მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა სინოდის განჩინება (20.12.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.12.2012 | 2,563 ნახვა

სინოდი წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

სხდომის დასაწყისში წაკითხულ იქნა წმიდა ამბროსი მედიოლანელის ლოცვა: “შენ, ღმერთსა, გაქებთ!” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის სიტყვაში მიმოიხილა ეკლესიის მდგომარეობა მისი აღსაყდრებიდან დღემდე. მან აღნიშნა, რომ თუ არა ღვთის წყალობა და შეწევნა, ძნელი იქნებოდა ამ ურთულესი პერიოდის გადალახვა, არ მოხდებოდა მრავალი ეკლესიისა და მონასტრის აშენება-რესტავრაცია, რომელთა შორის გვირგვინია ყოვლადწმინდა სამების ტაძარი.

კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვის შემდგომ წმინდა სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

I. კომუნისტური რეჟიმის დროს სასულიერო პირთა და სარწმუნოებისათვის წამებულ ერისკაცთა ცხოვრების შესწავლა მათი შემდგომი კანონიზაციისათვის; წმინდა სინოდმა დაადგინა: დაევალოს კანონიზაციის კომისიას ცალკეული პირების ცხოვრების შესწავლა და მათი კანონიზირების საკითხის წარმოდგენა წმინდა სინოდის წინაშე;

II. მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულების. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: 1. წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს – ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი; 2. გაიხსნას მისი საფლავი და გადასვენებულ იქნას სამთავროს ტაძარში. დაიწეროს მისი ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი. 3. ხსენების დღედ დაწესდეს მისი გარდაცვალების დღე – 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი).

III. წმინდა სინოდში საზოგადოებიდან შემოვიდა XIX-XX ს.ს. მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირის ცხოვრების ამსახველი მასალა და თხოვნა, მათი კანონიზაციის საკითხის განხილვისა. წმიდა სინოდმა დაადგინა: კანონიზაცისს კომისიას დაევალოს შესაბამისი მასალის შესწავლა და დასკვნის წარდგენა წმ. სინოდის განსახილველად.

IV. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დასვა საკითხი, განათლების ცენტრის მუშაობის შესახებ. განათლების ცენტრის თავმჯდომარის, მიტროპოლიტ იოანეს მოკლე მოხსენების შემდეგ წმინდა სინოდმა დაადგინა: განათლების ცენტრმა სისტემატურად მიაწოდოს სრული ინფორმაცია კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს განათლების სისტემაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

V. წმინდა სინოდმა იმსჯელა ქართველოლოგიის დღევანდელ მდგომარეობაზე უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში. მდგომარეობა მიჩნეულ იქნა არასახარბიელოდ. წმინდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში შეიქმნას ცენტრი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიასთან, ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სხვა სასწავლებლებთან ერთად იმუშავებს, რათა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში და დაწესებულებებში ჩამოყალიბდეს ქართველოლოგიური ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ისტორიასთან და მეცნიერების სხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვან, დარგებთან დაკავშირებული საკითხების ობიექტურ წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით.

VI. წმინდა სინოდმა თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს და ერთხმად დაადგინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადების 80 წლისთავსა და აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი: წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. 20 დეკემბერი 2012 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი