მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა დიდმოწამე შუშანიკი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.09.2020 | 17,602 ნახვა

ტროპარი

წმიდა შუშანიკიწამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაჲ წარუვალი, და აწ კადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.

10 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე დედოფლის წმიდა შუშანიკის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანის ხსენება განსაკუთრებულად თბილისის მეტეხის ტაძარში აღინიშნება, სადაც გადმოცემის მიხედვით დედოფალი განისვენებს.

ეროვნებით სომეხი, ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი წმიდანი ბავშვობიდანვე ღვთის მოშიშებითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იგი დიდი ნებისყოფის, გამძლეობის მქონე და სარწმუნოებისათვის თავდადებული პირია. ის სარწმუნეობის დაცვისთვის V საუკუნეში, 475 წელს აღესრულა.

წმიდა დიდმოწამე შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე გახლდათ. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენმა საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება და მაზდეანობა მიიღო. სანატრელი შუშანიკი ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობას სარწმუნოების მიმართ და თავისი სამი ძით და ერთი ასულით ეკლესიაში წავიდა, იქვე დასახლდა და ღმერთს მისი შვილების შეწყალებასა და დაცვას სთხოვდა. მან სარწმუნოების შენარჩუნებისათვის დათმო ქმარი, შვილები, ოჯახი და დედოფლის საპატიო სახელი გაცვალა პატიმრის მდგომარეობაზე.

როდესაც ვარსქენის განრისხებული ბრძანებისგან შუშანიკი ეკლესიიდან ციხეში მოჰყავდათ, მას უამრავი ხალხი ტირილით მიაცილებდა. ხოლო წმიდანი მათ თხოვდა, ელოცათ მისთვის, რადგან ცოცხალს, ციხიდან გამოსულებს ვეღარ ნახავდნენ. შუშანიკს ციხეში მარტო იაკობ ხუცესი ნახულობდა, ისიც ქრთამის გაღების სანაცვლოდ. წმიდა დედოფალმა ვარსქენისგან უამრავი ტანჯვა დაითმინა. 6 წელი ციხეშიც გაატარა. მისი წამების ამბავი მთელ ქართლს მოედო და მის სანახავად უამრავი ხალხი მოდიოდა და სასწაულებს ახდენდა ლოცვით, უშვილოებს – შვილს აძლევდა, ბრმებს თვალს უხელდა, სნეულებს კურნავდა. მან ციხეში ყოფნისას შეიტყო რომ მის შვილებს მაზდეანობა მიეღოთ და ამის შემდეგ მათი სახელების გაგონებაც კი ეზარებოდა.

დედოფალი საპყრობილეში დასნეულდა, ბალიშის ნაცვლად გამოუმწვარი აგური ედო, ქვეშაგებად კი ძველმანი ქსოვილი ეგო. მალე სხეული მთლად დაუწყლულდა, იარები გაუჩნდა. გარდაცვალების დღეს, მის აღმზრდელს იაკობ ხუცესს სთხოვა იმ ადგილას დაესვენებინათ, საიდანაც პირველად გამოათრიეს.

წმიდა შუშანიკი 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. 482 წელს კი ვახტანგ გორგასალმა სპარსელების სამსახურში ჩამდგარი ვარსქენ პიტიახში შუშანიკის წამებისთვის მოაკვლევინა.

წმ. დედოფლის მოწამეობრივი ცხოვრება იაკობ ხუცესმა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში – “წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი”, აღწერა. დიდია ამ ნაწარმოების ისტორიული მნიშვნელობა. იგი გადათარგმნილია სომხურ ენაზე. ამავდროულად, ის პირველი ლიტერატურული ძეგლია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი