მთავარი » ქრისტიანობა

“წმიდა-იყავნ სახელი შენი” – მამაო ჩვენო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.04.2022 | 603 ნახვა

პირველი თხოვნა

“წმიდა-იყავნ სახელი შენი” – ანუ, წმინდა იყოს და განიდიდოს შენი სახელი. ამ სიტყვებით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს იმ სურვილს, რომ ჩვენი ზეციური მამის სახელი წმინდა იყოს, ანუ ჩვენს მიერაც და ყველა სხვა ადამიანის მიერაც იგი ყოველთვის წარმოითქმებოდეს მოწიწებით, ყოველთვის თაყვანისიცემებოდეს და განიდიდებოდეს. თუ ჩვენ წმინდად, კეთილმსახურად ვიცხოვრებთ და განუხრელად აღვასრულებთ ღმერთის ნებას, ვინც გვწამს და ვისაც ვეთაყვანებით, მაშინ ამგვარი ქცევით წმინდა ვჰყოფთ და განვადიდებთ მის წმინდა სახელს, ამავე დროს სხვა ადამიანებიც, დაინახავენ რა ჩვენს კეთილმსახურ ცხოვრებასა და კეთილ საქმეებს, ასევე განადიდებენ ჩვენი ღმერთის – ზეციური მამის სახელს.

ნეტარი ავგუსტინე საუფლო ლოცვის ამ სიტყვების გამო წერს: „რას ნიშნავს ეს? განა შეიძლება ღმერთი კიდევ უფრო წმინდა იყოს, ვიდრე არის? თავის საკუთარ თავში – არ შეიძლება; ეს სახელი თავის თავში საუკუნოდ ერთნაირად წმინდაა, მაგრამ მისი სიწმინდე შეიძლება განმრავლდეს და გაიზარდოს ჩვენში და სხვა ადამიანებში, და ამ თხოვნაში ჩვენ ვევედრებით ღმერთს, რომ კაცთა მოდგმამ უფრო და უფრო მეტად შეიცნოს ღმერთი და პატივს სცემდეს მას, ყოვლადწმიდას“.

ხოლო წმინდა იოანე ოქროპირი ამ სიტყვების განსამარტად წერდა: „წმიდა-იყავნ!“ – ნიშნავს „განიდიდოს!“ ღირს-გვყავი ჩვენ, – თითქოსდა ასე გვასწავლის ლოცვას მაცხოვარი, – ისე წმინდად ვიცხოვროთ, რომ ჩვენს მიერ და ჩვენს გამო ყველანი განგადიდებდნენ შენ, ღმერთო!“

მთაზე წარმოთქმულ სახარებაში იესო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს:
„ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (მათ. 5, 16). იმისთვის, რომ ღმერთის ნება აღასრულონ, იესო ქრისტეს მიმდევრები კეთილ საქმეებს იქმან და საღვთო რჯულის მიხედვით ცხოვრობენ და ადამიანებიც, ხედავენ რა კეთილ საქმეთა უანგარო აღსრულებას ქრისტეს სახელისათვის, შეიცნობენ ღმერთისა და მისი სახელის სიწმინდეს, რომლის ნების შესასრულებლად იქ მან კიდეც ადამიანები სიკეთეს. ხოლო სიკეთის მოქმედებით ღმერთის სახელი წმინდა-იყოფა. ანუ ამ სახელის გულისთვის მკვიდრდება სიკეთე მსოფლიოში და ამ სიკეთით განიწმინდება, წმინდა-იყოფა უფლის სახელი. ადამიანები კი, რომლებიც ხედავენ სიკეთის აღსრულებას ღმერთის სახელისათვის, წმინდად აღიარებენ ამ სახელს და განადიდებენ.
პირველი ქრისტიანები უდიდეს სატანჯველთ დაითმენდნენ ღმერთის სახელისათვის და სიკვდილის წინაშეც კი არ უარყოფდნენ მას. და თავიანთი სიყვარულით მოყვასისადმი, თავიანთი მოწყალებითა და თავგანწირვით ისინი მრავალ წარმართს მოაქცევდნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე, რომელნიც ხედავდნენ ქრისტიანთა მოთმინებას, თავდადებასა და კეთილ საქმეებს, შთაგონებულთ ღმერთის რწმენით და ღმერთის სახელის სადიდებლად აღძრულთ, მათ სულებში რომ წმინდა-იყოფოდა და სახლობდა.

შემდგომ საუკუნეებში მართალთა წმინდა ცხოვრება მრავალ ურწმუნოს აიძულებდა ერწმუნათ ღმერთის სახელის სიწმინდე და დიდებულება. ამიტომაც სიტყვები – „წმიდა-იყავნ სახელი შენი“ – შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას: დაე, განიდიდოს შენი წმინდა სახელი იმ ადამიანთა კეთილი საქმეებით, რომლებიც სიკეთეს ღმერთის წმინდა სახელისათვის აღასრულებენ; წმინდა იყოს ღმერთის სახელის ნათელი იმ ადამიანთა გულებში, რომლებიც სიკეთეს სჩადიან და ამით ღმერთის წმინდა სახელს განადიდებენ. დაე, მსოფლიოს ხალხებმა შენ განგადიდონ, უფალო, და დაე, ყველგან განიდიდოს და წმინდა იყოს სახელი შენი უკუნითი უკუნისამდე!

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი