მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა ეფრემ ასურის ცხოვრება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2018 11 კომენტარი | 18,511 ნახვა

ღირსი ეფრემი მეოთხე საუკუნეში დაიბადა მესოპოტამიის ქალაქ ნიზიბიაში.

მისი წინაპრები ღატაკნი იყვნენ და მოწყალებით ცხოვრობდნენ. ეფრემი თავისი სიჭაბუკის წლებზე ასე საუბრობს: “მე უკვე მადლის თანაზიარი ვიყავი; ქრისტეზე დამოძღვრა მამებისაგან მივიღე. ჩემმა ხორციელმა მშობლებმა უფლის შიში ჩამინერგეს. ვხედავდი კეთილმსახურებით მცხოვრებ მეზობლებს, მესმოდა ქრისტესთვის წამებულთა შესახებ; ჩემი მამები ქრისტეს მსაჯულის წინაშე აღიარებდნენ; მე მოწამეთა ნათესავი ვარ”.

ეფრემი წმიდა იაკობის მოწაფე იყო. წმ. იაკობმა თავისი მაღალი ღირსებების მცოდნე მოწაფე ნიკეის მსოფლიო კრებაზე წაიყვანა. ეფრემ ასური მრწამსის გადმოცემის დაცვა ცრუ მოძღვართა წინაშე ეფრემის ხვედრად იქცა.

წმ.ეფრემი ქალაქ ედესის სიწმიდეების თაყვანისცემის სურვილით გაემგზავრა ედესაში. როდესაც ქალაქს მოუახლოვდა, ღმერთს სთხოვა, რომ მისთვის ისეთი კაცი გამოეგზავნა, ვისთანაც იგი სულის სასარგებლოდ ისაუბრებდა, მაგრამ ქალაქის კარიბჭესთან იგი ქალს შეეყარა, ვისი გარეგნობაც მის უკეთურ ცხოვრებასა და სამარცხვინო ქცევას საკმაოდ ამხელდა. ასეთი შეხვედრით შეცბუნებული ეფრემი ფიქრობდა, რომ უფალმა მისი ვედრება არ შეისმინა. ამასობაში საპირისპიროდ მომავალი ქალი, რომელიც მას საგანგებოდ უმზერდა, გაჩერდა, რამაც წმიდანი აიძულა ასეთი საყვედურით მიემართა: “რატომ დაგვიწყებია სირცხვილი და მიწას რად არ ჩასცქერი, როგორც ეს კდემამოსილ ქალს შეეფერება?” ქალმა კი უპასუხა, რომ მან მას უნდა უყუროს, რადგან დედაკაცი მამაკაცისგან არის წარმოშობილი, კაცმა კი ქალს კი არ უნდა უცქიროს, არამედ მიწას, ვინაიდან მისგან არის შექმნილი. ეფრემი გაოცდა უცნობი მანდილოსნის პასუხით და ადიდა ღმერთი, რომელმაც ცოდვილი ქალის ბაგეებით დაარიგა და შეაგონა, რომ არც ცოდვილთა უგულებელყოფა შეიძლება.

ერთხელ ეფრემს ქალაქთან ახლოს მდებარე მონასტრის ბერი შეხვდა და შესთავაზა, რომ ედესის მახლობელ რომელიმე მონასტერში შესულიყო და ვინმე ბერის მორჩილებაში ყოფილიყო. ეფრემმა განაცხადა, რომ მონაზვნური ცხოვრება მისი ერთადერთი სურვილი გახლდათ და ბერს მთაში გაჰყვა, სადაც მონაზვნები ცხოვრობდნენ.

ედესა, ისევე როგორც ნიზიბია, განთქმული იყო თავისი დიდი მოღვაწეებით, რომელთა მთავარი საქმიანობა ლოცვა, ფსალმუნთგალობა და ღმრთის დიდებისმეტყველება იყო. მათ გამოქვაბულთა გარდა სხვა თავშესაფარი არ გააჩნდათ და უბრალო საჭმელსაც კი არ ჭამდნენ, მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდნენ. ასეთ ადამიანებთან ეფრემის უდაბნოსმოყვარე სულს მალე დაახლოება შეეძლო.

წმ.ეფრემი ეგვიპტელი მეუდაბნოეების ხილვას ნატრობდა. სწორედ ეგვიპტიდან გავრცელდა მონაზვნობა. მას აგრეთვე სურდა, რომ კაბადოკიის დიდ მღვდელმთავარს – ბასილს შეხვედროდა.

ღირსი ეფრემი ეგვიპტეში ღმრთვრჩეულ ბერს, პაისისა და სხვა მოღვაწეებსაც ეწვია და მათ ცნობიერებაში ღრმთვიგანათლებული კაცის ხსოვნა დატოვა.

ეგვიპტიდან დაბრუნებული ეფრემი კაბადოკიის კესარიაში ჩავიდა და კესარიელ მთავარეპისკოპოს ბასილს ესტუმრა. წმ. ეფრემი აღწერს, თუ როგორ ესაუბრა მას წმ.ბასილი 40 სებასტიელი მოწამის ღვაწლზე და ამ საუბარმა ეფრემის სული მოშურნეობითა და კეთილმსახურებით როგორ აღავსო.

რამდენადაც ეფრემი თვითონ ერიდებოდა ყოველგვარ პატივს, იმდენად ღმერთი განადიდებდა მას, სადაც არ უნდა გამოჩენილიყო.

კესარიიდან ედესისაკენ მიმავალ გზაზე იგი მწვალებელ მოძღვარს შეეყარა, რომელიც ჭაბუკთა გუნდთან ერთად მიდიოდა. ერთ-ერთმა მოწაფემ მწირი ბერი შენიშნა, მას თავხედურად დასცინა და სახეში გაარტყა. მშვიდი ეფრემი მდაბლად გაერიდა მათ. მალე თავხედ ჭაბუკს გველმა უკბინა და მაშინვე მოკვდა. ყველამ იხილა, რომ ეს უფლის სასჯელი იყო იმ წყენისათვის, რაც მან მგზავრს მიაყენა. მათ ეფრემი მოძებნეს და დახმარება სთხოვეს. ეფრემმა ბიჭი გამოაცოცხლა და ამან ბევრი განაწყო ცდომილების მისატევებლად.

ედესიდან დაბრუნების შემდეგ ეფრემი ავად გახდა, ხალხის ტალღები აწყდებოდა მის საცხოვრისს უკანასკნელი დამოძღვრის მისაღებად. აღსასრულის მოახლოების წინათმგრძნობელმა ეფრემმა სასიკვდილო სარეცელზე ანდერძი დაწერა.

თავისი მიწიერი ასპარეზის დასასრულს წმიდა ბერი კადნიერად იმოწმებს ღმერთს თავისი სარწმუნოების სიწმინდეში, რაშიც სხვათა განმტკიცებაც სურდა. ის თავის ანდერძში ამბობს: “ვფიცავ, ვინც იუდამ გასცა და იერუსალიმში გაშოლტეს, ვფიცავ მის სიძლიერეს, ვისაც ღაწვზე სცეს და მის სიდიადეს, ვინც შეფურთხება მოითმინა; ვფიცავ ცეცხლის სამ სახელს და ერთ ღმრთაებრივ არსებას და ნებას, რომ მე არ განვდგომივარ ეკლესიას და ღმრთის ძლიერების წინააღმდეგ არ აღვმდგარვარ. თუკი ჩემს გონებაში მამას ძეზე მაღლა ვაყენებდი, დაე, ნუ შემიწყალოს მან. თუკი მე სულიწმიდას ვამცირებდი, დაე, ბნელმა დაფაროს ჩემი თვალები, და თუ ისე არ ვაღიარებდი, როგორც ვლაპარაკობდი, დაე, განვეგდო გარესკენელის ბნელში. თუკი ამას ყალბად ვლაპარაკობ, დაე, ცეცხლში, ბოროტ სულებთან ერთად ვიწვოდე. თუკი ამას პირმოთნედ ვამბობ, დაე, ნუ შეისმენს უფალი სამსჯავროზე”.

მორწმუნეები ეფრემ ასურის ლოცვას ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ კითხულობენ. ამ დროს სრულდება თექვსმეტი მეტანია. პირველი სამი მუხლის მერე – სამი დიდი მეტანია, შემდეგ თორმეტი მცირე და განმეორებით ლოცვის ბოლოს – ერთი დიდი მეტანია.

ლოცვა ეფრემ ასურისა

“უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყუარეობისასა და ცუდად მეტყუელებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისაი, სიმდაბლისაი, მოთმინებისაი და სიყუარულისაი მომმადლე მე, მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათაი და არა განკითხვად ძმისა ჩემისაი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე (12-ჯერ მცირე მეტანიებით).

უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყუარეობისასა და ცუდად მეტყუელებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისაი, სიმდაბლისაი, მოთმინებისაი და სიყუარულისაი მომმადლე მე, მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათაი და არა განკითხვად ძმისა ჩემისაი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ (მეტანია).

ახალი სტილით 10 თებერვალი წმიდა ეფრემ ასურის ხსენების დღეა

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი