მთავარი » ქრისტიანობა

ჭორაობისა და ენის მიტანის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.06.2012 ერთი კომენტარი | 8,936 ნახვა

“ნუ გაიკვირვებ, თუკი ვინმე ცუდს ლაპარაკობს შენ შესახებ, რადგან ეს კაცთა მოდგმის უბოროტესი მტრის მანქანებით ხდება. ამ მზაკვრობით (უსამართლო კიცხვა–გმობით) იგი იმედოვნებს, დაგაბრკოლოს ჭეშმარიტების შეცნობაში.”

წმ. ანტონი დიდი

ჭორაობა, დაბეზღება, ენის მიტანა ერთ-ერთი ცუდი და გავრცელებული მავნე ჩვევაა. ამ ცოდვას ადამიანი საკუთარი ბოროტი ენით აღასრულებს. ჭორაობა ბევრი ქრისტიანი მთელი დღის განმავლობაში გარშემომყოფ ადამიანებზე განუწყვეტლივ ჭორაობს, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ჭორაობა ხომ დიდ შრომას არ მოითხოვს?!…

“ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ” (მათე 7,1), – უფლის ეს სიტყვები ხშირად არ გვახსოვს და ჩაფლულნი ვართ კრიტიკისა და ჭორების მორევში, ხშირად ცხოვრებაც არ შეგვიძლია უამისოდ.

საყურადღებოა წმ. მღვდელმთავარ გაბრიელის (ქიქოძე) სწავლება ამ ჩვეულების შესახებ: “ეს ცოდვა ერთნაირადაა გავრცელებული როგორც მდაბიოთა, ისე მაღალ წრეში, განსაკუთრებით კი ქალთა შორის. ზოგიერთი ქალი მთელ დღეს იმაში ატარებს, რომ ჭორი გაავრცელოს და ენა მიიტან-მოიტანოს; ასე რომ, ეს საქმე მისთვის დღიურ საზრდოდ ქცეულა. ვინ მოთვლის, რამდენი ვნებისა და მწუხარების მიზეზი გამხდარა ეს საძაგელი ჩვეულება, რამდენი მეზობელი, მოყვარე და ნათესავი გადაუმტერებია ერთმანეთისთვის. ერთი ძირითადი მიზეზი იმ სუძულვილის, შურისა და განხეთქილებისა, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ მეზობელთა, მოყვასთა და ნათესავთა შორის, სწორედ დაბეზღება და ენის მიტან-მოტანაა.

ზოგიერთს ეს ჩვეულება ცოდვადაც კი არ მიაჩნია, მაგრამ ვნახოთ, რას გვასწავლის საღმრთო წერილი, კერძოდ კი, მოციქული იაკობის კათოლიკე ეპისტოლე. მოციქული გვეუბნება, რომ ღვთის წინაშე სრული კაცი ისაა, ვინც არც სიტყვით სცდება. მას შეუძლია აღვირი მთელს სხეულს ამოსდოსო. ამას იმიტომ გვეუბნება, რომ ენით შეცოდება ადვილია და დიდ შრომას არ მოითხოვს და თუ იგი დაიმორჩილა კაცმა, სხვა ცოდვასაც ადვილად შეებრძოლება. იაკობ მოციქული ენას უწოდებს ცეცხლს, სიცრუის სამკაულს, მთელი სხეულის შემაგინებელს. მართლაც, თუ ვინმეს ენას მიუტან და შენს მოყვასს ბოროტად დაასმენ, მის გულში შურისა და სიძულვილის ცეცხლს დაანთებ; თანაც ენის მიმტანი მარტო იმას კი არ ამბობს, რაც გაიგონა, არამედ ხშირად თავისას უმატებს, ავრცელებს და ამკობს. ე.ი. მოციქული სამართლიანად უწოდებს ენას სიცრუის სამკაულს. ენა ბოროტისა სავსეა მომაკვდინებელი გესლით, რომელიც მსგავსად გველის გესლისა, წამლავს და კლავს ადამიანს. აი, როგორ მკაცრად კიცხავს საღმრთო წერილი ბოროტი ენის მოქმედებას. კაცმა კარგად უნდა იფიქროს და მერე თქვას ყოველი სიტყვა.”

წმ. ილია მართლის თქმით, “ჭორი და ცილი – ეგ უკადრისი იარაღი სუსტისა და უკადრისის კაცისა – ჩვენი იარაღი არ იქნება საომარს სარბიელზედ და არც უმართებულოდ ხსენება ჩვენის მოპირისპირისა. ჩვენს თავს არ ვაკადრებთ, ადამიანის სინიდისი საქანელად გავიხადოთ. ადამიანის განზრახვით შესაბღალვად იმისთანა საბუთს არ ვიხმართ, რომელშიაც იგულისხმება კარგიც და ავიც ადამიანის სურვილისა და რომლის მარტო ავ მხარეს ჰკიდებს ხოლმე ხელს უძლურება და სიბრიყვე ადამიანის შესამწიკვლელად მაშინ, როდესაც საბუთიდან მეორე დასკვნის გამოყვანაც შეიძლება სასარგებლოდ ადამიანის განზრახვისა. ეს პირველი ანბანი ადამიანობისა და ზნეობისა შერყეულია ჩვენში…”

“გახსოვდეთ, რა დიდი ცოდვა არის ენის მიტანა და ცუდად შეგონება კაცისა, მეტადრე თქვენ, დედანო ქრისტიანენო, ნუ დაივიწყებთ ამას. რათგანაც თქვენ დღეს ყოველნი მოსრული-ხართ ამა წმიდა უდაბნოში. ზოგიერთნი – შორითგან, ზოგიერთმა ღამეც გაათიეთ და ძილიც მოიკელით, ცისკარი მოისმინეთ და წირვა, მაშასადამე, არა მცირედი შრომა მიიღეთ, ახლა შეავსეთ და დააგვირგვინეთ თქვენი შრომა მით, რომ ეს მცირე-ოდენი სწავლა მიიღეთ გულში და ნუ დაივიწყებთ, რა დიდი ცოდვა არის ენის მიტანა კაცთან, შეგონება და დასმენა ერთი მეორესთან. თუ ამ კეთილს განზრახვას მიიღებთ, რომ ამას იქით ამ ცოდვას განეშოროთ, უთუოდ რომ წმიდანიცა მოწამენი იქმნებიან თქვენი შემწენი ამ კეთილ საქმეში,” – წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი