მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა მოციქული იაკობ ალფესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.10.2019 | 3,252 ნახვა

ხსენება – ახალი სტილით 22 ოქტომბერი

წმინდა მოციქული იაკობ ალფესიწმინდა მოციქული იაკობი, ძე ალფესი, იყო მათე მახარებლის ღვიძლი ძმა.

როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური საზოგადო მსახურების ჟამს უბრალო და კეთილმსახური ადამიანები მოციქულებად ამოარჩია, რათა მათ მთელ ქვეყნიერებაძე, ყველა ხალხისთვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, მაშინ მან ეს იაკობიც (იაკობ ალფესი უნდა განვასხვავოთ იაკობ მოციქულისაგან, რომელიც იყო ძმა იოანე ღვთისმეტყველისა, და ხორციელად უფლის ძმის იაკობისგანაც, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსისგან, საღმრთო ლიტურგიის პირველი შემდგენელისაგან, რომელიც განეკუთვნება 70 მოციქულთა რიცხვს) ღირს-ჰყო თავისი მოწაფეობისა და თორმეტ მოციქულთა შორის შერაცხა.

სხვებთან ერთად, იაკობიც უფლის უახლოეს მსახურად და მისი ყველა საკვირველი საქმის თვითმხილველი გახდა, მის საღმრთო საიდუმლოთა მქადაგებლად და ერთგულ მიმდევრად.

უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ იაკობმაც მიიღო სულიწმინდის საღმრთო მადლი, გადმოსული წმინდა მოციქულებზე ცეცხლოვანი ენების სახით, და იგიც გაემართა წარმართთა შორის ქრისტეს რწმენის დასამკვიდრებლად, რათა ხსნის გზაზე დაეყენებინა აქამდე კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადში მყოფი ერები.
თავიდან წმიდა მოციქული იაკობ ალფესი იუდეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულს ახლდა მესოპოტამიაში, ქალაქ ედესში – ამ უძველეს სახელგანთქმულ ქალაქში მდინარე ევფრატზე; აქედან იგი კვლავ იუდეაში დაბრუნდა და ფილისტიმელთა უძველეს ქალაქ ღაზაში და სამხრეთ პალესტინის ქალაქ ელეფთეროპოლში ამკვიდრებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, აგრეთვე მიმდებარე დაბა-სოფლებში.
წმინდა იაკობ ალფესი ქრისტეს სხვა მოციქულების მსგავსად აღნთებული იყო საღმღთო მოშურნეობის ცეცხლით და მისით სწვავდა უღმერთოების ღვარძლს, მისით შემუსრავდა კერპთაყვანისმცემელთა საკერპე ბომონებს, აჩანგებდა მათ ტაძრებს, ანადგურებდა საძაგელ კერპებს. ამასთან, იგიც, საღმრთო ძალის შეწევნით, მრავალრიცხოვან ნიშებსა და სასწაულებს აღასრულებდა: კურნავდა სხვადასხვა სნეულებებს, განდევნიდა ადამიანთაგან მზაკვარ სულებს და თავისი ღვთივსულიერი ქადაგებით მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამის გამო, რაკი წმინდა მოციქულმა იაკობმა, ალფეს ძემ, ადამიანთა დიდი სიმრავლე შესძინა ქრისტეს, მან ახალი სახელიც მიიღო და იწოდა ეკლესიისაგან ღვთაებრივ თესლად, რამეთუ ადამიანთა გულებში კეთილი თესლი დათესა – ღვთის სიტყვა, ბევრგან დაამკვიდრა ჭეშმარიტი სარწმუნოება, დააფუძნა ქრისტეს ეკლესია და ააღორძინა კეთილმსახურება. სწორედ ყოველივე ამისთვის ეწოდა მას ეს საკვირველი სახელიც – ღვთაებრივი თესლი.

მრავალი ქვეყანა მოვლო მან ღვთის სიტყვის ქადაგებით, ბევრგან დათესა ზეციური თესლი, ჯეროვანი სამკალიც შეიკრიბა კაცთა მოდგმის ხსნისა და ბოლოს, თავისი ამქვეყნიური ცხოვრება ქრისტეს კვლზე დაასრულა: ყოველივეში უფლის მიმბაძველი, ვნებაშიც მას მიემსგავსა, რამეთუ ჯვარზე მიმსჭვალულმა მიაბარა ღმერთს თავისი ნეტარი სული. ეს მოხდა ეგვიპტეში, ზღვისპირა ქალაქ ოსტრაცინში, რომელიც პალესტინას ესაზღვრებოდა.
ასე იქნა შეკრებილი ეს ღვთაებრივი თესლი – წმინდა იაკობ მოციქული ალფესი – ზეციურ ბეღელში, გამომღები ასობით ნაყოფისა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.