მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი (ჩიტაძის ქუჩაზე)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.03.2012 4 კომენტარი | 6,242 ნახვა

მთაწმინდაზე, ჩიტაძის ქ. № 9-ში მდებარე წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი წარმოადგენს აგურით ნაშენ სამნავიან ბაზილიკას. კარიბჭის ზემოთ მიშენებულია სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც ეყრდნობა რვა სვეტს. ეკლესია ორსართულიანია.
ტაძრის არქიტექტორი ალბერტ ზალცმანია.

წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის ისტორიას ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ბუკია გვიამბობს:

წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია ჩიტაძის ქუჩაზე

“ტაძრის ისტორიის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მოგეხსენებათ, ჩვენი ეკლესია 2-სართულიანია. თუმცა პირველი სართულის ქვემოთაც არის სართული, რომელიც, სამწუხაროდ, კომუნისტების პერიოდში, როდესაც ხდებოდა ტაძართან მდებარე 47–ე სკოლის რესტავრაცია და ტაძრის გარკვეული ნაწილი დაინგრა, განადგურდა. ახლა მხოლოდ სიცარიელეა. იქ თაღოვანი შენობა ყოფილა, რომელშიც ჭა გახლდათ. ერთ-ერთი ვერსიით ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი ამბობს, რომ იქ აფთიაქი იყო.

XIX საუკუნეში, 1845 წელს აქ კეთილშობილ ქალთა გიმნაზია გაიხსნა, რომელიც მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მეუღლემ ეკატერინემ დააარსა. ეს იყო ქრისტიანული საზოგადოების ერთ-ერთი პროექტი იმ დროისათვის კავკასიაში განათლების დონის ასამაღლებლად.

მეფის რუსეთი ცდილობდა, ქართველი ადამიანების გული მოეგო და რიგითი მცდელობა გიმნაზიის დაარსება გახლდათ. მის ბაზაზე მეფისნაცვალ დუნდუკოვ კორსაკოვის მეუღლემ ააშენებინა წმ.ნინოს ტაძარი.

ეს ტაძარი 1887 წელს, ძველი სტილით 23 ნოემბერს ძირითადად შემოწირულობით გაიხსნა.
ტაძარი რუსული აგურითაა ნაშენი. სამშენებლო მასალაც მთლიანად შემოწირული ყოფილა კავკასიის რკინიგზის მიერ.

ისტორიაში, სადაც მოთხრობილია ტაძრის გახსნის შესახებ, საუბარია, რომ ტაძარი “ძველის” ადგილას აშენდა. მაგრამ ამ “ძველში” იგულისხმებოდა თუ არა ტაძარი, არავინ იცის.

კომუნისტების პერიოდში მიერთებული იყო 47-ე სკოლას და ფიზკულტურის დარბაზი გახლდათ. როდესაც ეროვნული მოძრაობის წლები დაიწყო, ტაძრის პირველი წინამძღვარი, ვისი თაოსნობითაც ეკლესია აღდგა და გაიხსნა, მამა თეიმურაზ ჩაჩიბაია ის ამჟამად ბერადაა აღკვეცილი და იღუმენი იოანე ჩაჩიბაია გახლავთ.

ზედა სართული მეტად შელახული და დანგრეულია, რადგან როდესაც სკოლა უკვე აშენდა და გამოეყო ტაძარს, დარჩა ნანგრევები, გარშემო რაც შენობები იყო, გარდა ტაძრის დამხმარე ნაგებობისა, თითქმის განადგურდა. გადარჩა სამუსიკო სასწავლებელი, რადგან 47 – ე სკოლის გეგმას წარმოადგენდა. ეს სკოლა არ უნდა ყოფილიყო იმ სახის, რა სახეც ახლა აქვს.

წმიდა ნინოს ტაძარი ჩიტაძეზე

სამწუხაროდ, იმ პერიოდისთვის ასეთი აზრიც დაფიქსირდა: პირად საუბრებში ნახსენები იყო, რომ არსებობდა მცდელობა იმისაც, თუ ტაძარი არ დადასტურდებოდა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შეიძლებოდა დანგრეულიყო. როგორც მოგახსენეთ, ეროვნული მოძრაობის მხარდაჭერითა და იმჟამინდელი მთავრობის, მაშინდელი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ხელშეწყობით მამა თეიმურაზმა მოახერხა,რომ წმიდანების მირიანისა და ნანას სახელობის ქვედა ტაძარი გახსნილიყო, რომელიც მთლიანად მიწით იყო დაფარული.

რამდენადაც ეს ტაძარი მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს სახელობის იყო და შესაბამისად, მისი მოციქულეობრივი ღვაწლი უკავშირდება მირიანსა და ნანას, სწორედაც მათი სახელობის ტაძარი აშენდა ქვემოთ, პირველ სართულზე, სადაც დღემდე წირვა-ლოცვა აღევლინება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ტაძარში გაკეთდა პირველი სანათლავი, ემბაზი, სადაც სრული შთაფლვით ნათლობა ხდება. დღესდღეობით ეს უკვე სხვა ეკლესიებშიც შესაძლებელია, მაგრამ იმ პერიოდისთვის, 1991 წლისთვის ამ მხრივ ერთადერთი ტაძარი იყო მთელ ქალაქში.

1999 წელს საქართველოს ეკლესიის მიერ კანონიზირებულ იქნა წმიდანად წმიდა ნინოს მშობლები – ღირსი ზაბულონი და სოსანა. მამა იოანეს ინიციატივითა და პატრიარქის კურთხევით, ტაძრის ზედა ნაწილს მიამატეს ფლიგელი, სადაც ზაბულონისა და სოსანას ტრაპეზე განთავსდა. ფაქტობრივად, ჩვენ სამი ტრაპეზე გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტაძარი სამი წმიდანის სახელობისაა: წმ. ნინო, მისი მშობლები – ზაბულონი და სოსანა და მირიანი და ნანა.

ეტაპოვრივად კეთდებოდა და ბოლოს იმჟამინდელი ქალაქის მერის, ბატონ ვანო ზოდელავას თაოსნობითა და ადამიანთა ჯგუფის დახმარებით 1993 წლის 26 მაისს ზედა ტაძარი გაიხსნა.

არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ როდესაც კეთილშობილ ქალთა გიმნაზია გაიხსნა, იქ ტაძარი გახლდათ. ის შესაძლოა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ყოფილიყო. არსებობს მიმოწერა სკოლასა და ათონის მთას შორის, სამადლობელი წერილი იმ ხატის გამო, რომელიც ათონიდან იყო ჩამობრძანებული საჩუქრად, ეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი გახლდათ.
წერილის მიხედვით მსჯელობა რთულია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ 1887 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი, ანუ მოხდა ტაძრის კურთხევა.

წმიდა ნინოს ტაძარი ჩიტაძეზედღესდღეობით ოთხი მღვდელმსახური ვმსახურობთ: დაახლოებით წელიწადნახევარია ტაძრის წინამძღვარი მე გახლავართ, დეკანოზი მიქაელ ბუკია, ასევე, მამა იოანე ჩაჩიბაია, დეკანოზი დავით ქვლივიძე და მამა ალექსი ქშუტაშვილი, რომელიც ღვთისმეტყველების დოქტორია.

ტაძარში მხოლოდ პირველი სართულის საკურთხეველია მოხატული, 1992 წელს თავად მამა იოანემ, ტაძრის წინამძღვარმა მოხატა. იგი ხატმწერია.
ზედა სართული მოხატული არაა.

ჩვენს ტაძარში ბევრი სასწაულმოქმედი ხატია. მათში წმიდა ნაწილებია ჩაბრძანებული. გვაქვს ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს და ჯვარცმაშია ჩასმული. ასევე, წმიდა გიორგის მუხლის ნაწილი, ღვთისმშობლის მშობლის, წმიდა ანას წმიდა ნაწილები, წმ. ნიკოლოზის, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილები, რომლებიც აგრეთვე ხატებშია ჩაბრძანებული და ამ წმიდანების ხსენების დღეს ჩვენ განსაკუთრებულად აღვასრულებთ წირვა-ლოცვას, ხდება აღნიშვნა ამ სიწმიდეთა თაყვანისცემისა.

წირვა-ლოცვა აღევლინება შაბათ-კვირას და ყოველ დიდ დღესასწაულზე.

ხუთშაბათობით 3 საათზე ვატარებთ საჯანმრთელო პარაკლისს.

ამჟამად გადაწყვეტილი გვაქვს ტაძრის რესტავრაცია, პროექტი უკვე შედგენილია სერგი ფანცულაიას მიერ, საპატრიარქოსთან და ქალაქის მერიასთანაც შეთანხმებულია, თუ როგორი სახე უნდა მიიღოს ტაძარმა. პროექტის სურათები გამოფენილია ტაძრის შესასვლელში.
გეგმაში გვაქვს, რომ ტაძრის იატაკი და კანკელი გამოიცვალოს და კედლები მოიხატოს.

ქალაქის მერიისგან გვაქვს გარკვეული მხარდაჭერა და რასაკვირველია, იმედი მრევლისა და კეთილი ადამიანების, რომლებიც საქართველოში მრავლად არიან.

როგორც უკვე გითხარით, ტაძარი სკოლის ფიზკულტურის დარბაზი იყო და ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს ეს სკოლა დამთავრებული. მათთან საუბარში მეც და სხვებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან განიცდიან და სწუხან იმის გამო, რომ აქ ბავშვობაში კალათბურთი უთამაშიათ. იდეის დონეზე შევიმუშავეთ, რომ ჩამოვაყალიბოთ 47 –ე სკოლის საზოგადოება, რომელიც ამ სკოლის მოსწავლეებით შედგება. ისინი შეიკრიბებიან, პერიოდულად გადავიხდით პარაკლისებს, ასევე, ჩატარდება პანაშვიდები მათი სულების მოსახსენიებლად, ვინც უკვე გარდაცვლილია.

ეს ტაძარი სკოლას ეკუთვნოდა და გვინდა, რომ ტრადიცია ისევ აღდგეს. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ირმა ხუციშვილმა მხარდაჭერა აღგვითქვა ამ საკითხში, ბავშვები საქმის კურსში არიან და სურვილისამებრ მიიღებენ მონაწილეობას შესაწირისა თუ სხვა დახმარების სახით.

ინებოს უფალმა, რომ ყველა ადამიანი დადგეს ღვთის გზაზე და ისევე გაგვამთლიანოს, როგორც წმიდა ნინომ ვაზის ჯვრით გააერთიანა საქართველო. მართალია, ეს IV საუკუნეში მოხდა, მაგრამ წმიდა ნინო დღესაც ჩვენი მეოხი და მფარველია ღვთის წინაშე და თავისი ვაზის ჯვრით გვწინამძღვრობს.

წმიდა ნინო შეეწიოს სრულიად საქართველოს და მთელ მართლმადიდებელ სამყაროს”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • სიმართლე says:

    ეს ყველაფერი კარგი, და კარგია ….
    მაგრამ აქ არაფერია ნათქვამი იმაზე თუ რა ღვაწლი მიუძღვის მამა იოანეს(ჩაჩიბაიას)
    ამ ტაძრის აღდგენაზე …..!!

  • ხათუნა says:

    უფალი იყოს ყველა კეთილი საქმის შემწე!!! ამ საიტის არსებობა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია თითოეული ჩვენთაგანის ღვთისკენ მოსაქცევად, რადგან ამ საიტის მეშვეობით შეიძლება ბევრად უფრო გახსნილად ესაუბროს ადამიანი მოძღვარს ვიდრე პირისპირ, რადგან მოძღვარს უწვრილესი დეტალები რომ მოუყვე ეს უხერხულიც არის, თან საამისო დრო ალბათ არცერთ მოძრვარს არააქვს. მე ჩემი პირადი მაგალითიდან გამომდინარე დიდ შიმშილს განვიცდიდი რადგან უამრავი მრევლის დამოძღვრით, ჩემს მოძღვარს დრო თითქმის არ რჩებოდა, რომ თითოეულის მონაყოლისთვის მოესმინა და ყველა ცალ-ცალკე დაერიგებინა. არადა ეს ბევრჯერ მართლაც საჭიროა, რადგან ზოგადი ქადაგებით ან თუნდაც სხვების თანდასწრებით, ცოტა უხერხულიცაა პირად პრობლემებზე საუბარი… იმედი მაქვს რომ ეს საიტი დამეხმარება ჩემი ნებსით თუ უნებლიედ ჩადენილი შეცდომების გამოსწორებაში. ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს… დამლოცეთ მამაო და კურთხევა მომეცით ამ საიტით სარგებლობაზე.

  • sxvadasxva says:

    damlocet mamao! mainteresebs saeklesio terminologiis ganmartebebis mozieba sad sheizleba. magalitad agcarebashi aris ramodenime sityva romlis mnishvneloba ar vici. gmadlobt.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი