მთავარი » სხვადასხვა

წყალში ჩაძირული ქართული ტაძრები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.07.2012 8 კომენტარი | 24,121 ნახვა

წყალსაცავებში დატბორილი ქართული კულტურული მემვიდრეობის ძეგლების შესახებ “ამბიონს” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი ესაუბრა:

ჟინვალის ეკლესია “კომუნისტურ პერიოდში, როცა ყველაზე მთავარი ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავება გახლდათ, საკმაოდ დიდი სიმძლავრის წყალსაცავებს აგებდნენ. ამის მაგალითია წალკის, ჟინვალის, სიონისა და სხვა წყალსაცავები. ხეობაში, სადაც წყალსაცავი უნდა გაკეთებულიყო, რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობდა: ბაზილიკური ეკლესიები, ციხესიმაგრეები, კოშკები, თაღოვანი ხიდები… იმდროინდელი მთავრობა ამ ძეგლებს არაფრად აგდებდა და შესაბამისად, ტერიტორიებს ტბორავდა. საგულისხმოა, რომ ნებისმიერი წყალსაცავი გარკვეული პერიოდის, საშუალოდ 150-180-წლის შემდეგ თავის ფუნქციას კარგავს გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადგილებში დიდი რაოდენობის ნაშალი მასალა ხვდება…”

წალკის წყალსაცავში ჩაძირული ტაძარი

1946 წელს წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე ენერგეტიკული მიზნებისათვის წალკის წყალსაცავი გაკეთდა. ის თავისი მოცულობითა და ფართობით ყველაზე დიდია საქართველოში. წყალსაცავის მაქსიმალური სიღრმე 25 მეტრია, ფართობი – 33.7 კმ². წყალსაცავის ფუნქციონირებისას დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ამასთანავე, ეკლესიაც, რომელიც, სავარაუდოდ, მე-11 საუკუნეშია აშენებული.

გიორგი დვალაშვილი: “წალკის წყალსაცავის დატბორვა, ფაქტობრივად, 1947 წლიდან დაიწო. როგორც ლევან გოთუას უწერია, ერთ-ერთი სოფლის საეკლესიო პირი, რომელიც ამ ტერიტორიაზე წყალსაცავის აგებას ეწინააღმდეგებოდა, ეკლესიის წყლით შევსებასთან ერთად დაიხრჩო.

ეკლესია სოფელ ტბეთში მდებარეობს. წალკის ეკლესია ამ სოფელს ადრე ხადიკი ერქვა, უმეტესად ბერძნებით გახლდათ დასახლებული. ბოლო პერიოდში მათი უმრავლესობა საბერძნეთში დაბრუნდა. ამ ადგილზე ჩამოსახლება კი სვანებმა სვანეთში მომხდარი კატასტროფების გამო დაიწყეს. წალკაში, აჭარაში მომხდარი სტიქიური უბედურებების შედეგად რამდენიმე აჭარელი ოჯახიც გადმოსახლდა. დღეს ეს ტერიტორია ქართულ დასახლებადაა მიჩნეული.

წალკის წყალსაცავი ზამთრის პერიოდში იყინება და წყლის დონე საკმაოდ იკლებს. ამ დროს ეკლესიაც ჩნდება. დღეს ამ ბაზილიკური ტაძრის მხოლოდ 3 კედელია შემორჩენილი და ისიც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. ზამთრის პერიოდში, როცა წყალსაცავში წყალი მთლიანად გაყინულია, ტაძრამდე მისვლა უფრო ხელსაყრელია. წალკის ეკლესია სვანებმა ამ პერიოდს დაუკავშირეს თავიანთი სახალხო დღესასწაული – ლამპრობა. დიდი მარხვის დაწყებამდე მათ ამ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ლამპრები მიჰქონდათ და დღესასწაულობდნენ.

ტაძართან ახლოს არის ძველი ბერძნული საფლავები, რომლებიც დღევანდელი მონაცემებით მთლიანად დატბორილია. ტაძარში გვხვდება საინტერესო რელიეფური ქვები. ისინი ჯერ კიდევ იკითხება, ასევე, აქ გახლავთ ბოლნური ტიპის ჯვარი და რამდენიმე წარწერა, რომლის იდენტიფიცირებაც შესაბამისი დარგის სპეციალისტების პრეროგატივაა…

ტაძარი როდესაც წყალშია, უფრო დაცულია, მაგრამ წყლიდან გათავისუფლებისას მას საფრთხეს უქმნის ძლიერი ქარი, რომელიც ამ ადგილს ახასიათებს. ხდება ძეგლის გამოფიტვა და დაშლა. სამწუხაროდ, ღირებული ქვები და ორნამენტები დროთა განმავლობაში შეიძლება სულ დაიკარგოს.”

ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ტაძარი

მე-12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც დუშეთის რაიონში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ჟინვალის ეკლესია ჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა. სოფელი ჟინვალი მთლიანად წყალსაცავის ქვეშ მოექცა.

გიორგი დვალაშვილი: “ჟინვალის წყალსაცავი 1984 წლამდე დატბორილი არ გახლდათ, განსხვავებით წალკის წყალსაცავისგან, რომლის დატბორვაც 1947 წლიდან დაიწყო. თუმცა გარდა ბაზილიკური ტიპის ტაძრისა, აქ ძალიან ბევრი ნანგრევი ჩანს. 80-იან წლებამდე, სანამ ეს ტერიტორია დაიტბორებოდა, ეკლესია დიდი მნიშვნელობის წმიდა სალოცავსა და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენდა. ტაძრის წყლისგან გათავისუფლებისას მიმდინარეობს მისი კედლების შლა. ტაძრის ქვების გამოფიტვის პროცესი იმდენად სწრაფად ხდება, უახლოეს პერიოდში შეიძლება ჩამოიშალოს ის თაღიც, რომელიც ბაზილიკურ ტაძარს თავზე ჯერ კიდევ ადგას.

წყალსაცავი

ჟინვალის ეკლესიის იდენტური ტაძარი ამ ტერიტორიის სიახლოვეს აშენდა, სადაც 3 წელია წირვა-ლოცვაც მიმდინარეობს.
სამწუხაროა, რომ ეს სიძველეები 6 თვე წყალშია მოქცეული, 6 თვე კი წყლისგან თავისუფლდება. ამ დროს რთულია ტაძართან მისასვლელი გზაც.”

სიონის წყალსაცავში ჩაძირული ტაძარი

სიონის წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ივრის შუა წელში გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. ტაძარი, რომელიც სიონის წყალსაცავში მოექცა, ფეოდალური პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ადრეულ ძეგლს უნდა წარმოადგენდეს.

გიორგი დვალაშვილი: “როგორც ვიცი, სიონის წყალსაცავში ჩაძირული ტაძრის იდენტური მაკეტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ამ ეკლესიის რამდენიმე მცირე მასშტაბის ნანგრევი ჯერ კიდევ შემორჩენილია, თუმცა მათი დანახვა წყალდიდობისას შეუძლებელია.”

ბატონო გიორგი, უქმნის თუ არა საფრთხეს ეს წყალსაცავები სხვა კულტურულ ძეგლებს?

არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ჟინვალის წყალსაცავმა წლების შემდეგ შეიძლება რაიმე პრობლემა შეუქმნას ანანურის კომპლექსს, რადგან ამ ტერიტორიასთან წყალსაცავი სრულად მხოლოდ 40-50 დღე ივსება. თუ არ ჩავთვლით პატარა ბაზილიკებსა და ახალ ტაძრებს, არც წალკის წყალსაცავთან გვხვდება დიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვერც სიონის წყალსაცავზე ვიტყვით, რომ მისმა ფუნქციონირებამ რაიმე უარყოფითი როლი შეიძლება ითამაშოს გარემო პირობებზე.

დღეს წყალსაცავში ჩაძირული ძეგლები განადგურების პირასაა და ყოველწლიურად უარესობისკენ იცვლება მათი მდგომარეობა. ამ ტერიტორიებზე საფუძლვლიანი კვლევა არასდროს ჩატარებულა. წყალქვეშ სამუშაოების ჩატარება საკმაოდ რთულია, ამიტომ შესაბამისი ორგანიზაციებისა და უწყებების მხრიდან მათი კვლევა ტაძრების წყლისგან გათავისუფლების პროცესში უნდა მოხდეს. ამასთან, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა შეძლოს მათი მონახულება. წლების შემდეგ ეს წყალსაცავები ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ, ჩვენ კი ხელთ შლამში ჩაძირული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეგვრჩება.

სტატიაში გამოყენებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ცოდვათა შენდობისათვის აღსარება აუცილებელია. ხოლო სულიერი ზრდისათვის კაცს მოძღვარი სჭირდება", - პაისი მთაწმინდელი.