წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ წევაში – ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წევაში მდებარე განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სამნავიანი ტიპის ბაზილიკაა, თავდაპირველად, ეკლესია თლილი ქვის დარბაზული ნაგებობა იყო, რომელსაც მოგვიანებით მიაშენეს სამრეკლო და გვერდითი ნავები, აღმოსავლეთ ფასადიდან ირკვევა, რომ დარბაზულ ტაძარს მკვეთრად აზიდული პროპორციები ჰქონდა.
შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. სამივე კარი გარედან გამშვენებულია თაღოვანი ფორმებით. აღმოსავლეთ ფასადი გამოირჩევა სისადავით, მასზე მხოლოდ ერთი ოთხკუთხა სარკმელია განთავსებული, სარკმლები გაჭრილია გვერდით ნავებზეც-სამი ჩრდილოეთით და ოთხი სამხრეთით. დასავლეთიდან მიშენებული სამრეკლო დანაწევრებულია თაღოვანი ღიობებით, მეორე სართულის ცენტრალურ ნაწილში გაკეთებულია კედლის დონიდან ჩაწეული მაღალი თაღი, რომელშიც ტოლმკლავა ჯვარია განთავსებული. სამრეკლოს გადახურვა ეყრდნობა ოთხ კვადრატულ ბურჯს.
ტაძრის ფრესკები მე-15, მე-16 საუკუნეებში გავრცელებულ ხალხური მხატვრობის ნიმუშს წარმოადგენს. ნაგებობის გვიანი გადაკეთების შედეგად მოინგრა დასავლეთ კედელი და გაიხსნა გრძივ კედელთა ქვედა ნაწილი, რასაც სრულად შეეწირა ამ მონაკვეთებზე დატანილი მხატვრობა.ფრესკები დღეისათვის მხოლოდ სანახევროდაა შემორჩენილი.
ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები, ფასადთა მორთულობა და ხალხური მხატვრობის სტილის ფრესკები.
ეკლესიას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.