მთავარი » ქრისტიანობა

წმიდათა კანონიზაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.03.2013 | 2,215 ნახვა

წმიდათა კანონიზაციის შესახებ გვესაუბრება დავით ჩიკვაიძე სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო წმიდა ნინოს საფლავი უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის ლექტორი:

განგვიმარტეთ სიტყვა “წმიდანის” არსი…

უპირველესად აღვნიშნავ, რომ არასწორია, როდესაც ერთ ადამიანს ვუწოდებთ “წმიდანს”, ვინაიდან “წმიდანი” არის სიტყვა “წმიდა” ნართანიან მრავლობით რიცხვში. ერთი ადამიანისათვის “წმიდა’ უნდა წარმოითქვას მხოლობით რიცხვში.

რაც შეეხება წმიდის არსს. წმიდა ეწოდება ისეთ ადამიანს, ვინც თავისი ლოცვით, ვედრებით, ღვთივსათნო ცხოვრებითა და, რაც მთავარია, უფლის კაცთმოყვარეობით განიწმიდა, თანაზიარებაშია საღმრთო სიწმიდესთან და ამის გამო იწოდება წმიდად. საგულისხმოა, რომ პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წმიდად იხსენიებს ყველა ქრისტიანს: “საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა” (რომ. 1:7). დღევანდელ პერიოდში წმიდას ვუწოდებთ იმ ქრისტიანებს, რომლებიც მიიცვალნენ ამა სოფლიდან და საეკლესიო გამოცხადების საფუძველზე გვეუწყა, რომ ისინი ნეტარებენ ღმრთის დიდებაში.

რის საფუძველზე შეირაცხება ესა თუ ის პიროვნება წმიდანად?

აღნიშნულ საკითხზე საგულისხმოა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ 1931 წელს შემუშავებული განჩინება წმიდად შერაცხვის ზოგადი პრინციპების შესახებ:

ა) წმინდანთა გამოცხადებისთვის მონაცემების განხილვა და კონტროლი წარმოებს სინოდური წესით, რომელიც შედგება შესაბამისი ეკლესიის ყველა მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის, ეპისკოპოსისა და ოფიციალური თანამდებობის აღმსრულებელი სასულიერო პირებისაგან;

ბ) წმინდანად შერაცხვისათვის საკითხის განხილვა ზედმეტია მათთვის, ვისაც ეკლესიის მწყემსთა და სამწყსოსაგან შედგენილმა საერთო სავსებამ უკვე დიდი ხანია მიაგო წმინდანობის პატივი და თაყვანს სცემს. ამ წმინდა პიროვნებებს, რომელთაც დღემდე ვადიდებთ, როგორც განწმენდილთ და უფლისმიერ განდიდებულთ, ეკლესიისაგან მიღებული აქვთ ფორმალური აღიარება;

გ) აღიარებისას დგება შესაბამისი საეკლესიო ოქმი;

დ) აღიარების ოქმს საზეიმოდ ხელს აწერენ ეკლესიაში შესაფერისი საეკლესიო მსახურების აღსრულებით;

ე) აღიარებულ წმინდანთა პატივის მისაგებად დროულად იქმნება ხატი და სათანადო განგება ეკლესიაში აღსასრულებლად;

ვ) ასევე აუცილებელია, გაიხსნას საფლავი, ამოყვანილ იქნას წმინდა ნაწილები (თუკი ისინი შემოინახა) და მათ ეცხოს წმინდა მირონი. საფლავის გახსნას, ჩვეულებრივ, თან ახლავს ღამისთევა და სადღესასწაულო ლიტურგიები.

ხშირია, როცა გარდაცვლილი ავლენს წმიდანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და ხალხი მას წმიდანად მოიხსენიებს, რამდენად მისაღებია ეს დამოკიდებულება და შეიძლება ასეთ შემთხვევაში ამ პიროვნებაზე, როგორც წმიდანზე ლოცვა და ა.შ.?

მსგავს საკითხებს, ზოგადად, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ძველ ეკლესიაში წმიდად გამოცხადებისათვის არ იყო აუცილებელი წმ. სინოდის შესაბამისი განჩინება და წმიდათა დასში, როგორც წესი, ქრისტიანები ეკლესიის წევრთა საერთო შეთანხმებით ირაცხებოდნენ და ამ გაგებით არც არაფერია საწინააღმდეგო იმაში, რომ ქრისტიანულმა თემმა წმიდად მიიჩნიოს ესა თუ ის გარდაცვლილი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სულიერება აჩრდილიც არ არის პირველი ქრისტიანების სულიერებასთან. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ამგვარი მოქმედებისას შევცდეთ, ამიტომ უნდა ვუსმინოთ ეკლესიის ხმას.

რაც შეეხება ლოცვას. ეკლესია ერთიანია, “არა არს ღმერთი მკუდართა, არამედ ცოცხალთა”. იმქვეყნად მყოფი ყველა ქრისტიანი ცოცხალია და ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ცოცხალ მოძმე ქრისტიანებს, რომ ილოცონ ჩვენთვის, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, დიდი სიფრთხილით.

როგორ ხდებოდა წარსულში წმიდანად შერაცხვა და საქართველოს ეკლესიაში წმიდანთა კანონიზაცია როდიდან იღებს ფორმალურ სახეს…

როგორც ზემოთ მოკლედ აღვნიშნე, წმიდად შერაცხვის ტრადიცია ძველ ეკლესიაში არ არსებობდა. როგორც წესი, ქრისტიანული თემი აღიარებდა ამა თუ იმ გარდაცვლილ ქრისტიანს წმიდად. აღიარების საფუძველი კი შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც გარდაცვლილი ქრისტიანის მეოხებით აღსრულებული სასწაული, ისე ზედმიწევნითი ცოდნა მისი ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ. ეკლესიას არ აქვს ისეთი დიდი წმიდა მოღვაწეების შერაცხვის აქტები, როგორებიც იყვნენ: წმ. ნიკოლოზი, წმ. გიორგი, წმ. ბასილი დიდი და სხვა მრავალნი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს ეკლესიის პირველი წმიდად შერაცხული ადამიანი არის წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე), რომლის კანონიზაცია შესრულდა 1987 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პირობებში.

როგორც წესი, წმიდად შერაცხვა მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

ა) ჯერ კეთდება მცირე წანამძღვარი, რა მოტივით და რის საფუძველზე ხდება წმიდად შერაცხვა;

ბ) შემდეგ მიეთითება წმიდის სახელი და გვარი ან, თუ სასულიერო პირია, შესაბამისი სამღვდელო წოდება;

გ) აუცილებლად განისაზღვრება სახელდება, რა სახელდებით ირაცხება ადამიანი წმიდად;

დ) დგინდება მოხსენიების დღე, რომელიც, უმეტესწილად, გარდაცვალების ანუ მარადიულ ცხოვრებაში გადასვლის დღეა;

ე) გაიცემა დამატებითი კურთხევა ტროპრის შედგენის, ხატის დაწერის და მსგავსი საკითხების თაობაზე.

წმიდათა კანონიზაციისას არსებობს თუ არა რაიმე განსხვავება სხვა ქვეყნებში?

არსებობს. მაგალითად, საბერძნეთში არსებობს ტრადიცია და ეს კონსტანტინოპოლის ზემომოყვანილ განჩინებაშიც აისახა, რომ კანონიზების შემდეგ იხსნება წმიდის საფლავი. საქართველოში ეს ტრადიცია არ გვაქვს. გახსნილია მხოლოდ წმიდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების საფლავი და იგეგმება ახლად კანონიზებული აღმსარებლისა და სალოსის არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) საფლავის გახსნა. ასევე არსებობს სხვა განსხვავებებიც, როგორიც არის ხატის წინასწარ დაწერა, კანონიზაციამდე და ა.შ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი