მთავარი » ქრისტიანობა

“წმიდა სახელთათვის”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.01.2018 4 კომენტარი | 4,116 ნახვა

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი (ახალდაბის წმ. გიორგის ტაძრის მსახური): მორწმუნეთა შორის აქტიურად ისმის კითხვა ადამიანთა სახელთა შესახებ. როდესაც მშობლებს ბავშვის დაბადების მოლოდინი აქვთ, ან ქრისტიანი რაიმე სახელს ატარებს და აინტერესებს არის, თუ არა ვინმე მსგავსის მატარებელი წმიდანი. დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი წმინდა მიზეზთა გამო გავრცელებულია აზრი „წმიდა სახელის“ დარქმევისა. ეს საკითხი კი ზოგჯერ უხერხულობას ბადებს. წმიდათა მოსახსენებელში პიროვნებისთვის შერჩეული სახელი არ იძებნება. ხშირია შემთხვევა ნათლად გამზადებულის ან ქრისტეს გზაზე შემდგარი ახალმოსულისთვის სამღვდელო პირისგან სახელის გადარქმევისა, რადგან რომელიმე წმიდანს მსგავსი არ რქმევია. სახელის ცვლილების სურვილი კი ყოველთვის თანხვედრითი არ არის და უარყოფის შემთხვევაში ხდება იმ მორწმუნეთა დაბრკოლების მიზეზად.

განვიხილოთ, რას ნიშნავს სახელის ცვლილება, საჭიროა, თუ არა იგი, ან ახალშობილისთვის წინდაწინვე შეირჩეს, რომელიმე წმიდის სახელი? პიროვნების სახელთა ცვლილების შემთხვევანი საღმრთო ისტორიაში არაერთგზის გვხვდება. მამამთავარ აბრამს თავად ღმერთი უწოდებს აბრაამს-მრავალთა მამას (დაბად 17. 5), იაკობ მამათავარს-ისრაელს (ღმრთის ერი), სვიმონ იონას ძეს-პეტრეს (კლდეს), მწიგნობარ საულს-პავლეს (მცირე) და მოციქულად დაადგენს. წმიდათა ცხოვრება: მკურნალ პანტელეონს (ყოვლადლომს) მისი მოძღვარი ერმოლაოსი პანტელეიმონს (ყოვლადმოწყალეს). სხვა მაგალითებიც შეგვიძლია მოვიყვანოთ. აღვნიშნავ: ჩამოთვლილი შემთხვევების მიუხედავად ეს არ წარმოადგენს სავალდებულო წესს სახელის ცვლილებისა. პირიქით, ასეთი რამ ცალკეულ შემთხვევებს წარმოადგენს და დაკავშირებულია გარკვეულ მიზეზებთან. თითოეულ მათგანს გაარკვეული მისია ევალება. აქვე დავძინოთ, რომ სხვა არანაკლები მისიის მატარებელ, არანაკლებ მნიშვნელოვან პერსონებს სახელთა ცვლილება არ შეხებიათ. ესენი იყვნენ ძველი აღთქმის მამამთავარნი, მსაჯულ-მეფენი, წინასწარმეტყუელნი თუ მოციქულნი. მკვეთრად გამოიყოფა მოსე წინასწარმეტყველი, რომელმაც უდიდესი მოვალეობა იტვირთა, ეგვიპტის ოთხასწლიანი ტყვეობიდან გამოიყვანა ისრაელი ერი, მაგრამ მას სახელი არ შეცვლია. სახელთა ცვლილების მიზეზი გარკვეული მოტივი იყო თვით პიროვნებისთვის, თუნდაც ის როდესაც ქრისტეში შებიჯებით თქმული ჩანაცვლებით განეშორებოდა წარსულ „მეს“ და იბადებოდა ახალ ადამიანად. სახელთა ცვლილების გარდა ამის გამომსახველად აღესრულებოდა თმის მოკვეცა, ზოგჯერ სრულიად აღპარსვა. ეს წესი განსაკუთრებითი სახედ ჩამოყალიბდა მონაზვნად აღკვეცისას, თუმცაღა ამის საყოველთაობა მეტად გვიანდელ საუკუნებში მოხდა.

ამ საკითხის სრულად აღსაქმელად ისევ საღმრთო-საეკლესიო ისტორიას ჩავხედოთ. თავად მოციქულნი, მათი მოწაფენი, მათ შორის კი არაიუდეველნი ელინურ-ლათინურ სახელთა მატარებელნი არავითარ გადარქმევას არ განიცდიან. წმიდათა უდიდესი დასი სწორედ ანტიკური სამყაროს სახელთა მატარებელია. ყველასთვის ცნობად სახეთ მოვიყვან: ანდრია მოციქული, ლუკა და მარკოზ მახარებელნი, სტეფანე და ფილიპე პირველდიაკონნი, ეგნატე ღმერთშემოსილი, პოლიკარპე სმირნელი, ირინეოს ლიონელი, ნიკოლაოსი(სამოცდაათთაგანი), ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, სპირიდონ ტრიმითვინტელი. აქტიურად გავრცობილი და ყველასთვის ფრიად საყვარელი სახელი, დიდმოწამე გიორგი კაპპადოკიელამდე ჩვენთვის, ფაქტობრივად, უცხოა ვინმე ამ წოდების მატარებელად. ასევე ერთადერთად ვიცნობთ დედოფალ ქეთევანს. ეს უკანასკნელი კი მე-17 საუკუნის მკვიდრია. საუკუნეთა განმავლობაში სრულიად ეკლესიისთვის უცხოა მსგავსი ხედვა. ამის თვალსაჩინოებას წარმოადგენს ლიტურგიულ კალენდარში არსებული სახსენებელი დღე ზოგად სახელთა. სადაც ნაგულისხმევია საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა დროსა და გარემოებაში მოღვაწეთა თუ შემოსევათა გამო ქრისტესთვის წამებულთა პირები. მათი კონკრეტირება ვითარებათა უცნობობის გამო შეუძლებელია, ცალკეულ სახელთა მატარებელ პერსონათა იდენტიფიცირება, მათის რაოდენობის განსაზღვრა. ჩვენთვის უცნობია ხვარაზმელთაგან 100 000 წამებულნი. 6 000 გარეჯელი მამანი. ბუნებრივია ისინი ქრისტიანობის მიერ შემოტანილი იუდაურ-ბერძნულ-ლათინურ-ასურულის გარდა ქართულ სახელთა მქონენი იყვნენ. სახელი თავისთავად სახელს წარმოადგენდა და მიმრქმელისთვის თავისუფალ არჩევანს წარმოადგენდა. ხშირად იგი მიზეზობრივად წარმოებული იყო, მსგავსად პანტელეიმონისა, აბრაამისა თუ ისრაელისა. ყოველი სახელი წმიდისა თუ რიგით მოქალაქისა შინაარსობრივად იბადებოდა. მარიამი ქალბატონი-დედოფალი. დავითი საყვარელი-სატრფიალო, გიორგი მიწათმოქმედი. ქრისტოდულე ქრისტესმოყვარე, ქრისტეფორე ქრისტეშემოსილი და ასე შემდეგ. სახელნი ამა თუ იმ ეთნოსის კუთვნილებაა, რომელიც მოწონების გამო სხვაგანაც აისახებოდა. ქართულ ყოფაში დაიბადა: ფოთოლა, მზისა, მთვარისა, მზევინარი, მზეჭაბუკი, ხარება, მახარე და ა.შ.

მკვეთრად განსხვავებული შინაარსის შემცველი, წარმართული პანთეონის ღვთაებათა სახელთა მქონე წმიდანნი ყავს ეკლესიას. დავძინოთ რომ ამავე დროს ისინი სამონაზვნო დასს მიეკუთვნებოდნენ და თვით ამ გზაზე მათ გადარქმევის პროცესი არ განუცდიათ. დიონისე არიოპაგელი, მოციქულთა მოწაფე-მღვდელმთავარი. სახელი მოდის ბერძენთა მევენახეობა-მეღვინეობის ღვთაებიდან. ასევე ელინური პანთეონიდან განვრცობილნია სახელნი წმიდა მოწამე არიადნასი, ეკლესია რამოდენიმე წმიდა აპოლონს იცნობს, თუ სამოცდაათაგან მოციქულს, მოწამეს თუ ღირსს. ეგვიპტელი მეუდაბნოვე ანუბისი(მე-4 ს). მკითხველთ შევახსენებ ისედაც ცნობილ ფაქტს: ანუბისი ეგიპტურ პანთეონში საიქიოს ქვესკნელის მცველ, ბოროტ ღვთაებას ერქვა. გარკვეულ წილად აქედან დაიბადა ბერძნულ-ლათინური ცერბერი. ამ სახელის თვალსაჩინოებისთვის მაგალითს მოვიყვან: დამეთანხმებით, რომ არცერთ თქვენგანს არ გაუჩნდება სურვილი თავის შვილს ტარტაროზი და გეჰენია(მხურვალება-მგზნებარება) დაარქვას. შესაძლოდ არსებობის შემთხვევაში ყველა მსწრაფლ შეუცვლიდა. თუმც, ფაქტი ქრისტიანობის ისტორიაში სახეზე გვაქვს. ღირს მამას არც ნათლისღებისას არ შემონაზვნებისას გამოუცვლია. ისევ გადარქმევის შესახებ ვიტყვი: თვით მონაზვნად აღკვეცისას სახელის განტევება და ახლის მიღება პირველ მოღვაწე მამებში სრულიად არ გვხვდება. არადა სამონაზვნო ცხოვრების წესის ფუძემდებელნი ეგვიპტელი მამები არიან. იგივე ვითარება გვაქვს შემდგომ საუკუნეებში, იხილეთ ქართველ ათონელ მამათა ცხოვრება. თორნიკ ერისთავის გარდა ცვლილებას არცერთი მათგანში ვხვდებით. ერისთავსაც სახელი იოანე სულიერი მამის, აღმკვეცელის სიყვარულით(შვილობლობით) ეწოდა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს ტრადიცია მოგვიანებით ხდება საყოველთაო.

დასკვნისთვის: სახელრქმევა მშობლის უფლებაა. იგი საკუთარი სურვილის, გემოვნების, მიზეზის, ახლაშობილის საფერ-სახასიათოს, თუ რომელიმე წმიდის ან წინაპრის სიყვარულით-პატივისცემით ირჩევს ნებისმიერ სახელს. ისეთნი, რომლებიც არ მოიპოვება წმიდათა მოსახსენებელში არანაირად არ წარმოადგენს დაბრკოლების საგანს. ეს იქნება შოთა, რატი, ჯაბა, რევაზი, სოსო, ბექა, იმედა, მერაბი, ნოდარი, ფოთოლა, ცისნამი, ციური, მთვარისა, მზისადარი, ნია, თინათინი, თუ ასე შემდეგ… ეს მშობელთა გულში სიყვარულით ნაწარმოები წოდებანია, რასაც წინ ვერარა მიზეზი ვერ დაუდგება. შვილიერება ღმრთივმიმადლებული კურთხევაა და მირქმევაც მისგან ბოძებული უფლება. მშობლის მიერ ბოძებული სახელის მატარებელ ადამიანს პირადი სურვილის გარეშე ცვლილება-დაწუნების უფლება არავის აქვს. და თუ ვინმე მიზეზად წმიდის სეხნიობის უქონლობას ან მფარველი წმიდის ნაკლებობას ახსენებს, უწყოდენ: წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი წმიდა გიორგის და მთავარანგელოზს სასოებდა, თამარ მეფე ღმრთისმშობელს და წმიდა გიორგის, ღირსი მამა სერაფიმე ღმრთისმშობელი მარიამს. ვინც კი რომელიმე წმიდის სახელს არ ატარებს, აწ წმიდად გაიარონ ქრისტეს სარბიელი, მსგავსად ეგნატე ღმერთშემოსილისა, დიდმოწამე გიორგი კაპპადოკიელისა, ღირსი ანუბისისა, დიდმოწამე ქეთევან დედოფლისა და თავად მოევლინონ წმიდა სეხნიად მათ შემდგომებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • mama levani says:

    ეს საკითხი სწორედ მრევლის ინტერესების გამო გავაშუქე. მასზე კითხვანი არაერთგზის დასმულა

  • mama levani says:

    დღეს მოსანათლად მოვიდა ადამიანი, რომელსაც ერქვა კუკური. იგი სწორედ ამ სახელით მოინათლა. ამ სახელს ისეთივე უფლება აქვს, როგორც კალისტრატეს, კარპოზს, კოდრატეს და ა.შ. ჩამოთვლილი სახელები არცერთი ნიშნით არ ფლობენ რაიმე უპირატესობას

  • mama levani says:

    წმიდათა ცხოვრებაში არის ასეთი მაგალითი:ცხრა ყრმა კოლაელთ ნათლობისას სახელები არ შეცვლიათ. არც არსებული სახელები გვხვდებიან მანამდე არსებულ წმიდათა მოსახსენებელში. ისინი იმავე ქართული სახელებით მოინათლნენ, რომლებიც წარმართობაში ქონდათ: გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი.

  • იემა says:

    თუმცა ვფიქრობ არამართებულია ადამინი მოინათლოს ისეთი შედგენილი სახელებით როგორიცაა- ლენსტანბერი,ელქსელი, ჰიგიენა…,თუმცა უმჯობესია მშობელმა გაითვალისწინოს და შვილს წმინდანის სახელი დაარქვას და არა არველოდი” ან “მინდოდა”

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი