოლოზ კათოლიკოსი.

ნახევარ რკალზე – ღირსი მოწამე გაბრიელ გარეჯელი, მოწამე მეფე სოლომონ მეორე, ღირსნი: პიროს ბრეთელი, სერაპოინი, ილარიონ თვალელი, მიქაელ პარეხელი.

მარჯვენა ვერტიკალურ ზოლზე ზემოდან ქვემოთ – ღირსნი: ექვთიმე გარეჯელი, ბასილი ზარზმელი, გიორგი იოანე მხეიძე, ცოტნე აღმსარებელი დადიანი, ღირსი ექვთიმე ათონელი, ღირსმოწამე ისააკი, ღირსი სტეფანე ხირსელი, მოწამე მეფე აშოტ კურაპალატი,
დიმიტრი ყიფიანი, მღვდელმთავარი ეფრემ დიდი მაწყვერელი, ღირსი გრიგოლ ხანძთელი. ღირსმოწამე იოსები, მოწამენი: სუქია და თექვსმეტი ქართველი.

ხატის წინა პირს უხვად ამკობს შენაწირი თვალ-მარგალიტი,ძვირფასი ბეჭდები, გულსაკიდები და სხვადასხვა სახის სამკაული, რომელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს უწმიდესისა და უნეტერესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის შეწირულობა. კარედის შუბლზე მეთექვსმეტე საუკუნის გულსაკიდი და ტრაპეზის ჯვრები ათონური ტიპისაა, ასევე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მკერდზე განაწილებული სამი გულსაბნევი და ერთი რთული შედგენილობის საყურე თვლებითა და ზომითაა გამორჩეული, ირმული წარმომავლობის ზურმუხტებით, ამეთვისტოებითა და საფირონებით.

ხატის ცენტრალური ნაწილის ქვედა არეში განთავსებულია წმიდა ნაწილები: ღირსი სპირიდონ მესეფისკვერის, ღირსი იოანე კიეველის, კლიმენტი რომის პაპის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმიდა პანტელეიმონ მკურნალის, წმიდა ნიკოლოზის, წმიდა ბარბარეს, პეტრე ათონელის, შიო მღვიმელის, წმიდა ევგენია დიდმოწამის, წმიდა იოანე დამასკელის, წმიდა გიორგის, წმიდა ანასტასია დიაკონის, წმიდა სერაფიმე საროველის, წმიდა სერგი რადონეჟელის, წმიდა მარიამ მაგდალინელის, სინას მთის ქვა, წმიდა მოწამე ლუკიანოსის, წმიდა გრიგოლ ილუმინატის, ღირსი მოსე უგრინი კიეველის, ღირსი იობი ბოჩაეველის, წმიდა ლუკა იკონომოსი პეჩორელის, ღირსი ისაია სასწაულთმოქმედის, ღირსი ნიკონ იღუმენის, წმიდა მოწამე თეოდორეს, წმიდა ნიფონტი ნოვგოროდელის, ღირსი კუკშას კიევიდან,ღირსი ანტიფას ვალაევსკიდან, ღირსი თეოფილე კიკაეველის, ცხოველსმყოფელი ჯვრის წმიდა ნაწილები, ღირსი ალექსანდრა სარაქსარელის, წმიდა მოწამე ევსტათის, ღირსი ილია მუროვეცის,ღირსი თეოდორა სანაქსარელის,წმიდა გერასიმე იორდანელის, წმიდა აღიპი პეჩორელის, დიდმოწამე მარინას, წმიდა მოწამე კვირიკეს, ბეთლემს წამებული 14000 ჩვილის, წმიდა იოანე ნათლისმცემლის, გარეჯსა შინა წამებული 6000 ბერის, მოწამე ბერი პეჩორელის, წრომის თადეოზ სტეფანწმიდელის მონასტრის, მღვდელმთავარ ალექსანდრე კრასნოდარის განმანათლებლისა და მღვდელმთავარ ლევ ელშოის წმიდა ნაწილები, – ეს არის იმ წმიდა ნაწილების ჩამონათვალი, რომლებიც უკვე მოთავსებულია ხატში.

ხატი მოჭედილია 900-იანი სინჯის ხალასი ოქროთი. მის ჭედურობაზე მუშაობდა დეკანოზი იაკობ აბაშიძე და მასთან ერთად რამოდენიმე მჭედელი. ხატის ზომაა 2 მეტრი 2 მეტრზე. ხატი შეიქმნა ფოკანის სახელოსნოში. ამ სამუშაოებს ორგანიზებას უწევდნენ: არქიმანდრიტი ილია ნასიძე, არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია და მრევლი ალექსანდრე ხარებავა.”

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი