მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.12.2014 4 კომენტარი | 5,665 ნახვა

6 დეკემბერი – ხსენება მოწამისა გრიგოლ არქიმანდრიტისა, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებულისა (1942)

“მართლმადიდებლობა არის და იქნება უდიდესი განძი, რომელიც ჩვენ ერს ოდესმე ჰქონია. ამ განძისთვის მსხვერპლად ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები. მართლმადიდებლობა  არის ღირებულება – მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც” – გრიგოლ ფერაძე.

გრიგოლ ფერაძერამდენიმე წლის წინ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა მამა გრიგოლის მოღვაწეობა და 1995 წლის 19 სექტემბერს სვეტიცხოველში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა.

მამა გრიგოლი 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში (სიღნაღი) მღვდლის რომანოზ ფერაძის ოჯახში დაიბადა. დედა – მარიამ სამადაშვილი მოძღვრის ქალიშვილი გახლდათ. გრიგოლს 2 ძმა ჰყავდა: უფროსი – არჩილი და უმცოსი – ვასილი. მათი გვარი სამღვდელო ყოფილა. გრიგოლ ფერაძე თავის ერთ-ერთ მოთხრობაში გადმოგვცემს, რომ მისი წინაპრები მწყემსები იყვნენ, მაგრამ ერთხელ, როცა უდაბნო ადგილას ორი მწყემსი დარაჯობდა ფარას, ზარების ხმა გაისმა და ერთ-ერთ მწყემსს ეუწყა, რომ მისი შთამომავლები უნდა ქცეულიყვნენ ადამიანების სულების მწყემსებად. მამა გრიგოლი წერს: “იმ დროიდან იწყება ახალი ჟამი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. ცხვრის მწყემსები სულთა მწყემსებად გადაიქცნენ. ჩვენ, ბავშვებს, ზამთარში საღამოობით გვიყვებოდნენ იმ ბედნიერ მწყემსებზე – ჩვენს წინაპარსა და მის მეგობარზე”.

1913 წელს გრიგოლმა თბილისის სასწავლებელი დაამთავრა, 5 წლის შემდეგ – სემინარია, 1918 წელს კი სწავლა განაგრძო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, პარალელურად კი სოფელ ხანდაკის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ამასობაში გრიგოლს “სამხედრო ბეგარის” დრომაც მოუწია და იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა. სამივე ძმა 11-ე არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. საქართველოს ანექსიის შემდეგ ჯარიდან დაბრუნებულს დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფელ მანავში გააგზავნა მასწავლებლად.

1921 წელს გარე კახეთის სამღვდელოებამ გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე გრიგოლი წარმომადგენლად გააგზავნა. აქვე გადაწყდა მისი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრების საკითხი მიტროპოლიტ ნაზარისა და პროფ. კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით. გრიგოლის უცხოეთში გაგზავნით კათოლიკოსიც ყოფილა დაინტერესებული. “მახსენდება უკანასკნელი აღდგომის დღესასწაული სამშობლოდან გამომგზავრებამდე” – წერს მამა გრიგოლი. – “ეს იყო 1921 წლის 1 მაისი. ლოცვას აღავლენდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, წირვის დამთავრებისას, როცა პატრიარქი ტაძრიდან გამოვიდა, შეჩერდა, მან ჩემი ორივე ხელი აიღო და მამობრივი მზრუნველობით წარმოთქვა მრავალგზის: განეშორე, იხსენი შენი სიჭაბუკე! შევიგრძენი მამა-შვილური მზრუნველობა, სიმწარე, ტკივილი დ სევდაც”. საკათოლიკოსო საბჭომ, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა 1921 წლის ნოემბრის დამდეგს სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლი არტურ ლაისტის დახმარებით ბერლინში გაგზავნეს. მას დაენიშნა “დოქტორ ლეპ სიუს დოიჩე ორიენტ-მისიონის” სტიპენდია.

გერმანიაში ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიასა და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, შემდეგ კი ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა. კურსდამთავრებულ მაგისტრს ნაშრომისათვის “მონაზვნობის დასაწყისი საქართველოში” ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მოკლე ხანში მან 12-ზე მეტი ენა ისწავლა, მათ შორის ძველებრაული, ძველბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური და ძველსომხური ენები. მოგვიანებით ლათინური, ინგლისური და ფრანული ენებიც შეისწავლა. ამათ გარდა იცოდა გერმანული, რუსული და ძველსლავური. 1925-27 წლებში ბრიუსელში კათოლიკე ბერთა ორდენში მუშაობდა. ამასობაში საქართველოში კომუნისტური წეს-წყობილება დამყარდა და უცხოეთში მყოფ ქართველებს სამშობლოში დასაბრუნებელი გზა შეეკრათ. მაშინ მამა გრიგოლი ლონდონში გაემგზავრა და ოქსფორდის ბიბლიოთეკაში ქართულ ხელნაწერებს გაეცნო. ფრანგულად თარგმნა წმიდა პეტრე მოციქულის ლიტურგიის ქართული ვერსია. 1927 წელსვე ბონის უნივერსიტეტში ქართულ-სომხური ლიტერატურის და ენების ლექტორად, პრივატ-დოცენტად მიიღეს. მისი გამოკვლევები სამეცნიერო პერიოდიკაში სისტემატურად იბეჭდებოდა. მამა პეტრიკი წერდა: “ამ გამოკვლევებმა იმთავითვე მოუხვეჭეს დოქტორ გრიგოლ ფერაძეს ახლო აღმოსავლეთის ადრეული ქრისტიანობის პრობლემატიკის ერთი უთვალსაჩინოესი სპეციალისტის სახელი”.

1929 წელს მამა გრიგოლი ბერლინში დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა. ამავე წელს მისი თაოსნობით პარიზის ქართული სამწყსოს კრება ჩატარდა, სადაც პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ეკლესია დაარსდა. 1930 წელს შობის დღეებში იგი მძიმედ ავად გახდა. სიკვდილის პირას მისულს საოცარი ხილვა ჰქონია, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ბოლომდე უფლისათვის მიეძღვნა თავი. 1931 წელს სრულიად ახალგაზრდა ლონდონის წმიდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა, 19 აპრილს იქვე დიაკვნად ეკურთხა, ხოლო 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხეს და მის მიერვე დაარსებულ წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წინამძღვრად გაამწესეს.

მამა გრიგოლის გაუნელებელი ტკივილი საქართველო იყო. თითოეული მისი ნაბიჯი სამშობლოში დასაბრუნებელი გზის ძებნა გახლდათ. აი, რას წერდა იგი კორნელი კეკელიძეს: “საშინლად ვიტანჯები, არაფრის ხალისი არ მაქვს, თუმცა ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ. რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სამშობლოში?”

გრიგოლ ფერაძეგრიგოლ ფერაძე იძულებული იყო შეგუებოდა ემიგრანტის მძიმე ხვედრს. 1932 წლიდან ოსფორდის უნივერსიტეტში ქართული ეკლესიის ისტორიას კითხულობდა, ხელმძღვანელობდა ვარშავის უნივერსიტეტის პატროლოგიის კათედრას მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტზე. საბერძნეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკებში მან 162 ქართული ხელნაწერი გამოავლინა, პოლონეთის მართლმადიდებლურ მონასტრებში _ ისტორიული, პალეოგრაფიული და არქეოლოგიური მასალები. მან მიაკვლია გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ დაარსებულ პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონს (წესდებას). ათონის მთაზე 15 ქართული ხელნაწერი შეიძინა. გრიგოლმა ევროპის ჟურნალებში შემდეგი შრომები გამოაქვეყნა: “ეპისტოლე წმინდისა დიონისესი ბრძენმთავრისაი და ათონელთა ეპისკოპოსისაი”, “ბესარიონ გაბაშვილის გამოუქვეყნებელი ლექსები” უორდროპის კოლექციიდან”, “გიორგი ქართველი ერის შემოქმედებაში (ქართული წარმართობის შესახებ)”, ”ძველ-ქართული ლიტერატურა და მისი პრობლემა”, “ბიბლიის ქართული თარგმნის საკითხისათვის”, “ძველი საეკლესიო მწერლობის პრობლემა”, “ქართველი ბერები და მონაზვნები პალესტინაში” და სხვ. მისი თაოსნობით გამოიცემოდა ჟურნალი “ჯვარი ვაზისა”. აქ დაბეჭდილი მასალებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: “განმარტება მამაო ჩვენოსი – შინაარსი ჭეშმარიტი მოქალაქეობისა”, პოემა “რომელი ქერუბინთა”. მან ასევე პოლონურ ენაზე გამოსცა ჟურნალი “პატროლჟია”. მამა გრიგოლი დაუღალავად იღწვოდა პარიზის ქართული ეკლესიისათვის. მან შეადგინა ქართული ეკლესიის წესი, რომლის თანახმადაც ამ ტაძარში მხოლოდ ქართველ მღვდელმსახურებს უნდა ემსახურათ და აუცილებლად ქართულ ენაზე. ეს დიდი ნუგეში იყო სამშობლოს მოწყვეტილი ქართველობისათვის.

მამა გრიგოლთან თანამშრომლობდნენ ქართული ემიგრაციის რჩეული წარმომადგენლები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, მიხეილ წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი, გიორგი გვაზავა, კალისტრატე და ნინო სალიები, ვიქტორ ნოზაძე, გიორგი ნაკაშიძე და სხვანი. მეგობრობდა ნიკო მართანაც.

საქართველოში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ იცოდა გრიგოლ ფერაძის ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ. ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ უცხოეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადამრჩენელი, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, გრიგოლ ფერაძეც არის. მას საგანძურის შეფასება დაევალა. გრიგოლმა ყველაფერი აღნუსხა და ასეთი საექსპერტო დასკვნა დაწერა: “ეს ნივთები მატერიალურად ნაკლებად ფასეულია, მათ მხოლოდ ქართველი ერისთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა”. ფაშისტები ენდნენ გამოჩენილ მეცნიერს და განძზე ფიქრს თავი დაანებეს.

1939 წელს მამა გრიგოლი პოლონეთში მიიწვიეს. ვარშავაში თეოლოგიურ მეცნიერებათა შესავალს ასწავლიდა. მისი ლექციები განმსჭვალული იყო წმინდა მამების შემოქმედებითი სულით. ზრუნავდა მოსწავლეებზე და ღარიბ სტუდენტებს მატერიალურადაც ეხმარებოდა. მამა გრიგოლმა ძველბერძნულიდან თარგმნა “ქებათა ქება”, ქართულიდან ინგლისურად – კორნელი კეკელიძის გამოცემა “შობის განჩინება”, გამოკვლევა “უცხოელი ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში” და სხვ.

ომის დროს ფაშისტები სასტიკად ექცეოდნენ ხალხს, აწამებდნენ, ხოცავდნენ, განსაკუთრებით კი – პოლონელებსა და ებრაელებს. მამა გრიგოლი ასეთ ადამიანებს იფარებდა და ეხმარებოდა. ქუჩაში მკვდრებს აპატიოსნებდა. გესტაპომ იგი დააპატიმრა. გრიგოლ ფერაძე ჯერ პავიაკის ციხეში იმყოფებოდა, 1942 წელს კი ოსვენციმში გადაიყვანეს. ამავე წლის 6 დეკემბერს იგი დაიღუპა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, გრიგოლთან ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა მიუსაჯეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, სასჯელი საკუთარ თავზე აუღია და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.

ვიქტორ ნოზაძის თქმით, “გრიგოლი იყო პიროვნულად უმწიკვლო, განუსაზღვრელად სპეტაკი და ღრმად მორწმუნე. მას ჰქონდა ძვირფასი ქართული გარდამოხსნა, რომელშიც ათასობით ოქროს აძლევდნენ, მაგრამ არ ჰყიდდა, საქართველოს მუზეუმს უნდა მივართვაო”.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი