მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმიდა ეკატერინეს ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.03.2012 2 კომენტარი | 7,238 ნახვა

“მიმდინარე მშენებლობებს საზოგადოების სულიერების კერის დაკნინება ახასიათებს…”

წმიდა ეკატერინეს ტაძარითბილისის წმიდა ეკატერინეს ეკლესია აბანოთუბანში ფეოდალურ ხანაში აიგო, ზუსტი დრო უცნობია, იგი სინას მთის წმიდა ეკატერინეს ცნობილი მონასტრის მეტოქიონი, ანუ მონაცვლე (ფილიალი) მონასტერი იყო თბილისში. მონასტრის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ “ამბიონს” ხელოვნებათმცოდნე, საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის მთავარი სპეციალისტი ვარდიკო არაბული ესაუბრა:

სინას მონასტერი იყო და არის მანათობელი და უქრობელი კანდელი მართლმადიდებლობისთვის, აგებული იქ, სადაც ღვთის კანონები, ძველი აღთქმის სჯული მოსეს ღმერთმა გამოუცხადა და იქიდან გადმოსული მადლი განეფინება მთელს საქრისტიანოს, მათ შორის საქართველოს. სინას მთაზე წმიდა ეკატერინეს მონასტერში მოღვაწეობდა იოანე ზოსიმე, შემქმნელი “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაისა”. ცნობილია, რომ წმ. მეფე დავით აღმაშენებლმა (1089–1125 წ.წ.) სინას მთაზე თავისი ხარჯებით წმიდა ეკატერინეს სახელობის სამონასტერო კომპლექსში, რომელსაც საფუძელი მე–6 საუკუნეში ჩაუყარეს ბიზანტიის იმპერატორებმა, ააგო ერთი ეკლესია, წიგნებით გაამდიდრა, ასკეტიკური ხასიათის სახელმძღვანელოების საცავი ბიბლიოთეკა და მამულები შესწირა მონასტერს, ბერ-მონაზვნებს საარსებო საშუალებები გაუძლიერა. სინას მონასტერს მრავალ შეწირულობას უგზავნიდნენ სხვა ქართველი მეფე – მთავრებიც, მათ შორის საარქივო ჩანაწერებიდან ჩანს, რომ 1624 წელს გურიის მთავარმა სიმონ პირველმა 25 მარჩილი, ვერცხლის ფული შესწირა წლიური შემოსავლიდან. გიორგი III-მ – 40 კურუში (ფულის ერთეული), კახეთის მეფე ალექსანდრემ – 90 ლიტრა აბრეშუმი, იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა – 40 მარჩილი, სამეგრელოს მთავარმა დადიანმა კი, რომელიც აქტებში იხსენიება ოდიშის, სვანეთის, აფხაზეთის, შავი ზღვისპირეთის მმართველად, 1790 წელს – ძველი მონეტების 10 მარჩილი. ასევე, მნიშვნელოვანია ერეკლე II-ის აქტები, საბუთები, რომლებიც 1778 წლით თარიღდება. მეფე წერს, რომ იგი სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერს, სადაც ღმერთი მოსეს გამოეცხადა, შესწირავს 50 კურუშს, რაც ქართულ ფულში 37 მანეთსა და 50 კაპიკს უდრიდა.

თბილისის წმინდა ეკატერინეს მონასტერი, საუკუნეების განმავლობაში მტრების შემოსევების შედეგად, ბევრჯერ დაინგრა. პირველად იგი მე–14 საუკუნეში თემურ–ლენგის შემოსევების დროს დაანგრიეს, მაგრამ მეფე ალექსანდრე პირველის ბრძანებით, 1430 წელს მონასტერი კვლავ აღდგა და განაგრძო სამონასტრო ცხოვრება. ბოლოს იგი თბილისთან ერთად მიწასთან გაასწორა 1795 წელს შემოსეულმა აღა–მახმად–ხანის ლაშქარმა. სინას მთის არქიმანდრიტმა იოსებმა 1861 წელს ტაძრის „თბილისური ტყუპისცალი“ ლამაზ ტაძრად აღადგენინა. ტაძარი 1866 წელს იკურთხა. ტაძარი სამონასტრო ცხოვრებას 1905 წლამდე განაგრძობდა. ამ წელს კი გაურკვეველი მიზეზით გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა მონასტრის გარკვეული ტერიტორია, ტაძარი კი გადარჩა. მონასტრის დამწვარი ტერიტორიის აღდგენაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, როცა ათეისტური საბჭოთა ეპოქის დასაწყისში საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას სხვა მრავალ ტაძრთან ერთად, ესეც ჩამოართვეს, დაარბიეს, საცხოვრებელ შენობად აქციეს, გახსნეს სხვადასხვა დაწესებულებები.

წმიდა ეკატერინეს ტაძარი აღსანიშნავია, რომ 1840-იანი წლებიდან ვორონცოვმა გზის გაყვანა დაიწყო ორთაჭალის ბაღებიდან ახლანდელ ლესელიძის ქუჩაზე და ლადო ასათიანის ქუჩის მიმართულებით. ეს გახლდათ სამეფო რეზიდენციების ბაღთაშორისი ბილიკი. დაიწყო განაშენიანება. სწორედ ამ დროს დაანგრიეს ბევრი რამ, მაგრამ მთავარი გახლავთ ის, რომ წმ. ეკატერინეს მონასტერი თბილისის ციხის შუაგულში – ქვედა ციხეში მოექცა. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე #71-ითაა აღნიშნული. იგი გალავნით იყო შემოსაზღვრული და იქ გახლდათ მეფეთა რეზიდენციები, სამონასტრო კომპლექსები, საღვთისმეტყველო სასწავლებლები, სულ სამი ტაძარი: ციხის დიდი წმიდა გიორგის ტაძარი, წმიდა ეკატერინეს მონასტერი სკოლითურთ და 40 მოწამეთას ეკლესია თავისი საღვთისმეტყველო სკოლით. ეს ქვედა ციხესიმაგრე წარმოადგენდა შესასვლელს ზედა ციხესიმაგრეში, სამეფო რეზიდენციაში, სადაც ორი ეკლესია იდგა. მას შემდეგ დაასახლეს ხალხი, გაიხსნა სხვადასხვა დაწესებულება და ფაქტობრივად, ყველაფერი მოიშალა, მაგრამ მიწის ქვედა ნაწილებში არქეოლოგიური ფენები ისევ ხელუხლებელია, რადგან არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა.

წმიდა ეკატერინეს ტაძარი დღეს ნგრევის ზონაშია მოქცეული და საცხოვრებელი კვარტლების მშენებლობა მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ ეს არ გახლავთ კარგი და სრულყოფილი მეთოდი. იმისათვის,რომ ბაგრატის ტაძრიდან მოსახლეობა გაეყვანათ, 30 წელი დასჭირდათ. ანალოგიური უნდა მოხდეს აქაც. მოსახლეობა იქიდან უნდა იქნეს გაყვანილი და ციხესა და ეკლესია-მონასტრებს დაბრუნებოდეს თავისი პირვანდელი ფუნქცია და სახე. არ შეიძლება სიწმინდეებზე საცხოვრებელი ბინები, სამრეცხაოები, ავტოფარეხები აშენდეს. საცხოვრებელი კვარტალი არ უნდა დომინირებდეს საეკლესიო ნაგებობებზე. ეს გახლავთ უდიდესი შეცდომა, რაც დღეს მიმდინარე მშენებლობებს ახასიათებს.

ასეთია ისტორიული მნიშვნელობა 1866 წელს ხელახლა ნაკურთხი წმიდა ეკატერინეს მონასტრისა თბილისში, რომელიც სინას მთის წმიდა ეკატერინეს მონასტრის მონაცვლე იყო თბილისში და რომელსაც მფარველობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი მეფეები და ამით კეთილ ურთიერთობას ამყარებდნენ სინას მთის საარქიეპისკოპოსოსთან და ზოგადად ბერძნულ ეკლესიასთან.“

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი