მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა სინოდის სხდომის ოქმი (მოკლე ვარიანტი) 2012-07-06

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.07.2012 | 4,080 ნახვა

2012 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის მორიგი სხდომა. თუშეთობა სხდომას თავჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.

იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

1. მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ მოკლედ მიმოიხილა დღევანდელი საერთო ვითარება, ის პრობლემები, რაც მცირე ერებს ემუქრებათ გლობალიზაციის პირობებში; ხაზი გაუსვა სკოლებში მომავალი თაობის სწორად აღზრდის მნიშვნელობას და ამ პროცესში ეკლესიისა და ოჯახის ჩართვის აუცილებლობას, ახალგაზრდების დასაქმების საკითხს და მათთვის გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევების სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში დაუფლების საჭიროებას;

2. წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს, – არჩევნების წინაპერიოდში, – განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის ნეიტრალური, საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი.

3. წმიდა სინოდმა იმსჯელა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებითაც და განაჩინა: ეკლესია მომხრეა ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენისა, მაგრამ, ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია, აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით.

4. განხილული იყო საკითხი ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. წმიდა სინოდი აცხადებს: სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.

5. სხდომაზე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგინებით, წმიდანად შეირაცხა საინგილოში მოღვაწე, რწმენისთვის თავდადებული მღვდელი, მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი (1842-1918 წ.წ.). მისი ხსენების დღედ დადგინდა 5 ივლისი.

6. წმიდა სინოდმა მოისმინა მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) მოხსენება საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და განაჩინა: ვინაიდან XIX საუკუნის მეორე ნახევარში და, განსაკუთრებით, XX ს-ში, – კომუნისტების მმართველობის ხანაში, მიზანმიმართულად შეიცვალა და გაყალბდა შეხედულება საქართველოს ეკლესიის საზღვრების შესახებ, მკვიდრდებოდა რა აზრი, თითქოს დასავლეთ საქართველო IV-X საუკუნეებში, ანუ 600 წლის მანძილზე, არ იყო ქართული ეკლესიის იურისდიქციაში, ამასთან, თითქოს, ჩრდილო, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში ასევე არ შედიოდა ჩვენი ზოგიერთი ისტორიული რეგიონი, დაევალოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტს, გადადგას რეალური, დროული და ქმედითი ნაბიჯები ათეისტურ პერიოდში შემუშავებული იდეოლოგიის ნაცვლად საქართველოს ეკლესიის ნამდვილი ისტორიის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის.

ხელი შეეწყოს მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) მიერ წარმოდგენილი მასალების დაბეჭდვას და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილი იმ ჭეშმარიტი აზრის განმტკიცებას, რომ “წმიდა მოციქულმა ანდრიამ იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა,” ხოლო წმიდა ნინომ “განანათლა ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა.” (დიდი სჯულის კანონი, 1974, გვ.545-546) და რომ ამას მოწმობენ უცხოური წყაროებიც.

აღსანიშნავია ისიც რომ ამ აზრს სრულად იზიარებს ბატონი ივანე ჯავახიშვილი. იგი წერს: “ანდრია მოციქულიც და წმიდა ნინოც საერთო ქართული ეკლესიის დამაარსებლად და მთელი ერის განმანათლებლად იყვნენ ცნობილნი, საქართველოს სხვადასხვა ნაწილების ცალკე მქადაგებლების გამოძებნის სურვილიც არ ჰქონიათ, რადგან ისინი მთლიანი და განუყოფელი საქართველოს განმტკიცებისა და აღორძინებისათვის იღვწოდნენ.” (ქართველი ერის ისტორია, ტ. III, გვ.47.)

7. წმიდა სინოდზე ითქვა, რომ დღეს აფხაზებიც და ოსებიც უკვე ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ საქართველოსგან გამოყოფამ საფრთხე შეუქმნა მათ არსებობას. დადგა დრო აფხაზებმაც და ოსებმაც ნათლად გააცნობიერონ, რომ სწორედ ქართველებთან კავშირშია მათი თვითმყოფადობისა და გადარჩენის გარანტია, რისი დადასტურებაცაა ჩვენთან ამ ერების მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება.

დაადგინეს: საქართველოს ეკლესიამ შესაძლებლობისამებრ გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის ძველი ურთიერთობის აღდგენას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი