მთავარი » დღესასწაულები

ხარება – სადღესასწაულო ქადაგება (07.04.2020)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.04.2020 | 292 ნახვა

ხარების დღესასწაულზე სამების საკათდრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი).

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ყველა დღესასწაულს აქვს განუმეორებელი და საოცარი შინაარსი დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდ სასწაულს, რომ სულიწმიდა ჩაისახა ყოვლადწმიდა ქალწულში, რომ მან შვას ძე ღვთისა მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმიდისა სამებისა. ერთ-ერთი დიდი მამა ჩვენი ეკლესიისა, გრიგოლ პალამა ამბობდა, რომ როგორც ღვთის ნების გარეშე შეუძლებელი იყო ასეთი დიდი სასწაულის აღსრულება, ასევე შეუძლებელი იყო ადამიანის ნების გარეშეც. რომ არ ყოფილიყო ასეთი ადამიანი, როგორიც იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.

ათასობით წელი დასჭირდა კაცობრიობას იმისთვის, რომ შობილიყო ასეთი ადამიანი. ყველა ადამიანზე აღმატებული, თვით ქერუბიმებზე და სერაფიმებზეც აღმატებული ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი. ადამიანი, რომელიც შეძლებდა ეთქვა ის სიტყვები, რომელიც წარმოსთქვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა: „აჰა, უფალო მეყავნ მე სიტყვისამებრ შენისა“. ასეთი მორჩილება და სიმდაბლე გამოავლინა მან. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე. შეიძლება ვთქვათ დღეს, რომ რაც მოხდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრებაში, ყოველი ჩვენაგანის ცხოვრებაშიც ეს წამი თუ წუთი, ჟამი დგება, როდესაც ჩვენ ჩვენს გულს, გონებას ეხება უფლის მადლი. როდესაც ჩვენ განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზე არის დამოკიდებული ის მიიღებს თუ არა იესო ქრისტეს თავის გულში. ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი და მარადიული ცხოვრება. ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე, უნდა ჩაისახოს ჩვენს გულში უფალი იესო ქრისტე, უნდა ჩაისახოს ჩვენს გულში, სულში. უფალი უნდა აღორძინდეს და გაძლიერდეს, უნდა შევიმოსოთ ღვთის მადლი“, – აღნიშნა მეუფე შომ.

მისივე თქმით, მართლმადიდებელი ელესია დღეს ასევე იოაკიმ და ანას ხსენების დრეს აღნიშნავს.

„ასევე დღეს ვიხსენებთ ჩვენ წმინდა იოაკიმ და ანას, ასევე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როგორ მოამზადა ისინი უფალმა, რამდენი განსაცდელი გამოიარეს მათ, იოაკიმ და ანამ, რამდენი დამცირება და დამდაბლება ათწლეულების განმავლობაში დაითმინეს მათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსცდელებით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერია მის განსაცდელების და მწუხარებათა გარეშე. რატომ ხდება ეს? – იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში, სულში, დაიმკვიდროს ეს ხდება დიდი სულიერი ბრძოლის და განსაცდელების შედეგად. ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი. დავფიქრდეთ ამაზე, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, რომ შევუდგეთ ყოვლადწმიდა ღვთიმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მან მრევლს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა გადასცა და აღნიშნა, რომ ილია მეორემ მთელი ცხოვრება შესწირა იმას, რომ მრევლის გულებში უფალი იშვას.

„გილოცავთ კიდევ ერთხელ. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას და ჩვენც ჩვენი მხრიდან ერთად ყველამ მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული, ვუსურვოთ დღეგრძელობა, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ მთელი ცხოვრება შესწრა, დაუთმო და დღესაც აგრძელებს სწორედ იმას, რომ საქართველოს მრევლის, ჩვენს გულებში იშვას ღმერთი, რომ ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის და იესო ქრისტეს გზას“, – აღნიშნა მეუფე შიომ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი