მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა მოციქული იუდა (ლებეოსი, თადეოზი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.08.2012 | 3,492 ნახვა

წმინდა მოციქული იუდა (ლებეოსი, თადეოზი)წმინდა მოციქული იუდა (იგივე ლებეოსი და თადეოზი) განეკუთვნება უფლის თორემტი რჩეული მოწაფის რიცხვს და იგი არ უნდა აგვერიოს ქრისტეს გამცემ იუდა ისკარიოტელში. დაიბადა გალილეის ქალაქ ნაზარეთში, შთამომავლობით იყო დავითისა და სოლომონის ტომიდან, რადგან მისი მამა იყო მართალი იოსები, შემდგომში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამწინდველი.

დედა ვინ ჰყავდა, დანამდვილებით ცნობილი არ არის, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს სალომეა იყო, ანგიას – წმინდა ზაქარიას ძმისწულის ასული და, ამდენად, იოანე ნათლისმცემლის ნათესავი. მართალია, იუდა ხორციელად უფლის ნათესავად – ძმად ითვლება, მაგრამ ასე არ იწოდება. ჩვეულოებრივ მას მოიხსენიებენ როგორც წმინდა მოციქულ იაკობის ძმას, რომელიც ასევე მართალი იოსების ძე და შემდგომში იერუსალიმის პირველი მღვდელმთავარი იყო. ეს წოდება იუდა მოციქულმა თავისი დიდი მორჩილებისა და თავმდაბლობის გამო მიიღო, რადგან თვითონვე უღირსად მიიჩნევდა თავს უფლის ხორციელ ძმად წოდებულიყო: ამ ქვეყანდ უფალ იესო ქრისტეს საზოგადო მხსნელი მსახურების დაწყებამდე მან შესცოდა მის წინაშე ორმაგად – მცირედ მორწმუნეობით და ძმის უყვარულობით. მას წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გვიმოწმებს თავის სახარებაში, როცა წერს – არცა ძმათა მისთა ჰრწმენა იესო ქრისტეო (7,5).

სახარების ამ ადგილის განმარტებისას წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი (+1085წ) წერს, რომ აქ ქრისტეს ძმებში მართალი იოსების შვილები იგულისხმებიან. კერძოდ იგი ამბობს:

“ქრისტეს, სხვებთან ერთად, მისი ხორცილეი ძმებიც კიცხავდნენ, იოსების შვილები (რომელთაგან ერთ-ერთი იუდა იყო). საიდან იყო მათში ესოდენი ურწმუნოება უფლისადმი? – მათივ საკუთარი გარდაქცეული ნებიდან და შურისაგან, რამეთუ, საერთოდაც, ნათესავებს უფრო მეტად ახასიათებთ შურის გრძნობა ახლობლისადმი, ვიდრე გარეშეთ”.

აქედან ცხადია, რომ თავისი მცირედმორწმუნეობით იუდამაც შესცოდა უფლის წინაშე.

მაგრამ, ამას გარდა, მან ძმის უყვარულობითაც შესცოდა იესო ქრისტეს წინაშე, როგორც ეს წმინდა იაკობ მოციქულის – ხორციელად უფლის ძმის “ცხოვრებაშია” მოთხორბილი. როცა იოსებმა ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ თავისი მიწის განაწილება იწყო შვილებს შორის, რომლებიც პირველი ცოლისაგან ჰყავდა, გადაწყდა იესოსთვისაც – ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისაგან ზებუნებრივად – უხრწნელად შობილი ღმერთკაცისთვისაც მიეცა წილი; იესო მაშინ ჯერ კიდევ ყრმა იყო. იოსების სამმა ძემ, და მათ შორის იუდამაც, არ ისურვა იესოს თანამონაწილედ მიღება, რადგან ის სხვა დედისაგან იყო შობილი; მხოლოდ მეოთხე ძმამ – წმინდა იაკობმა მიიღო იგი თანამონაწილედ და ამისთვის ხორციელად უფლის ძმად იწოდა. მიტომაც, რაკი შეგნებული ჰქონდა თავისი უწინდელი ცოდვები – მცირედმორწმუნეობა და ძმისუყვარულობა, იუდა არც გაკადნიერებულა იმად, რომ თავისთვის ხორციელად უფლსი ძმა ეწოდებინა. ამიტომაც თავის ეპისტოლეში იგი ას ეწერს: “იუდა, იესო ქრისტეს მონა და ძმა იაკობისი” (იუდა 1, 1)

გგარდა ამ სახელისა, იუდას სხვაგვარადაც უწოდებდნენ. მაგალითად, მათე მახარებელი მას უწოდებს ლებეოსს, “რომელსა ეწოდა, თადეოზ” (მათე 10,3). ეს სახელები მოციქულ იუდას სამართლიანად ეწოდა , რადგან სიტყვა “ლებეოს” ნიშნავს “გულითადს”, და იუდას მიმართ იგი აღნიშნავს შემდეგს: იუდამ, თავის მიერ დაშვებული შეცდომების შემდგომ, შეიცნო, რომ იესო არის ჭეშმარიტი მესია – ქრისტე ღმერთი და მთელი სულით და გუილით შეუდგა მას.

სიტყვა “თადეოზი” კი “მაქებარს, მადიდებელს” ნიშნავს, და წმინდა მოციქულ იუდას ასეც უწოდებდნენ იმის გამო, რომ იგი ღირსსაფერად განადიდებდა და აღიარებდა უფალ იესო ქრისტეს, როცა ქვეყნად მრავალ ერს უქადაგებდა სახარებას.

წმინდა მოციქულ იუდას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ძალზე მცირე რამაა ცნობილი. იმპერატორ დომიციანეს ზეობისას (81-96 წწ) იუდას ორი შვილიშვილი, რომლებიც კეთილმსახური ქრისტიანები იყვნენ და საკუთარი ხელით ამუშავებდნენ მიწას, მწვალებელთა შესმენით ხელმწიფეს წარუდგინეს განსასჯელად როგორც დავითის შთამომავალნი და იესო ქრისტეს ხორციელი ნათესავნი, და ამის გამო, ვითომცდა, საშიშნი რომის იმპერატორისათვის. მაგრამ, როცა იმპერატორი დარწმუნდა, რომ ისინი არანაირ პოლიტიკურ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ, გაათავისუფლა და მშვიდობით განუტევა.

წმინდა მოციქული იუდა, მსგავსად ხორციელად უფლის სხვა ძმებისა მხნედ განავრცელებდა ღვთის სიტყვას ბევრ ქვეყანაში. უფალ იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ იგი, ისევე, როგორც სხვა წმინდა მოციქულები სახარების საქადაგებლად გაემართა. საეკლესიო მემატიანის ნიკიფორე კალისტეს მოწმობით (XIVს.), “ღვთაებრივი იუდა, ისკაროიტელი კი არა, არამედ სხვა, რომელსაც ორი სახელწოდებაც ჰქონდა მიღებული – თადეოზი და ლებეოსი, ძე იოსებისა და ძმა იაკობისა, იერუსალიმის ტაძრის სახურავიდან რომ ჩამოაგდეს ქრისტეს მოძულე იუდეველებმა, სახარებას ქადაგებდა და ქრისტიანობას განავრცელებდა ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიაში, იდუმეაში, მერე კი – არაბეთში, სირიასა და მესოპოტამიაში, ბოლოს კი ქალაქ ედესოში მივიდა, სადაც მეფე ავგაროზი ზეობდა და სადაც სახარებას მანამდე სხვა თადეოზი ქადაგებდა – 70-თაგან წმინდა მოციქული” (ხსენება 21 აგვისტოს და 4 იანვარს). სწორედ ეს მეფე ავგაროზი იყო, რომელმაც უფალ იესო ქრისტესთან მხატვარი გაგზავნა და დაავალა – მაცხოვრის ღვთაებრივი პირისახე გამოხატე და აქ მომიტანე, რათა მისი ზემოქმედებით სნეულებისაგან განვიკურნოო. და როგორც გადმოცემით ვიცით, მხატვარმა ვერ შეძლო ამ დავალების შესრულება, რადგან უფლის პირი-სახე ისეთი გაბრწყინებული იხილა, რომ ვერაფერს ხედავდა; მაშინ უფალს ტილო აუღია, პირისახეზე მიუდვია და მასზე სასწაულებრივად გამოსახულა მისი ღვთაებრივი ხატი. სწორედ ესაა პირველი ხელთუქმნელი ხატი უფლისა, რომელიც თავიდან მეფე ავგაროზს ჰქონდა ქალაქ ედესოში. აქ ჩამოსულმა წმინდა იუდა მოციქულმაც ბოლომდე მიიყვანა თავისი წინამორბედის – თადეოზ მოციქულის საქმე და ქრისტეს ეკლესია დააფუძნა ედესოში.

არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა იუდა მოციქული სპარსეთშიც ქადაგებდა ქრისტიანობას; სწორედ აქ დაწერა მან ბერძნულ ენაზე თავისი საზოგადო ეპისტოლე. მის დასაწერად იგი აღძრა შემდეგმა გარემოებამ: ხშირი იყო შემთხვევები, როცა მორწმუნე ქრისტიანთა ერთობებში – პირველ ეკლესიებში – უკეთური ადამიანებიც შეიპარებოდნენ ხოლმე, რომელნიც საღმრთო მადლს უსჯულოებად მიაქცევდნენ და ვითომცდა ქრისტიანული თავისუფლების საბაბით ყოველგვარ საძაგელ საქმეს სჩადიოდნენ. ამიტომ აუცილებელი იყო მათი მხილება და მორწმუნეთა გაფრთხილემა მათ გამო. ეს არის ძალზე მოკლე ეპისტოლე (მისი ერთადერთი თავი შეიცავს 25 მუხლს), მაგრამ აღსავსეა ბევრი ღრმა და სამოძღვრებო აზრით. მასში, კერძოდ, ერთის მხრივ, მოცემულია დოგმატური სწავლებაც: ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოს, იესო ქრისტეს ხორციელ-ქმის, კეთილ და ბოროტ ანგელოზთა განრჩევისა და მომავალი საშინელი სამსჯავროს – განკითხვის დღის შესახებ; ხოლო მეორეს მხრივ – აქ არის ზნეობრივი მოძღვრებაც: მოციქული მოუწოდებს და შეაგონებს მორწმუნეებს ყველანაირად ერიდონ ცოდვის არაწმინდებას-ხორციელ სიამეთ, გმობას, ამპარტავნებას, ურჩობას, შურს, სიძულვილს, ვერაგობას და მზაკვრობას სხვათა მიმართ; იგი ყველას ურჩევს განუხრელად ადგნენ თავ-თავიანთ მოვალეობებსა და მსახურებებს, ყოველთვის ლოცულობდნენ, მტკიცენი იყვნენ რწმენაში და სიყვარულში; ამასთან, შეგვაგონებს ვზრუნავდეთ შეცთომილთა და გზააბნეულთა მოქცევისათვის და თავსაც შემოვიზღუდავდეთ საძაგელ მწვალებელთაგან, რომელთა სულისდამღუპველ ზნე-ჩვეულებებს მკაფიოდ წარმოადგენს და აცხადებს, რომ ყველა მწვალებელი ადამიანი ისევე წარწყმდება, როგორც ქალაქ სოდომის ბილწი მცხოვრებნი წარწყმდნენ. გარდა ამისა, წმინდა იუდა მოციქული თავის ეპისტოლეში გვასწავლის, რომ არ არის საკმარისი ადამიანი განეშოროს წარმართობას და ქრისტიანული სარწმუნოება მიიღოს წმინდა ნათლობით, აუცილებელია რწმენით კეთილ საქმეთა აღსრულებაც, რომელნიც შეჰგავს ყოველ ნამდვილ ქრისტიანს და ხსნის ღისრსად შექმნიან მართალ მორწმუნეებს. მაგალითად კი მას ღმერთის მიერ სასჯილი ანგელოზები და ადამიანები მოჰყავს:

დაცემული ანგელოზები – ბოროტი სულები ღმერთმა საუკუნო საკვრელებით შეკრა წყვდიადში და განკითხვის დღისთვის იმარხავს მათ, როცა სამარადისოდ განსჯის იმისთვის, რომ არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი ღირსება და ამპარტავნების ცოდვით დაეცნენ (მუხლი 6). ეგვიპტიდან გამოყვანილი იუდეველთა ნაწილისათვის კი ამბობს, ღმერთმა იმიტომ წარწყმიდა ისინი, რომ უსჯულოდ, გარყვნილებით ცხოვრობდნენ და არ აღასრულებდნენ ღმერთის მცნებებს (მუხლი 5); რწმენისათვის ეგვიპტის მონობიდან იხსნა, ურწმუნოებისათვის კი მათი ნაწილი წარწყმიდაო. აი, ასე, მოკლე სიტყვით და ღვთივსულიერი აზრით წმინდა მოციქული იუდა დიდ ჭეშმარიტებებს განგვიცხადებს ტავის ეპისტოლეში.

მრავალი სხვადასხვა ქვეყანა მოვლო წმინდა იუდა მოციქულმა სახარების ქადაგებით და მრავლი ხალხი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამ სამოციქულო საქმიანობაში მიაღწია არარატის მთის მიმდებარე მხარეებს, სადაც მრავალი განაშორა კერპთაყვანისმცელობის სიბნელეს და ქრისტიანებად აქცია. ამით ადგილობრივი კერპების მსახური ქურუმები დიდად გადაიმტერა. მათ შეიპყრეს წმიდა მოციქული და მრავლ სატანჯველთ სწიეს, რის შემდეგაც ჯვარს აცვეს და ისრებით განგმირეს. ეს მოხდა დაახლოებით 80 წელს ქრისტეს შობიდან. სხვა ცნობით, წმინდა იუდა მოციქული კუნძულ არადზე ევნო (ხმელთაშუა ზღვა, ფინიკიის სანაპიროსთან).

ასე დაასრულა სამოციქულო ღვაწლი წმინდა იუდამ, რათა საუკუნო ნეტარების გვირგვინი მიეღო უფლისაგან ცათა შინა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი