მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა ბარბარე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.12.2021 | 515 ნახვა

წმიდა ბარბარეს ხსენების დღე ახალი სტილით — 17 დეკემბერი.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე ცხოვრობდა მეოთხე საუკუნეში წარმართ იმპერატორ მაქსიმიანეს დროს. მისი მამა, წარმართი დიოსკორე, მდიდარი და წარჩინებული მოქალაქე იყო. როცა წმიდა ბარბარე გაიზარდა და დამშვენდა, დიოსკორემ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შინ ჩაკეტა და ერთგული მსახურები მიუჩინა.

კოშკში გამომწყვდეული წმიდა ბარბარე ბუნების ღვთაებრივ სილამაზეს ჭვრეტდა. იგი გრძნობდა, რომ ამ უჩვეულო მშვენიერების შემქმნელი ყოვლისშემძლე არსება უნდა ყოფილიყო.

წმიდა ბარბარეს სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მისი მშვენების შესახებ მრავალმა შეიტყო, მაგრამ ქალწული, მიუხედავად მამის ალერსიანი შეგონებისა, მტკიცედ აცხადებდა უარს ქორწინებაზე. დიოსკორე ფიქრობდა, რომ მის ასულს კარჩაკეტილი ცხოვრების გამო ჩამოუყალიბდა ასეთი მძიმე ხასიათი და სწორედ ამის გამო ჭირვეულობდა, როცა ყველა მთხოვნელს უარით ისტუმრებდა. მამამ გადაწყვიტა, წმიდა ბარბარესათვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონვე მოინდომებდა გათხოვებას.

წმიდა ბარბარემ ქალაქში პირველი გამოსვლისთანავე გაიცნო ქრისტეს სარწმუნოების აღმსარებელი ქალიშვილები, რომელთაგანაც ბევრი რამ გაიგო სამყაროს შემოქმედის, იესო ქრისტეს, მისი მოძღვრების, სასწაულების, ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ღმრთის განგებით იმ ქალაქში, სადაც წმიდა ბარბარე ცხოვრობდა, ვაჭრად გადაცმული ხუცესი ჩამოვიდა ალექსანდრიიდან, რომელმაც მონათლა წმიდა ბარბარე.

დიოსკორემ ბრძანა, წმიდა ბარბარესათვის აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა, მაგრამ წმიდა ბარბარემ ისარგებლა მამის არყოფნით და მესამე სარკმელიც გააკეთებინა მშენებლებს კედელში, რაც მისი აზრით, სიმბოლურად ყოვლადწმიდა სამებას გამოსახავდა. შესასვლელში კი თვით წმიდა ბარბარემ გამოსახა წმიდა ჯვარი, რომელიც წარუშლელად აღმოიკვეთა ქვაზე, ქვის საფეხურზე კი მისი ნატერფალი აღიბეჭდა, რომლიდანაც შემდეგში კურნების დიდი ძალის მქონე წყაროს წყალმა ამოხეთქა.

რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. ასულმა მოუთხრო მის მიერ სამპიროვანი ღმერთის მაცხოვნებელი ძალისა და კერპთაყვანისმცემლობის ამაოების შეცნობის შესახებ. რისხვისაგან გონდაკარგულმა დიოსკორემ მახვილი იშიშვლა და იქვე უნდოდა ასულისათვის თავის მოკვეთა, მაგრამ წმიდა ბარბარემ გაქცევა მოასწრო, ქალაქი დატოვა და ერთი მთის მახლობლად, გამოქვაბულს შეაფარა თავი. დიოსკორეს მისი ადგილსამყოფელი ორმა მწყემსმა მიასწავლა (რომლებიც შემდეგში ციდან გადმოსულმა ცეცხლმა დაწვა) მამამ ქალიშვილი მთიდან თმით ჩამოათრია და შეუბრალებლად სცემა. შემდეგ დილეგში ჩააგდო, მცველები მიუჩინა და დიდხანს აშიმშილებდა. ბოლოს, რაკი თვითონ ვერ გატეხა ნება ქრისტიანი ასულისა, ქალაქის თავს – მარკიანეს – გადასცა იგი საწამებლად, რომლის ბრძანებით, წმიდა ბარბარე სასტიკ სატანჯვალს მისცეს.

წმიდა ბარბარეს ღამით გამოეცხადა იესო ქრისტე და მყისიერად განუკურნა ყველა წყლული. დილით მარკიანე ძალიან გაოცდა განკურნებული ბარბარეს ხილვით. უგნურმა ეს სასწაული თავისი კერპების მოწყალებას მიაწერა. მეორე დღეს მარკიანემ, დიოსკორეს ჩაგონებით, ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე გატარება ბრძანა, მაგრამ წმიდა ბარბარეს ღმრთის ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც მისი სხეული სპეტაკი სამომოსით დაფარა, ასე რომ ქალწულის სიშიშვლე ვერავინ იხილა.

მარკიანე მიხვდა, რომ ამ სასწაულების მნახველი მრავალი მოქალაქე ქრისტეს სჯულზე მოიქცეოდა, ამიტომ ბრძანა წმიდა ბარბარე ქალაქგარეთ გაეყვანათ და იქ მოეკვეთათ მისთვის თავი. ვერცერთი ჯალათი ვერ მიეკარა წმიდა ბარბარეს და მარკიანეს ბრძანებით, გამხეცებულმა დიოსკორემ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი თავის ერთადერთ და ულამაზეს ასულს, როგორც კი დიოსკორემ მახვილი დსცა და წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი წარკვეთა, იმავე წამს ზეციდან საშინელი ცეცხლი დაატყდა მას და ერთიანად დაიწვა, ხოლო ფერფლი უეცრად ამოვარდნილმა ფიცხელმა ქარმა გაფანტა, ასევე დაისაჯა მარკიანეც: სასახლეში შესვლისას მას მეხი დაეცა.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე განსაკუთრებული მფარველი და მკურნალია ბავშვების. მას ასეთი ლოცვით უნდა მივმართოთ:

ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრთხენი შემუსრა, და, ვითარცა სირი, განერა მახისაგან, შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა. 

წყარო: http://www.nplg.gov.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი