მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღე – 2022

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.11.2022 | 271 ნახვა

2022 წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით თბილისში, მეტეხის ხიდთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, (მუჯირი) წალკელ ეპისკოპოს გრიგოლთან (კაცია) და სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი აღავლინა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა:

“ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანნო მამანო, დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვასა და ლოცვა-კურთხევას.

დღეს არის განსაკუთრებულით ამაღლებული დღე საქართველოსა და საქართველოს ეკლესიისთვის. ეს არის ზეიმი სულისა, გაბრწყინება სულისა.

საერთოდ, როდესაც ეკლესია აღნიშნავს ასეთი მნიშვნელობის მოვლენებს, ეს არ არის მარტო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ეკლესიაში, ჩვენ არ ვიხსენებთ მხოლოდ დიდ და თავგანწირულ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ ჩვენთვის მოწამეთა ხსენება ნიშნავს იმას, რომ ცოცხლდება ეს მოვლენა. ეს არ არის მხოლოდ წარსული და წარსულის დიდება, არამედ ჩვენთვის მოწამენი ცოცხალნი არიან. ისინი ერთიანდებიან მიწიერ ეკლესიასთან, ჩვენთან ერთად. ჩვენ გვწამს, რომ ისინი დღეს ჩვენთან ერთად დგანან აქ, ჩვენთან ერთად ლოცულობენ ჩვენი ქვეყნისთვის და გვწამს, რომ მათი ლოცვით უფალი გვისრულებს ჩვენს სათხოვარს.

თქვენ იცით, როგორ მოხდა ეს საზარელი მოვლენა, როგორ განიზრახა ჯალალედინმა სასტიკი დასჯა ქართველებისა და თბილისელებისა. მან სიონის გუმბათი მოანგრია, ზედ დაიდგა თავისი ტახტი და იქიდან აკვირდებოდა ქართველების წამებას. მეტეხის ხიდზე დააწყვეს ხატები, იქ მორეკეს მთელი ქართველობა, თბილისისა თუ გარშემო სოფლების მოსახლეობა, იქ იყვნენ ქალებიც, იქ იყვნენ ბავშვებიც და აიძულებდნენ, რომ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებზე ფეხი დაედგათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიკვდილით სჯიდნენ. და აი, ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ამჯობინეს სიკვდილი ქრისტესთვის, ვიდრე ღალატი სჯულისა და ქრისტიანობის, ვინაიდან მათ ესმოდა, რომ ეს არის მათი სულის საცხონებლად და ასევე ჩვენი ერის გადასარჩენად. აი, ასეთი საოცარი წინაპრები გვყავდა ჩვენ.

თქვენ გახსოვთ, ჩვენი დიდი კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი ამბობდა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს“. ეს გვიანდერძა მან. აი, ასი ათასმა მოწამემაც ეს გვიანდერძა – ქრისტესთვის სიცოცხლე და ქრისტესთვის სიკვდილი. როდესაც ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ჩვენს მომავალზეც – რა გზით უნდა ვიაროთ ჩვენ, რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? ეს გზა იყო ქრისტეს გზა, ქრისტესთვის თავგანწირვის გზა და მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა.

ამაზე შესანიშნავად წერს კიდევ ერთი დიდი თავგანწირული მოღვაწე ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერისთვის, წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). ის ამბობდა, რომ მხოლოდ ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო, მხოლოდ ქრისტიანობამ შეგვინარჩუნა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ეროვნება, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა და შემდეგ დასძენს, რომ საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, მაგრამ არავის არ შეარყევინა თავისი გული და ამ გულში ღრმად გაბნეული ჯვარი ქრისტესი. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს წმინდა ილია მართალი და გვიანდერძებს, რა არის ჩვენი მომავლის გზა, გადარჩენის გზა – მხოლოდ ერთგულება ქრისტესი და ქრისტეს ეკლესიისა.

დღეს ჩვენ როდესაც ვიხსენიებთ ასი ათას მოწამეს, ვევედრებით მათ, ვთხოვთ, რომ მათი ლოცვით ღმერთმა მოგვცეს ცოტა მაინც მათი სიმამაცე, მათი სარწმუნოება, რომ დავუპირისპირდეთ იმ უღმერთო ძალებს, რომლებიც მძლავრობენ დღეს სამყაროში. ის დიდი მოწამეები არ უშინდებოდნენ სიკვდილს, როცა ისინი მიჰყავდათ სატანჯველად, არ ეშინოდათ წარმართების. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ხშირად ვუთმობთ ჩვენს გულსაც და გონებას უღმერთო ფასეულობებს, უღმერთო ცხოვრების წესს, თითქოს მორწმუნენი გვქვია, მაგრამ ვცხოვრობთ, როგორც ყველა. აი, ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ შესანიშნავ დღეს – წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას.

ჩვენ გვწამს, ვიმეორებ, რომ ისინი დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობენ. ჩვენ გვწამს, რომ ისინი ლოცულობენ საქართველოს კეთილდღეობისთვის, საქართველოს მშვიდობისთვის, გამთლიანებისთვის, საქართველოს გამარჯვებისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ინებოს უფალმა, რომ წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვითა და მფარველობით, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ!”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი