მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა ბასილი დიდის ცხოვრება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.01.2022 | 5,733 ნახვა

14 იანვარი – წმინდა ბასილი დიდის ხსენება

ღირსი მამა ბასილი დიდი, დაახლოებით, 330 წელს კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში დაიბადა. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის წარმომადგენელი იყო. ბასილი დიდი წმიდანის პაპა და ბებია დიოკლეტიანეს ზეობისას, ქრისტიანთა დევნილობის გამო, 7 წლის განმავლობაში თავს ტყეში აფარებდნენ. წმიდა ბასილის დედა, ემილია, წმინდა მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, – ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი გახლდათ.

ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა – ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანად იქნა შერაცხილი: ბასილი, მაკრინა (ხს. 19 ივლისს) გრიგოლ ნოსელი (ხს 10 იანვარს), პეტრე სებასტიელი (ხს. 9 იანვარს) და ღირსი თეოზვა – დიაკონისა (ხს. 10 იანვარს).

სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: „რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოჲსა სწავლისა. და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაჲ”. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინეპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით მდიდარ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი, მაგრამ მალე ღვთის სიყვარულით აღსავსე განერიდა ამსოფლიურ საზრუნავებს და მონოზვნური ცხოვრების გზას დაადგა.

მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად მან იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები და კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ ცდილობდა მიებაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა და თავის მეგობარ გრიგოლთან ერთად უსაზღვრო თავშეკავებით ცხოვრობდა. მათ კელიებში არ იყო ადგილი ცეცხლის დასანთებად, საზრდელიც ძალზე მწირი ჰქონდათ. ისინი თლიდნენ ქვებს, რგავდნენ და უვლიდნენ ხეებს, ეზიდებოდნენ ტვირთს. მძიმე ფიზიკური შრომის გამო კოჟრები არ სცილდებოდათ ხელებიდან, ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებული ბასილი და გრიგოლი სწავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, შეადგინეს კრებული „ფილოკალია” („სიკეთისმოყვარება”). იმავე ხანებში ღირსმა ბასილიმ, ბერების თხოვნით, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელმძღვანელო.

თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ბასილი დიდს სულიერი სრულყოფილებისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთივსულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი – მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.

იმპერატორ კონსტანცის (337-361) მეფობის დროს გავრცელდა არიოზის ცრუსწავლება და ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახური მოითხოვა. ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. 362 წელს მელეტი ანტიოქიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი, 364 წელს, ევსევი კესარიელმა მღვდლად დაასხა ხელი. ბასილიმ სახელი გაითქვა თავისი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ, ქება-დიდებასა ასხამდნენ. ყოველივე ამან კი, ადამიანური სისუსტის გამო, ეჭვიანობა გაუღვივა ევსევის და ღირსი მამის შევიწროება დაიწყო.

ბერები აღდგნენ წმიდა ბასილის დასაცავად. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, წმიდანი უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა.

მალე ხელისუფლების სათავეში მოვიდა არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378), და მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსევის თხოვნით ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა ფაქტიურად ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად დღეში ორჯერ – დილასა და საღამოს. ამ ხანებში შექმნა მან საღვთო ლიტურღიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები „ექუსთა დღეთათვის”, ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონოზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული – „ასკეტიკონი” (ეფრემ მცირის თარგმანით – „სამოღვაწეო წიგნი”) და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიოსის წინააღმდეგ.

მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდისთვის მებრძოლი მოსაგრე ამავე დროს გულმოწყალეც იყო: გლახაკებს აპურებდა, მწირებს და უსახლკაროებს თავშესაფარს აძლევდა, ზრუნავდა ქალწულებზე, წერილობით თუ სიტყვიერად წეს-განგებას უდგენდა მონოზვნებს.

ევსევი კესარიელის სიკვდილის შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმიდა ბასილიმ დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას 11 პროვინციის 50 ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (ხს. 2 მაისს) მადლობდა ღმერთს იმისათვის, რომ კაბადოკიის ეკლესიას ბასილის მაგვარი ეპისკოპოსი მიმადლა.

წმიდა მღვდელმთავარს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილი ეკლესიების, ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და კერძო პირების მიმართ. ბასილი დიდის დაუცხრომელი მოღვაწეობა აძლიერებდა ერეტიკოსთა სიძულვილს მისდამი.
იმპერატორი ვალენტი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდა, ასახლებდა და სასტიკი მეთოდებით ავრცელებდა არიანობას. ამავე მიზნით ჩამოვიდა ის კაბადოკიაში და წმიდა ბასილისთან გაგზავნა პრეფექტი მოდესტი, რომელიც ემუქრებოდა მას ქონების ჩამორთმევით, განდევნით, წამებითა და სიკვდილითაც კი.

„შენი მუქარა მე არ მაშინებს, – უპასუხა წმიდანმა, – ქონებას ვერ დაკარგავს ის, ვისაც არაფერი გააჩნია ძველი, გაცრეცილი სამოსისა და რამოდენიმე წიგნის გარდა; გადასახლების საფრთხე ჩემთვის არ არსებობს, რადგან არცერთ ადგილას არ ვარ მიჯაჭვული; ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი არაა და არც ის ადგილი იქნება ჩემი, სადაც გამაგდებენ. უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ადგილი უფლისაა. წამებითაც რას დამაკლებენ: ისე სუსტი ვარ, რომ მხოლოდ პირველ დარტყმას ვიგრძნობ – სიკვდილი კი წყალობაა ჩემთვის: ის მიმაახლებს უფალთან, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვიღწვი, და რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვი”. მმართველი გაოგნებული უსმენდა, „ალბათ არასდროს შეხვედრიხარ ეპისკოპოსს, – განაგრძობდა წმიდანი, – თორემ მისგან უთუოდ ამგვარივე სიტყვებს გაიგონებდი. ჩვენ უწყინარები და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურები ვართ, მაგრამ, როცა საქმე უფალს ეხება და გაკადნიერდებიან, აღსდგებიან მის წინააღმდეგ, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ცეცხლი, მახვილი, გააფთრებული მხეცები და საწამებელი იარაღები ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერ შეგვაშინებენ.”

როცა იმპერატორს პრეფექტმა ბასილი დიდის შეურყევლობა ამცნო, დასძინა: „დაგვამარცხა, მეფევ, ეკლესიის წინამძღვარმა”!

უკეთური არიოზის მწვალებლობის მიმდევარმა იმპერატორმა ვალენტიმ, რაკი უწყოდა წმიდა ბასილი დიდის, კესარიის მთავარეპისკოპოსის, უდიდესი ზეგავლენა მთელს იმჟამინდელ ქრისტიანულ სამყაროზე, გადაწყვიტა თავის მხარეზე გადაებირებინა მღვდელმთავარი და ამით კიდევ უფრო გაეძლიერებინა ისედაც უკვე ფართოდ გავრცელებული ცრუ სწავლება. ვალენტიმ კესარიის ქალაქის თავს, – მოდესტეს, დაავალა მისი შემორიგება. მართლაც, მთავარმა სიყვარულითა და ალერსით დაუწყო მართლმადიდებელ მღვდელმთავარს გადაბირება, მაგრამ როცა მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა, მუქარაზე გადავიდა – დაგვემორჩილე, თორემ ქონებასაც წაგართმევთ და გადაგასახლებთ კიდეცო. ბოლოს კი, რაკი წმიდა ბასილი შეურყეველი აღმოჩნდა, ისევ ტანჯვა-წამებითა და სიკვდილით დასჯით დაუწყო დაშინება. მაგრამ ამაოდ.

არიანელ მწვალებელთა დაჟინებული მოთხოვნით იმპერატორმა ვალენტიმ წმიდა ბასილი დიდის გაძევება და საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ საღმრთო განგებამ სხვაგვარად მოაწყო საქმე: ანაზდად მძიმედ ავად შეიქნა ხელმწიფის მცირეწლოვანი ვაჟიშვილი, რის გამოც იმპერატორმა გააუქმა თავისი ბრძანება და სთხოვა მას, ჩემი სნეული ძისთვის ილოცეო. წმიდა მღვდელმთავარმა ილოცა მომაკვდავისთვის, მაგრამ ამავე დროს განუცხადა იმპერატორს, რომ მისი ძე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებოდა, თუკი მართლმადიდებელ ეკლესიაში მოინათლებოდა და აღიზრდებოდა. ხელმწიფემ აღუთქვა, ასეც ვიქმო და ბავშვი მალე გამომჯობინდა. მაგრამ შემდეგ მწვალებელმა ვალენტიმ აღარ შეასრულა თავისი დაპირება, რის გამოც მისი ძე კიდევ დასნეულდა და მოკვდა კიდეც. განრისხებულ ხელმწიფეს წმიდა ბასილის გაძევება სურდა, მაგრამ ვერ გასცა ასეთი ბრძანება: სამგზის აიღო ხელში კალამი, რათა ბრძანებაზე მოეწერა ხელი, მაგრამ სამივეჯერ კალამი გადაუტყდა! ამის შემდეგ იმპერატორმა თავი გაანება წმიდა მართლმადიდებელ მღვდელმთავარს.

მეფე ვალენტიმ თავის სახელმწიფოში დახურა მართლმადიდებლური ეკლესიები და ისინი არიანელთა ძალაუფლებას დაუქვემდებარა, ამასთან ბრძანება გასცა, გაეძევებინათ ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. მათ ასე მიმართეს მეფეს: „ვიდრე შენს დადგენილებას ჩვენს შესახებ სისრულეში მოიყვანდე, გთხოვთ, ნება დართო ბასილი დიდს, ჩაებას არიანელებთან სარწმუნოებრივ კამათში და თუ ისინი დაამარცხებენ ბასილს, ჩვენ სიტყვის შეუბრუნებლად დაგემორჩილებით შენ“.

მეფე დათანხმდა და მოიწვია ბასილი ნიკეაში. ბასილი დიდმა მეფე ვალენტის უთხრა, რომ არიანელებთან დავაში მათ თვით უფალი განსჯიდა და ბრძანა, დაეკეტათ ერთ-ერთი ეკლესიის კარი. შემდეგ მიმართა არიანელებს: „თუ წინააღმდეგნი არ იქნებით, ამ კარის მეოხებით შემიძლია დაგარწმუნოთ, ვისი რწმენაა ჭეშმარიტი. თუ თქვენი ლოცვის ზემოქმედებით გაიღება იგი, გვეცოდინება, რომ სიმართლე თქვენს მხარეს ყოფილა, ხოლო თუ ჩვენი ლოცვის დროს გაიღება, მაშინ ყველამ უნდა აღიაროს, რომ მართებულად გვწამს ჩვენ და არა თქვენ“.

არიანელები დათანხმდნენ: დილიდან საღამომდე ლოცულობდნენ ისინი, მაგრამ დახშული კარი არც კი შეძრულა. შემდეგ დადგა მართლმადიდებელთა ჯერი. წმიდა ბასილი სამღვდელო დასთან და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად მივიდა ეკლესიასთან, მუხლი მოიყარა და დაიწყო ლოცვა. გაისმა უეცრად ქუხილის ხმა და განიღო ეკლესიის კარი. ყველანი შეძრწუნდნენ და განადიდეს უფალი. მეფემ ბრძანა, დაებრუნებინათ ეკლესიები მართლმადიდებლებისათვის, ხოლო ბასილი დიდი ძვირფასი საბოძვარით დაასაჩუქრა და მშვიდობით გაუშვა.

უდიდესი სიმტკიცე გამოიჩინა წმიდანმა თავად იმპერატორის წინაშეც და ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ვალენტიზე, რომ მან მხარი აღარ დაუჭირა არიანელებს, რომლებიც ეპისკოპოსის გადასახლებას ითხოვდნენ. უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე, როცა ტაძარში უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ვალენტიც შეერია მათ, რათა ეჩვენებინა თავისი ერთობა ეკლესიასთან. ფსალმუნთა გალობა მეხისტეხასავით ჩაესმა იმპერატორს. მან იხილა მშვენივრად შემკული ამბიონი და საკურთხეველი, შიშითა და კრძალვით გარინდული სამღვდელოება და ტრაპეზთან მდგომარე ბასილი დიდი, რომელიც ანგელოზებრივი სიწმიდით აღასრულებდა ღვთისმსახურებას.

ღირსი ბასილი მკაცრად ადევნებდა თვალყურს საეკლესიო კანონის დაცვას. მის დროს სამღვდელოებაში უღირსი ვერ გაერეოდა. ის დაუღალავად მოიხილავდა თავის ეკლესიებს, მიუკერძოებლად სჯიდა საეკლესიო დისციპლინის დამრღვევებს. კესარიაში ბასილი დიდმა ორი – მამათა და დედათა მონასტერი ააგო 40 მოწამის სახელობის ტაძართან, სადაც მათი წმიდა ნაწილები ინახებოდა. მღვდელმთავარს დაქვემდებარებული მიტროპოლიის მღვდელმსახურები, ბერ-მონოზონთა მიბაძვით, წმიდად და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ. ბასილი დიდმა მიაღწია სამღვდელოების განთავისუფლებას გადასახადებისაგან. მთელ თავის სახსრებს და თავისი ეკლესიების შემოსავალს ის გლახაკებს ახმარდა, დააარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში ააგო სასტუმრო მწირთათვის.

სნეულებებმა, რომლებიც სიყმაწვილიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე ზრუნვამ და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ბასილს ფიზიკური ძალები გამოაცალა. 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ღირსი მამა გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აკურთხა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ კონსტანტინეპოლის კათედრა დაეკავებინა.

ეკლესიის ეს უდიდესი მამა მიცვალებისთანავე წმიდანად შერაცხეს.

წყარო: http://patriarchate.ge/


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი