მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა მოციქული ბართლომე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.09.2017 2 კომენტარი | 4,108 ნახვა

წმინდა მოციქული ბართლომე

7 სექტემბერი – მოციქულ ბართლომეს ნაწილთა აღმოყვანება.

წმინდა მოციქული ბართლომე ( ძე თოდომესი) წარმოშობით გალილეის ქალაქ კანადან იყო და განეკუთვნება უფლის 12 მოციქულთა რიცხვს. წმინდა იოანე მახარებელი მას ნათანაელს (ღვთის ნიჭი) უწოდებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომელთა დროსაც იგი უფლის ერთ-ერთი მოწაფე გახდა, რადგან აქ მკაფიოდ ვლინდება მისი ხასიათი: თვით უფალი მოწმობდა მის შესახებ, როგორც ჭეშმარიტ ისრაიტელზე, “რომლისა თანა ზაკვაი არა არს” (იოანე 1,47).

სულიწმინდის მიღების შემდეგ, ცეცხლოვან ენათა სახით რომ გადმოვიდა მოციქულებზე 50-ე დღეს აღდგომიდან, ბართლომეს წილად ხვდა ფილიპე მოციქულთან ერთად ექადაგა სახარება სირიასა და მცირე აზიაში. მართლაც, ისინი ერთად გაემართნენ იქ და ხან ერთად ქადაგებდნენ, ხანაც ცალ-ცალკე სხვადასხვა ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში; ბოლოს მაინც ყოველთვის ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე და ასე მიჰყავდათ ადამიანები ცხონებისაკენ იესო ქრისტეს რწმენის გზით.

მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთი) ქადაგებისას ფილიპე გარკვეული ხნით განეშორა ბართლომეს და ლიდიის თუ მიზიის ნახევრად ველურ, ურჩ მცხოვრებთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. იმავე ხანებში მეზობელ ქალაქებში მქადაგებელ ბართლომეს თვით უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ფილიპესთან წადი და შეეწიე ღვთის სიტყვის ქადაგებაშიო. ბართლომეც დაუყოვნებლივ შეუერთდა ფილიპეს და მასთან ერთად დაშვრებოდა სამოციქულო საქმიანობაში.

ფილიპეს ყოველთვის დაჰყვებოდა ღვიძლი დაც – ქალწული მარიამნა, და სამივე ერთად ემსახურებოდა კაცთა მოდგმის ხსნას. ისინი სირიისა და მიზიის ქალაქებში ახარებდნენ ღვთის სიტყვას. ამ მსახურებაში მრავალ მწუხარებას, დევნა-შევიწროებასა და გვემას დაითმენდნენ ურწმუნოთაგან: არაერთგზის ყოფილან დამწყვდეულნი საპყრობილეში, შეურაცხყოფილნი, ნაწამებნი, ქვით ჩაქოლილნიც კი, მაგრამ ღვთის მადლი ყოველთვის შეეწეოდა მათ და ცოცხალთ გადაარჩენდა, რათა კვლავაც გაეგრძელებინათ ქრისტეს სარწმუნოების დამკვიდრება ამქყვეყნად. და მიუხედავად ყველა ამ განსაცდელისა ეს წმინდა ადამიანები ყოველთვის მხნედ იყვნენ და გულმოდგინედ აგრძელებდნენ სამოციქულო საქმეს.

ლიდიის ერთ-ერთ სოფელში ისინი უფლის საყვარელ მოწაფეს – წმინდა იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და ერთად გაემართნენ ფრიგიის მხარეში, ქალაქ ჰიეროპოლში შევიდნენ და უშიშრად, განცხადებულად უქადაგებდნენ ქრისტეს რწმენას იქაურ მცხოვრებთ. ამ ქალაქში ბევრი კერპი იყო, რომლებსაც ყველა იქაური მკვიდრი ეთაყვანებოდა; სხვა ცრუ-ღმერთებთან ერთად, აქ ერთი ვეება ქვეწარმავალიც – იქედნეც გაეღმერთებინათ, საგანგებო ტაძარიც აეგოთ მისთვის, სადაც მრავალგვარ მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ და საზრდოსაც არ მოაკლებდნენ წყეულს. მის გარდა, სხვა ქვეწარმავლებსა და იქედნეებსაც ეთაყვანებოდნენ უგუნური ჰიეროპოლელი კერპთთაყვანისმცემლები.

ამ ქალაქში ერთი ბრმა კაცი ცხოვრობდა, სახელად სტაქე, რომელსაც ყველა იცნობდა და უკვე ორმოცი წელი იყო თვალისჩინი დაეკარგა. წმინდა მოციქულებმა ლოცვის ძალით აუხილეს მას თვალნი, ქრისტეს რწმენის ქადაგებით კი სულიერი სიბრმავეც განუკურნეს, ხოლო მას შემდეგ რაც წმინდა ნათელი სცეს სტაქეს, მოციქულები მის სახლში დარჩნენ საცხოვრებლად.

მალე მთელ ქალაქს მოედო სტაქეს სასწაულებრივი განკურნების ამბავი და მის სახლთან ყოველდღე მრავლად იყრიდა თავს ხალხი.

წმინდა მოციქულები ყველას კურნავდნენ ლოცვის ძალით, რის გამოც ბევრნი ირწმუნებდნენ ქრისტეს და ინათლებოდნენ კიდეც.

ჰიეროპოლის ქალაქის თავის – ნიკანორის მეუღლე გველისგან დაგესლილი იწვა სახლში და მკურნალთაგან იმედგადაწურული სიკვდილსღა ელოდა. მსახურთაგან მან შეიტყო, რომ სტაქეს სახლში წმინდა მოციქულები იმყოფებიან და მხოლოდ სიტყვის ძალით განკურნავენ ყოველგვარ სნეულებას; ქმრის არყოფნისას სნეულმა დედაკაცმა უბრძანა თავის მონებს, მოციქულებთან წამიყვანეთ, სტაქეს სახლშიო. და მართლაც, მიიღო მათგან სასწაულებრივი კურნება: სხეულებრივიც – გველის ნაკბენისგან და სულიერიც – ეშმაკისმიერი ცდუნებისგან, რამეთუ მოცუქულთაგან დამოძღვრილმა ირწმუნა ქრისტე და წმინდა ნათელიც მიიღო. როცა ქალაქის თავი შინ დაბრუნდა, მონებმა აუწყეს – შენმა ცოლმა სტაქეს სახლში მცხოვრები უცხოტომელების ჩაგონებით ქრისტე ირწმუნაო, საშინლად განრისხებულმა ნიკანორმა მაშინვე უბრძანა შეეპყროთ მოციქულები, სტაქეს სახლი კი დაეწვათ, რაც უმალვე აღასრულეს: უამრავი კერპთაყვანისმცემელი წარსდგა ქალაქის თავის წინაშე უფლის მოციქულთა წინააღმდეგ, ისინი ერთხმად მოითხოვდნენ მოციქულების სიკვდილით დასჯას.

წმინდა მოციქულებს ქალაქის თავმა ჯვარზე სიკვდილი გადაუწყვიტა. მარიამნას კი როდესაც მიუახლოვდნენ იგი საოცარი ნათელით გაბრწყინდა და აღგზნებულ ალს მიემსგავსა, რის გამოც მტარვალნი შიშით მოსცილდნენ მას და აღარც უცდიათ მიახლოება.

პირველად წმინდა ფილიპე ევნო: მას ფეხის ტერფები განუხვრიტეს, შიგ თოკი გაუყარეს ასე აცვეს ჯვარს, თავდაყირა.

შემდეგ წმინდა ბართლომეც აცვეს ჯვარს იმავე ტაძრის კედელთან. ამ დროს დიდი მიწისძვრა მოხდა: მიწა გაიხსნა და შთანთქა ქალაქის თავი ყველა იქ მყოფ ქურუმთან და ურწმუნო ადამიანთან ერთად. ყველა ცოცხლად გადარჩენილს – ქრისტეს მორწმუნეთაც და წარმართთაც – შიშის თავზარი დაეცათ, და ტირილით ევედრებოდნენ წმინდა მოციქულებს, შეგვიბრალეთ, ევედრეთ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, წყალობით მოგვხედოს და მიწამ ჩვენც პირი არ გვიყოსო. ისინი საჩქაროდ მივარდნენ ჯვრებს და მოციქულთა გადმოხსნა იწყეს.

თავდაყირა ჯვარზე გამოკიდული წმინდა მოციქული ფილიპე ღმერთს ევედრებოდა თავის მტერთათვის, რათა უფალს მიეტევენბინა მათთვის ცოდვები და ჭეშმარიტების შესაცნობად განენათლებინა მათი გონება. მართლაც, უფალმა შეისმინა თავისი სათნო-მყოფელის ლოცვა და უმალ უბრძანა მიწას უკვანვე ცოცხლად აღმოენთხია შთანთქმული წარმართები ქალაქის თავისა და იქედნეს ტაძრის ქურუმთა გამოკლებით. ამ უდიდესი სასწაულის ხილვაზე ყველამ სიხარულით განადიდა ქრისტე და ხმამაღლა აღიარა იგი ჭეშმარიტ ღმერთად, ამასთან, სურვილიც გამოთქვეს წმინდა ნათელის მიღებისა.

როცა წმინდა ფილიპე ჩამოხსნენს ჯვრიდან, დაინახეს, რომ მას უკვე უფლისათვის მიებარებინა სული.

წმინდა ბართლომემ ნათლისღების საიდუმლო აღასრულა ყველა ახლადმოქცეულ ჰიეროპოლელზე და ეპისკოპოსად მათ სტაქე დაუდგინა.

ფილიპეს დაკრძალვის შემდეგ წმინდა ბართლომემ, ნეტარ ქალწულ მარიამნასთან ერთად, რამდენიმე დღე ჰიეროპოლში დაჰყო და ქრისტეს რწმენაში აგანტკიცებდა ახლადდაარსებულ ეკლესიას, შემდეგ კი ორივე თავ-თავის გზას დაადგა: მარიამნა ლიკაონიის მხარეს გაემართა (მცირე აზიის შუაგული) და იქ, ღვთის სიტყვის წარმატებული ქადაგებისას, მშვიდობით მიაბარა სული უფალს (მისი ხსენება აღესრულება 17 თებერვალს); ბართლომე კი ინდოეთის ქვეყნებისაკენ გაემართა, სადაც საკმაოდ დიდხანს დაჰყო. აქ მარავალი წარმართი განანათლა თავისი ქადაგებით და ეკლესიებიც დააარსა; მათეს სახარებაც თარგმნა ადგილობრივ ენაზე და ახლადმოქცეულთ გადასცა იგი.

ინდოეთიდან წმინდა მოციქული ბართლომე კვლავ მცირე აზიაში დაბრუნდა და ე.წ. დიდ არმენიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას.

იმ ქვეყნის მეფეს პოლიმიოსს ბოროტეშმაკეული ასული ჰყავდა. როცა ქრისტეს მოციქული ეშმაკეულთან მივიდა, ეშმაკი უმალ განეშორა მას და მეფის ასულიც სრულიად განიკურნა. ამის შემდეგ პოლიმიოს მეფემ ირწმუნა ქრისტე და თვით ბართლომე მოციქულისაგან მიიღო წმინდა ნათელი; მოინათლნენ დედოფალიც, განკურნებული მეფის ასულიც, მრავალი დიდებულიცა და დიდძალი ერიც, რამეთუ მაშინ, მეფის მაგალითით აღძრულმა ათზე მეტმა ქალაქმა მიიღო წმინდა ნათელი.

ამ ამბის გამო კერპების მსახურმა ქურუმებმა შეიძულეს წმინდა მოციქული და დიდი რისხვით აღივსნენ მის წინააღმდეგ; ამასთან, ისინი მეტად იურვოდნენ, რადგან მათი “ღმერთები” ისპობოდნენ, კერპთმსახურება ჰქრებოდა, ხოლო საკერპე ბომონები, რომელთა წყალობითაც ისინი თავს ირჩენდნენ და დიდძალ ქონებასაც მოიპოვებდნენ, ცარიელდებოდა და მოოხრდებოდა. ისინი მეფის ძმას – ასტიაგეს მიეახლნენ, თავის მხარეზე გადაიბირეს და ასწავლეს, როგორ დაეღუპა წმინდა ბართლომე, რათა შური ეძიათ თავიანთი “ღმერთების” წყენინებისათვის და დაებრუნებინათ უწინდელი გავლენა ხალხზე. იგიც დაელოდა ხელსაყრელ შემთხვევას და როცა საშუალება მიეცა, შეიპყრო წმინდა მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თვდაყირა ჯვარს აცვა იგი.

ასტიაგემ უბრძანა მხედრებს ცოცხლად გაეტყავებინათ წმინდანი. ამ საშინელ სატანჯველს უდიდესი მოთმინებით იტანდა წმინდა ბართლომე, და მეტიც, ამ დროსაც არ შეუწყვეტია ხალხის დამოძღვრა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და შემოქმედი ღმერთის განდიდება. ბოლოს, გაცოფებულმა მტარვალმა ბრძანა თავი მოეკვეთათ მისთვის.

ასე აღესრულა, ქრისტეშობიდან 71-ე წელს, უფლის ეს წმინდა მოციქული ბართლომე. მისი აღსრულების ჟამს იქ მყოფმა მორწმუნეებმა ჯვარიდან ჩამოხსნენს და დიდი პატივით მიაბარეს მიწას მოციქულის წმინდა სხეული იმავე ქალაქ ალბანში.

დაახლოებით 508 წელს ბართლომეს უხრწნელი ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ დარში გადაასვენეს. როცა 574 წელს ქალაქი სპარსელებმა აიღეს, ქრისტიანებმა ხელთ იპყრეს მოციქულის ნაწილები და შავი ზღვის სანაპიროსკენ გაემართნენ, მაგრამ გზად მტრები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ. ღვთის ნებით, სიწმიდე კუნძულ ლიპარასთან მიცურდა. IX საუკუნეში ეს კუნძული არაბებმა იგდეს ხელთ და უხრწნელი ნეშტი ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადააბრძანეს. X საუკუნეში წმიდა ძვლების ნაწილი რომში იქნა გადასვენებული.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.