მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმიდა ნიკოლოზის სამლოცველო ქვემო ფონიჭალაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.07.2012 | 5,312 ნახვა

ქვემო ფონიჭალის უბანში ძალიან მძიმე სიტუაცია გახლდათ როგორც ნარკოტიკების მხრივ, ისე ახალგაზრდობის სიკვდილიანობით. საჭირო იყო სამლოცველოს აშენება.
თუ როგორ მოხდა ამ უბანში სამლოცველოს დაარსება, ამ თემაზე “ამბიონს” ქვემო ფონიჭალის 153-ე საჯარო სკოლაში არსებული სამლოცველოს წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი გუგენიშვილი ესაუბრა:

“უწმიდესის კურთხევით თავიდან, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში ვმსახურობდი (I სამშობიარო). ახლობელი მყავს მამა ბაქარი, რომელიც იცნობდა ფონიჭალაში ახვლედიანების ოჯახს. ამ უბანში ახვლედიანების ოჯახი ცხოვრობდა. დედას სიმსივნე დაემართა და ქალბატონი ნუნუ მალევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ჩვენ დავვახლოვდით. რადგან მის ოჯახსა და უბანშიც მძიმე სიტუაცია იყო, ზვიად ახვლედიანმა მთხოვა, იქნებ უბანი გადავარჩინოთო.

წმიდა ნიკოლოზის სამლოცველო ქვემო ფონიჭალაში

ვნახეთ სკოლის დირექტორი გოგი ანჯაფარიძე, სასწავლო ნაწილი ციცინო ავალიშვილი და ზვიად ახვლედიანი, რომელიც ამ სკოლის კურსდამთავრებულია.

ადგილობრივმა პედ. კოლექტივმა უდიდესი მონაწილეობა მიიღო ამ სამლოცველოს გახსნაში.

მოლაპარაკების მიხედვით, მოგვცემდნენ საკლასო ოთახს, რომელიც იქნებოდა ქუჩის მხარეს, სადაც გავაკეთებდით სამლოცველო სახლს. მოვედით ამ ტერიტორიაზე და ზვიად ახვლედიანმა, რაც საშუალება ჰქონდა, ხელი შეგვიწყო. მოსახლეობაც მხარში ამოგვიდგა. დაგვეხმარნენ და მათი ხელით გაკეთდა ყოველივე. რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობდი მე, როგორც შემეძლო. დავალაგეთ ყველაფერი. ხისგან გავაკეთეთ, როგორც დროებითი სამლოცველო – პატრიარქის კურთხევით სკოლებშია ასე მიღებული.
როდესაც ყველაფერი დავასრულეთ და მოვამზადეთ, უწმიდესთან მივედით და ვთხოვეთ, რომ ეკურთხა ტრაპეზი. მაშინდელი ქორეპისკოპოსი, მეუფე გერასიმე გამოამწესა. 2003 წლის 4 დეკემბერს მეუფე გერასიმემ სამლოცველო აკურთხა.

სამლოცველოს დაარსება უცბად მოხდა. რაც გვქონდა გონებაში, ყველაფერი ჩავსვით. ერთი საკლასო ოთახი გამოგვიყეს. გავიდა რამდენიმე თვე და მრევლის სიმრავლის გამო რომ აღარ იყო საშუალება, ისევ მივედით ადმინისტრაციასთან და ვთხოვეთ, ერთი საკლასო ოთახი კიდევ დაეთმოთ. მოგვცეს კიდევ ერთი ოთახი. შემდეგ შრომის ოთახი მივამატეთ და ასე შეიქმნა ზვიად ახვლედიანის ინიციატივით.

იმ წელსვე გავამზადეთ ახალი ტაძრის პროექტი, მხოლოდ დეტალები იყო დასაზუსტებელი. არქიტექტორი გახლდათ რევაზ ჯანაშია. პროექტის მიხედვით ერთნავიანი ბაზილიკა იყო, რაც ეზოში ჩაეტეოდა. ეკლესიის მშენებლობისთვის ამ ტერიტორიაზე მიწა უსასყიდლოდ გადმოგვცეს. ეს მოხდა შარშანწინ. მცირეოდენი თანხები გამოგვიგზავნა გამგეობამ და დავიწყეთ ნელ-ნელა მშენებლობა. ნაწილი თანხა მე თვითონ მოვიძიე. ჩემმა მეგობარმა, ნათლიმამამ ბიძინა (ბაჩო) გოგსაძემ გამოგვიგზავნა თანხა და ნელ-ნელა მშენებლობაც დავიწყეთ.

მშენებარე ტაძარი ფონიჭალაში

საძირკველი საუკეთესო გავუკეთეთ. ამჟამად ველოდები ზვიად ახვლედიანის მოხმარებას. წითელი აგურით გაკეთებას ვაპირებთ, ეს არის მეტეხის კერამიკა, რომლითაც შეიძლება გავაკეთოთ გარეთა ფასადი.
ძალიან ღარიბი უბანია. თუ შეკვეთილ წირვას შუა კვირაში ვატარებ, ხალხის ნახევარიც კი არ მოდის. არ არის იმის საშუალება, რომ თანხა შემოწირულობით შეგროვდეს.

პირველი სართული უკვე გამზადებულია, რასაც პირველი ნავი ჰქვია.
ტაძარი იქნება წმიდა ნიკოლოზის სახელობისა. ეს თავიდანვე გადაწყვეტილი გახლდათ.

ეს ფაქტი ჩემთვის იმდენად იყო სასიხარულო, რამდენადაც წმიდა ნიკოლოზი უშუალოდ ჩვენი მოძღვარი და პატრონია, მთელი საქართველოსა და დედა ეკლესიის. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მთელი ჩვენი დედაეკლესია ჩაბარებული აქვს წმიდა ნიკოლოზს. უნეტარესი წმიდანს ამ სიტყვებით ეფერება: “შენ ხარ პატრიარქი და მე თქვენი მოადგილე ვარო”.

ვისი სახელობის არის სამლოცველო და ტაძარში დაცულია თუ არა წმიდა ნაწილები?

სამლოცველოც წმიდა ნიკოლოზის სახელობისაა. იგი გადავა იმ ტაძარში, რომელიც აშენდება. ეს სამლოცველო ნაკურთხია, ყველაფერი შესრულებულია, წმიდა ნაწილებიც დევს. დროებითი ხის ტრაპეზი გვაქვს. ამის შემდეგ წმიდა ნაწილები ამოიღება. წმიდა ნაწილი ცალკე არ გვაქვს, რადგან არ შეიძლება იყოს, გარდა საკათედრო ტაძრისა. სიწმინდეები იმ ტაძარშია, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული.
როდესაც ადამიანი ეზიარება დიდ ხუთშაბათს, კეთდება წმიდა ნაწილი. ამაზე დიდი წმიდა ნაწილი არ არსებობს, უფლის სისხლი და ხორცი დევს შენთან ტაძარში.
ყველაზე დიდ სიწმინდეს “ოდიგი” ჰქვია, სადაც დევს წმიდა ნაწილი და თითონ ოდიგში კიდევ – სხვა წმიდა ნაწილი. ერთი წმიდა ნაწილი ტრაპეზშია და მეორე – ოდიგში. “ოდიგი” მოძრავია.

სამლოცველო მოხატულია თუ არა?

სამლოცველო მოხატული არ არის. კანკელი გავალამაზეთ, ის ჩვეულებრივი ხისაა. ყველაფერი კანონიკაში ჯდება, რადგან დროებითია. იმედი გვქონდა, რომ მეორე ტაძარი მალევე აშენდებოდა, რადგან ეს ყოველივე გადავა მშენებარე ეკლესიაში.

ვისი დაწერილი ხატებია დაბრძანებული?

სამლოცველოში დაბრძანებულია მამა დავით ქალებაშვილის მიერ დაწერილი ხატები. იგი წმიდა ბარბარეს ეკლესიაში მსახურობს (ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ხილიანზე).

მას შემდეგ, რაც სამლოცველო გაიხსნა, რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. უბანში მეტი სიმშვიდეა. ტაძარს დიდი მრევლი ჰყავს, წმიდა ნიკოლოზი ძალიან მადლიანია.
ასეთი მადლი და სიყვარული მოიტანა წმიდა ნიკოლოზმა ამ უბანში. ჩვენ არავითარი ძალა არ დავიშურეთ, რომ ამისათვის ხელი შეგვეწყო.

თეა სულაბერიძე

ფოტო ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი