მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმიდა ევსტათი მცხეთელის სახელობის ეკლესია (გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.02.2013 4 კომენტარი | 2,701 ნახვა

“ევსტათიმ მბრძანებელს დაუსაბუთა ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე…”

ევსტათი მცხეთელის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მე-19 საუკუნის 70-იან წლებში თამარ მეფის დროინდელი მცირე ეკლესიის ნანგრევებზე ააგეს. ტაძარი ყორღანოვის, დღევანდელი გიორგი ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაია) ქუჩაზე მდებარეობდა. ევსტათი მცხეთელი 1923 წელს საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს. ერთ-ერთ პირველ მოსახლედ ნაეკლესიარ სახლში კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე შეასახლეს. ამჟამად უმოქმედოა.

ვერაზე, ყორღანოვის მამულში აგებული პატარა ეკლესია ძველად ლურჯ მონასტერს ეკუთვნოდა, რომელიც X საუკუნეში აშენდა და იქვე ახლოს მდებარეობდა. წმ. ესტატეს ეკლესიას ამ მონასტრის ბერები განაგებდნენ. 1795 წლის შემდეგ ლურჯი მონასტერი გაუქმდა და წმიდა ესტატეს ეკლესიაც თავის მამულით ყორღანოვის საკუთრებად იქცა.

ამ ეკლესიის მიდამოებში ბევრი სასაფლაო იყო, მაგრამ მეაგურეებმა სულ დაანგრიეს და აგური დაწვეს, აქაური მაღალი გორები დაადაბლეს და მხოლოდ პატარა ადგილი დარჩა, გარშემო კი სახლები გაშენდა…

ტაძარი მიწის თხრის დროს დაზიანებულა, კედლები ჩამონგრეულა, რაზეც ყურადღება არავის გაუმახვილებია. ტაძართან გათლილი ქვა უპოვიათ, რომელზეც წარწერა ყოფილა: “აშენდა ესე წმ. ესტატეს ეკლესია ღვთისაგან კურთხეულისა და ამაღლებულისა საქართველოს დედოფლის თამარის ბრძანებითა”.

“უპატრონოდ მიგდებული ძველი ეკლესია ვერაზე, ახალი ხიდის ზემოთ ძველადანვე აშენებული იყო ეკლესია წმ. ესტატეს სახელზედ. აქ ქართველი ხალხიცა ხშირად დადიოდა. რაღაც ბედზე ეს პატარა ეკლესია თავის მამულებით ყორღანოვს ჩავარდნია ხელში, შემდეგ ნელ-ნელა ამ ეკლესიის გარშემო საფლავებს უწყეს ქცევა, მერე ეკლესიაც მიეცა შერყეობას. დღეს მიწის თხრისაგან ისეა ამ პატარა ეკლესიის კედლის საქმე, რომ ესეც დაიქცევა სამუდამოდ და მით მოისპობა კიდეც თფილისში ესტატე მცხეთელის სახელზე გაკეთებული ეკლესია.”

გაზეთი “ცნობის ფურცელი”
5 აგვისტო, #275
1897 წელი”

ევსტათი მცხეთელი-სპარსელი ქრისტიანი ჭაბუკი, მოგვის შვილი. სპარსეთში ატეხეილ ქრისტიანთა დევნას 541 წელს გამოქცევია, ქ. განძაკიდან ქართლში (მცხეთაში) ჩამოსულა. მონათვლის შემდეგ ევსტათი ეწოდა. სპარსელებმა ჯერ უსტამ ციხისთავთან დაასმინეს, მერე — მარზპან არვანდ გუშნასპთან, 3 წლის შემდეგ კი -ახალ მარზპან ვეჟან ბუზმირთან, რომელმაც მას ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. ევსტათიმ მოთხოვნა უარყო, მბრძანებელს ვრცლად მოუთხრო ძველი და ახალი აღთქმის ისტორია, დაუსაბუთა ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე. დაახლოებით 550 წელს მას ქრისტიანობის ერთგულებისათვის თავი მოჰკვეთეს.

“ევსტათი მცხეთელის მარტვილობა”, ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებაა, რომელიც სპარსელი ქრისტიანი ჭაბუკის წამების ამბავსა და VI საუკუნის ქართლის საზოგადოებრივ ყოფას ასახავს. ნაწარმოების ავტორი ამავე საუკუნის 70-იანი წლების უცნობი ქართველი მწერალია.

მოამზადა ქეთი ჭელიძემ
საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების მასალებზე დაყრდნობით


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • აქ შეცდომაა, ეს ეკლესია 1923 წელს არ გაუქმებულა. გაუქმდა 1933 წლის 1 მარტს. მისი ბოლო წინამძღვარი იყო ქართველი, დეკანოზი ლაზარე მიხეილის ძე ნათიძე (1872-1945). იგი ამ ტაძარში დაინიშნა 1922 წლის 21 აგვისტოს. ტაძრის გაუქმების მერე მსახურობდა კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში, ასაფლავია იქვე, ტაძრის უკან.
    თვითონ ტაძარი ეკუთვნოდა ბოდბის წმინდა ნინოს რუსულ მონასტერს და ითვლებოდა მის მეტოქედ. აქ მცხოვრები მონაზვნები აცხობდნენ სეფისკვერს, რომლითაც თბილისის ტაძრები მარაგდებოდა. ბოდბის მონასტრის გაუქმების მერე აქ გადმოვიდნენ ზოგიერთი რუსი მონაზვნები.

  • მანონი says:

    ამ სტატიაში ბევრი უზუსტობაა. მე ახლა ვამზადებ სტატიას საცხოვრებელ სახლად გადაკეთებულ ეკლესიებზე თბილისში და გიორგისთან მაქვს ერთი კითხვა და თხოვნა. ეკლესიის გაუქმების ზუსტი თარიღი მე ვერ მოვიძიე და თუ შეგიძლიათ იქნებ მიმითითოთ სად ვნახო ეს ცნობა:1933 წლის 1 მარტს რომ გაუქმდა? გმადლობთ წინასწარ:)

  • giorgi says:

    წყარო: დეკანოზი ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძე „მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან“ ქ. თბ. 2013წ. გვ. 775

  • მანონი says:

    გიორგი, ძალიან დიდი მადლობა :)

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი