მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა დიდმოწამე მარინე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.07.2021 4 კომენტარი | 20,551 ნახვა

ახალი სტილით 30 ივლისი წმიდა დიდმოწამე მარინეს ხსების დღეა.

წმ. მარინე ტროპარი: ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენთანა და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

სხვა ტროპარი: ბრწყინვალედ განაშუენე ლამპარი შენი სისხლითა ზეთითა ბრძენთა მათთანა ქალწულთა, სიძისა მომლოდნელთა, ქალწულთა შორის დიდებულო მოწამეო მარინე, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

კონდაკი: ქალწულებისა სიკეთითა განშვენებულმან, ქალწულო, და წამებისა ღვაწლითა გვირგვინოსანმან, მარინე, სისხლითა ღვაწლთათა სხურებულმან, და კურნებათა საკვირველებითა განბრწყინვებულმან, კეთილ-მსახურებით მიითვალენ, მოწამეო, ძლევისა ნიჭნი ღვაწლთა შენისათანი.

წმიდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი.

ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა ჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბლად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს ისიც, რომ ქრისტიანი იყო, ემზადებოდა ნათლობისათვის და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.

მეორე დღეს წმიდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ.

საპყრობილეში გამომწყვდეული ქალწული დაუდუმებლად ლოცულობდა და მაცხოვარმაც წყალობის თვალით მოხედა თავის მსასოებელს: ღამით მარტვილის თავს ზემოთ მანათობელი ჯვარი გააბრწყინა, ჯვარს თეთრი მტრედიც დაადგა და ზეგარდმო გაისმა: „გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო! რამეთუ დათრგუნე მხდომის სივერაგე; გიხაროდენ, რამეთუ მალე ბრძენ ქალწულთა თანა ღირს იქმნები შესვლად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცათასა!“ მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამემ იგრძნო, რომ წყლულებიც უმთელდებოდა, გული სიხარულით აევსო, ადიდა უფალი და მეორე დღეს სულითა და ხორცით ახოვანქმნილი წარსდგა მსაჯულის წინაშე.

მომხდარი სასწაული ეპარქმა კერპებს მიაწერა და მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ ნეტარმა აღმსარებელმა ისევ და ისევ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა. უღმრთოებმა ახალ-ახალი სატანჯველები დაატეხეს წმიდანს, ბოლოს კი წყლით სავსე უზარმაზარ კოდში ჩააგდეს. დასახრჩობად განწირული მარინე ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა, საკვრელები თავისით შეეხსნა და, კვლავ ცოცხალი დარჩა. საკვირველმა სახილველმა განცვიფრებაში მოიყვანა ხალხი. ბევრმა ირწმუნა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, ეპარქი კი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. მაშინ ათას ხუთასი ქრისტიანი ეწამა. წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში იმყოფებოდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის პატიოსანი მკლავი, მეორე მკლავი კი საქართველოში ინახება.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი