მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.01.2011 5 კომენტარი | 3,660 ნახვა

,,საეკლესიო ხელოვნების ის ელემენტები, რომელიც დღესდღეობით ჩაიდო ამ ეკლესიაში, მომავალში თავის სიტყვას იტყვიან”…

sadzirkvlis amokvana ,,შესაწირის გაღება ღვთის წინაშე მადლის აღსრულებაა. როდესაც უფალმა ათი კეთროვანი განკურნა, სამწუხაროდ, ამ ათიდან მხოლოდ ერთს გაახსენდა, რომ მადლიერება გამოეხატა უფლისათვის. ის მიუბრუნდა მაცხოვარს და მადლობა გადაუხადა. უფალმა კი უთხრა, წასულიყო და შესაწირი გაეღო, რითაც ღვთის წინაშე მადლიერებას აღასრულებდა. შესაწირი, ფაქტიურად, ჩვენთვის სავალდებულოცაა, რადგან ჩვენ ამ მეთოდით უფლის წინაშე მადლიერებას გამოვხატავთ. ეს არის ღვთისათვის სათნო საქმე და მისთვის აღსრულებული მადლი (დეკანოზი დავით დათუაშვილი).

უკვე რამდენიმე წელია, რაც გლდანის V და VI მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის აგება დაიწყო. მშენებელთ არანაირი ფინანსური დახმარება არ გააჩნიათ. ტაძარი მრევლის მიერ გაღებული შემოწირულობების იმედად შენდება. უფალიც უხვად აფენს მათ წყალობას და გაჭირვების ჟამს განსაკუთრებულად შეეწევა: ,,ჩვენ მხოლოდ მრევლი გვყავს. ისინი გარკვეულ შესაწირს იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემოწირულობა მცირეა, რომ არავინ გვაფინანსებს და მწირი შესაძლებლობები გაგვაჩნია, ყოველთვის ვგრძნობთ, როცა გვიჭირს და გამოუვალი მდგომარეობა იქმნება, უფალი არ გვტოვებს და მთავარანგელოზები გვწყალობენ. ჩვენც არასოდეს ვჩერდებით და ტაძარიც, მართალია, ცოტა დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც შენდება, – ამბობს დეკანოზი დავითი (დათუაშვილი), რომელიც წმიდა მთავარანგელოზთა ტაძრის მშენებლობას უდგას სათავეში.

იყო პერიოდი, როცა მამა დავითს ეროვნულ მოძრაობაში გარკვეული თანამდებობა ეჭირა. დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეც გახლდათ. თუმცა აშკარად გრძნობდა, მის თავს პრობლემები იყო და ხელი არაფერში ემართებოდა. ყველაფერი იმ ერთმა დღემ შეცვალა, როდესაც სოფელში წიგნების დალაგებისას სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ფარატინა ფურცელი, რომელზეც მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულებზე ეწერა… მამა დავითი ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგა და მოხდა შემდეგი რამ:

mtavarangelozebiმთავარანგელოზობას მიიყვანეს პატრიარქთან, მთავარანგელოზობასვე აკურთხეს მღვდლად და დღეს თითქოს სიმბოლურიცაა, რომ სწორედ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მშენებლობას უდგას სათავეში: ,,როდესაც გადავწყვიტეთ ტაძრის მშენებლობა, წმ. გიორგის დღესასწაული იყო. ჩვენს ქვემოთ, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდა, იმდენად ბევრი, რომ ტაძარში ვერ ეტეოდა. ფაქტიურად, ნათელი გახლდათ, რომ ამ უზარმაზარ რაიონს რამდენიმე ეკლესია ესაჭიროებოდა. აქედან გაჩნდა იდეა. ამ იდეასთან დაკავშირებით გარკვეული წრის წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი. ჩანაფიქრი ყველას ძალიან მოეწონა. იმ პერიოდში ჩემი მრევლის გარკვეული წევრები სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობდნენ და მათ ვთხოვე, ეს საკითხი დაგვეძრა. მოხდა ტერიტორიის გამოყოფა მათი ხელშეწყობით. პირველ რიგში, უწმიდესთან მივედით და მისი ლოცვა-კურთხევა ავიღეთ. უწმიდესმაც დაგვლოცა, გვაკურთხა და შევუდექით კიდეც ტაძრის მშენებლობას. თუმცა მიწის გადმოცემის საკითხი დღესაც ბოლომდე არაა მისული. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ რატომღაც გააჭიანურა ეს პროცესი. დანარჩენი, ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთეთ: აზომვები, ნახაზები, გეოლოგიური და ეკოლოგიური, არქეოლოგიური კვლევები და თუკი რაიმე საჭირო გახლდათ, ყველანაირი კვლევა ჩატარებულია ამ ტერიტორიაზე. წითელი ხაზები, ასე ვთქვათ, მოცემული გვაქვს, მაგრამ მიწის გადმოცემა რატომღაც უკვე სამი-ოთხი წელია მიმდინარეობს.”

მამაო, როგორ მოხდა საძირკვლის ჩაყრა?

sadzirkvlis kurTxevaროდესაც უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობა დაიწყო, დაგვლოცა პატრიარქმა, გვისურვა წარმატება და გადაწყდა, რომ საძირკველი წმიდა მთავარანგელოზთა დასის სახელზე გვეკურთხებინა. როდესაც საძირკველი გაიჭრა, გაგვიჩნდა ასეთი აზრი, რომ მის საფუძველში ჩაგვედო უჟანგავი ლითონისაგან დამზადებული კაფსულა, რომელშიც ჩაიწერებოდა ამ ტაძრის მშენებელთა და მრევლის სახელები და თხოვნა უფლისადმი, მოწყალე ყოფილიყო ის თითოეული ჩვენგანის მიმართ. ეს ყველაფერი რომ გავამზადეთ, ხელი მოაწერა მრევლმა ეტრატს, რომელიც ჩავდეთ უჟანგავი ლითონის კაფსულაში. როდესაც ვდებდით მას საფუძველში, გამოვაცხადე, რომ ჩვენს ტაძარს საფუძვლად ედებოდა ღვთისადმი სიყვარული და ეს კაფსულა, რომელზეც ეწერა შემდეგი ტექსტი: ,,სიყვარულითა და ღვთისმოშიშებითა შენითა, უფალო, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი”. როცა ტაძარი იკურთხება, ეტრატზე წარწერილი ტექსტი კვლავ გაჟღერდება და ეს იქნება მთავარი სიტყვა ჩვენს ტაძარში: უფლის სიყვარული, ღვთისმოშიშება და ამით გავაგრძელებთ ეკლესიურ ცხოვრებას.

მშენებლობაში მრევლი რა სახით იღებდა მონაწილეობას?

mrevliპირველ ეტაპზე, როდესაც ტაძრის მშენებლობა დავიწყეთ და ძალიან გაგვიჭირდა, გაგვიჩნდა იდეა, დაგვემზადებინა ყუთები და გვევლო ოჯახებში. ამ წამოწყებაში ჩვენი მრევლის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მათ კორპუსებში დაჰქონდათ ეს ყუთები და მოსახლეობას სთხოვდნენ, გაეღოთ შესაწირი ეკლესიის მშენებლობისათვის. უმეტესობა, რა თქმა უნდა, ამაში სიხარულით მონაწილეობდა. ამან კარგი შედეგიც გამოიღო. იმ პერიოდში საკმაო რაოდენობის შესაწირს ვაგროვებდით და ძალიან ბევრი სასიკეთო საქმეც გაკეთდა ამ შესაწირით, მაგრამ, რატომღაც, სხვა რელიგიის წარმომადგენლებმა, ან იმ ადამიანებმა, რომლებსაც ათეისტური შეხედულებები ჰქონდათ, უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინეს ამ მოქმედებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ პიროვნებები, რომლებმაც საპატრიარქოში დარეკეს და გამოთქვეს პრეტენზია, თითქოს წუხდებოდნენ ამით. ასე რომ, საპატრიარქოს თხოვნით ამგვარი მოქმედება შევწყვიტეთ. ამჟამად ღვთის წყალობაზე ვართ. რამოდენიმე სტაციონალური ყუთი გვაქვს დადგმული, რომლებშიც ადამიანები თვითონ, საკუთარი სურვილით იღებენ შესაწირს.

მამაო, წინ შორეული გეგმები გაქვთ. გვიამბეთ მათ შესახებ…

როდესაც ვფიქრობდი, აქ ტაძარი უნდა აშენებულიყო, ვხვდებოდი, რომ მარტო ეკლესიის აგება საკმარისი არ იქნებოდა, რადგან მხოლოდ ტაძრის აშენებით ვერ გადავწყვეტდით იმ პრობლემებს, რაც დღევანდელ ახალგაზრდობას აწუხებს. ამიტომ ჩანაფიქრში გაჩნდა იდეა რელიგიურ-კულტურული ცენტრის დაარსებისა. ჩვენ გამოვედით იმ პრინციპებიდან, რომ გელათისა და იყალთოს აკადემიები თავიდან ასეთი კულტურული ცენტრები იყო. აქედან გამოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ თუ რელიგიურ ცხოვრებაში თავის სიტყვას ამბობდნენ და საქართველო სწორედ იმიტომ იყო ძლიერი, რომ ამდენი განათლებული პიროვნება ჰყავდა.

ამ იდეას ნელ-ნელა ვახორციელებთ. ტაძართან ერთად შენდება რელიგიურ-კულტურული ცენტრიც.
maketi გარდა ამისა, აქ აუცილებლად იქნება საეკლესიო ხელოვნებისა და ახალგაზრდა ოჯახების დაგეგმარების სკოლა, სადაც ადამიანები ისწავლიან, როგორ უნდა ააწყონ ცხოვრება ეკლესიური თვალსაზრისით. ასევე, ამ ტერიტორიაზე გაკეთდება ქართული ტრადიციული მეურნეობის ელემენტები. ანუ ამაში იმას ვგულისხმობ, რომ, მაგალითად, ქართული მეღვინეობა, ერთი შეხედვით, საქართველოში თითქოს გავრცელებულია და ღვინო ყველა ოჯახში კეთდება, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ძველ საქართველოში არსებული ღვინის დაყენების კულტურა დღეს დაკარგულია. ადრე სხვადასხვა ხერხი არსებობდა, რამდენიმე ფრაქციად იყოფოდა ყურძნის დაწურვის პროცესი. ეს ხელოვნება იყო, რაც დღეს, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. დიდი სურვილი კი გაგვაჩნია ამისი, მაგრამ პრაქტიკაში არ ვახორციელებთ. კულტურულ-რელიგიურ ცენტრში კი იქნება ინტერნეტ-ტელევიზია, ინტერნეტ-რადიო, ინტერნეტ-ჟურნალი, რომელიც უკვე არსებობს, ასევე, სტუდია. საეკლესიო ხელოვნების სკოლასთან პატარ-პატარა სახელოსნოები შეიქმნება, ანუ ბავშვები, რომლებიც ისწავლიან ხატწერას, ჭედურობას, ოქრომჭედლობას, ხის მხატვრულ დამუშავებას, აქ მთლიანად სწავლების კურსს დაამთავრებენ და შემდეგ ყველაზე ნიჭიერები ამ საამქროებშივე დასაქმდებიან და დაამზადებენ ნივთებს.

რა არის ის მინიმალური პირობა, რაც საჭიროა თუნდაც იმისათვის, რომ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინოს?

shemosiliამჟამად ასეთ ეტაპზე ვიმყოფებით: ტაძრის შენობა, რა თქმა უნდა, უკვე აგებულია. პერანგითაც შევმოსეთ თავიდან ბოლომდე. სცენები, რომლებიც გვსურდა, ჩადგმულია. ახლა კარიზი კეთდება. კარიზის დამთავრების შემდეგ მოხდება ტაძრის გადახურვა, მაგრამ უბრალო კრამიტის გამოყენება არ გვინდა. გვსურს, ეს კრამიტი იყოს გამძლე და გარანტირებული წლების განმავლობაში, ამიტომ, მიუხედავად ჩვენი მწირი შემოსავლისა, გადავწყვიტეთ, შევიძინოთ იტალიური კრამიტი, რომელსც თითქმის ასწლიანი გარანტია აქვს. ის წყალს არ გაატარებს, გარეგნულადაც ლამაზი იქნება, ფერიც – გამომსახველი და ტაძარს თავის გარკვეულ განუმეორებელ იერს შესძენს. ამის შემდეგ ტაძარი შიგნიდან გასალესი დაგვრჩება. კირით გალესვას ვაპირებთ. შემდგომ იატაკი მოიხვეწება, გათბობა გაკეთდება და ამის შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება ტაძარი ვაკურთხოთ და აღევლინოს წირვა-ლოცვა. დაახლოებით, ჩვენი დაანგარიშებით, იმ სამუშაოებსა და მასალებზე, რაც მე ჩამოვთვალე, დაგვჭირდება სადღაც 70-80 000 ლარი და იმედი გვაქვს, ეს თანხა რაღაცნაირად შეგროვდება. ამ საკითხში მარტო ჩვენს მრევლს კი არა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წვლილის შეტანა, ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებს. თუნდაც ათ თეთრს მაინც თუ გაიღებს ვინმე, რა თქმა უნდა, ეს მას დიდ მადლად დაუბრუნდება. წმიდა მთავარანგელოზები დალოცავენ მასა და მის ოჯახს.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის ოთხივე მხარეს სახარებისეული სცენებია გამოსახული. ყველაფერი თაღოვან გადასვლებშია მოთავსებული და სპეციალურად ქართული ჩუქურთმის ნიმუშებითაა მორთული. სარკმლები ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებულია და თითოეული მათგანი ქართული ჩუქურთმის ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს: ,,მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირდა და შეგვეძლო, მარტივად გადაგვეწყვიტა ყველაფერი, ტაძარიც უფრო დაბალი, პატარა ყოფილიყო, მაინც არ ავირჩიეთ ეს გზა, რადგან, ვფიქრობ, როცა ტაძარი შენდება, მან საუკუნეებს უნდა გაუძლოს. მომავალი თაობები მასში ამოიკითხავენ ყველაფერს იმ თვალსაზრისით, თუ როგორი დამოკიდებულება გვქონდა ღმერთთან, სარწმუნოებასთან. საეკლესიო ხელოვნების ის ელემენტები, რომელიც დღესდღეობით ჩაიდო ამ ეკლესიაში, მომავალში თავის სიტყვას იტყვიან. ქვა ისაუბრებს იმაზე, თუ როგორი შეხედულებები გვქონდა, საეკლესიო ხელოვნებისადმი როგორი განწყობილება და კულტურული გემოვნება გაგვაჩნდა. ამიტომ ტაძრის ოთხსავე მხარეს სახარებისეული სცენები გამოვსახეთ. აღმოსავლეთის მხარეს აყვავებული ჯვარია გამოხატული. არის როგორც ხარების სცენა, ასევე, ჯვარცმის, ძველი აღთქმიდან – დანიელის ხაროში ჩაგდების, ღვთისმშობლისა და აღდგომის ხარების სცენები. სამხრეთ კედელზე სამთავისიდან აღებული ფასკუნჯის გამოსახულებაა. ყველაზე საინტერესოა დასავლეთის კედელი, რომელიც ძირითადი შესასვლელია ტაძარში და ეს განსაკუთრებულობა შემდეგში მდგომარეობს: დასავლეთის მხარეს ამშვენებს სტოა. სტოას შესასვლელი შიგნიდან ქვის ხატებითაა დამუშავებული და დამშვენებული. ეს გახლავთ ოთხი მახარებელი: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა გააჩნია და ნიშნავს, რომ ყოველმა ადამიანმა სახარება უნდა შეისწავლოს, გაიაზროს და გულთან მიიტანოს. სტოას თავზე მთავარანგელოზთა დასია და ასევე, წმიდა მხედრები – თეოდორე და წმიდა გიორგი, რომლებიც იცავენ კარს თავიანთი შუბებით, რათა ცუდი ზრახვები არ შევიტანოთ ტაძარში (თუკი ამ განწყობით შევალთ). სტოას ზემოთ არსებული სცენა კი მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ შევდივართ სასუფეველში, რადგან იქ გამოსახულია აყვავებული ვაზი და ბროწეული, რაც სიმბოლურად სამოთხის სახეს ქმნის. ამ ყველაფერს მაცხოვრის ამაღლების სცენა აგვირგვინებს, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ თუ ჩვენ ასეთი გზით ვივლით, ავმაღლდებით სამოთხეში და ავმაღლდებით უფალთან ერთად. ანუ მთლინობაში ეს სიმბოლო მიგვანიშნებს შემდეგს: ადამიანმა უნდა იცხოვროს ეკლესიურად, ღვთისმოშიშებით, უფლის სიყვარულით. ყოველ მათგანს ეძლევა საშუალება სამოთხის დამკვიდრებისა და თუ სახარებისეულად წარმართავს თავის ცხოვრების გზას, ის, რა თქმა უნდა, თავიდან ცოტა გაჭირვებით, თუმცა აუცილებლად შევა სასუფეველში, სამოთხეში და იქნება უფალთან.”

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • ლია says:

    ღმერთი შეეწიოს მამა დავითს ამ ღირსეულ და ძალიან დიდი საქმის წამოწყებაში.მოსახლეობის მხრიდან კი ამ კეთილშობილურ საქმეში მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს და უფალიც შესაბამისად შეეწევათ.გმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი ვინც მცირედით მაინც დაეხმარება ამ ეკლესიის მშენებლობას.

  • შორენა says:

    მართლაც რომ ბევრ საინტერესოს ვიღებთ ამ გაზეთიდან,ღმერთის წყალობა არ მოკლებოდეს მამა დავითს ასეთი ღვთისნიერი საქმისათვის რასაც მამა დავითი აკეათებს მრევლისათვის,

  • თეა says:

    ტელეფონით რომ იყოს გადარიცხვა აუცილებლად შემოვწირავდი და ბევრი ჩემნაირი იქნება ამის მსურველი.იქნებ არის და მე ვერ ვიპოვე.გთხოვთ შემატყობინოთ.გმადლობთ.

  • ნატო says:

    ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მამა დავითი ასეთი კარგი საქმიანობის წამოწყებაში.ჩვენ კი ვეცადოთ როგორც შეგვიძლია რამდენიც შეგვიძლია და რითაც შეგვიძლია ისეთი დახმარება გაგვეღოს ამ ბრწყინვალე საქმისათვის. უფალო შეგვიწყალენ!!!

  • lamara says:

    Upalo GaaDzliere Mama Daviti tavisi sulieri da xorcieli shvilebit

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი