მთავარი » საზოგადოება

წოდებრივი სტრუქტურა და სტრატეგია ქვემო ქართლში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.04.2017 | 1,266 ნახვა

ვაგრძელებთ სტატიათა სერიას, რომელიც ეძღვნება ქვემო ქართლს,მის წარსულს და თანამედროვეობას, განხილულ იქნება ქვემო ქართლში შემავალი ადმინისტრაციული რაიონების სხვადასხვა შესაძლებლობები. მათ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები და სხვა, სამშვილდე ეს განხილვები ხელს შეუწყობს ამ ჟურნალის მკითხველს უფრო კარგად გაეცნოს და დაინტერესდეს ქვემო ქართლით.

წინა სტატიაში ჩვენ შევჩერდით თარიღზე, რომელმაც განაპირობა XII საუკუნის საქართველოს მთელი ისტორია. ეს იყო 1121 წელი. ამ თარიღმა ასევე განაპირობა საქართველოს, როგორც ერთიანი ქვეყნის, ერთიანი ერის ჩვენამდე მოტანის ისტორია. ერის ისტორიაში დიდგორის ბრძოლამ შეძლო სრულად შემოეტრიალებინა ერის ფსიქოლოგია, ერისა, რომელსაც მანამდე დაკარგული ჰქონდა ტერიტორიები, დედაქალაქი და ფაქტობრივად იმყოფებოდა გარეშე ძალებზე დამოკიდებულ მდგომარეობაში, მაგრამ, სანამ ამ ფაქტამდე მივიდოდა ერი, მანამდე მას მოუხდა მრავალი ჭირ-ვარამის გამოვლა. მთელ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მე-8-10 საუკუნიდან ,,სრულიად საქართველო” ერქვა, ამდაგვარი დანაწევრებული და სხვისი მმართველობის ქვეშ ტერიტორიას წარმოადგენდა ქვემო ქართლი, რომელმაც VII-დან IXს-მდე პერიოდში არაბების და თურქების აურაცხელი შემოსევა განიცადა, ამიტომაც ამჟამად აუცილებელია გავერკვიოთ თუ რა სოციალურად მდგრადი საზოგადოება იყო საქართველოში და, მათ შორის, ქვემო ქართლში, რომელმაც შეძლო წინააღმდეგობა გაეწია ისეთი მძლავრი იდეოლოგიური ფაქტორისათვის, როგორიც იყო ისლამი. ამავე დროს აქ, ქვემო ქართლში, დაძაბულობის პიკს მიაღწია თვით ქრისტიანულ რელიგიაში დაწყებულმა განხეთქილებამ, როგორიც იყო ქართულ-სომხური რელიგიური დაპირისპირება.

როგორც წინა სტატიებში აღვნიშნეთ, ვახტანგ გორგასალმა, ჩაატარა რა გარკვეული სასულიერო რეფორმა, დააარსა 12 საეპისკოპოსო, ამათგან 4 ქვემო ქართლის ტერიტორიაზე იყო: მანგლისი, ბოლნისი, რუსთავი და აგარაკი ანუ ცურტავი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ 4 საეპისკოპოსოდან, იმ დროს აშენებული საკათედრო ტაძრებიდან 2 – ბოლნისისა და მანგლისის – ჩვენამდე პირვანდელი სახით მოვიდა, მაშინ ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ როგორი და რამხელა მონასტრები იქნებოდა აშენებული ასევე რუსთავში და აგარაკში ანუ ცურტავში, მითუმეტეს, რომ სწორედ ცურტავის ეპისკოპოსს ეკუთვნოდა გარდაბნის მრევლიც. ისტორიული წყაროებიდან კარგად ჩანს, რომ ცურტავის ეპარქიაში შედიოდა არამარტო გაჩიანი (იმდროინდელი გაჩიანი იყო ვრცელი მხარე, რომელიც იწყებოდა აღმოსავლეთით მტკვრიდან და მისდევდა მდინარე ქციის ხეობას, ხოლო სამხრეთით მიდიოდა ,,მთა პირველწოდებულამდე”, ანუ ამჟამინდელი ერევნის ქედი, სევანის ტბის ჩრდილოეთით). ცურტავის საეპისკოპოსოში შემოდიოდა როგორც ქართველი, ისე სომეხი მრევლი, ხოლო გარდაბნის მხარეში, ამავე საეპისკოპოსოში ქართველებთან ერთად შემოდიოდნენ ალბანელებიც.

დროებით მოვწყდეთ ქვემო ქართლში რელიგიურ თემაზე ქართველთა, ალბანელთა და სომეხთა წინააღმდეგობის დაწყების საკითხებს, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა VI საუკუნეში და გადავხედოთ იმდროინდელ საქართველოს და მათ შორის, ქვემო ქართლის მოსახლეობის სოციალურ სტრუქტურას. ( ეს, გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციებისა, საშუალებას მოგვცემს უკეთ დავინახოთ იმდროინდელი ქართული საზოგადოება). მაშ ასე, ფარნავაზიდან მოყოლებული ქვეყანას მართავდა მეფე. ფარნავაზის ადმინისტრაციული რეფორმით ქვეყანა დაიყო საერისთავოებად ქვემო ქართლში. ფარნავაზის დროიდან იყო 2 დიდი საერისთავო: ხუნანის( გარდაბნის) და სამშვილდის(ორბეთის). ამის გარდა, უკვე შუა საუკუნეების დასაწყისში, ქვემო ქართლში აღმოცენდა მრავალი წვრილი საერისთავო. იმ დროს ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურა ემყარებოდა წოდებრივსა და ფეოდალურ წყობას.

მოსახლეობა დაყოფილი იყო 4 წოდებად. უმაღლეს წოდებას წარმოადგენდნენ: აზნაურები, ვაჭრები, ხელოსანნი და მსახურნი, ყველაზე ბოლოს იყვნენ გლეხები. ყველა ამ წოდებათა შიგნით არსებობდა სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს, თავისუფალს, საეკლესიო და ყმებს შორის, ანუ ეს იყო სრულყოფილი ფეოდალური სტრუქტურა, რომელზეც იდგა სახელმწიფო. ყველა ეს წოდება სახელმწიფოსთან და სახელმწიფოს დაცვასთან თავისებურად იყო ,,მიბმული”. აქ არსებობდა ერთგვარი სოციალური ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ სოციალურ ფენას თავისებური კანონიერი ,,სოციალური ვალი” უნდა მოეხადა მეფისა და ქვეყნის წინაშე. ამ ,,სოციალური ვალის” პირველი ფორმა იყო სახელმწიფო გადასახადები, რომელსაც ყველა წოდება დადგენილი რაოდენობით იხდიდა. იყო ასევე გამონაკლისი, რომლის დროსაც ზოგიერთი პირი გადასახადის გადაუხდელობის იმუნიტეტით სარგებლობდა. ასეთივე იმუნიტეტით, მათ შორის სამოსამართლეოთი, სარგებლობდა საეკლესიო ორგანიზაციები, იყო სამხედრო და სამონადირეო ბეგარა, რომლისგანაც არავინ არ თავისუფლდებოდა, გარდა არასრულწლოვნებისა, დავარდნილი მოხუცებისა და ხეიბრებისა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სამონადირეო ბეგარა, როგორც ვარჯიში სროლაში და გარკვეული წვრთნა, მიჩნეული იყო უაღრესად მნიშვნელოვან საქმედ, ისევე, როგორც ომი. აქედან გამომდინარე, საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა ომისადმი მიდგომის შემდეგი პრინციპი: აზნაურთა და დიდგვაროვანთათვის – ქუდზე კაცი, ხოლო გლეხთათვის – კომლზე კაცი, ამას ემატებოდა მეფის მიერ სალაშქროდ გამოყვანილი ჯარის წყობა, ანუ ყვალა მხარის ერისთავმა იცოდა ბრძოლის დროს სად უნდა მდგარიყო.

საუკუნეთა განმავლობაში ქართული ჯარის წყობა არ შეცვლილა, იგი ასეთი იყო: ქვემო ქართლის ჯარი, როგორც მეწინავე სადროშისი, იდგა წინა რიგებში. (მანამდე, დაახლოებით XVI საუკუნემდე, ქართული ჯარის წინა ნაწილებში იყვნენ მესხნი, მაგრამ ოსმალების მიერ ამ მხარის საბოლოოდ საქართველოსგან ჩამოჭრამ ეს პრინციპი შეცვალა), შემდგომ მარჯვენა მხარეს იდგა დასავლეთ საქართველოდან მოსული ჯარი, მარცხნივ იდგნენ კახნი, ცენტრში – მეწინავე ჯარის ზურგს უკან იდგნენ მეფე და მისი სპა, ჯარს ზურგს უმაგრებდნენ შიდა ქართლის მეომრები. ასე, რომ ყველამ იცოდა სად და როგორ უნდა მდგარიყვნენ და ეწარმოებინათ ბრძოლა. დავაკვირდეთ: ჯარის წყობაც საუკუნეების მანძილზე მიმართული იყო ძირითადი დარტყმის მოგერიებისათვის – სამხრეთიდან.

გაგრძელება იქნება

მოამზადა ისტორიკოსმა გოჩა ომაიძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი