მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერი (VI საუკუნე)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.06.2011 5 კომენტარი | 7,807 ნახვა

ხირსის მამათა მონასტერი მდებარეობს კახეთში, სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან 11 კმ-ში. მონასტრის დამაარსებელია VI საუკუნეში საქართველოში შემოსულ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – სტეფანე ხირსელი. წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია აქვე, წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან.

სტეფანე ხირსელის მონასტერიIX-X საუკუნეთა მიჯნაზე სტეფანე ხირსელის მიერ აგებული ბაზილიკა, კახთა მეფემ კვირიკე I-მა გუმბათოვანი ტაძრით შეცვალა. XVI საუკუნის 40-იან წლებში კი ლევან კახთა მეფის დროს ჩატარდა რესტავრაცია.

მეცნიერთა შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები სახელ “ხირსის” წარმომავლობასთან დაკავშირებით. ზოგს ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან “ღირსი” ზოგი კი მას უკავშირებს მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას. არსებობს ვარაუდიც, რომ სახელი “ხირსა” შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი ასკეტური ცხოვრების ადგილისთვის.

ხირსის მონასტერი აგებულია ქართული სტილით. ტაძრის სიგრძე მაღალდასაჯდომლიდან დასავლეთის კარიბჭემდე დაახლოებით 41,3 მეტრია, სიგანე – 23,4 მეტრი, ხოლო სიმაღლე ლავგარდანამდე – 15,4 მეტრი. ტაძარი გვირგვინდება მაღალი კონუსის მსგავსი გუმბათით. შემოსასვლელი კარი ორი აქვს – დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომელიც ჯერ წმ. ნიკოლოზის ეკვდერისკენ მიემართება, ხოლო იქიდან – მთავარ ტაძარში. იგი ხშირად დარბეულა სარწმუნოების მტერთაგან, მაგრამ საქართველოს კეთილმორწმუნე გვირგვინოსნები ზრუნავდნენ მის აღდგენა აშენებაზე, მონასტერი მრავალჯერ აღუდგენიათ.

ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო. ქრისტიანობის გასავრცელებლად მორწმუნეები მიემგზავრებოდნენ დაღესტანში, ოსეთში, ინგუშეთში, ასტრახანში, დერბენტში და სხვ. ამ მხრივ მნიშვვნელოვანია ხირსის მონასტრის წინამძღვრის -იოანე მანგლელის ღვაწლი.

1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ხირსის სტეფანწმიდა ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერთაგანი იყო, რომელშიც აღესრულებოდა ღვთისმსახურება.

XIX ს-ის დასაწყისში წმ. სტეფანეს ტაძარი დანგრევის პირას იყო მისული. იგი კაპიტალურად გარემონტდა 1822 წელს, ეგზარქოს იოანეს (1821-1832) დროს. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა ფილადელფოს კიკნაძე, რომელიც 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ.

მონასტერის დასავლეთით აღმართულია მაღალი გალავანი, რომელიც კახთა მეფე ლევანს (1520-1574) შეუკეთებია. XIX საუკუნეში აუგიათ ტაძრის სამსართულიანი სამრეკლო. ამავე პერიოდში მონასტრის ეზოში დაარსდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

სტეფანე ხირსელის მონასტერიხირსის მონასტრის მთვარი სიწმინდეა წმ. პირველმოწამე სტეფანეს ნეკათითი. გადმოცემით ეს სიწმინდე აქ მონასტრის დამაარსებელმა – ღირსმა სტეფანემ ჩამოაბრძანა. დღეისათვის ეს სიწმინდე ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული.

მონასტერში ღვთისმსახურება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეწყდა. საბჭოთა წყობის დროს წმ. სტეფანეს ტაძარს საწყობად იყენებდნენ. ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა. 1990-იანი წლების ბოლოს მონასტერს სარემონტო სამუშოები ჩაუტარდა და განახლდა.

მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ლაზარე (გრძელიშვილი). მისი ძალისხმევით მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა მონასტერში.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • კატა says:

    მე-6-ე საუკუნე ეძახე და რა არქიტექტურაა, დგეს ვითომ უკეთესად უნდა აშენებდნენ მარა ეს არ არის ესე. ვისით და რითი ხელმძღვანელობენ ნეტა როცა უნიჭო შენობებს აშენებენ!

  • შოლტი says:

    შეცდომაა! სტეფანე ხირსელის მონასტრის ტერიტორიაზე 30 წლის წინ არანაირი საბერო საცხოვრებლის შენობა არ არსებობდა! (არქივში არსებობს ამისი ფოტომასალა) მუსიკალური სკოლა 80–იან წლებში ააშენა ამავე სკოლის დირექტორმა და ცნობილმა ლოტბარმა ვალიკო ნანობაშვილმა, რომელმაც თავისი ნებით გადასცა ეს შენობა ეკლესიას.(ძველზე რა ვთქვათ, როცა სამწუხაროდ უახლეს ისტორიას კარგად ვერ ვიძიებთ..)

    • თეონა ნოზაძე says:

      თუ შეგიძლიათ მოგვაწოდეთ შესაბამისი ფოტომასალა. აღნიშნული სტატია მომზადებულია რამდენიმე ლიტერატურაზე დაყრდობით და საჭიროების შემთხვევაში შესწორებას გავაკეთებთ. მადლობთ

    • tamaz says:

      ნაწილობრივ გეთანხმები, თუმცა იმის თქმა, რომ იმ ადგილას ბერების საცხოვრებელი არასოდეს ყოფილა, არ შეიძლება. როგორც სტატიაშია მოხსენიებული, საბჭოთა ხელისუფლების დროს საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება და მონასტერი გაპარტახებული იყო, ხოლო “სადავო” ბერების საცხოვრებელი ნანგრევებად იყო ქცეული. ამ ნანგრევების გასუფთავება დაიწყო 1984–5 წელს, ტიბაანის კოლმეურნეობაში არსებულმა ე.წ. “სამშენებლო ბრიგადამ”, თუმცა ნამდვილად არ მახსოვს ვისი დავალებით. იმ ნანგრევების გასუფთავებაში თავად მაქვს მონაწილეობა მიღებული და შეგიძლიათ მენდოთ. 1985 წლის შემოდგომაზე მე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამიწვიეს და როდესაც საბოლოოდ სოფელში დავბრუნდი –1990 წელს იქ მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა.არც ისაა ნამდვილი, თითქოს ბ–ნმა ვალიკომ ნებაყოფლობით გადასცა (დატოვა) მონასტერს იქაურობა. 90–იან წლებში(ზუსტი წელი აღარ მახსოვს) როდესაც მამა გრიგოლმა (დღეს სხალთის ეპისკოპოსია მეუფე სპირიდონი)აღადგინა ღვთისმსახურება,დიდი “ბრძოლა” დაგვჭირდა რომ მუსიკალურ სკოლას დაეტოვებინა მონასტრის ტერიტორია, არც დაუტოვებიათ, იქამდე, ვიდრე ალტერნატიული შენობა არ გამოვუნახეთ.იმ შენობაში დაარსა მამა გრიგოლმა სასულიერო სასწავლებელი, რომელიც ერთი წლის შემდეგ ბოდბის მონასტერთან არსებულ სასწავლებელს შეუერთდა.რაც შეეხება ბერების საცხოვრებელის ნამდვილად არსებობას ამის დამადასტურებელი ფოტომასალა ბევრი ტიბაანელის ოჯახში იქნება, მათ შორის მეც მაქვს….

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი