მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელის ცხოვრება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.08.2017 5 კომენტარი | 8,168 ნახვა

ახალი სტილით 11 აგვისტო წმიდა ევსტათი მცხეთელის ხსენების დღეა

ჯვარი ხვასრო მეფის მეფობის მეათე წელსა და არვანდ გუშნასპირის მარზპანობისას, ქართლში სპარსეთიდან, სოფელ არშაკეთიდან მოვიდა 30 წლის წარმართი კაცი, სახელად გვინობანდაკ. იგი მცხეთაში დასახლდა, სწავლობდა მეხამლეობას. შეიყვარა ქრისტიანობა და ირწმუნა ქრისტე. მეხამლეობის შესწავლისთანავე ცოლად ითხოვა ქრისტიანი და თვითონაც გაქრისტიანდა. გვინობანდაკს ნათლისცემის სახელად ევსტათი უწოდეს.

ერთ დღეს, მცხეთაში მცხოვრებმა სპარსმა ხელოსნებმა ერთად მოიყარეს თავი მაზდეანური დღესასწაულის აღსანიშნავად და ამ ზეიმზე ევსტათიც მიიწვიეს.,,თქვენი ტოზიკიცა ბნელ არს და თქვენ, მეტოზიკენიცა, ბნელ ხართ. ხოლო მე ქრისტეის ბეჭედი მომიღებიეს და ქრისტეის ტოზიკსა ვტოზიკობ, რამეთუ ქრისტეის ბეჭდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორეგულ ვარ,’’’გამოუცხადა ევსტათიმ თანამემამულეებს მათ ზეიმში მონაწილეობის მიღებაზე.

ამ სიტყვების შემდეგ სპარსი ხელოსნები შეიკრიბნენ და ევსტათი უსტამ ციხის ერისთავთან დააბეზღეს, რომელიც თავდაპირველად დაბრკოლდა, შემდეგ კი განიზრახა წარმსდგარიყო მასთან და ცხადად ეღიარებინა ქრისტე, რადგან სმენოდა წმინდა ევენგელესაგან, ,,რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა, და რომელმან უარ მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა”. ევსტათიმ გადაიწერა პირჯვარი, გულში კი თქვა: ,,უფალი ჩემ თანა.

ციხისთავ უსტამს ევსტათიმ მოახსენა თავისი სოფლის, ქალაქის შესახებ. ამცნო ისიც, რომ იგი თავდაპირველად მოგვი იყო და მამაც მოგვობას ასწავლიდა. თუმცა, განძაკში მყოფი ქრისტიანი მღვდლები და ეპისკოპოსები დაეხმარნენ ქრისტიანული რჯულის შეცნობაში და დაიწყო მის გულში სარწმუნოებრივი დუღილი და ჭეშმარიტების ძიება. უსტამმა ურჩია ევსტათის, მშვიდად მიეტოვებინა არჩეული გზა, წინააღმდეგ შემეთვევაში დიდი ტანჯვა გადახდებოდა, რადგან ქრისტეს მსახურად ყოფნას არავინ მიუტევებდა. ევსტათი კი ქრისტეს სიყვარულისთვის არა მარტო ტანჯვისთვის, არამედ სიკვდილისთვისაც კი მზად იყო.

ევსტათისაგან უარის მიღების შემდეგ ციხისთავმა იგი თბილისში, ქართლის მარზპანთან (მმართველთან), არვანდ გუშნასპთან გააგზავნა, რომელსაც ხელეწიფებოდა სასიკვდილო განაჩენის გამოტანა. ციხისთავმა ევსტათისთან ერთად მარზპანთან მცხეთაში მცხოვრები ის შვიდი სპარსი გააგზავნა, რომლებიც, ევსტათის მსგავსად, ქრისტიანულ წესზე იყვნენ მონათლულები.

არვანდ გუშნასპმა ქრისტიან სპარსელებს შესათავაზა, დაუყოვნებლივ დაბრუნებოდნენ მამაპაპეულ სარწმუნოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასტიკი სასჯელით ემუქრებოდა მათ. „მამულსა-ღა ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული ვიცოდით, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტიანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმნენით და აწ ქრისტეანე ვართ, რამეთუ ქრისტეანეთა რჩული წმიდა და სურნელ არს და ფრიად კეთილ და შუენიერ არს, ხოლო სხუაჲ რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტეანეთასა“. ორი მათგანი კი გამდიდრებისა და საპყრობილედან გათავისუფლების სანაცვლოდ გატყდა და უარყო ქრისტიანობა; დანარჩენები, მათ შორის ევსტათი, მტკიცედ დახვდნენ ამ განსაცდელს. არვანდმა ბრძანა, ბორკილები დაედოთ ურჩებისათვის და ციხეში დაემწყვდიათ ისინი.

ექვსი თვის შემდეგ, როდესაც არვანდი სპარსეთში მიემგზავრებოდა სპარსეთის ხელმწიფესთან, მასთან გამოსათხოვრად შეკრებილმა ქართლის დიდებულმა აზნაურებმა და სამოელ ქართლის კათალიკოსმა არვანდ გუშნასპს ტყვეების– ქრისტიანობამიღებული მცხეთელი სპარსელების გათავისუფლება სთხოვეს, რაზედაც მარზპანისაგან თანხმობა მიიღეს.

სამი წლის შემდეგ ქართლის მარზპანი ვეჟან ბუზმირი გახდა. მცხეთელი სპარსელების მიერ ევსტათი მასთანაც იქნა დაბეზღებული. ვეჟან ბუზმირმა ორი მხედარი გაგზავნა ახლადგაქრისტიანებული ევსტათისა და სტეფანეს ჩამოსაყვანად. ევსტათი სათითაოდ გამოემშვიდობა ოჯახის წევრებს, შეამზადა ისინი, რომ მალე მათგან განშორებული იქნებოდა, რადგან იგი ქრისტიანობას არ უარყოფდა, ცოცხალს კი აღარავინ ამყოფებდა.

ატირებული სახლეული და ნათესავები უკან მოტიროდნენ თბილისს წამოსულ ევსტათის და სტეფანეს. მცხეთის ჯვართან მისულმა ევსტათიმ კი ხელები აღაპყრო, თქვა: ,,უფალო ღმერთო იესუ ქრისტე! უკეთუ ღირს მყო მე სიკვდილსა სახელისა შენისათვის ქრისტეანებით, ხორცთა ჩემთა ნუ ჯერ გიჩნს განგდებაი გარე და შეჭმაი ძაღლთაი და მფრინველთა ცისათაი, არამედ ხორცთა ჩემთაი ბრძანე აქავე მოქცევაი და მართვაი მცხეთას, სადაცა ნათელ მიღებიეს’’ ემთხვია ჯვარს და თბილისისკენ გამოემართა.

ვეჟან ბუზმირმა მალევე გაუშვა სტეფანე, რადგან გაირკვა, რომ იგი ქრისტიანი დედ-მამის შვილი იყო. ევსტათის კი უბრძანა, მოეყოლა მისთვის თავისი წარმომავლობისა და აღმსარებლობის შესახებ. ევსტათიმ აუწყა მარზპანს, რომ ჯერ კიდევ სპარსეთში, მშობლიურ ქალაქში ყოფნისას შეიყვარა იესო და მისი მოძღვრება, რომლის შესახებაც მან სამოელ არქიდიაკონისაგან შეიტყო.

მარზპანმა შესთავაზა ევსტათის, დაბრუნებოდა მაზდეანობას – მამაპაპეულ სარწმუნოებას, მაგრამ მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ ევსტათის ვერც შეშინებით, ვერც კარგის დაპირებით შეაცვლევინებდა აზრს, მსახურს უბრძანა საპყრობილეში წაეყვანათ და ჩუმად მოეკვეთათ თავი, რადგან ქრისტიანებს არ შეეტყოთ და პატივი არ ეცათ მისთვის. სიკვდილისწინა ლოცვის დროს ევსტათიმ ყოვლის მპყრობელ უფალ ღმერთს შესთხოვა, რომ მისი გვამი მცხეთის მიწას დაბრუნებოდა დასამარხად. ამის პასუხად ზეციდან მოისმა ხმა, რომელიც ევსტათის მისი უკანასკნელი სურვილის ასრულებას დაპირდა.

მსახურებმა მახვილი სცეს ევსტათის პატიოსან ქედს და წარჰკვეთეს თავი. მისი გვამი ღამით გარეთ გაიტანეს და დააგდეს. ქრისტიანებმა კი მალულად წაასვენეს ევსტათის ცხედარი მცხეთას, წმინდა სამოელ კათალიკოსმა პატივითა და დიდებით დაკრძალა იგი სვეტიცხოველში.

წმინდა ევსტათის წამების თარიღად ი. ჯავახიშვილი და ა. ჰარნაკი 544-545 წელს მიიჩნევენ; კ. კეკელიძე კი თვლის, რომ წმ. ევსტათი აწამეს არაუადრეს 551 წლისა. მისი აქ მოსვლა გამოწვეული უნდა ყოფილიყო ქრისტიანთა წინააღმდეგ ატეხილი იმ დევნულობით, რომელიც მოგვებმა სპარსეთში ატეხეს, რის გამოც ქრისტიანები მიმოდაბნეულან და თავი სხვადასხვა ქვეყანაში შეუფარებიათ. შესაძლებელია გვინობანდაკი ჯერ კიდევ მოუნათლავი, მაგრამ რწმენით ქრისტიანი, ამ დევნულობისგან არც თავისთვის მოელოდა კარგს, ამიტომ გამოქცეულა შორეულ მცხეთაში, -საქრისტიანო ქვეყანაში, სადაც მას, მისი ფიქრით, იმდენად არ იცნობდნენ და ვერც იმდენად მიაქცევდნენ ყურადღებას, რამდენადაც მის სამშობლოში.

,,ევსტათი მცხეთელის მარტვილობა’’– ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომლის დაწერის დროისა და ავტორის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია. კ. კეკელიძის თანახმად, თხზულება დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს VI საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისისა, მონოფიზიტობის მიმდევარი მცხეთელი ქართველის მიერ; ივ. ჯავახიშვილი და ა. ჰარნაკი მიიჩნევენ, რომ ავტორი თხზულებისა არის ევსტათის თანამედროვე გაქრისტიანებული სპარსელი. დაწერის თარიღად ა. ჰარნაკი მიიჩნევს VI საუკუნის უკანასკნელ წლებს. ივ. ჯავახიშვილის აზრით, თხზულების თავდაპირველი რედაქცია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, მეექვსე საუკუნის დასასრულსა თუ მეშვიდე საუკუნის დამდეგს შეიცვალა და დღევანდელი სახე მიიღო.
თხზულების უძველესი, ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერი ეკუთვნის X –თუ – XI საუკუნის დამდეგს. გარდა ამისა, ცნობილია ანტონ კათალიკოსის მიერ შექმნილი მეტაფრასული რედაქცია (1768-69) და 2 სვინაქსარული რედაქცია (XVIII სს.).

წმიდა ევსტათი მცხეთელი
ტროპარი:
ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მტავარო ევსტათ, ძით და მეუღლით შენით მეოხ-გუეყავნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.

კონდაკი:
მტკიცედ მოიგო კეთილმდგომარეობისა სახელწოდებაი უძლეველმან მოწამემან ევსტათი, რომლითა სიმხნით ეკვეთა სპარაზენტა უხილავტა მრძოლთასა და ყოვლითურთ შემუსრა სიმტკიცენი მათნი, ეჰა გამოუთქმელთა მათ განაგებისა საღმრთოთა კავშიურთა, რამეთუ ესე ვითარი საფასე სიმხნისა სათნო იყოფის დადებად კეცის ჭურთა შინა მხოლოსა მის მიერ მეცნიერისა დაფარულთასა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.