მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IV)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.09.2019 | 146 ნახვა

8 აგვისტოს არის ხსენება წმიდა მოწამეთა – ადრიანესა და ნატალიასი. ისინი ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე და ბითვინიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს.

ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ერთი მოენის ცნობით, ნიკომიდიის მახლობელ მღვიმეს შეხიზნული ოცდასამი ქრისტიანი შეიპყრეს. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის ისინი საშინლად აწამეს, შემდეგ კი სამსჯავრო პალატაში მიიყვანეს, რომ მათი ვინაობა დაედგინათ.

აღმსარებელთა სიმტკიცით გაკვირვებულმა სამსჯავრო პალატის უფროსმა ადრიანემ მწერლებს მიმართა: „მეც ჩამწერეთ, რადგან ქრისტიანი ვარ და სიხარულით მოვკვდები ქრისტე ღმერთისთვის“. როცა მწერლებმა იმპერატორს მოახსენეს ამის შესახებ, მან თავისთან მოუხმო ერთგულ მოხელეს და უთხრა: „ნუთუ შენც შეიშალე და თავის დაღუპვა გსურს? წადი, ამოშალე სიიდან შენი სახელი, პატიება სთხოვე ღმერთებს და მსხვერპლი შესწირე!“ წმიდა ადრიანემ კი უპასუხა: „მე კი არ შევშლილვარ, გონს მოვედი“. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ აღმსარებელი.

წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია

როცა მარტვილის მეუღლემ, ნატალიამ შეიტყო, რომ მისმა ქმარმა ქრისტე აღიარა, სიხარულით აღივსო, რადგან თავადაც ფარული ქრისტიანი იყო. მან საპყრობილეში მოინახულა და გაამხნე

ვა ადრიანე: „ნეტარ ხარ შენ, უფალო ჩემო, რამეთუ ირწმუნე ქრისტე. დიდი საუნჯე მოგიგია. ნუ დაგენანება ნურაფერი მიწიერი: სილამაზე, სიყმაწვილე და სიმდიდრე – ყველაფერი მტვერი და ნაცარია, უფალს კი მხოლოდ სარწმუნოება და კეთილი საქმეები სათნოეყოფა“.
სხვა პყრობილთა თავდებით წმიდა ადრიანე საპყრობილიდან გაუშვეს, რომ მეუღლისთვის თავისი სიკვდილით დასჯის დღე შეეტყობინებინა. ნატალიამ იფიქრა, რომ იგი მაცხოვრის უარყოფის ფასად გაათავისუფლესო; მაგრამ ქრისტეს ტარიგმა დაარწმუნა, წამებას არ გავქცევივარ, ჩემი აღსასრულის დღე მინდა გაუწყოო.

წმიდა ადრიანე სასტიკად აწამეს. წმიდა ნატალია განამტკიცებდა ქმარს; ევედრებოდა, ღვთის წინაშე პირველი ლოცვა მისთვის აღევლინა. მტარვალმა ბრძანა, ადრიანესა და სხვა მსჯავრდებულებისთვის გრდემლზე ხელ-ფეხი გადაემსხვრიათ.

უღმრთოებს სურდათ, დაეწვათ მათი ცხედრები, მაგრამ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა და ღუმელში ცეცხლი ჩაქრა. ბევრი ჯალათი ემსხვერპლა მეხისტეხას. მალე ლაშქრის ერთ-ერთმა ათასისთავმა იმპერატორისგან მომხიბლავ და მდიდარ ნატალიაზე დაქორწინების ნებართვა გამოითხოვა, მაგრამ ქვრივი ბიზანტიონში გაიხიზნა და მეუღლის წმინდა ცხედარიც თან წაასვენა.

აქ მას ძილში წმიდა ადრიანე გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე მიიცვლებოდა. გადატანილი სატანჯველებით მოუძლურებული ქრისტეს ტარიგის სული, მართლაც, მალე შეივედრა უფალმა – იგი მეუღლის ცხედარს დააკვდა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ცოდვათა შენდობისათვის აღსარება აუცილებელია. ხოლო სულიერი ზრდისათვის კაცს მოძღვარი სჭირდება", - პაისი მთაწმინდელი.